"აფრიკაში შენ ძალიან ძლიერი უნდა იყო ფსიქოლიგიურად, რომ ფსკერზე არ დარჩე. ეს ევროპაშია ყველაფერი - ფორმა, ბუცი, ბურთები... აფრიკაში ფეხბურთის თამაში ურთულესი საქმეა - არანაირი პირობა და ხელშეწყობა, არანაირი ზრდის პერსპექტივა." - ყვებოდა ტიოტე.
ბევრი შეიკ ტიოტეს დაიმახსოვრებს, როგორც კუნთების გროვას.
ხუთი წლის წინათ, "ჯორდებს" შესანიშნავი ნახევარდაცვა ჰყავდათ. ტიოტე ლამის ყველა ბურთს იგებდა. იოან კაბაი ტვინით თამაშობდა. ეს იყო შესანიშნავი დუეტი. კაბაი თითქმის პირლოს პასის კულტურით და ტიოტე თავისი დიდებული დარტყმით.
მისი დარტყმების ცქერა მართლაც რომ ერთი დიდი სიამოვნება იყო. აღარც კი ვიცით, რომელი ერთი გავიხსენოთ. ალბათ, მაინც ლეგენდარული "ქამბექი" "არსენალთან" შეხვედრაში, როცა "ნიუკასლი" 0:4 - ს აგებდა. ის სასწაული შემობრუნება ალბათ არ იქნებოდა, რომ არა კოტდივუარელის ყუმბარისებური დარტყმა.
"ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. ბავშვივით კეთილი და გულუბრყვილო. მე მას ვერასოდეს დავივიწყებ." - თქვა ტიოტეს სიკვდილის შემდეგ "ნიუკასლის" ყოფილმა მეკარემ, ტიმ კრულმა.
"როცა ძირითად შემადგენლობაში ამიყვანეს, ის ჩემზე ნაკლებს როდი ნერვიულობდა. სულ მაძლევდა რჩევებს და ჩემს გვერდით იყო." - ეს უკვე პოლ დამეტის სიტყვებია. საერთოდ, ტიოტე ყველას ძალიან უყვარდა. საინტერესოა ისიც, რომ ერთ კვირაში ტიოტეს ოჯახში მესამე შვილს ელიან.
გასულ ზაფხულს ტიოტემ, შეატყო რა, რომ "ნიუკასლში" არ ექნებოდა სათამაშო პრაქტიკა, სათამაშოდ ჩინეთის მეორე დივიზიონის კლუბს მიაშურა. ის შეთანხმებული იყო "ანჟისთან", მაგრამ ტრანსფერი მაშინ ბოლო წამს ჩაფლავებული სამედიცინო შემოწმების გამო ჩაიშალა. რა პრობლემა ჰქონდა შეიკს, არ გახმაურებულა. სამაგიეროდ, თურქულ "გალათასარაიში" ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ ამ ქვეყნის საინფორმაციო საშუალებები ღიად წერდნენ, რომ ფეხბუთელს გულის პრობლემები ჰქონდა.
აქ ჩნდება კითხვა - რატომ განაგრძო ტიოტემ ფეხბურთის თამაში. ამ კითხვას ყველა მოყვარული უპასუხებს. როცა შენ გულით გინდა ფეხბურთის თამაში, ვერაფერი გაჩერებს. მათ შორის, ვერც ექიმების ხისტი მითითებები.
არის მეორე კითხვა. როგორ გამოიკვლიეს ტიოტე ჩინელმა ექიმებმა და რატომ ვერ აღმოაჩინეს დარღვევა, რომელმაც საბოლოოდ სიცოცხლე მოუსწრაფა აფრიკელ ფეხბურთელს?
ტიოტეს სიკვდილი ზოგადად დიდი დარტყმაა ჩინური ფეხბურთისათვის. დარწმუნებულნი ვართ, ამიერიდან მკვეთრად შემცირდება ამ ქვეყანაში სათამაშოდ წამსვლელთა რიცხვი. სხვათა შორის, გასულ ზამთარს ჩინეთს კინაღამ მიაშურა ანტონი მოდესტემ - ფრანგმა ფორვარდმა, ვინც "კიოლნში" არაერთი გოლი შეაგდო. ის მხოლოდ იმიტომ არ წავიდა ჩინეთში, რომ იქაურ მედიკოსებს არ ენდო. მოდესტეს შვილს ალერგიული სინდრომი სჭირს.
ჩინეთში ცხოვრების დონე კარგია და იქაურ ფეხბურთში ძალიან დიდი ფული ჩაიდო, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი გამართულია. ჩვენ ალბათ მაინც დროებით მოვლენასთან გვაქვს საქმე.
სხვა რა უნდა იფიქრო, როცა გერმანიაში სტადიონის გვერდით დგას აპარატურა, რომელიც ვარჯიშის მიმდინარეობისას ყველა ფეხბურთელის გულისცემის რიტმს ზომავს. ამ დროს ჩინეთში ჯანმრთელსა და ავადმყოფს ვერ არჩევენ ერთმანეთისაგან.
ჩინური ლიგა ჯერ არ დამკვიდრებულა მსოფლიოს გამორჩეულ ლიგებს შორის და პირველი დიდი ტრაგედია უკვე მოხდა. ალბათ, კლუბები ახლა მაინც მიაქცევენ ჯეროვან ყურადღებას ფეხბურთელების ჯანმრთელობას.
მიაქცევენ, მაგრამ ამით შეიკ ტიოტეს არაფერი ეშველება.
ის ჩვენ დაგვამახსოვრდება, როგორც ნამდვილი მებრძოლი. ჯერ კიდევ იმ ძველი დროიდან, როცა აბიჯანის ქუჩებში ფეხშიშველი დასდევდა ბურთს და დიდ ფეხბურთელობაზე ოცნებობდა.
ტიოტე თვით სიკვდილსაც მაგრად ებრძოლა. ისინი 15 საათის განმავლობაში ებრძოდნენ ერთმანეთს და საბოლოო ჯამში ბნელმა დაჯაბნა ნათელი.
დოსიე
შეიკ ისმაელ ტიოტე
1986-2017
ამპლუა: საყრდენი ნახევარმცველი
კარიერა: 2005-08 - ანდერლეხტი; 2007-08 - როდა (იჯარით); 2008-2010 - ტვენტე; 2010-2017 - ნიუკასლი; 2017 - ბეიჯინ ენტერპრაისისი.
კოტ დივუარის ნაკრები: 52 თამაში, 1 გოლი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"