თორნიკე თარხნიშვილი: ეს თამაში კაცური ღირსების საქმეა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე თორნიკე თარხნიშვილი, მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, დარწმუნებულია, რომ აჭარის მთავარი გუნდი "იაგელონიასთან" არ შერცხვება...

- ჩვენი ნაცნობი "იაგა" - რა გუნდია ბათუმის "დინამოს" მეტოქე "იაგელონია"

- თამაში ახლოვდება და მასთან ერთად, მღელვარებაც მატულობს. რა იქნება, როგორ ითამაშებთ, რეალურად რა გუნდია "იაგელონია"?..
- ურთულესი თამაში გველის და ამაზე არც ვკამათობთ. ლადო დვალიშვილს ველაპარაკე, რომელიც პოლონეთში თამაშობდა და იქაურ გუნდებს კარგად იცნობს. რაც გავიგე, ეს არის, რომ "იაგელონიას" ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავდა - მიხაილ პრობიერჟი და სწორედ მისი
დამსახურება იყო გუნდის წინსვლა. ის ნიჭიერ ახალგაზრდა მოთამაშეებს იწვევდა და გუნდში დიდი კონკურენცია ჰქონდა, ერთ ადგილზე მოხვედრას 2-3 ფეხბურთელი ცდილობდა...

ეს სეზონი ისე კარგად ითამაშეს, დიდხანს ლიდერობდნენ და "ლეგიამ" მხოლოდ ბოლო მომენტში გადაუსწრო. "იაგელონია" შინ ძალიან კარგად თამაშობს, მაგარი გულშემატკივრები ჰყავს... თუმცა პრობიერჟი სეზონის დასრულების შემდეგ "კრაკოვიაში" წავიდა.

- "იაგელონიაზე" საკმაოდ ბევრი გცოდნიათ...
- მეტოქეა და, რა თქმა უნდა, ინფორმაციით დავინტერესდით. ძალიან კარგი თავდამსხმელი ჰყავთ - ირლანდიელი შერიდანი, რომელიც "სელტიკში" გამოდიოდა. სხვათა შორის, ბათუმის "დინამო" ორი წლის წინ ნიქოზიის "ომონიას" რომ შეხვდა, კვიპროსულ გუნდში შერიდანმა მეორე მატჩი შეუცვლელად ითამაშა. ამას გარდა, ესტონელი თავდამსხმელი ვასილიევიც ჰყავდათ, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ რუსეთის პრემიერლიგის "ამკარის" წევრი იყო, მაგრამ ზაფხულში გუნდიდან წავიდა, რაც ჩვენთვის კარგი ამბავია. ლეგიონერების გარდა, ძლიერი პოლონელი ფეხბურთელებიც ჰყავთ.

- რეალურად რომ ვთქვათ, ამ წყვილში "იაგელონია" ფავორიტია...
- ამაზე არავინ დავობს. სამწუხაროდ, ჩვენს ფეხბურთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ისეთი დაღმასვლა იყო, ჩემპიონატის დონეც დაეცა, რეიტინგშიც დაბლა დავეშვით და მესმის, რომ ევროპალიგაზე ქართული გუნდები ფავორიტები ვერ იქნებიან - პოლონური, სლოვაკური, აზერბაიჯანული და ავსტრიული კლუბები ჩვენზე წინ არიან.

რომელს ვჯობივართ ფინანსებით, სტადიონებით ან მოსამზადებელი პირობებით? მათი ფავორიტობაც ლოგიკურია.

- რომელ პირობებზეა ლაპარაკი, როცა ბათუმში 11 წელიწადია სტადიონი ვერ ააშენეს!..
- ეს კიდევ ერთი სატკივარია. ეს "იაგელონია" ყოველ წელს ფეხბურთელებს ყიდის იტალიაში, გერმანიაში, თურქეთში... სულ სხვა დონეზეა გასული. პოლონეთის ექსტრაკლასაში ბევრად მაღალი ტემპით თამაშობენ და ესეც მათი პლუსია. მე კი არ ვწუწუნებ, უბრალოდ, არის ფაქტორები, რომლებსაც ვერავინ გადაახტება და მიმაჩნია, რომ მათ სასარგებლოდ შანსები 60/40-ზეა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ სტიმული გვაქვს. რეალურად, ასეთ შეხვედრებში ყველა ჩვენგანი განსაკუთრებულად მოტივირებულია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს თამაში კაცური ღირსების საქმეა - ბოლომდე უნდა ვიომოთ, რომ ღირსეულად ვითამაშოთ. ბურთი მრგვალია, ისინიც ჩვენნაირი ადამიანები არიან და არავინ იცის, რა სენსაცია შეიძლება "გამოვაცხოთ". თანაც, იქ სეზონი 22 მაისს დასრულდა, ჩვენთან კი რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა პაუზა ჩემპიონატში. ეს საჩვენო პლუსია.

- თამაში ქუთაისში ჩატარდება, ბათუმიდან არც ისე ახლოსაა და რას ფიქრობთ, ხალხი მოვა?
- დარწმუნებული ვარ, ბათუმელებიც მოვლენ, ქუთაისელებიც და სხვა ახლო ქალაქებში მცხოვრები ფეხბურთის მოყვარულებიც იქნებიან სტადიონზე. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხალხისგან დიდი მუხტი მოდის და ასეთ დროს უფრო მეტი მონდომებით ვთამაშობთ, რადგან ევროთასებზე ჩნდება, ფეხბურთელი რეალურად რას წარმოადგენს.
თუ თავს გამოიჩენ, ნაკრებში მოხვედრის მეტი შანსიც გექნება. რეალურად, მწვრთნელებიც ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელებიდან ნაკრებში მისაწვევთა სიას ასეთ თამაშებში არჩევენ.

- ამას ტყუილად არ იტყოდით: ეროვნულ გუნდში მოხვედრაზე ფიქრობთ?
- ჩემპიონატის პირველ წრეში ჩვენი გუნდის მიერ ნაჩვენები ფეხბურთით ამაზე ლაპარაკი არასწორი იქნება, მაგრამ ყველა ასაკობრივ ნაკრებში მითამაშია და, რა თქმა უნდა, ეროვნულ გუნდში თამაშზეც ვფიქრობ. ფეხბურთელს იღბალი უნდა. თბილისის "დინამოში" საქმე ვერ ამეწყო და მერე ისეთ გუნდში ვერ მოვხვდი, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა. მაგრამ 27 წლის ვარ და დავიჯერო, ნაკრებში მოხვედრაზე ფიქრი დაგვიანებულია?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა ხდება, ამ ბიჭებს წაგებულის მენტალიტეტს რატო უყალიბებთ? ბათუმის დინამომ თავის დროზე ეინთხოვენს ლამის მოუგო შინ რასაც არავინ ელოდა. ჰოდა მიდით ბიჭებო, დაარტყით კარში ნებისმიერი პოზიციიდან, შორიდან, ახლოდან, უიმედოდან, საიმედოდან. დაარტყით და ფეხი არ აგიკანკალდეთ. ბურთი კარის ბადეს აუცილებლად მონახავს!!! გაუმარჯოს ბათუმის დინამოს, ქუთაისის ტორპედოს, საჩხერის ჩიხურას და სამტრედიას!!!
დათო
23:10 27-06-2017
0
რატო უნდა შერცხვეს? უბრალოდ წააგებს ცოტა დიდი ანგარიშით და ეგაა
ebbe sandi
10:14 29-06-2017
0

სიახლეები პოპულარული