მესამე მიზეზი: წიგნი ძალიან საინტერესოდაა დაწერილი, რაშიც, პირლოს გარდა, მისი დამხმარე კალმოსნის ხელიც უნდა ერიოს, მაგრამ ეს ხაზს უსვამს მთავარი გმირის დიდზე დიდ ინტელექტს მინდვრის მიღმაც. იკვრება მაგიური სამკუთხედი და შენ თვალის ერთ დახამხამებაში კითხულობ ამ ძალიან მაგარ წიგნს.
ის იმხელა მასალას
ერთ დღესაც, მან გადაწყვიტა, რომ მისი "სტანდარტულები" კიდევ უფრო სრულყოფილი უნდა ყოფილიყო. მისი თქმით, მაგალითისთვის შორს წასვლა არ დასჭირვებია: იყო ერთი ჟუნინიო, "ლიონის" ბრაზილიელი ჯადოქარი, რომელიც მართლაც სრულყოფილად ფლობდა ამ ურთულეს ხელოვნებას.
პირლომ უამრავი ვიდეოჩანაწერი ნახა და როგორღაც მივიდა ასეთ დასკვნამდე: საჯარიმო დარტყმის დროს ჟუნინიო ბურთს მხოლოდ ფეხის სამი თითით ეხებოდა.
მეორე დღეს მან ეს ყველაფერი პრაქტიკაში გამოსცადა და განსაცვიფრებელი შედეგი მიიღო. იმ დღიდან პირლოს ჯარიმები კიდევ უფრო დახვეწილი და მეტოქეთათვის სახიფათო გახდა.
სწავლა რომ სიბერემდეა და არასოდეს არის გვიან, თუნდაც ფეხბურთში, ეს პირლომ ერთხელაც დაადასტურა...
* * *
არადა, როცა ანდრეა მონდომებით უკირკიტებდა ჟუნინიოს საიდუმლოს, უკვე ცნობილზე ცნობილი ფეხბურთელი იყო. ჩვენ ქართული ფეხბურთი გვტკივა და პირდაპირ უნდა დავწერო: დღეს ჩვენში მოაზროვნე ფეხბურთელების ძალიან დიდი დეფიციტია.ითამაშებენ მეტ-ნაკლებად მისაღებ დონეზე რამდენიმე მატჩს, ისიც - ქართულ დონეზე, რომელიც ისევე შორსაა ევროპულთან, თავი უკვე შემდგარი ფეხბურთელები ჰგონიათ.
გუშინდელი თვინიერი და დამყოლი ბიჭები, ზოგჯერ აქეთ რომ გეძებდნენ, ახლა გამარჯობას ძლივს ან საერთოდ აღარ კადრულობენ. რომელ სწავლაზეა ლაპარაკი? მათთვის სამყაროს დასასრულის ტოლფასი იქნება, რომ შეჰკადრო, რაღაც კიდევ დასახვეწი აქვს, ესა თუ ის კომპონენტი უნდა გააუმჯობესოს. მიგზავნილი ეგონები და ისე შემოგხედავს, როგორც მტერს. ყველა არა, მაგრამ ძალიან ბევრი.
მან ყველაფერი იცის. მისთვის საფეხბურთო საიდუმლო არ არსებობს. მართალია, ჯერ ნაკრებში არ მიუწვევიათ, მაგრამ ხვალ მიიწვევენ. მერე რა, რომ არც მსოფლიოს ჩემპიონატზე უთამაშია და არც - ევროპის. მას ძველ პარტნიორზე მეტი ფული და დაფასება აქვს თუნდაც გოგონებში. უფრო მაგრად აცვია, კარგი მანქანა ჰყავს და ბევრს ხარჯავს...
საქართველოს ჩემპიონატს აგინებს. თვალი გაქცევაზე აქვს. მერე რა, რომ ბევრს არავის უნდა. მთავარია, აქედან გააღწიოს. მერე რა, რომ მალე ისევ ჩამოვა და ყველაფერს იმ გუნდის მწვრთნელს და აგენტს გადააბრალებს.
ძველ მეგობრებს კარგა ხანია გადაეჩვია. მან პატრონისა თუ ცოტა მეტი ნიჭის წყალობით შეძლო და ფეხბურთელი გახდა. ბავშვობის მეგობრებიდან ბევრი საბოლოოდ ჩაეშვა. მათთან ლაპარაკი, მათი მოკითხვა უკვე ცუდი ტონია. ძველ მეგობარს შეიძლება რაღაც სჭირდებოდეს. ეს "რაღაც" ხშირად ფულია.
...როგორ გინდა, ასეთებთან ერთად პირლო და მისნაირები ახსენო. ფაქტი ერთია: არაფერი ისე არ ეზარება რიგით ქართველ ფეხბურთელს, როგორც სწავლა. არადა, ეს პირდაპირ დამღუპველია...
არაფერი ისე არ უყვარს საშუალოსტატისტიკურ ქართველ ფეხბურთელს, როგორც იმის დაჯერება, რომ ის სრულყოფილია და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მას არ უმართლებს, მხოლოდ და მხოლოდ მისი წარმოშობა, ქართველობაა...
* * *
საქართველოში ყოველთვის გვყავდა კარგი თაობა. ეგაა - ხშირად ესა თუ ის თაობა ვერ აღწევდა იმდენს, რამდენსაც მისგან ველით. თაობა ახლაც კარგია. ჩვენ ამ თაობასა და მის ლიდერებზე მოზომილად უნდა ვწეროთ და ვიმსჯელოთ.არსად ისე არ უვარდებათ თავში, არსად ისე იოლად არ ირწმუნებენ ხოლმე საკუთარ ყოვლისშემძლეობას, როგორც - საქართველოში. არსად ისე არ იციან ზემოდან ყურება, როგორც ჩვენში და არ ივიწყებენ გენიალური გაბრიელ გარსია მარკესის ზეგენიალურ სენტენციას, რომლის მიხედვითაც, ადამიანს მხოლოდ მაშინ უნდა დახედო ზემოდან, როცა ის წაქცეულია.
დღევანდელი თაობა, დიდი ფეხბურთის კარზე რომ აკაკუნებს, ვინძლო, ძველების დარად ვერ ხმაურობს, მაგრამ უდავოდ ბევრი შეუძლია. ამდენ ხანს მისი ლიდერის, გიორგი ჩაკვეტაძის თამაში მხოლოდ ტელევიზორში მქონდა ნანახი და ასე ფეხბურთელს ბოლომდე ვერ შეაფასებ.
მე ცოცხლად მისი თამაში ვნახე ქართულ კლასიკოში და უნდა დავწერო: დიდი ხანია, ქართველი ფეხბურთელის გარჯას ასეთი სიამოვნება არ მოუგვრია ჩემთვის. მის თამაშში არის დიდზე დიდი სინატიფე, პასის კულტურა და საერთოდ არ არის ეგოიზმი, რასაც პირადად მე, სულ მცირე დოზით ნაღდად ვისურვებდი.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ შემდგარ ფაქტზე რომ ვწერ, თან რაღაც მაჩერებს, თითქოს, ხელებს მიკრავს და მბორკავს. და ეს "რაღაც" არის იმ ბიჭების ბედი, რომლებიც ისე დაგვეკარგნენ, რომ თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარით. ეს ერთი დიდი და სევდიანი ისტორიაა.
ახლა სხვა დროა. დრომ ბევრი გვასწავლა და ხელისგულზე ჭკუის სასწავლებელი ბევრი მაგალითი დაგვიდო. დიდი იმედი მაქვს, არც ეს თაობა და არც მისი ლიდერი, ჯერ ძალიან პატარა რომაა, ასე არ დაგვეკარგებიან.
უნდა გვახსოვდეს: თვით მსოფლიო ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავი ანდრეა პირლო სწავლობდა და ხვეწდა ტექნიკას. როცა თვით ანდრეა სწავლობს, შენ რა უფლება გაქვს, არ ისწავლო?!
დიდები იმისთვისაც არსებობენ, რომ პატარებმა მათგან რაღაც ისწავლონ. მით უმეტეს, ისეთი დიდები, მხოლოდ საფეხბურთო მინდორზე კი არა, მის მიღმაც რომ დიდები არიან.
მე, როგორც ვიცი, იტალიაში მხოლოდ ორი ისეთი ფეხბურთელია, ყველა სტადიონზე ტაშს რომ უკრავენ - ჯიჯი ბუფონი და ანდრეა პირლო. ფეხბურთზე გადარეულ, ძალიან განსხვავავებული საფეხბურთო გემოვნების მქონე ქვეყანაში ეს მართლაც განსაკუთრებული ამბავია.
ამიტომაც არის ძალიან დიდი ანდრეა პირლო, ამიტომაც ღირს მისგან სწავლა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"