ნოდარ სიმსივე: რუსს შემადარეს... ეტყობა, ჯერ კიდევ სსრკ-ში ვცხოვრობთ

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივარი ჩვენი კომენტატორების ემოციურობის ნაკლებობაზე წლების განმავლობაში საუბრობდა, თუმცა, ბოლო პერიოდში ამ საუბრებმა შედარებით იკლო. ამის მიზეზი ნოდარ სიმსივეა, რომელსაც მატჩის ტრანსლაციები "სეტანტაზე" მიჰყავს.

მის მიერ ემოციურად წაყვანილმა მატჩებმა გულშემატკივარში ნამდვილად პოზიტივი გამოიწვია და ამას ის გამოხმაურებებიც ადასტურებს, რომლებიც ხშირად მის მიერ წაყვანილ მატჩებს ახლავს. კომენტატორობამდე სიმსივე თბილისის "ლოკომოტივში" პრესსამსახურის უფროსად მუშაობდა.

Sportall.ge-მ ქართველ კომენტატორთან ინტერვიუ ჩაწერა.

- საინტერესოა, როდის გაგიჩნდა კომენტატორობის სურვილი?
-
2008 წელს, როცა გადავწყვიტე, თეატრალურს სერიოზულად მივდგომოდი. საფეხბურთო მატჩებს ვუყურებდი და კომენტატორობა ძალიან გავაიგივე ჩემს
პროფესიასთან. პატარაობაშიც კი, როცა სკოლაში თემა დაგვაწერინეს, თუ ვინ გვსურდა მომავალში ვყოფილიყავით, მსახიობი და კომენტატორი დავწერე.

გადავწყვიტე, გამომეცადა ჩემი თავი ამ სფეროში. შევიძინე დიქტოფონი, დავიწყე სიარული რეგიონებში მატჩებზე და ჩანაწერების გაკეთება. იქ ყოველთვის იყო ის გარემო, რომელსაც დედაქალაქში მოკლებულები ვართ.

მერე იყო პირველ არხზე გადაცემა "კომენტატორი". ძალიან დიდი მადლობელი ვარ დავით მინაშვილის და მთლიანად, იმ გუნდის, ვინც ამ გადაცემაზე იმუშავა. მეორე ადგილზე გავედი და კარგი საჩუქარი გამიკეთეს: პრაღაში გამიშვეს ევროპის სუპერთასის მატჩის წასაყვანად, სადაც ერთმანეთს ლონდონის "ჩელსი" და მიუნხენის "ბაიერნი" უპირისპირდებოდნენ.

ასე მოვდივარ დღემდე და თუ როგორ, ეს უკვე ხალხმა განსაჯოს. ეს ის პროფესიაა, რომელიც მუდმივ განვითარებას ითხოვს.

- ფაქტია, საქართველოში კომენტატორობა არ არის იმ დონეზე, რასაც გულშემატკივარი მოითხოვს. შენი აზრით, რაშია პრობლემა?
- კარგ თემას შეეხეთ. უფროს თაობასთან ამაზე ბევრჯერ მიკამათია, მაგრამ ასაკიდან გამომდინარე, პოზიციას ყოველთვის ვთმობდი: არ მინდოდა, უფროსებთან უზრდელი გამოვჩენილიყავი...

თუმცა, ყოველთვის ვსვამდი კითხვას: ვინ ადგენს კანონს? თუ ამ სფეროს, როგორც ხელოვნებას, ისე შევხედავთ, მაშინ ვთქვათ, რომ ხელოვნებას კანონები არ აქვს. ის უსაზღვროა.

ერთ-ერთმა უფროსმა ჟურნალისტმა მკითხა,"გიმარაეშის" გოლი ასე რატომ გაგიხარდაო? ვუპასუხე: სიახლეს ჩვეულებრივად ჟურნალისტი კითხულობს-მეთქი. მე კი კომენტატორი ვარ, დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი მისმენს, სტადიონზე ხმაურია, ვიღაცებს გულის შეტევებიც კი ემართებათ, გოლის დროს ტალღაა. ამ ყველაფრის ფონზე, არ შემიძლია, დავჯდე და თამაში მშვიდად წავიყვანო-მეთქი. მე თუ არ ვღელავ, მაყურებელს ვერ ვაგრძნობინებ, რა ხდება მოედანზე.

ფეხბურთს ვერავის ვასწავლი და ვერ ავუხსნი, რომ მწვრთნელმა სწორი ან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. დღეს ყველას გვაქვს ინტერნეტთან წვდომა, შეგვიძლია შევიდეთ სხვადასხვა საიტზე და სტატისტიკა ჩვენითაც მოვიძიოთ. ხშირად, მაყურებელი ჩემზე მეტ ინფორმაციასაც ნახულობს და არ ვთვლი საჭიროდ, ამაზე ვისაუბრო. ჩემი მიზანია, ხალხს ფეხბურთი ვაგრძნობინო.

ყველას თავისი სტილი აქვს და ყველას დიდ პატივს ვცემ. ჩემი სტილი ასეთია.

- არის ხალხი, ვინც შენ მიერ წაყვანილ მატჩებს კრიტიკულადაც უდგება...
- ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია. თუ ვინმე რამეს მასწავლის და მეუბნება, აი, ასე ხომ არ ჯობიაო, ვითვალისწინებ.

ერთადერთხელ მხოლოდ იმან გამაღიზიანა, რომ რუს კომენტატორს შემადარეს. ძალიან მეწყინა, მერე კი ვიფიქრე და გამართლება ვუპოვე: იმდენად ჩაკეტილი სივრცე იყო წლების განმავლობაში ჩვენთან და იმდენადაა ხალხი ამ რუსულ კომენტატორებს მიჩვეული, რომ თუ ქართველი ხმას ამოიღებს, რუსს ამსგავსებენ.

რატომ? მე თუ მიმბაძველობა მინდოდა, მივბაძავდი კოტე მახარაძეს. სხვა საკითხია, რამდენად გამომივიდოდა ეს, მაგრამ მიმბაძველობაში მაინც ჩამეთვლებოდა.

და რატომ რუსი? მათი კომენტატორები ჩემთვის სულაც არ არიან მისაბაძი. ყველაფერი ჩაკეტილი სივრცის ბრალია, ეტყობა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში "ვცხოვრობთ" და რუსული გავლენის ქვეშ ვართ.

- ამას წინათ, სოციალურ ქსელში შენ მიერ წაყვანილ ერთ-ერთ მატჩს ლევან მჭედლიძე გამოეხმაურა, რამდენიმე დღეში კი გულშემატკივართა დიდი ნაწილი "მილანის" კარში გატანილ მის გოლს შენი კომენტატორობით აზიარებდა. რამდენად მოსალოდნელი იყო შენთვის ეს?
- თუ მსახიობს ყველაზე მეტად "ოსკარი" უხარია, მე მჭედლიძის ეს პოსტი გამიხარდა. ვოცნებობ, ოდესმე საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები წავიყვანო და ამ დროს, უცებ, სრულიად მოულოდნელად, ჩემს მიერ წაყვანილ მატჩს ლევან მჭედლიძე ეხმაურება. ის მჭედლიძე, რომელმაც წლების წინ შოტლანდიასთან ზეიმის საბაბი მომცა და ახლაც ანალოგიური გააკეთა.

ჩვენს ქვეყანაში სულ ნეგატივია, გულშემატკივარი წაგებებსაა მიჩვეული... ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე გეუბნებით - მჭედლიძის გოლის შემდეგ ცრემლები წამომივიდა. ამხელა "დევებში" ერთი ქართველი იყო, რომელსაც ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა, მოედანზე გამოვიდა, თავით გაიტანა და იმწამსვე, ჩვენი ხატია სამშობლო-მეთქი!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ქართველებს შეგვიძლია გოლების გატანა და თანაც, სად? ეს ხომ არ არის რომელიმე დაბალი დონის ლიგა?! იტალიის სერია A-ში გაუტანა ჯანლუიჯი დონარუმას, რომელიც მალე იმ ჯანლუიჯი ბუფონის გზას დაადგება, რომლისთვისაც მჭედლიძეს თავის დროზე "პალერმოს" მაისურით აქვს გატანილი.

საერთოდ, იმდენად დიდი მოლოდინი მქონდა მჭედლიძის თამაშის, როგორც კი იტალიის ჰიმნი დასრულდა, ვეღარ მოვითმინე და ჩვენი ჰიმნი ვიმღერე. მოედანზე ქართველი იყო და საქართველოს ჰიმნიც სწორედ ამიტომ შევასრულე. მოედანზე პატარა ქვეყნისა და პატარა ნაკრების დიდი წარმომადგენელი დავინახე და ეს იყო დიდი ბედნიერება...

შემდეგ სოციალურ ქსელში კომენტარებს გადავხედე, ერთ-ერთი გულშემატკივარი ამ გოლზე წერდა, რამხელა ქვეყანა ვყოფილვართო... ეს ძალიან მესიამოვნა.

ისე, საინტერესოა, რომ არა ემოციის გამოხატვა, სხვა რა უნდა მექნა? არ მესმის, რატომ ვართ ამ ეტაპზე გაჩერებულები? ემოცია უნდა გამოვხატოთ.

- იქნებ კომპლექსის ბრალია?
- შეიძლება. კოტე მახარაძეს ვუსმენდი და ერთ-ერთ გოლზე ამბობს, შეაგდოო. გამიკვირდა... დღეს თუ ვინმე ამბობს, შეაგდოო, შენიშვნას იღებენ - ქუჩურიაო. არადა, კოტეს აქვს ადრე ნათქვამი. ის მაგარი იყო, კანონებს არღვევდა...

თუ შენ ორგანული ხარ და არა ყალბი, მაშინ კანონს გაარღვევ და შექმნი ახალს. არ შეიძლება მუდმივად ერთსა და იმავეს იმეორებდე, "ჯარიმა, რომელიც კუთხურს სჯობს". ამას სჯობს, გაჩუმდე და მაყურებელს ფანების ხმა მაინც მოასმენინო.

- სხვათა შორის, წლებია, ქართულ არხებზე გაშუქებულ მატჩებში ფანების ხმა დაწეულია, კომენტატორის კი - აწეული. რატომ ხდება ასე?
- "სეტანტაზეც"?

- დიახ.
- არადა, ვცდილობთ, ფანების ხმა აწეული იყოს. კარგი რამ მითხარით, ახლა კიდევ ავაწევინებ ხმას. სხვა ტელევიზიებისგან განსხვავებით, ჩვენ აქცენტს ფანებზე ვაკეთებთ.

რომ არა "ქართული სპორტის ქომაგები", ქართველები ამ სიამოვნებას მოკლებულნი ვართ. საოცარი ხალხია. ჩემი ნება რომ იყოს, დავაყენებდი და სათითაოდ ორდენებს დავურიგებდი. ამ ქვეყანაში დადგე და უქომაგო ნაკრებს, რომელიც გამარჯვებებით არაა განებივრებული, მართლა მაგარია. თან სინქრონში მღერიან. ჯარის გარდა, საქართველოში არავინ მეგულება, ვინც სინქრონში ასე მღერის. ეს ნამდვილად დასაფასებელია.

ისე კი, ფანობის მხრივ, კარგ გზას ვადგავართ. რეგიონებშიც იმატა გულშემატკივარმა. ჩემი სურვილია, ფოთის "კოლხეთში" დაიძრას ფეხბურთი, ფანობა. ამ კლუბს ქართულ "ლივერპულს" ვეძახი - შემოვიდა და ფეხბურთი შემოიტანა.

- შენ "ლოკომოტივშიც" იმუშავე. როგორია ქართულ კლუბში მუშაობა?
- ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კლუბს იმდენად მაგრად აქვს მენეჯმენტი აწყობილი, პირდაპირ გეუბნებით, თავს საქართველოში არ ვგრძნობდი. ამას მიკერძოებაში არავინ ჩამითვლის, რადგან "ლოკომოტივში" აღარ ვმუშაობ.

ამ კლუბში ყველაფერი იდეალურადაა: მატჩისწინა მზადება, ბაზაზე მდგომარეობა, აკადემია... კლუბის ნებისმიერი ფეხბურთელი გეტყვით, რომ თავს ნამდვილ ფეხბურთელად გრძნობს.

პირველად, როცა "ლოკომოტივის" თამაში წავიყვანე, საგურამოს ბაზაზე მისვლისთანავე გუნდის ფეხბურთელებმა ტაში დამიკრეს. ის ტაში არასოდეს დამავიწყდება.

გამოვარჩევდი გორის "დილასაც", სადაც ყურადღება არ გვაკლდა, ჩემთვის კი ყველაფერი აქედან იწყება. ქუთაისში ხომ საერთოდ, რა დონის ინფრასტრუქტურა და როგორი გაჭირვებაც უნდა იყოს, ყოველთვის ისეთ რამეს დაგახვედრებენ, სამუდამოდ რომ დაგამახსოვრდება.

- ბევრია ქართველი ფეხბურთელი, რომლებსაც ხშირი ტრავმიანობა აწუხებთ. შენი აზრით, ეს რისი ბრალია?
- ანალოგიური კითხვა არაერთი სპეციალისტისთვის დამისვამს. უცხოელი ფეხბურთელები ორ სეზონს აბამენ ერთმანეთს, ჩვენები კი ორი მატჩის შემდეგ იღებენ ტრავმებს. სპეციალისტებმა მითხრეს, ზრდის პროცესშია შეცდომები დაშვებულიო.

რატომ ვერ ვთამაშობთ ფეხბურთს? ამ კითხვაზე ვინმე თუ გამცემს პასუხს, უბედნიერესი ადამიანი ვიქნები. 1989 წლიდან თითზე ჩამოსათვლელია ჩვენი გამონათებები: "ამერი", თბილისის "დინამოს" გასვლა უეფას თასზე, საქართველოს ნაკრების 2-3 გამარჯვება...

არ მინდა, ბანალურად ვთქვა, რომ ფინანსები არ გვაქვს და ა.შ. გავიგეთ ეს, მაგრამ პრობლემები სხვაგანაც ხომ უნდა ვეძებოთ? ჩვენზე პატარა ქვეყნები არიან ფეხბურთში წარმატებულები უკვე.

არც ისე დიდი ხნის წინ ერთ პრობლემას წავაწყდი. გახსოვთ ვაკო ყაზაიშვილის მომენტი სერბეთთან, ჯანო ანანიძეს რომ არ გაუკეთა პასი? ერი ერთ წამში გაერთიანდა ვაკოს წინააღმდეგ. რატომ? როცა კარგი ხდება, ერი ასე არ ერთიანდება, ცუდზე კი ჩასაფრებულები ვართ. კი ბატონო, გააკრიტიკეთ, მაგრამ ის, რასაც მასზე ვკითხულობდი, არ იყო კრიტიკა. გავგიჟდი. უელსთან ვაკომ არ გააკეთა კარგი პასი? შოტლანდიას მისი გოლით არ მოვუგეთ?

საერთოდ, იმდენად მომთხოვნი ხალხი ვართ, ჰექტორ რაულ კუპერზეც ვთქვით, ეგ რა მწვრთნელია, გავაგდოთო.

- კუპერს შედეგი არ ჰქონდა დამაკმაყოფილებელი. შედეგი არც ნაკრების მოქმედ მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს აქვს, თუმცა გულშემატკივარს მისი დარჩენა სურს...
- ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ამ შესარჩევის დასრულების შემდეგ ვაისს თბილად უნდა დავემშვიდობოთ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შუა სეზონში მწვრთნელის გაშვება და ახლის მოყვანა სწორია.

რა კარგად ვიყავით, ძლივს დავლაგდით კახა ცხადაძის მწვრთნელობის დროს. ზემოთ კომპლექსი ვახსენეთ და გერმანიასთან კომპლექსის რაიმე დაგვეტყო? ბიჭებმა ფეხბურთი ითამაშეს, სიამოვნება მიიღეს...

ვაისზე ამბობენ, გახსნილ ფეხბურთს ათამაშებს ნაკრებსო. ეს გახსნილია? ცხადაძის დროს მატჩზე ისე მივდიოდი, რომ ვიცოდი, 0:0-ის ყურება არ მომიწევდა. მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ, ვფიქრობ, ვაისს უნდა დავემშვიდობოთ.

- როგორც ვიცით, ესპანური ფეხბურთისადმი დიდი სიმპათიები გაქვს. რატომ?
- 1998 წელი იყო, ნიგერია ესპანეთს ხვდებოდა და დავინახე რაული, რომელიც გატანილი გოლის შემდეგ თავის ეროვნულობას, კულტურობას ძალიან ემოციურად გამოხატავდა. შემდეგ, თუ სწორად მახსოვს, "რეალს" გასვლაზე "ესპანიოლთან" ჰქონდა მატჩი. მადრიდელები 0:1-ს აგებდნენ, როცა რაული მეკარესთან პირისპირ გავიდა. ამ დროს, უკან მცველი დაეცა და კარში დარტყმის ნაცვლად, რაულმა ბურთი აუტზე გადააგდო. მთელი სტადიონი ფეხზე ადგა და ტაში დაუკრა მას. ეს იყო სიგნალი შემდეგი თაობისთვის: ფეხბურთს პიროვნებები თამაშობენ, რაული კი ეროვნული გამოხატულება იყო.

ამის მერე წიგნი გადავშალე, დავინტერესდი, ასეთი რა ქვეყანაა ესპანეთი, რომ ასეთი მაგარი ფეხბურთელი ჰყავთ. დავიწყე და შევყევი. რაულის დროს "რეალს" ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ჩემში მაინც ბასკური სიყვარულია. ალბათ იმიტომ, რომ "ბილბაო" ქართველებს ყველა იმ კითხვაზე გვცემს პასუხს, რაც გვაწუხებს: არანაირი ტრანსფერი, არანაირი ლეგიონერი - გყავდეს შენი აღზრდილი ფეხბურთელი და მასთან ერთად ეჭიდავე სხვას!
მკითხველის კომენტარები / 13 /
კარგია ემოცია,მაგრამ ემოცია ზუსტად უნდა გამოხატავდეს თამაშის ხასიათს,ტემპს....რაც შეეხება რუს კომენტატორებს-იქნებ მეტი კონკრეტულობაა საჭირო.მაგ.მელნიკოვი ქომაგია ქართული ფეხბურთის.უტკინი,სტოგნიენკო კეთილგანწყობილნი არიან ქართელების მიმართ და რაც უმთავრესია-მაღალ პროფესიულ დონეზე მიყავთ რეპორტაჟები-ემოციაც საკმარისი ,თამაშის გარჩევაც ძალიან მაღალ დონეზე...პ.ს.რუსეთის ,კრემლის მტრული დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფროებრიობის მიმართ ყველა ადეკვატურ ქართველს კარგად მოეხსენება
ზაზა
11:49 07-05-2017
0
სიმსივე,გალოგრე,ღლონტი და ჯიბუტი თუ უშველიან ქართულ ფეხბურთს,თორემ მეხუზლამ რა უნდა ქნას მარტომ ?!
ალექს
10:32 07-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული