ტორპედო VS აქტობე - ჩვენი ევროპა დღეს იწყება!

AutoSharing Option
5 ივლისს უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში ქუთაისის "ტორპედო" ყაზახურ "აქტობეს" მასპინძლობს.

შეხვედრა 21.00 საათზე დაიწყება. ბილეთები 4, 5 და 7 ლარი ეღირება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.

ქუთაისური გუნდი ევროთასებს შვიდწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და, ალბათ, გუნდის წინასამატჩო სამზადისზე მასმედიის წარმომადგენელთა უდიდესი ინტერესი ამითაც იყო გამოწვეული.

"ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე მედიის წინაშე კლუბის პრესატაშე რამაზ ჩხიკვაძესთან და გუნდის კაპიტან დავით გამეზარდაშვილთან ერთად წარსდგა. პრესკონფერენციას "აქტობეს" წარმომადგენლები და ყაზახი ჟურნალისტიც დაესწრნენ.

გია გეგუჩაძემ თავდაპირველად გუნდის მზადების
შესახებ ისაუბრა.

- მიხარია, რომ ევროთასებზე ჩვენმა დაბრუნებამ პრესის დიდი ინტერესი გამოიწვია. გუნდში არის ჩვეულებრივი სამუშაო განწყობა. ძალიან საპასუხისმგებლო თამაში გველის.

საბედნიეროდ, ტრავმირებულები არ გვყავს და შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ვხვდებით.

საზოგადოების მხრიდან მატჩისადმი დიდი ინტერესია და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ გულშემატკივრები გავახაროთ. იმედი გვაქვს, რომ ქომაგი გვერდით დაგვიდგება, სტადიონს გაავსებს და გამარჯვებისთვის ერთად ვიბრძოლებთ.

- "აქტობეს" შესახებ რას იტყვით, რა დონის გუნდია და როგორ თამაშს უნდა ველოდეთ მისგან?
- ყაზახური გუნდის შესახებ ინფორმაციას, ძირითადად, ინტერნეტის საშუალებით ვფლობთ. "აქტობეს" მატჩის ვიდეოჩანაწერიც ვნახეთ და გარკვეული შთაბეჭდილებები შევიქმენით, თუმცა რა დონის მეტოქესთან გვაქვს საქმე, ეს უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.

- ყაზახეთში ჩემპიონატი მიმდინარეობს და "აქტობეც", შეიძლება ითქვას, რომ ტონუსშია. საქართველოში კი ჯერ სეზონი არ განახლებულა და "ტორპედოს" სათამაშო პრაქტიკა აკლია. ეს გარემოება მეტოქეს გარკვეულ უპირატესობას ხომ არ აძლევს?
- "აქტობეს", ამ მხრივ, რაღაც უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ არა - გადამწყვეტი. ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ და შეხვედრას მომზადებულნი ვხვდებით. წინასწარ რაც უნდა ვთქვათ, გამარჯვებულის ბედი ორრაუნდიან ბრძოლაში გაირკვევა.

- გაქვთ თუ არა მომზადებული ისეთი სიურპრიზი, რითაც მეტოქეს გააკვირვებთ?
- რასაც სხვა გუნდებს ვუმზადებთ, "აქტობესთანაც" იგივეს ვამზადებთ. ვეცდებით, ჩვენი პლუსები გამოვიყენოთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.

- ორი წლის წინ "აქტობე" რუსთავის "ოლიმპს" დაუპირისპირდა. ეს შეხვედრა თუ ნახეთ და როგორი შთაბეჭდილება დატოვა მაშინ ყაზახურმა გუნდმა?
- სამწუხაროდ, აღნიშნული შეხვედრა არ მინახავს და მაშინდელი "აქტობეს" შესახებ ვერაფერს ვიტყვი. სამაგიეროდ, გასულ წელს რუსთავის წინააღმდეგ "ირტიშის" თამაში ვნახე და ყაზახურ ფეხბურთზე გარკვეული წარმოდგენა შემექმნა.

- გუნდის ახალწვეულებზე რას იტყვით, როგორ შეეწყვნენ "ტორპედოს" ?
- ადაპტაციის პრობლემები არ ჰქონიათ, გუნდს კარგად შეეწყვნენ და იმედი გვაქვს, რომ თავიანთი თამაშით გულშემატკივრებს გაახარებენ.

- "აქტობედან" რომელიმე ფეხბურთელს ხომ არ გამოარჩევდით?
- ვიცი, რომ გუნდში რამდენიმე ძლიერი და გამოცდილი ფეხბურთელია, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ, მაგრამ ცალკეული მოთამაშეების გამორჩევა ჩემი ჩვევა არ არის. ვერც ჩემი გუნდიდან გამოვყოფ ვინმეს და ვერც მეტოქისგან.

- რა შედეგი დაგაკმაყოფილებთ ხვალინდელ შეხვედრაში?
- გამარჯვებულის ვინაობა ორრაუნდიან ბრძოლაში გაირკვევა და რა თქმა უნდა, ის შედეგი დამაკმაყოფილებს, რომელიც შემდეგ ეტაპზე გაგვიყვანს.

პროგნოზის გაკეთება არასწორად მიმაჩნია. რთული ბრძოლა გველის და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, განმეორებითი მატჩის წინ არასასურველ მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდეთ.

- "ტორპედო" მთლიანად ქართველი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ეს გუნდის პოლიტიკაა თუ ლეგიონერების დამატების საშუალებას ფინანსები არ გაძლევთ (იკითხეს ყაზახმა ჟურნალისტებმა)?
- ფინანსები არაფერ შუაშია. ამ ეტაპზე ეს გუნდის პოლიტიკაა. საქართველოში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია და მათ აუცილებლად უნდა მიეცეთ თავის გამოჩენის შანსი. ამ ეტაპზე ლეგიონერების დამატების აუცილებლობას ვერ ვხედავთ, თუმცა სამომავლოდ შესაძლოა ჩვენი შეხედულება შეიცვალოს.

დასასრულს ყაზახი ჟურნალისტები იმითაც დაინტერესდნენ, "ტორპედო" აქტიუბინსკში ჩვეულებრივი რეისით გაფრინდება თუ ჩარტერით, რაზეც გეგუჩაძემ სიცილით უპასუხა:

"შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ აუცილებლად გავფრინდებით... ყაზახეთში. გადაწყვეტილია, რომ "ტორპედო" ყაზახეთში თამაშის წინა დღეს ჩარტერული რეისით ჩამოფრინდება".

პრესკონფერენციის შემდეგ გია გეგუჩაძემ გუნდი დაახლოებით 50 წუთი მსუბუქად ავარჯიშა. ტრავმირებული ვახტანგ კვარაცხელიას გარდა, ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და მატჩში საბრძოლველად მზად არის.

გია გეგუჩაძე: ტორპედო აუცილებლად გაფრინდება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"აქტობე" უნდა დავამარცხოთ! - ქუთაისში ტორნადოა მოსალოდნელი
ევროტურნირების წინ - ქუთაისის "ტორპედო" ევროპას უბრუნდება!
ქართველები და ევრომეტოქეები "ტრანსფერმარკტის" ფასით: 50/50-ზე
ქუთაისის "ტორპედო" ქომაგს: თუ ნორმებს დავიცავთ, მე-3 ეტაპსაც ვუმასპინძლებთ
დავით ჩაგელიშვილის რჩევა - რას უნდა უფრთხოდეს ქუთაისის "ტორპედო" "აქტობესთან"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან გთხოვთ დაწერეთ პირდაპირ ეთერში თუ იქნება ტელევიზიით... მადლობა.
jimmy page
16:16 05-07-2012
0
სტატიას არ კითხულობ საზოგადოებრივ მაუწყებელზე 21 საათზე
giga
17:20 05-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული