[პრობლემა] თუ ქირურგიულად ვინმე არ ჩაერია...

AutoSharing Option
ბოლო ქართულმა გუნდმაც ითამაშა ევროთასებზე. ითამაშა ისე, რომ ამას მართლა ჯობდა, არ ეთამაშა. კავკასიურ დერბიში განადგურება ძალიან უსიამოვნოა და, მით უმეტეს, უსიამოვნოა იმ უმწეობის შეგრძნება, ბაქოში გამართულმა შეხვედრამ ერთხელაც რომ გაგვიჩინა...

ის, რომ ჩვენი კლუბები ვერ გაძლიერდნენ ევროთასების წინ, ის, რომ ჩვენს საკლუბო ფეხბურთში ძალიან ბევრია ისეთი, მხოლოდ პირადულზე რომ ზრუნავს...

ის, რომ არ გვაქვს სტადიონები...

ის, რომ ბავშვთა ფეხბურთი უკეთესი უნდა იყოს და შეიძლება უფასოც...

...ეს ყველამ ვიცით და ამაზე იმდენჯერ დავწერეთ, მგონი, მკითხველს თავი შევაწყინეთ კიდეც. ეგაა, ამ
ყველაფერს დრო სჭირდება და რა ვქნათ, გაისად წლევანდელი კოშმარი რომ არ განმეორდეს?

გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ - რაც მოხდა, მოსალოდნელი იყო, შეიძლება ასეთი ანგარიშები არა, მაგრამ შედეგი - ნამდვილად არ არის სენსაცია.

ევროთასების დაწყებამდე წერილი დავწერე - კრახს ველოდები-მეთქი, დაახლოებით ასეთი იყო იმ წერილის შინაარსი. ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ქომაგი დამიკავშირდა და გამიწყრა - წინასწარ რატომ ტირიო?

იმიტომ, ჩემო ბატონო, რომ ჯერ კიდევ თამაშამდე, ფურცელზე ჩანდა ყველაფერი. ჩანდა და ეს უშუალოდ შეხვედრებშიც დადასტურდა. თუ არ ჩავთვლით "ჩიხურას", ყველა გუნდი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შერცხვა!

ასე გაგრძელება რომ აღარ შეიძლება, ესეც ყველამ ვიცით. მაშ, რა შეიძლება გაკეთდეს? ფაქტია: არ გამოდგება მოქმედება მხოლოდ დაწერილი წესებით. საჭიროა ქირურგიული ჩარევა, გნებავთ, შოკური თერაპია და ახლა ბევრი რამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამბედაობაზეა დამოკიდებული.

პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ის არის, რომ საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე ყველა კლუბი უნდა იყოს კერძო! მომავალი პირველობისთვის ეს უნდა იყოს აუცილებელი პირობა და რომელი კლუბიც ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, მან უმაღლეს ლიგაში ვერ უნდა ითამაშოს. უნდა ჩანაცვლდეს იმ კლუბით, რომელსაც ჰყავს კერძო მფლობელი.

მეორე: წლევანდელი ევროოდისეის მონაწილე ქართული კლუბების ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ ადგილობრივი ფეხბურთელები. სანამ თემას გავაგრძელებდეთ, ჯერ დავსვათ კითხვა - სად არის ჩვენი საკლუბო ფეხბურთი? დაახლოებით იქ, სადაც ანდორის, გიბრალტარის და მალტის კლუბები არიან. აღმოჩნდა, რომ ლუქსემბურგს ვეღარ შევედრებით - აბა, რომელი ჩვენი გუნდი გამოაგდებს თუნდაც ძველი დიდების ნაშთად ქცეულ "რეინჯერსს"?..

ჰოდა, ამ გიბრალტარის, ანდორის, მალტისა და მისთანების კლუბების ხელმძღვანელები შეგუებულები არიან იმას, რომ ამ ქვეყნებში არ არიან კვალიფიციური ფეხბურთელები და კადრებს მეზობელი ქვეყნებიდან იწვევენ. მაგალითად, ანდორისა და გიბრალტარის გუნდებში აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ ესპანელები, ლუქსემბურგულ კლუბებში მოთამაშე ფრანგები და ასე შემდეგ.

