გოჩა გოგრიჭიანის ვაჟი სოჭში ბომბარდირი ხდება

AutoSharing Option
ფეხბურთის ქომაგებისთვის კარგად არის ცნობილი გოჩა გოგრიჭიანის სახელი და გვარი.

გუდაუთაში გაზარდა, 1980-1986 წლებში თამაშობდა თბილისის "დინამოში", იყო სსრკ-ს ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრების წევრი, 1987-1988 წლებში - ქუთაისის "ტორპედოს" და ლანჩხუთის "გურიას" მოთამაშე, 1989 წელს სოხუმის "დინამოში" გამოდიოდა, 1990 წლიდან კი სოხუმის "ცხუმის" რიგებში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობდა.

იყო ერთ ერთი საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი. 1992 წლიდან სოჭის "ჟემჩუჟინას" ფორვარდმა რუსეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბომბარდირის სახელი დაიმსახურა. მერე თამაშობდა კვიპროსის გუნდებში "ომონიაში" (1994 -95), "ნეა სალამინაში" (1995), "ევაგორასში" (1995-96). გახდა
კვიპროსის ჩემპიონატის ბომბარდირი, შემდეგ დაბრუნდა სოჭის "ჟემჩუჟინაში" (1996-1999, 2000, 2003 წლები), გამოდიოდა ნიჟნი ნოვგოროდის "ლოკომოტივში" და დონის როსტოვის სკა-ში.

1994-1997 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, ითამაშა 8 მატჩი, გაიტანა 2 გოლი.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ დაიწყო სამწვრთნელო მუშაობა: იყო სოჭის "ჟემჩუჟინას"მთავარი მწვრთნელის ასისტენტი (2007-2009). ბოლო წლებში ცხოვრობს სოჭში, აქვს მეორე ლიგის გუნდებში მწვრთნელად მუშაობის ლიცენზია.

გოჩას სოჭში შევხვდით.

- ვემზადები წლევანდელი შემოდგომიდან მოსკოვში მწვრთნელთა უმაღლეს სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად. ერთი წლის შემდეგ მივიღებ უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მწვრთნელად მუშაობის უფლებას, - გვითხრა მან.

მაგრამ ახლა მის წინ დგას კიდევ ერთი და ცხოვრებაში ძალიან სერიოზული საზრუნავი - 12 წლის ვაჟიშვილი გოჩა. ბიჭი დიდი წარმატებით თამაშობს სოჭის "მონოლიტის" გუნდში (მწვრთნელი - ივანე კობახიძე). იგი უკვე გახდა რამდენიმე ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე სოჭსა და კრასნოდარის მხარეში, მოექცა სელექციონერების ყურადღების ცენტრში.

მამის ოცნებაა, შვილი გახდეს უფრო კარგი ფეხბურთელი, ვიდრე თავად იყო, მოიპოვოს ქომაგების სიყვარული და როდესმე დაიმსახუროს საქართველოს ჭაბუკ, ახალგაზრდულ და შემდგომში ეროვნულ ნაკრებში მოწვევა.

შვილს ნანახი აქვს მამის გატანილი გოლები საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და კვიპროსის "ომონიაში", მაგრამ, არ უნახავს მისი თამაში თბილისის "დინამოს" და სოხუმის "ცხუმის" რიგებში. უფროსი გოჩა მიმართავს ყველას: თუ ვინმეს აქვს ხსენებულ გუნდებში მის მიერ ჩატარებული მატჩების და გოლების ვიდეოჩანაწერი - შეეხმიანოს ამ სტრიქონების ავტორს ან პირადად გოჩას - ის მზად არის შეიძინოს ეს კასეტები.

ცნობილი ფეხბურთელი რამდენიმე წელია არ ყოფილა საქართველოში. დიდი სურვილი აქვს ჩამოიყვანოს თავისი ვაჟი და დაასწროს საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს. იმედოვნებს, რომ წელს ამას მოახერხებს.

სოჭში გოჩამ გამაცნო იქ მცხოვრები სერგო მეტრეველი - ლეგენდარული სლავა მეტრეველის შვილი. სერგო ამჟამად მუშაობს სოჭის ფეხბურთის ფედერაციაში ერთ-ერთი განყოფილების უფროსად. შევეცდები ინტერვიუ სერგო მეტრეველთან ცალკე შემოგთავაზოთ.

თენგიზ პაჭკორია
სოჭიდან, სპეციალურად "ლელოსთვის"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გოჩას თამაშს 9 მაის უყურე სოჭაში ქართულ სოფელ პლასტუნკაში ქართველები და სომხები თამაშობდნენ )))
TaroSochi
01:43 28-05-2012
0
ძლიერი ფეხბურთელი იყო და მისმა შვილიმაც საქარტველოს შემადგენლობაში უნდა ითამაშოს
0

სიახლეები პოპულარული