სხვაობა ჩვენსა და ევროპულ გუნდებს შორის - რა დაგვანახა "დარასელიას ტურნირმა"

AutoSharing Option
ფოტოზე: ივო შუშაკი და ვლადიმერ გოჩაშვილი
თბილისის "დინამოს" 17-წლამდელთა გუნდმა ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე მე-7 ადგილი დაიკავა. რა თქმა უნდა, 8 გუნდს შორის ბოლოსწინა პოზიცია სახარბიელო ვერ იქნება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ასეთ ტურნირებზე შედეგი მთავარი არ არის. მთავარი ისაა, რომ ფეხბურთელებმა გამოცდილება მიიღონ და სამომავლო წარმატებებს აქედანვე ჩაუყარონ საფუძველი.

"ლელო" თბილისის "დინამოს" ჭაბუკთა გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვლადიმერ გოჩაშვილს დაუკავშირდა და მასთან ერთად გააანალიზა ახლახან დასრულებული ტურნირის პერიპეტიები...

- თავდაპირველად, ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე თბილისის "დინამოს" მიერ ჩატარებული
ყველა საკვანძო მატჩის მოკლე ანალიზი უნდა გთხოვოთ...
- პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო "დინამოს" ხელმძღვანელობას, კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას იმისთვის, რომ ასეთი დონის ტურნირი ჩატარდა...

დავიწყებ პირველი მატჩით, რომელიც ბელგიური "გენტის" წინააღმდეგ ჩავატარეთ. პირველი ტაიმი თანაბარი იყო. მეორეში ბელგიელებმა, ჩემი აზრით, უკეთესი ფსიქოლოგიური მომზადებისა და მეტი გამოცდილების ხარჯზე გვაჯობეს. რაც შეეხება მეორე თამაშს "გაბალასთან", ანგარიშიდანაც ჩანს, რომ მეტოქე ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ.

გადამწყვეტი შეხვედრა გვქონდა მილანის "ინტერთან". ჩემი აზრით, ამ მატჩში არ გაგვიმართლა - ვერ გამოვიყენეთ მომენტები, მოწინააღმდეგემ კი ჩვენი შეცდომის შედეგად 11-მეტრიანით გაგვიტანა და ასე დავკარგეთ მედლებისთვის ბრძოლის შანსი.

- რა თქმა უნდა, ამგვარ ტურნირებში შედეგი არ არის პირველხარისხოვანი, მთავარია, ფეხბურთელებმა გამოცდილება მიიღონ, მაგრამ ისეც არ შეიძლება, შედეგს ყურადღება არ მიაქციო, ეს ხომ გუნდის ძალის ინდიკატორია...
- მოდით, ასე ვთქვათ: შედეგი ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მართალი ბრძანდებით - ამ ტურნირის მთავარი დატვირთვა ის არის, რომ გუნდი გაიზარდოს, ფეხბურთელებმა უფრო მეტი გამოცდილება მიიღონ... კარგი იქნებოდა, უკეთესი შედეგი გვეჩვენებინა და, სულ მცირე, ნახევარფინალში გავსულიყავით, მაგრამ... არ გამოვიდა.

- რა იყო ყველაზე ნიშანდობლივი, რაც ამ ტურნირმა დაგანახათ?
- ჩვენსა და ევროპულ გუნდებს შორის მაინც არის სხვაობა, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი პირობები გვაქვს. ჩემი აზრით, ეს სხვაობა, უპირველეს ყოვლისა, ჩემპიონატის დონიდან გამომდინარეობს. ვისურვებდი, რომ საქართველოს ჩემპიონატი, რომელშიც ჩვენ ვთამაშობთ, გაცილებით კონკურენტუნარიანი იყოს.

ყველაზე ნიშანდობლივი, რაც ამ, მართლაც ძლიერმა ტურნირმა გვანახვა, არის ის, რომ ევროპული ფეხბურთი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით მიდის გუნდურობისკენ. ყველა ფეხბურთელი არის გუნდის ორგანული ნაწილი და ბოლომდე ერწყმის მწვრთნელის მიერ არჩეულ სათამაშო სქემას.

- თქვენი აღზრდილებიდან რამდენიმე დაწინაურდა "დინამოს" ძირითად გუნდში. ამ გუნდიდან თუ აქვს ვინმეს იმის პოტენციალი, რომ ძირითად გუნდში დაწინაურდეს?
- რა თქმა უნდა, ჩვენი მუშაობის მთავარი მიზანი ხომ სწორედ ესაა, რომ "დინამოს" ძირითად გუნდს ფეხბურთელები გავუზარდოთ. მე გამორჩევით ვიტყვი ორ ფეხბურთელზე - კვარაცხელიასა და დავითაშვილზე. ღრმად ვარ დარწმუნებული, ისინი მალე შეავსებენ "დინამოს" ძირითადი გუნდის რიგებს.

