თბილისის "დინამოს" პირველი ესპანური მარცხი [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
თბილისის "დინამომ" ესპანური შეკრების მეორე ეტაპი დაიწყო: გუნდი მარბელას საერთაშორისო ტურნირში (Football Impact Cup 2012) ჩაება. ალექს გარსიას შეგირდებმა პირველი მატჩი პოლონურ "კრაკოვიასთან" გამართეს და 2:3 დამარცხდნენ.

"დინამოს" გარდა ტურნირში მონაწილეობს კიდევ 7 გუნდი: "დინამო" (კიევი, უკრაინა), "იანგ ბოიზი" (შვეიცარია), "ვიდეოტონი" (უნგრეთი), "ეკრანასი" (ლიტვა), "დნიპრო" (უკრაინა), "სტრომგოდსეტი" (ნორვეგია) და "კრაკოვია" (პოლონეთი). ტურნირი 22 იანვარს დაიწყო და პირველ დღეს სამი მატჩი ჩატარდა: "ვიდეოტონმა" უპრობლემოდ მოუგო "ეკრანასს" (4:0), კიევის "დინამომ" პენალტების სერიაში აჯობა "იანგ ბოიზს", "დნიპრომ" კი "სტრიმგოდსეტთან" დიდი ანგარაშით გაიმარჯვა (4:1).

გუშინ კი მხოლოდ ერთი მატჩი ჩატარდა: თბილისის "დინამო" პოლონეთის უძველეს კლუბ "კრაკოვიას" დაუპირისპირდა.

გუნდებმა მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყეს:
დინამო: ლორია - ოდიკაძე, ხოჭოლავა, ჰომოლა, ლომიძე - კვეკვესკირი, ალვარო, ძარია - გურული, ჩისკო, კოტო.
კრაკოვია: კაჩმარეკი - სტრუნა, ნავოტჩინსკი, ჰოშეკი, ციტკო - კოსანოვიჩი, სზელიგა, ბუძინსკი, ზალახოვსკი - ნტიბაზონკიზა - ვან დერ ბიზენი.

ვიდრე პირველი ტაიმის პერიპეტიებს გაგაცნობდეთ, მანამდე ჩვენების ტაქტიკურ განლაგებაზე გეტყვით; უპირველესად, რაღა თქმა უნდა, ექსპერიმენტულ დაცვის ხაზზე - ფაქტია, რომ თომაშვილის, კაკუბავასა და რეხვიაშვილის არყოფნაში ჩვენი უკანახაზელების (განსაკუთრებით - ცენტრალურ ზონაში) თამაში აშკარად უკეთეს შთაბეჭდილებას უნდა ტოვებდეს.

ყოველ შემთხვევაში, პოლონური გუნდის პირველი და მეორე გოლები სწორედ უკანახაზელთა მიუტევებელ პოზიციურ შეცდომებს მოჰყვა: მე-17 წუთზე "კრაკოვიას" ბურუნდელმა ლეგიონერმა, 24 წლის საიდო ნტიბაზონკიზამ შორეული და ჩინებული პასით გარღვევაზე კოენ ვან დერ ბიზენი გაიყვანა და 26 წლის ჰოლანდიელმა ცენტრფორვარდმაც თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა.

სხვათა შორის, ამ გოლამდე ორჯერ ისეთი სიტუაციაც შეიქმნა, როცა დინამოელებს თამაშგარე ეგონათ და კიდევ კარგი, "კრაკოვიამ" ამით ვერ იხეირა. არადა, გაშვებულ გოლამდე თამაშს მთლიანად ჩვენები აკონტროლებდნენ, მაგრამ, რასაც მეტოქის კართან შექმნილი ხიფათი ჰქვია, მხოლოდ ერთხელ ვნახეთ: ჩისკომ დიდოსტატურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, მაგრამ "კრაკოვიას" გამოცდილმა მეკარემ, 28 წლის ვოიცეხ კაჩმარეკმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

პირველ ტაიმში ჩისკო ცენტრფორვარდად მოგვევლინა, კოტო მარცხენა გარემარბი იყო, გურული კი - მარჯვენა. სამწუხაროდ, პირველი ტაიმის ბოლომდე პოლონელთა მეკარის შეწუხება მხოლოდ ერთხელ მოვახერხეთ, სამაგიეროდ, "კრაკოვიამ" 28-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და საგოლე პასის ავტორმა ნტიბაზონკიზამ ლორიას კარში მეორე გოლი გაიტანა.

32-ე წუთზე "დინამო" აშკარა ხიფათს გადაურჩა - ვან დერ ბიზენი ახლო მანძილიდან ურტყამდა, მაგრამ ააცილა.

შესვენების შემდეგ ალექს გარსიამ შემადგენლობა მკვეთრად გადაახალისა და მოედანზე 6 ახალი ფეხბურთელი შეიყვანა, ამასთან, რამდენიმეს ამპლუაც შეუცვალა და, საერთოდაც, შესვენების შემდეგ "დინამოს" ტაქტიკური განლაგება 3-6-1 უფრო იყო, ვიდრე აქამდე მუდმივად აპრობირებული 4-3-3. კარში კვლავ ლორია იდგა, დაცვაში - მარჯვნივ ოდიკაძე, მარცხნივ - ხოჭოლავა (19 წლის ფეხბურთელმა გუშინ პირველი "ესპანური" მატჩი ჩაატარა), ერთადერთი ცენტრალური მცველი კი კვეკვესკირი გახლდათ. ნახევარდაცვის ფლანგებზე ჩისკო (მარჯვნივ) და კახელიშვილი მოქმედებდნენ, ცენტრში - გერაუ, ჯიღაური, კოშკაძე და მერებაშვილი. ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი იაგუე გამოჩნდა.

ასეთი, მართლაც შემტევი ტაქტიკის წყალობით დინამოელებმა მალევე მოიპოვეს უპირატესობა, მაგრამ ერთ ეპიზოდში პოლონელთა სწრაფი კონტრიერიში გამოეპარათ და კიდევ კარგი, ლორიამ იყოჩაღა, თორემ სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ნამდვილად გაძნელდებოდა.

ამ მომენტიდან წუთიც არ იყო გასული, რომ ამჯერად პოლონელთა მეკარემ ივარგა, როცა ახლო მანძილიდანწ ჩისკო ურტყამდა. თუმცა დინამოელთა უპირატესობამ შედეგი მალე მოიტანა: 57-ე წუთზე იაგუემ მრავალსვლიანი კომბინაცია ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. ცხრა წუთის მერე მან "დუბლიც" შეასრულა და ამ შემთხვევაშიც დინამოელთა მიერ ბურთის ხანგრძლივად და, რაც მთავარია, ეფექტიანად გათამაშება უნდა აღვნიშნოთ.

მე-80 წუთამდე "დინამოს" უპირატესობა აშკარაზე მეტი იყო. ჩვენი ფეხბურთელები მეტოქის ნახევარზე სწრაფად გადადიოდნენ და 77-ე წუთზე ჯიღაური ეფექტური დარტყმით ცდილობდა გატანას, მაგრამ ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. და აი, მაშინ, როცა "დინამოს" გოლს ველოდით, მეტოქემ სწრაფ კონტრშეტევაზე "დაგვიჭირა" და ძირითადი დროის დასრულებამდე 7 წუთით ადრე კვლავ "კრაკოვია" დაწინაურდა.

აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშიც გოლი ჩვენების პოზიციურ შეცდომას მოჰყვა, რითაც ჩინებულად ისარგებლა პოლონური გუნდის ლატვიელმა ლეგიონერმა ალექსეი ვიშნიაკოვსმა.

დარჩენილ დროში "დინამომ" ერთი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა - პოლონეთის ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა "კრაკოვიამ" 3:2 გაიმარჯვა და მისი მომდევნო მეტოქე უკრაინული "დნიპრო" იქნება. "დინამო" კი 25 იანვარს ნორვეგიულ "სტრიმგოდსეტს" დაუპირისპირდება.

მატჩის შემდეგ
ალექს გარსია: "თამაში ინფანტილურად დავიწყეთ. პირველი ტაიმი საშინელი იყო. მეორე ნახევარში ტაქტიკა შევცვალეთ და შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ, ანგარიშიც გავათანაბრეთ, მაგრამ გამარჯვების ან პენალტების სერიის ნაცვლად დასანანი ბურთი მივიღეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
aleqs garsia:  TamaSi infantilurad daviwyeT. pirveli taimi saSineli iyo. meore naxevarSi taqtika SevcvaleT da Semtevi fexburTi viTamaSeT, angariSic gavaTanabreT, magram gamarjvebis an penaltebis seriis nacvlad dasanani burTi miviReT.




მკითხველის კომენტარები / 6 /
დინამო მაინც დინამოას
0
ცნობილი ფრაზა მახსენდება ხვედელიძე დაცვას მიხედე დაცვას,დღევანდელ დინამოზეა ზედ გამოჭრილი-გარსია დაცვას მიხედე დაცვას,უბრალოდ შთაბეჭდილება მრჩება თვითონ გარსიამაც არ იცის როგორ უნდა ათამაშოს გუნდი დაცვაში...
negredo
18:38 24-01-2012
0

სიახლეები პოპულარული