ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ქართული გუნდი "ჩიხურა" ევროტურნირებზეც არ გამოდის ურიგოდ. ამას კიდევ სხვა ფაქტორიც გვაიმედებს, რომ საჩხერელთა გუნდი არ უნდა იყოს უშანსოდ ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, მით უფრო, რომ "ჩიხურას" მეტოქე არ განეკუთვნება ავსტრიული საკლუბო ფეხბურთის გრანდების კატეგორიას...
- ჩიხურა VS ალტახი - ჩვენც გვაქვს კოზირები
ბოლო წლებია, რაც "ალტახი" ავსტრიულ ბუნდესლიგაში დამკვიდრდა და აქედან გამომდინარე, არც არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ ევროტურნირებზე მხოლოდ მეორედ ასპარეზობს. დებიუტი კი შარშანწინ
რაც შეეხება ავსტრიის ჩემპიონატს, საუკეთესო შედეგი ამ გუნდს 2014/15 წლების სეზონში ჰქონდა, როცა III ადგილზე გავიდა და, პირველად თავის ისტორიაში, ევროპალიგის საგზური მოიპოვა.
აი, ავსტრიულ ბუნდესლიგაში ბოლო სეზონი კი "ალტახისათვის" ისე წარიმართა თავდაპირველად, რომ ყველა უდიდესი სენსაციის მოლოდინში იყო: ეს არაფრით გამორჩეული გუნდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში... ჩემპიონობაზეც აცხადებდა პრეტენზიას! თუმცა, გუნდს ჩემპიონატის ფინიშზე აშკარა კრიზისი დაეწყო - ბოლო 11 მატჩიდან 7 წააგო და 4 ფრედ ითამაშა.
და მაინც, "ალტახმა" უკან მოიტოვა ავსტრიული ფეხბურთის გრანდი ვენის "რაპიდი", რომელთანაც ქართველებს ერთობ არასასიამოვნო მოგონებები გვაკავშირებს: ჩვენი გუნდები სხვადასხვა დროს ორჯერ შეხვდნენ ევროტურნირებზე "რაპიდს" და ამ ოთხ მატჩში, ქულის აღებას ვინ ჩივის, ერთი გოლის გატანაც ვერ მოვახერხეთ მეტოქის კარში.
ასე მოხდა 2007 წლის უეფას თასის II საკვალიფიკაციო ეტაპზეც, როცა "რაპიდმა" ორი მატჩის ჯამში 8:0 (!) მოუგო თბილისის "დინამოს"; და ასე მოხდა ევროტურნირებზე ქართულ-ავსტრიული კლუბების ბოლო დაპირისპირების დროსაც, როცა იმავე "რაპიდმა" მანამდე მშვენივრად მოასპარეზე "დილას" აჯობა და 2013 წლის შემოდგომაზე ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე არ "შეგვიშვა"...
წარუმატებლად ვთამაშობდით სხვა ავსტრიულ გუნდებთანაც და ამის დასტურია ეს უარყოფითი ბალანსიც: 18 მატჩი: 4 მოგება, 2 ფრე, 12 წაგება, ბურთების სხვაობა: 12-33. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ გუნდს ვეთამაშებოდით: ზემოთ ნახსენებ "რაპიდსა" თუ კიდევ ერთ ავსტრიულ გრანდს "აუსტრიას", "შტურმსა" თუ "რიდს", "ტიროლსა" თუ დღესდღეობით ავსტრიის რეგიონლიგაში მოასპარეზე "პაშინგს"...
ერთი შემთხვევის გარდა, მომდევნო ეტაპზე მუდამ ავსტრიული გუნდები გადიოდნენ. ყველაზე მტკივნეული კი, რა თქმა უნდა, 2010 წელს "შტურმთან" დაპირისპირების დროს განცდილი მარცხი იყო: ამ გუნდთან ორრაუნდიანი დაპირისპირების შემთხვევაში "ზესტაფონი" ხომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებოდა!
იმ ერთადერთ წარმატებას კი, 2001 წელს "ვიტ ჯორჯიამ" მიაღწია, როცა ორი მატჩის ჯამში "რიდს" აჯობა და "ინტერტოტოს თასის" მომდევნო ეტაპზე გავიდა. სხვათა შორის, "ვიტ ჯორჯიას" სხვა დროსაც შეეძლო მომდევნო ეტაპზე გასვლა, მაგრამ სულ მცირედი დააკლდა "პაშინგთან" ორრაუნდიან დაპირისპირებაში.
...2008 წელს კი, უცნაური ფაქტის მომსწრენი გავხდით: ევროტურნირების საწყის ეტაპზე ქართულ-ავსტრიული გუნდების დაპირისპირება, ორის ნაცვლად, მხოლოდ ერთმატჩიანი იყო! მიზეზი - საქართველოში მძვინვარე აგვისტოს ომი იყო. ამის გამო, უეფას გადაწყვეტილებით, "აუსტრიამ" და "ვიტ ჯორჯიამ" მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარეს, ისიც - ნეიტრალურ მოედანზე.
ყველა დაპირისპირება
1994/95
უეფას თასი. 1/32-ფინალი
დინამო (თბ)-ტიროლი 1:0
ტიროლი-დინამო (თბ) 5:1
1997/98
ინტერტოტოს თასი
რიდი-მერანი 91 (თბ) 1:3
2001/02
ინტერტოტოს თასი. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ვიტ ჯორჯია-რიდი 1:0
რიდი-ვიტ ჯორჯია 2:1
2003/04
ინტერტოტოს თასი. I საკვალიფიკაციო ეტაპი
პაშინგი-ვიტ ჯორჯია 1:0
ვიტ ჯორჯია-პაშინგი 2:1
2006/07
ინტერტოტოს თასი. II საკვალიფიკაციო ეტაპი
რიდი-დინამო (თბ) 3:1
დინამო (თბ)-რიდი 0:1
2007/08
უეფას თასი. II საკვალიფიკაციო ეტაპი
დინამო (თბ)-რაპიდი 0:3
რაპიდი-დინამო 5:0
2008/09
უეფას თასი. II საკვალიფიკაციო ეტაპი
აუსტრია (ვ)-ვიტ ჯორჯია 2:0
2010/11
ევროპალიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი
შტურმი-დინამო (თბ) 2:0
დინამო-შტურმი 1:1
2011/12
ჩემპიონთა ლიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი
ზესტაფონი-შტურმი 1:1
შტურმი-ზესტაფონი 1:0
2013/14
ევროპალიგა. პლეი ოფი
რაპიდი-დილა 1:0
დილა-რაპიდი 0:3
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"