- აკადემიის აღზრდილების თემას ისევ მივუბრუნდებით, მანამდე კი ის გვითხარით, რამდენად ელოდით კიევის "დინამოს" გამარჯვებას? ტურნირის ფავორიტად ბევრს ბელგიური "გენტი" მიაჩნდა...
- პირველ შეხვედრაში ჩვენ სწორედ "გენტს" ვეთამაშეთ და დიახ, მეც მიმაჩნდა, რომ ეს ბელგიური კლუბი ტურნირის მთავარი ფავორიტი იყო... რაც შეეხება ფინალს, მეგონა, რომ "ალკმაარი" გაიმარჯვებდა. ჩემი მოლოდინი ემყარებოდა იმას, რომ ჰოლანდიელები მეტოქეზე სანახაობრივ, ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ...

მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ძალიან ძლიერი და თანაბარი შემადგენლობა იყო ამ ტურნირზე. ფინალის ბედიც ხომ 11-მეტრიანებში გადაწყდა.

- ამ ტურნირის შემდეგ თქვენს სამუშაო მეთოდიკაში გარკვეული ცვლილება თუ იქნება?
- აუცილებლად! ეს ტურნირი ძალიან კარგი საშუალება იყო იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი სიახლეები აგვეთვისებინა.

- "დინამოს" აკადემიის გუნდები ახლო მომავალში რომელიმე საერთაშორისო ტურნირზე ხომ არ გეგმავენ ასპარეზობას?
- ამ ეტაპზე თარიღებს და ადგილს ვერ დავასახელებ. ჯერ დაზუსტებით არ არის ცნობილი, მაგრამ ჩემი ინფორმაციით კლუბის ხელმძღვანელობას ამ საკითხზე რამდენიმე მოლაპარაკება ჰქონდა. ახლო მომავალში ალბათ უფრო მეტი გვეცოდინება ამ თემაზე.

- ცალკე უნდა გკითხოთ თქვენი აკადემიის იმ აღზრდილებზე, რომლებმაც უკვე შეავსეს "დინამოს" რიგები. ეს კი არა, გიორგი ჩაკვეტაძე და ლუკა ლოჩოშვილი უკვე ამ ფორმაციის გუნდის ლიდერებადაც ყალიბდებიან. ძალიან გვახარებს ამ ბიჭების პროგრესი და თან ცოტა ვფრთხილობთ - უპირველეს ყოვლისა, ზოგადად ქართველი ფეხბურთელის ხასიათის გამო...
- ლოჩოშვილი, ჩაკვეტაძე, ნინუა და კუცია სწორედ აკადემიიდან დაწინაურდნენ ძირითად გუნდში. გასულ წელს მათ ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ჩაატარეს. ძალიან მახარებს ამ ბიჭების პროგრესი. ხასიათთან დაკავშირებით კი ერთს ვიტყვი - ისეთი ბიჭები არიან, გამორიცხულია, რომელიმეს ამ მხრივ პრობლემა შეექმნას.

კარგად ვხვდები თქვენი კითხვის არსს და ვიცი, რასაც გულისხმობთ. ეჭვი არ მეპარება, ჩვენი აკადემიიდან ძირითად გუნდში ფეხბურთელები კიდევ დაწინაურდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რასაც ეს კაცი ამბობს , არის აბსურდი , თავის მართლება , ,,ქურქის ზღაპარი" და ა.შ. - სირცხვილია !
gulSematkivari
22:16 30-04-2017
0
ვფიქრობ დინამოს სხვა კლუბებმა უნდა მიბაძონ, ბიზმესმენებმაც მეტი ფული უნდა ჩადონ ფეხბურთში თუნდაც მხოლოდ ბავშთა ფეხბურთში...
აი მაგალითად გამიგია რომ 35 სკოლიდან გადაუყვანიათ ნიჭიერი ბავშვი დინამოში და საერთოდ დაკარგულა რადგან უამრავი ნიჭიერია იქ...
რაც უფრო ბევრი ძლიერი ბავშვთა გუნდები იქნებიან მეტად წინ წავა ფეხბურთი.
თან ყველა დამეთანხმებით რომ დღეს დასაკარგი ნიჭი ნამდვილადარ გვაქვს
gulshematkivari
15:29 30-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული