"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.
რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.
ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" სამშაბათის და პარასკევის ნომრებში გამოქვეყნდება.
ასევე იხილეთ:
ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები
ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი III:
ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი X: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ხალხს კი ხანდახან ტყუილი და ჭორი ურჩევნია სიმართლეს. ზოგმა დაიჯერა, რომ საქართველოს ნაკრებში ლოთები არიან, რომ ჩვენ თურმე წაგებული თამაშის შემდეგ თვითმფრინავში ვიქეიფეთ.
მეორე დღეს ერთ-ერთ სპორტულ გაზეთში ჩემი, აჩის და გიოს კარიკატურები დახატეს, სადაც ხელში არყის ბოთლები გვეჭირა.
ნაკრების გარშემო დაძაბული ატმოსფერო შეიქმნა. ურთიერთობა დაიძაბა დათო ყიფიანსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის.
ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი გადაგვეწურა, მაგრამ ძალიან გვინდოდა, შესარჩევის დარჩენილი თამაშები კარგად ჩაგვეტარებინა, საკუთარი თავისთვის და გულშემატკივრისთვის დაგვემტკიცებინა, რომ გრანდების გამწარებაც შეგვიძლია.
მომდევნო მატჩი იტალიასთან გვქონდა. ჩეზარე მალდინის გუნდს მხოლოდ გამარჯვება აწყობდა. სხვა შემთხვევაში პლეი ოფში მოუწევდა თამაში. ჯგუფის გამარჯვებული კი ინგლისი გახდებოდა. იტალია მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად ჩამოვიდა თბილისში.
ყიფიანმა ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად მოგვამზადა. აქცენტი უფრო ამ ასპექტზე გადავიტანეთ, ვიდრე ტაქტიკაზე, რადგან ძალიან კარგად იცოდა, რომ საქართველოს ნაკრების ძალა ინდივიდუალიზმში იყო და მოკლე დროში გუნდის სტილის შეცვლა შეუძლებელი იქნებოდა.
საქართველო მაშინაც დაულაგებელი ქვეყანა იყო. თბილისი, აეროპორტიდან - სასტუმრომდე, ჩაბნელებული დაგვხვდა. იტალიის ნაკრები სასტუმრო "მეტეხში" ცხოვრობდა და როგორც კი შენობაში შევიდნენ, სასტუმროც გაანათეს... იტალიელებმა მაღალი დონის სასტუმრო რომ დაინახეს, ძალიან გაუკვირდათ. აქედან სტადიონზე რომ მოვიდნენ და განათება ჩართეს, აქაც გაკვირვებულნი დარჩნენ, იფიქრეს, ქართველები ამას ყველაფერს შეგნებულად გვიკეთებენო.
იტალიას მართლაც ღირსეულად ვეთამაშეთ. პაოლო მალდინი, ფაბიო კანავარო, ალესანდრო ნესტა, რობერტო ბაჯო, ფრანჩესკო ტოტი და კრისტიანო ვიერი... ამ დიდებულ გუნდს არაფერი დავუთმეთ და მათთვის ძალზედ საჭირო ორი ქულა წავართვით!..
პირველ ტაიმში კახა ცხადაძე ისე დაშავდა, რომ შეცვალეს და ყიფიანმა მის მაგივრად 18 წლის კახა კალაძე შეუშვა მინდორზე. კახა მაშინ თბილისის "დინამოს" ფეხბუთელი იყო და ნაკრებში ერთი-ორი მატჩი თუ ექნებოდა ჩატარებული, მაგრამ კრისტიან ვიერის წინააღმდეგ დიდებულად ითამაშა.
იტალიელთა კარებთან რამდენიმე მწვავე იერიში მივიტანეთ. აჩიმ ერთხელ "დირკა" გაუძვრინა პაოლო მალდინის. ერთხელაც მე და აჩიმ "კედელი" გავითამაშეთ და ჩემი დარტყმა სულ ცოტათი ასცდა კარს.
გულშემატკივარს ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ნაკრებს მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. იტალიასთან 0:0 ვითამაშეთ და "სკუადრა აძურა" პლეი ოფში რუსეთთან სათამაშოდ გავუშვით. ხალხმა კი მაგრად გაიხარა, მთელი სტადიონი ფეხზე დამდგარი გვიკრავდა ტაშს და ისე გვაცილებდა მინდვრიდან.
შემდეგ მოლდოვაში ჩავედით და თემურ ქეცბაიას გოლით 1:0 მოვიგეთ. თუ წინა შესარჩევში მოლდოველებთან ორივე მატჩი წავაგეთ, მომდევნოში ორივეჯერ დავამარცხეთ. ბოლო შესარჩევ შეხვედრაში კი პოლონეთი გვესტუმრა და სრულფასოვანი რევანში ავიღეთ - 3:0. გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა! აჩიმ ულამაზესი გოლი შეაგდო. მე სამივე გოლში უშუალო მონაწილეობა მივიღე.
ჯგუფური ტურნირი მორჩა და ჩვენმა ნაკრებმა მესამე-მეოთხე ადგილები გაინაწილა პოლონელებთან. ცუდი შედეგი ნამდვილად არ იყო.
საქართველოს ნაკრები გუნდს დაემსგავსა, ჩვენი თამაში ვიპოვეთ და დავიჭირეთ, მაგრამ რისი შექმნაც მოვახერხეთ, ისიც დაანგრიეს... შევიტყვე, რომ დავით ყიფიანს მოხსნას უპირებდნენ და მის ნაცვლად ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელ, ვლადიმერ გუცაევს ნიშნავდნენ!..
მე და აჩიმ ეს ამბავი ჩვენი მეგობრებისგან შემთხვევით გავიგეთ. ისინი საქართველოს დელეგაციას ვიზის და ბილეთების აღებაში ეხმარებოდნენ. გვითხრეს, რომ ჩვენი დელეგაცია 2000 წლის კენჭისყრაზე ციურიხში მიემგზავრებოდა, სადაც მთავარი მწვრთნელის ადგილზე, ყიფიანის ნაცვლად, გუცაევი ეწერა.
როგორც კი ეს გავიგეთ, ყიფიანთან მივედით და ყველაფერი ვუთხარით. გვითხრა, ამის შესახებ უკვე ვიციო, მაგრამ ნათელი იყო, რომ ეს ამბავი ჩვენგან გაიგო. უბრალოდ, არ შეიმჩნია, არ უნდოდა ჩვენთვის დაენახებინა გაწბილება და წყენა.
დათო ყიფიანი ფედერაციაში აღმასკომის სხდომას უნდა დასწრებოდა, რომელზეც მისი და ნაკრების გარჯა შეფასდებოდა. "ყიფოს" ვუთხარით, აღმასკომზე ნაკრების ფეხბურთელებიც წამოვალთ და გვერდში დაგიდგებითო. ამაზე უარი გვითხრა.
აღმასკომზე მის მიერ გაწეული სამუშაო კარგად შეაფასეს, მაგრამ ნაკრებიდან მაინც გაუშვეს... გაუგებარი, სასაცილო და სამარცხვინო მიზეზით - ვერ უზრუნველყავი კონტაქტი ფედერაციასა და ნაკრების ფეხბურთელებს შორისო!..
ჩემი აზრით, ეს უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდება იყო.
დავით ყიფიანის და ალექსანდრე ჩივაძის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა მქონდა, არა მარტო იმიტომ, რომ ისინი გენიალური ფეხბურთელები იყვნენ - მათი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე. ძალიან ბევრჯერ გავბრაზებულვარ მათზე, თუმცა საკმარისი იყო, რომელიმე მათგანს გამოვლაპარაკებოდი, ყველაფერი გამივლიდა ხოლმე. ხოლო როცა ისინი ჩვენთან ერთად ფეხბურთს თამაშობდნენ, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი.
ოცი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც თბილისის "დინამომ" 1981 წელს თასების მფლობელთა თასი მოიგო. მე, აჩიმ და რეზიმ საკუთარი სახსრებით, თბილისშ, 1981 წლის იენის "კარლ ცაისი" ჩამოვიყვანეთ. გვინდოდა, ზეიმი მოგვეწყო - ოციწლისწინანდელმა ფინალის მონაწილეებმა ორმოცდაათი ათასამდე გულშემატკივრის წინაშე ითამაშეს.
ყიფიანი ყოყმანობდა - ფეხის ისეთი ტრავმა მაქვს, თამაშს, ალბათ, ვერ შევძლებო. ამსტერდამიდან დავურეკე და ძალიან ვთხოვე, იქნებ როგორმე ითამაშო, ხალხს ძალიან უნდა, ალექსანდრე ჩივაძის, ვოვა გუცაევის, თენგიზ სულაქველიძის და რამაზ შენგელიას გარდა, შენც გახვიდე მოედანზე. აბა, როგორ წარმოგიდგენია 1981 წლის "დინამო" უშენოდ-მეთქი. დავითანხმე და რამდენიმე წუთი ითამაშა, სანამ ამის საშუალება ტრავმირებულმა ფეხმა მისცა.
იმ თაობის "დინამომ" ძალიან დიდი სიხარული გვაჩუქა და ვფიქრობ, ასეთი ზეიმის მოწყობით მათდამი პატივისცემა ერთხელ კიდევ გამოვხატეთ. 1981 წელს ცხრა წლის ვიყავი და "დინამოს" გამარჯვებამ ისე ამანთო, ლექსიც კი დავწერე:
"დარასელიამ მოგვაგებინა
თასის მფლობელთა თასი,
ბრწყინვალე გოლი შეაგდო
მან კარლ ცაისის კარში!"
ნაკრების მწვრთნელად ამ თაობის "დინამოს" კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი - ვლადიმერ გუცაევი დანიშნეს. გუცაევი სხვა ტიპის მწვრთნელი გამოდგა, ფეხბურთელებთან საკმაოდ დისტანციური, ოფიციალური ურთიერთობა დაამყარა. შეიძლება ითქვას, ურთიერთობაში სწორი შუალედი დაიჭირა, მაგრამ ნაკრებს არც გუცაევის ხელში ეშველა რამე.
მან ნაკრების გადახალისება სცადა. მე და აჩი დაგვიბარა, სამომავლო გეგმებზე გველაპარაკა. მომავალზე საუბრისას საერთოდ არ უხსენებია ნაკრების იმდროინდელი კაპიტანი - კახა ცხადაძე. გვითხრა, გუნდის კაპიტანი გია ნემსაძე იქნებაო...
გაგრძელება იქნება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"