საქართველო არ არის შუა ევროპა. ჩვენ არც ესპანეთის და არც საფრანგეთის მეზობლები არ ვართ, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ. ჩვენთან ჩამოვლენ რუმინელები, ხორვატები, სერბები... ისინი არ ეთამაშებიან ასტრონომიულ თანხებს.

ძალიან რთულია ჩემთვის ამის დაწერა, მაგრამ მაინც უნდა დავწერო: დღეს ჩვენი ნორმალური ლეგიონერები საქართველოს ჩემპიონატში არ დაბრუნდებიან, ჩვენს პირველობაზე მოთამაშე ფეხბურთელებს კი არ შეუძლიათ, მეტ-ნაკლებად ნორმალურად ითამაშონ ევროთასებზე. მათ საერთო არაფერი აქვთ ევროპულ ფეხბურთთან. სხვები დარბიან, ისინი კი დაღოღავენ...

და თუ მაინცდამაინც დასაქმებულები უნდა იყვნენ, იქნებ დაბალი ლიგების კლუბებში დასაქმდნენ. სანამ მასობრივად გაგვეზრდება კარგი თაობები, ფონს ლეგიონერებით უნდა გავიდეთ. მართალია, მესი აქ არ ჩამოვა, მაგრამ იმ ქართველ ფეხბურთელებზე კარგი კონტინგენტის მოძიება კია შესაძლებელი, რომელიც დღეს ჩვენს კლუბებშია თავმოყრილი.

პირველ ეტაპზე ეს აუცილებლად მოგვცემს შედარებით უკეთესობას მაინც. დღეს ესეც საქმეა.

უნდა ჩამოვიყვანოთ მწვრთნელებიც, რათა ყველა ქართული გუნდი ერთმანეთს არ ჰგავდეს მინდორზე, არ იყოს სამწვრთნელო იდეების ნაკლებობა. სამწუხაროდ, ჩვენთან ამ მხრივაცაა კრიზისი. ეს ევროთასებმა ნათლად აჩვენა - ყველა გუნდი იმდენად ჰგავდა ერთმანეთს, რომ მხოლოდ მაისურის ფერით თუ გაარჩევდი...

დღეს თითქმის ყველა ქართული კლუბის ფეხბურთელი ფინანსურ სიდუხჭირეზე ტირის. დაინტერესდები, შიგნიდან ჩახედავ და... დაბალ ლიგებშიც კი კარგი ფეხბურთელები ათას ხუთას-ორი ათას ლარს ითხოვენ. მე ვიცი, რომ ეს არ არის სუპერხელფასი, მაგრამ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია, ჯერ კიდევ შიმშილის ზღვარზე რომ ცხოვრობს...

იმ ფულით, რასაც უმაღლესი ლიგის კლუბები იხდიან, შეიძლება უკეთესი გუნდების გაკეთება ლეგიონერებზე დაყრდნობით. ეგაა, ეს უნდა იყოს ერთჯერადი, მხოლოდ ორ-სამ წელიწადზე გათვლილი ღონისძიება, რომლის მასშტაბებიც შემცირდება მაშინვე, როგორც კი ჩვენს ნიჭიერ ფეხბურთელებს, რომლებიც წამოვლენ ბავშვთა ფეხბურთიდან, ძვლები გაუმაგრდებათ.

ვიცი, ბევრი ქართველი ფეხბურთელი გამინაწყენდება, ამას რომ ვწერ, მაგრამ დღეს საქმე ასეა. რა ბედნიერები ვიქნებოდით ახლა, ლუქსემბურგის კლუბების ადგილას ქართული გუნდები რომ იყვნენ... როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 79 /
ყირგიზეთიდან და ტოჯიკეთიდან რომ მოვიწვიოთ ლეგიონერები, ვითომ რა დაშავდება? -იქაიურებს უფრო სტიმული ექნებათ... ან სულაც რაც ფეხბურთში იდება 25 მილიონია თუ რაც არის, თავდაცვის გაძლიერებას რომ დავახარჯოთ ხომ შეიძლება? ფეხბურთით ეხლა მარტო უნამუსო ადამიანები არიან დასაქმებულები 90%-ით. ჩვენ ამით, სხვა თუა არა უსაქმურებს და თაღლითებს მუქთა სალაფავს შეუწყვიტავთ!
ბერჩლიანი
13 ივლისი 2017 14:56
0
1500ლარად რომელი ლეგიონერი ჩამოვა?რომლებიც ჩამოდიან კი ხედავთვრაც არიან.სიდებილეა მეტი არაფერი სიდუხჭირეზე საუბარი,თუ დუხჭირი და მათხოვარი ხარ ელიტაში არაფერი გესაქმება.მერე რა რომ ქვეყანას უჭირს?არც აზერებს ულხინთ მარა ფეხბურთში ფული იხარჯება.
Bravo12
13 ივლისი 2017 14:55
0
ალეკო შენ გენაცვალე ჩემი სათქმელი თქვი ბოლომდე. ასეთი სიმართლე არ წამიკითხავს!
zvio
13 ივლისი 2017 14:54
0
ვინც სამტრედია აუგად მოიხსენიოს გული გაუპოს დანამა გუნდმა წააგო გუნდთან რომელსაც სამტრედიის წონა ფული აქ ამით ყველაფერია ნათქვამი.
samtredielebisgan
13 ივლისი 2017 14:42
0
ქართული უნდა იყოს მხოლოდ გუნდის სახელი, სხვა დანარჩენი უნდა მოვიწვიოთ..
თორნიკე
13 ივლისი 2017 14:38
0
მართალია, და ყველა ფეხბურთელს უნდა აეკრძალოს ტოტალიზატორში თამაში, აუცილებელი არაა თავის გუნდზე ყომარობდეს, რა უნდა გამოვიდეს, როცა თამაშის შედეგზე მეტად თავის დადებულ ბილეთზე ფიქრობს. ეს თვითონ კლუბების მფლობელების მოსაგვარებელია.
vakho
13 ივლისი 2017 14:28
0
გუნდი, რომელსაც ევროპის პრეტენზია აქვს, უნდა იყოს ულაპარაკოდ კერძო. სამტრედიამ იმ შემადგენლობიდან, რომლითაც ჩემპიონატი მოიგო, ნახევარზე მეტი ან გაყიდა, ან თავად წავიდა, გუნდი კი ერთი თამაშისათვის შეიძლება შექმნა, მაგრამ სეზონისათვის ეს არ გამოვა.რაც შეეხება ფედრაციას, კობიაშვილი უნდა წავიდეს ფედრაციიდან, მას პარლამენტარობაც ეყოფა, და ფეხბურთსუფრო მონდომებული და მოტივირებული ხალხი უნდა ჩაუდგნენ სათავეში, თუნდაც უცხოელი, რომელიც ამ მაიმუნობაში არ იქნება გასვრილი
zviadi
13 ივლისი 2017 14:27
0
გაგინაწყენდებიან და ცივი წყალი დალიონ ..., სრულიად გეთანხმები აფრიკელები და არც ყველა სამხრეთ ამერიკელი ითხოვს დიდ ხელფასებს . ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ ერთი მთავარი რამ გამოგრჩა ინფრასტრუქტურას უნდა მიეხედოს, ბაზების,პატარა და კოხტა სტადიონების გარეშე არაფერი გამოვა ოგონდ ხარისხიანი მოედნებით, ამ ყველაფრის გარეშე არც ლეგიონერი გაგიჩერდება აქ და ვერც ნორმალური ფეხბურთელები გაიზრდე
დათო- რუსთავიდან
13 ივლისი 2017 14:23
0
უეჭველი ბაზარია
ვაუ
13 ივლისი 2017 14:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული