ბათუმის "დინამო": საევროპო განაცხადის სიურპრიზები

AutoSharing Option
სამი დღეც და ქართული გუნდები ევროთასებზე ჩაებმებიან. ბათუმის "დინამო" პოლონეთის ვიცე-ჩემპიონ ბიალისტოკის "იაგელონიას" 29 ივნისს, ქუთაისის "რამაზ შენგელიაზე" უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო მატჩი 6 ივლისს, ბიალისტოკის მუნიციპალურ არენაზე გაიმართება.

- ჩვენი ნაცნობი "იაგა" - რა გუნდია ბათუმის "დინამოს" მეტოქე "იაგელონია"

ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა ევროპალიგისთვის ეს ფეხბურთელები შეარჩია.

მეკარეები: რომან ტაკიძე, ანატოლი ტიმოფეევი, ლევან შოვნაძე;
მცველები: არჩილ ტვილდიანი, მირზა ფარტენაძე, ბექა მახარაძე, დავით კვირკველია, ნიკა მგელაძე, ვაჟა ქორიძე, ანზორ სუხიაშვილი;
ნახევარმცველები: ბექა ვარშანიძე, გელა გოგიტიძე, გიორგი ქავთარაძე, თემურ შონია, ვაკო
თევდორაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, თორნიკე თარხნიშვილი, გეგი კეკუა, ჟოვინიო ფლამარიონი;
თავდამსხმელები: მიხეილ გორელიშვილი, ბექა ჭკუასელი, იაროსლავ კვასოვი, ნიკა კვანტალიანი.

სიაში მხოლოდ ორი ახალწვეულია: ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი და ბექა მახარაძე. პირველი მათგანი ბათუმელთა რიგებში 2009-12 წლებშიც თამაშობდა, მერე თბილისის "დინამოში" გადავიდა, საიდანაც 2014 წელს კვიპროსს მიაშურა და სამი კლუბის ფორმა მოირგო - აფიენუს "ოტელოსის", "პაფოსისა" და ახნას "ეთნიკოსის".

2013 წელს გრიგალაშვილი საქართველოს ნაკრებში მიიწვიეს. ქვეყნის ეროვნულ გუნდში მან 4 მატჩი ჩაატარა. თუ ფორმას აღიდგენს, ის ბათუმელებისთვის კარგი შენაძენი იქნება.

მახარაძე კი ამ გუნდის ყოფილი კაპიტანია. აქედან ის თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა, ბოლოს ქობულეთის "შუქურაში" თამაშობდა, ახლა კი მშობლიურ ქალაქსა და გუნდს დაუბრუნდა.

ორი აზრი არ არის - ბათუმურ გუნდს გაძლიერება სჭირდება. ბათუმელებს განაცხადში ერთი ფეხბურთელის დამატების უფლება აქვთ და მალე გავიგებთ, ისარგებლებენ თუ არა ამ უფლებით. კლუბის სპორტული დირექტორის, მალხაზ მახარაძის თქმით, ამის შესახებ მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს.

"შესაძლოა, ოთარ მარცვალაძე დავიმატოთ. მას დაველაპარაკეთ და ხვალ გვეცოდინება, დათანხმდება თუ არა ჩვენს წინადადებას", - ამბობს მახარაძე.

განაცხადიდან ჩანს, რომ ბათუმელებმა ბოლნისის "სიონიდან" ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირის, ჯაბა დვალის დამატება ვერ მოახერხეს. მახარაძის თქმით, ეს ბოლო მომენტში გადაწყდა:

"ჯაბასთან მოლაპარაკება გვქონდა და ვიმედოვნებდით, რომ ჩვენთან ითამაშებდა, მაგრამ... ბოლო მომენტში უარი თქვა. გვითხრა, რომ კარგი ვარიანტი გამოუჩნდა და, შესაძლოა, მოლდოვაში დაბრუნდეს და "დაჩიაში" ითამაშოს. ასე რომ, თავდამსხმელის პოზიციაზე ჯერ კიდევ პრობლემები გვაქვს".

რაც შეეხება ბათუმის "დინამოს" სამზადისს: ეროვნულ ლიგაში პაუზის გამოცხადების შემდეგ ფეხბურთელებმა ორიოდე დღე დაისვენეს და ევროპალიგისთვის ვარჯიში ბათუმის სარაგბო სტადიონზე განაახლეს, დღეს კი წყალტუბოში გაემგზავრებიან, სადაც ქუთაისში გასამართავი მატჩისთვის მზადებას გააგრძელებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიან ძნელია ასეთი შემადგენლობიტ რამე წარმატებას მიაღწიო. იმედი მაქვს ვცდები.
roma
15:01 27-06-2017
0
სფფ
roma
15:02 27-06-2017
0

სიახლეები პოპულარული