ბათუმის "დინამოს" ლვოვის "კარპატის" მეპატრონე, უკრაინელი მილიარდერი ყიდულობს

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინ ვწერდით, რომ ბათუმის "დინამოს" შესყიდვა უკრაინელ ბიზნესმენს სურდა, თუმცა მასზე ვიცოდით, რომ ის პირი უკრაინის პრემიერლიგის კლუბის მეპატრონე გახლდათ და ბიზნესის განვრცობას საქართველოში აპირებდა; რომ მისთვის ფეხბურთი ერთ-ერთი საინტერესო თემაა და არა პრიორიტეტული; რომ ჩვენს შავიზღვისპირეთში პერსპექტივას ხედავს; რომ საკურორტო და სხვა ბიზნესები აინტერესებს.

თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაცია უფრო იყო: კლუბის გადაფორმების შემთხვევაში ბათუმის "დინამოს" ბიუჯეტის რადიკალური გაზრდა და გუნდის გაძლიერება!

700-ათასლარიანი ბიუჯეტის მქონე ბათუმის "დინამოს" წლიური ბიუჯეტი 2-იდან 3 მილიონ დოლარამდე იქნება, რაც საქართველოს პირობებში
საუცხოო ფინანსური მდგომარეობის გარანტია გახდება.

ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა სულხან გოგიბერიძემ გუნდით უცხოელთა დაინტერესება დაგვიდასტურა, მაგრამ მისი ვინაობა არ დაუკონკრეტებია - მოლაპარაკების დასრულებამდე კონკრეტული ინფორმაციის გამხელის უფლება არ მაქვსო.

ჩვენი უკრაინელი მეგობრების დახმარებით შევიტყვეთ, რომ ეს პიროვნება ლვოვის "კარპატის" მეპატრონე პეტრ დიმინსკი გახლავთ, რომელიც ერთ-ერთი უმდიდრესი უკრაინელი ბიზნესმენია - მისი ქონება მილიარდზე მეტად არის შეფასებული.

უკრაინელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი პეტრ დიმინსკი დაიბადა 1954 წლის 27 მარტს. წლების განმავლობაში იყო საფეხბურთო კლუბ "კარპატის" პრეზიდენტი. უკრაინული კლუბების პრეზიდენტებს შორის იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც პროფესიული ფეხბურთი უთამაშია - კრივოი როგის "კრივბასის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა კლუბის დუბლშემადგენლობაში ითამაშა. მოგვიანებით ჩერვონოგრადის "შახტიორში" გამოდიოდა.

მუშაობდა უკრაინის სხვადასხვა სამთო-მომპოვებელ კომბინატში. ბიზნესი კი 1992 წლიდან დაიწყო და 1998-2002 წლებში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის, "გალიჩინას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, 2001 წლიდან კი - ლვოვის "კარპატის" საპატიო პრეზიდენტი.

2007 წელს მისი ქონება შეფასებული იყო 400 მილიონ დოლარად, მაგრამ ბოლო ხუთ წელიწადში შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდა და როგორც უკრაინული მედია ამტკიცებს, მინიმუმ, 3 მილიარდის მფლობელია.

დიმინსკი უკრაინის რადას დეპუტატი და დასავლეთ უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნებაა. ის მზად იყო, ევრო 2012-ისთვის ლვოვის სტადიონის განახლებაში 15 მილიონი ევრო ჩაედო.

ზემოთ ვთქვით, დიმინსკი წლების განმავლობაში იყო საფეხბურთო კლუბ "კარპატის" პრეზიდენტიო. დიახ, იყო და უკრაინელი მეგობარი გვიმტკიცებს, რომ აღარ არის და მცირე ხნის წინ "კარპატი" იგორ კოლომოიცკის მიჰყიდა.

ვერ გეტყვით, რა მოხდა და უკრაინაში რატომ აღარ სურს კლუბის შენახვა, მაგრამ საყურადღებოა, რომ დიმინსკი იულია ტიმოშჩენკოს მეგობარი და პარტნიორი გახლდათ, უკრაინის დაპატიმრებული ექს-პრემიერი კი "კარპატის" გულშემატკივრობდა.

დადასტურდა ჩვენი ინფორმაციის ის ნაწილიც, რომ უკრაინელი ბიზნესმენის ნდობით აღჭურვილი პირი ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი გია გურულია და პოსტზე სწორედ ამ თანამშრომლობის დასაწყებად დანიშნეს. თავად გურული ამ საკითხზე კომენტარს კვლავ არ აკეთებს, მაგრამ კულუარებში ეს უკვე ბევრმა იცის.

"კარპატის" გაყიდვას საინტერესო გაგრძელება უნდა მოჰყვეს: ლვოვური კლუბის ახალი მეპატრონე იგორ კოლომოიცკი ისედაც საფეხბურთო მონსტრი გახლდათ - ფლობს კიევის "დინამოს", დნეპროპეტროვსკის "დნიპროს", კიევის "არსენალსა" და კრივოი როგის "კრივბასს".

უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი მისვლის შემდეგ "ზესტაფონისა" და "კარპატის" დაძაბული ურთიერთობა (რაც ლვოვში ბუბა დაუშვილის გადასვლამ გამოიწვია) მოგვარდება. საქმე ისაა, რომ კოლომოიცკის მფლობელობაში მყოფი ზემოთ დასახელებული ოთხეულის პარტნიორი საქართველოში "ზესტაფონია", რომელიც ლვოველებისგან ფეხბურთელის კომპენსაციას, 360 ათასი ევროს ითხოვს.

ინტერნეტ-გამოცემა "სპორტ.უა"-სთან ინტერვიუში უკრაინაში "ზესტაფონის" წარმომადგენელმა ილია სკოროპაშინმა თქვა, რომ ამჟამად "ზესტაფონი" ფიფაში წარსადგენ დოკუმენტებს ამზადებს და "კარპატის" წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს (იხილეთ ვრცლად).

საეჭვოა, 360 ათასი ევროს გამო კოლომოიცკიმ ქართველ პარტნიორ ილია კოკაიასთან ურთიერთობა გაიფუჭოს და კლუბი ფიფას სასჯელისთვის გაიმეტოს.

"ბათუმის "დინამოს" "კარპატის" მეპატრონე ყიდულობს" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ხოდა რო არ ვიცი იმიტო მოვიკითხე, და შენიმის თქმა გინდა რო შახტარს და დინამო კიევს ერთი მეპატრონე ყავს? მე როგორც ვიცი შახტარის მეპატრონე ახმეტოვია ხოლო დინამოს სურკისი.
Bagrationi
01:07 12-05-2012
0
Bagrationi

თუ არ იცი ნუ ამბობ! დომინსკი მართლა ფლობს მამდენ კლუბს თავისი პროცენტები აქ!

და ახმეტოვი ფლობს შახტარს,ზარიას,ილიჩივეცს,სევასტოპოლს(რომელიც 1 დივიზიონშია)და დონეცკის მეტალურგს
kisho
21:58 11-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული