ევროთასები 2017/18. ჩვენ და სლოვაკები: აქაც უარყოფითი ბალანსი...

AutoSharing Option
ფოტოზე: ზესტაფონი-ჟილინა
29 ივნისიც მოახლოვდა, როცა სამი ქართული კლუბი ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ჩაერთოს. ისე, როგორც წინა წლებში, ამჯერადაც ყველას ძალიან გვინდა, რომ ამა თუ იმ ქართულმა კლუბმა რაც შეიძლება მეტი ეტაპი გადალახოს ევროტურნირებზე; სამწუხაროდ, ასევე წლებია უკვე, რაც რეალურად ვუცქერთ მოვლენებს და რომელიმე ქართული გუნდისგან ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას... აღარ ვითხოვთ! ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაზე ხომ, საერთოდ, აღარაფერს ვამბობთ...

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: ამ ბოლო წლებში ქართული გუნდებისათვის ევროტურნირები ძალიან ადრეულ ეტაპზე სრულდება! ეგ კი არა, უკვე იმით
ვხარობთ, ევროტურნირებზე მოასპარეზე 4 ქართული გუნდიდან ერთი მაინც რომ ახერხებს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლას...

თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ, როგორც წესი, პირველ თუ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპებზე არც ერთი გრანდი არ გვხვდება ხოლმე მეტოქედ; თუმცა ისიც მწარე რეალობაა, რომ ამ საწყის ეტაპებზე, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც უნდა შეგვხვდეს, თითქმის ყველა შემთხვევაში, აუტსაიდერებად სწორედ... ქართული გუნდები მიიჩნევიან...

...ნამდვილად არ გვინდა, რომ წლევანდელ ევროტურნირებზე მოასპარეზე ოთხივე ქართული გუნდი ("სამტრედია", "ჩიხურა", "ტორპედო", ბათუმის "დინამო") წინდაწინვე "გამოვიტიროთ"; პირიქით - იმის დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამ ოთხივე გუნდისათვის წლევანდელი ევროტურნირები რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს!

ვინ იცის, იქნებ წლევანდელი საქართველოს ჩემპიონატის ფორმატის შეცვლამაც იქონიოს დადებითი გავლენა ჩვენი გუნდების ევროტურნირებზე ასპარეზობისას: "გაზაფხული-შემოდგომის" ფორმატზე ხომ იმიტომ გადავედით, რომ ევროტურნირების მონაწილე ქართული გუნდები ზაფხულისათვის ოპტიმალურ ფორმაში ყოფილიყვნენ!

ანუ წლევანდელ ევროტურნირებზე მოასპარეზე ოთხივე ქართულ გუნდს, თავიანთ მეტოქეებთან შედარებით, ერთი (თანაც, არცთუ უმნიშვნელო) უპირატესობა უნდა ჰქონდეთ: ჩვენს ოთხივე მეტოქეს (აზერბაიჯანულ "ყარაბაღს", პოლონურ "იაგელონიას", ავსტრიულ "ალტახსა" და სლოვაკურ "ტრენჩინს") თავიანთ ჩემპიონატში წინა სეზონის დასრულების მერე პირველი ოფიციალური მატჩების ჩატარება ხომ სწორედ ევროტურნირებზე მოუწევთ...

* * *
მხოლოდ ჩვენი აზრი არ არის: ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ევროტურნირების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის ყველაზე მეტი შანსი, მიგვაჩნია, რომ "ტორპედოს" აქვს. რა თქმა უნდა, იმას ვერავინ იტყვის, რომ წილისყრამ ყველაზე სუსტი მეტოქე ქუთაისელთა გუნდს არგუნა.

თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ეროვნული ლიგის გათამაშების ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი "ტორპედო" არც ევროტურნირებზე ასპარეზობის გამოუცდელობას უჩივის და, რაც მთავარია, კახა ჩხეტიანის განკარგულებაში მყოფ ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა დღესდღეობით მართლაც მშვენიერ ფორმაშია.

კიდევ ვიმეორებთ, რომ სლოვაკური "ტრენჩინი" ნამდვილად არ არის სუსტი მეტოქე, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ქუთაისურ გუნდს მომავალ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი აქვს, მით უფრო, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება სლოვაკეთში უნდა გაიმართოს...

- ბერიძის წინააღმდეგ - რა გუნდია ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე "ტრენჩინი"

...სამწუხაროდ, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზეც მართლაც იშვიათობას წარმოადგენენ ის ქვეყნები, რომელთა წარმომადგენლებთანაც ურთიერთდაპირისპირებაში ქართულ გუნდებს დადებითი ბალანსი აქვთ.

ამ მხრივ, გამონაკლისი არც სლოვაკებთან ევროტურნირებზე ჩატარებული მატჩებია და ამის დასტურად აი, ეს სტატისტიკური მაჩვენებელიც გამოდგება; ანუ დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში (1993 წლიდან მოყოლებული), შვიდჯერ მოხდა, როცა ევროტურნირების საწყის ეტაპებზე ქართული და სლოვაკური გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს და მხოლოდ ორი შემთხვევა იყო, როცა ჩვენმა გუნდმა (ჯერ - "ვიტ ჯორჯიამ", მერე - "ზესტაფონმა") შეძლო და სლოვაკური გუნდი ორი მატჩის ჯამში დაამარცხა.

საერთოდ, ევროტურნირებზე ქართულ-სლოვაკური გუნდების ურთიერთდაპირისპირებებში ასეთი თანაფარდობაა: 14 მატჩი: 3 მოგება, 3 ფრე, 8 წაგება, ბურთების სხვაობა: 11-25.

...სლოვაკურ საკლუბო ფეხბურთს განსაკუთრებული წარმატებები არასდროს ჰქონია ევროტურნირებზე, თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, ამ ქვეყნის რამდენიმე გუნდს უასპარეზია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "პეტრჟალკას", "კოშიცეს", "ჟილინას"; უფრო ადრე კი, როცა სლოვაკური გუნდები ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონატში მონაწილეობდნენ, ბევრად უფრო მასშტაბური წარმატებაც ჰქონდათ: ბრატისლავას "სლოვანმა" 1969 წელს თასების მფლობელთა თასი მოიპოვა, როცა ფინალში "ბარსელონა" დაამარცხა!

Sportall.Ge
ფოტოზე: ტორპედო-ჟილინა. ბექა ტუღუში

ევროტურნირებზე ქართულ-სლოვაკური გუნდების პირველი დაპირისპირება ჩვენთვის წარუმატებელი გამოდგა: 2000 წელს თბილისის "ლოკომოტივმა" ორივე მატჩი უშანსოდ დათმო სლოვაკეთის ყველაზე ტიტულიან გუნდთან, ბრატისლავის "სლოვანთან".

4 წლის შემდეგ კვლავაც შევხვდით სლოვაკებს, ოღონდ ევროტურნირების იმდროინდელ დებიუტანტ "სიონს" გაცილებით სუსტი მეტოქე შეხვდა, მაგრამ პროვინციულმა "პუხოვმა" (დღესდღეობით სლოვაკეთის III ლიგაში რომ ასპარეზობს),ორივე მატჩში სამ-სამი უპასუხო გოლი გაიტანა არცთუ ურიგო ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "სიონის" კარში...

...სლოვაკური გუნდების კარში პირველი გოლ(ებ)ის გატანა მხოლოდ მესამე ცდაზე შევძელით. ეგ კი არა, "ვიტ ჯორჯიამ" საერთოდაც ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია იმ დროისთვის სლოვაკეთის უძლიერეს გუნდ "პეტრჟალკას".

სხვათა შორის, ამ გუნდის აღზევება პირდაპირ არის დაკავშირებული ვლადიმირ ვაისთან: საქართველოს ნაკრების დღევანდელმა თავკაცმა აქტიური საფეხბურთო კარიერა სწორედ ამ კლუბში დაასრულა, სამწვრთნელო ასპარეზზეც პირველი ნაბიჯები სწორედ აქ გადადგა და ყველასათვის მოულოდნელად, "პეტრჟალკა" სლოვაკური საკლუბო ფეხბურთის გრანდადაც აქცია!

ვაისის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "პეტრჟალკა" არანაკლები წარმატებით გამოდიოდა ევროტურნირებზეც და განსაკუთრებით, რაღა თქმა უნდა, 2005/06 წლების სეზონი უნდა გავიხსენოთ, როცა მოკრძალებულმა სლოვაკურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ძალიან ღირსეულად იასპარეზა.

...2008 წლის ზაფხულში, როგორც იქნა, შევძელით და სლოვაკური გუნდი ევროტურნირებს გამოვთიშეთ: რამაზ მუმლაძის დამოძღვრილმა "ვიტ ჯორჯიამ" ორი მატჩის ჯამში აჯობა ამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდ "ტრნავას".

საბედნიეროდ, იგივე გამეორდა მომდევნო წელსაც, თუმცა, ეს ის სასიამოვნო გამონაკლისი იყო, როცა იმ კონკრეტულ წყვილში ფავორიტად ... ქართული გუნდი მიიჩნეოდა! და ასეც მოხდა: გია გეგუჩაძის დამოძღვრილმა "ზესტაფონმა" ჯაბა დვალის (დუბლი) და ირაკლი ძარიას გოლებით, ფაქტობრივად, პირველ მატჩშივე გადაწყვიტა "ბისტრიცასთან" ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი!

აი, სლოვაკურ გუნდებთან მომდევნო ორი დაპირისპირება კი ჩვენთვის წარუმატებელი აღმოჩნდა; თანაც, იმ დროისთვის გაახალგაზრდავებული "ტორპედო" (ესპანელი სპეციალისტი ჟერარდ სარაგოსა რომ წვრთნიდა), საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით დამარცხდა იმ წყვილში ისედაც ფავორიტად მიჩნეულ "ჟილინასთან" და საპასუხო დაპირისპირებასაც აზრი დაეკარგა.

"ტორპედოს" ის მარცხი მოულოდნელობა არ იყო, რასაც ვერ ვიტყვით 2014 წლის ზაფხულში "ზესტაფონის" წარუმატებლობაზე: იურაი იარაბეკის დამოძღვრილმა "ტრნავამ" საპასუხო მატჩში სამი გოლი გაიტანა იმერული კლუბის სერბი მეკარის, ბოიან პავლოვიჩის კარში (პირველი მატჩი 0:0 დასრულდა) და მომდევნო ეტაპზეც გავიდა. იურაი იარაბეკი კი, გეხსომებათ, 2016 წელს თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი გახლდათ...

ყველა დაპირისპირება
2000/01
უეფას თასი. I საკვალიფიკაციო ეტაპი
სლოვანი-ლოკომოტივი 2:0
ლოკომოტივი-სლოვანი 0:2

2004/05
უეფას თასი. I საკვალიფიკაციო ეტაპი
პუხოვი-სიონი 3:0
სიონი-პუხოვი 0:3

2006/07
უეფას თასი. I საკვალიფიკაციო ეტაპი
პეტრჟალკა-ვიტ ჯორჯია 2:0
ვიტ ჯორჯია-პეტრჟალკა 2:1

2008/09
უეფას თასი. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ტრნავა-ვიტ ჯორჯია 2:2
ვიტ ჯორჯია-ტრნავა 1:0

2009/10
ევროპალიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი
ზესტაფონი-ბისტრიცა 3:0
ბისტრიცა-ზესტაფონი 1:0

2013/14
ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ტორპედო-ჟილინა 0:3
ჟილინა-ტორპედო 3:3

2014/15.
ევროპალიგა, II საკვალიფიკაციო ეტაპი
ზესტაფონი-ტრნავა 0:0
ტრნავა-ზესტაფონი 3:0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მეორე აეხი აჩვენებს ჩიხურას თამაშს
გენო
17:49 28-06-2017
0
ქიმია ბიოლოგიაში ხო ნუ იტყვი რაფერ ვბრდღვნით ყველაფერს :) :)

არ გეწყინოს კი მივხვდი რა ფიზიკაც იგულისხმე, მარა მაინც წამცდა ხელი :)

სამწუხაროდ გეთანხმები და მაგისი მეც მეშინია.

პატივისცემით მეც ქუთაისელი
ქუთაისელს
17:42 28-06-2017
0

სიახლეები პოპულარული