ზესტაფონი VS ნეფთჩი - თავგანწირვა მოედანზე, ჯოჯოხეთი ტრიბუნებზე

AutoSharing Option
"ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ რთულ ვითარებაში იმყოფება. პირველ შეხვედრაში "ნეფთჩისთან" 0:3 განადგურების შემდეგ 24 ივლისს იმერლებს, მინიმუმ, სამი უპასუხო გოლის გატანა მართებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონი ევროსარბიელს ნაადრევად დაემშვიდობება.

მიუხედავად რთული ვითარებისა, ფეროელები უიმედოდ არ არიან და აზერბაიჯანელებთან რევანშის აღებას და შემდეგ ეტაპზე გასვლას გვპირდებიან.

რას ეფუძნება მათი ამბიციები და რა სიურპრიზებს უმზადებენ იმერლები აზერბაიჯანელებს, ამას უშუალოდ ზესტაფონური შეხვედრა დაგვანახებს.

ფეროელებმა 23 ივლისს "დავით აბაშიძეზე" მატჩისწინა დასკვნითი ვარჯიში ჩაატარეს, რომელსაც გულშემატკივრებიც დაესწრნენ. ისინი სტადიონზე საყვარელი
გუნდის გამოჩენას ოვაციებით შეხვდნენ და ფეხბურთელებს მთელი ვარჯიშის განმავლობაში ამხნევებდნენ.

კლუბის წევრების მსგავსად, გულშემატკივრებშიც ოპტიმისტური განწყობაა და როგორც ამბობენ, სავსე ტრიბუნების ფონზე აზერბაიჯანულ კლუბს ჯოჯოხეთს მოუწყობენ.

Sportall.Ge"ჩვენ უფრო ძლიერი გუნდი გვყავს!"
ვარჯიშამდე ზესტაფონის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია მოეწყო, სადაც "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი კლუბის პრესატაშე სერგო ფუტკარაძესა და გუნდის კაპიტან ზურაბ მამალაძესთან ერთად წარსდგა.

- ხვალინდელი შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაში ვართ. მინდა წინა მატჩი გავიხსენო და აღვნიშნო, რომ ბაქოში ძალიან ცუდი თამაში ვაჩვენეთ.

ალბათ, რაც ამ გუნდში ვარ, ასეთი ცუდი მატჩი არ ჩაგვიტარებია.

დიდი ხანი ვემზადებოდით ამ დაპირისპირებისთვის, ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ და იმედიანად ვიყავით განწყობილნი, მაგრამ ფეხბურთია და ხდება ხოლმე ასეთი ჩავარდნები.

სამწუხაროდ, დიდი ანგარიშით დავმარცხდით და საქმე ძალიან გავირთულეთ, მაგრამ ხომ შეიძლება საკუთარ მოედანზე სრულიად განსხვავებული თამაში ვაჩვენოთ და დიდი ანგარიშით გავიმარჯვოთ? ამის პოტენციალი ჩვენს გუნდს გააჩნია.

ამ შეხვედრის მიმართ ოპტიმიზმით ვარ განწყობილი. ძალიან დიდი იმედი მაქვს გულშემატკივრების. ზესტაფონში რაც კი საპასუხისმგებლო თამაში გვქონია, ყოველთვის მიგვიღწევია მიზნისთვის და თუ ყველა ერთად დავდგებით, "ნეფთჩის" ბარიერის გადალახვაც შესაძლებლად მიმაჩნია.

მადლობა მინდა ვუთხრა ჟურნალისტებს. აზერბაიჯანში განცდილი მარცხის შემდეგ თქვენს ადგილას, შესაძლოა, მე ძალიან ცუდი რაღაცები დამეწერა, თქვენგან კი წნეხი არ გვიგრძვნია და ეს ყველაფერი გუნდზე კარგად იმოქმედებს.

წინ გვაქვს თამაში, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ, თან ისეთი ანგარიშით, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

- თორნიკე აფციაურმა "ნეფთჩისთან" პირველ შეხვედრაში ტრავმა მიიღო. როგორია მისი მდგომარეობა და ითამაშებს თუ არა განმეორებით მატჩში?
- აფციაურმა გუშინ განაახლა ვარჯიში, ისიც მხოლოდ ინდივიდუალურად. სამედიცინო თვალსაზრისით, მას შეუძლია მოედანზე გამოსვლა.

დანარჩენი, ვინც ემზადებოდა ამ თამაშისთვის, ყველა ჯანმრთელადაა. დაგვიბრუნდა ალექსი ბენაშვილი. მას შეუძლია თამაშში მონაწილეობის მიღება, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულო ამბავია.

- ალბათ, ბაქოში განცდილი ფიასკოს შემდეგ გუნდში გარკვეული ცვლილებები და გადაადგილებები იქნება...
- ჩვენ ყოველთვის შეტევაზე ვართ ორიენტირებულნი. ამ მოკლე პერიოდში ვერაფერს შევცვლით. მით უმეტეს, ბაქოში ისეთი შედეგი მივიღეთ, რომ უკან დასახევი გზა მოჭრილი გვაქვს.

უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ დიდი ანგარიშით გავიმარჯვოთ. კარგად რომ ვითამაშოთ, ლამაზი გამარჯვება მოვიპოვოთ და შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდეთ, ჩვენი მუშაობა დადებითად ვერ შეფასდება. ჩვენთვის სასურველი შედეგი შემდეგ ეტაპზე გასვლაა და ამიტომ მხოლოდ პრესტიჟისთვის გამარჯვებაზე არ ვფიქრობთ.

მიზნის მისაღწევად ვა-ბანკზე უნდა წავიდეთ, თავგანწირვით უნდა ვითამაშოთ. მართალია, ასეთი თამაში შესაძლოა, სხვა შემთხვევაში გამართლებული არ იყოს, მაგრამ პირველ მატჩი ისე ჩავატარეთ, რომ სხვა გზა აღარ არის - რაც გავაფუჭეთ, საპასუხო შეხვედრაში უნდა გამოვასწოროთ. ვიმედოვნებ, გამოგვივა კიდეც.

- "ნეფთჩიზე" რას იტყვით?
- ჩვენს მეტოქეს ძალიან კარგი შემსრულებლები ჰყავს, ძლიერი ლეგიონერებით დაკომპლექტებული გუნდია. ადგილობრივი ფეხბურთელებიც კარგი ჰყავს, მაგალითად, იმამვერდიევი, რომელიც თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეულია.

ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ ჩვენ უფრო ძლიერი გუნდი გვყავს.

დიდი ხანია, "ზესტაფონს" ვაშენებთ, უფრო მეტად შეთამაშებული გუნდი გვყავს, ვიდრე "ნეფთჩია".

სამწუხაროდ, პირველ მატჩში სულ სხვანაირად წარმოვჩნდით, მაგრამ ხვალ მოედანზე ნამდვილ "ზესტაფონს" იხილავთ!

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
24.07. ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 21:00
ზესტაფონი-ნეფთჩი (პირველი მატჩი 0:3)

გიორგი ჭიაბრიშვილი: უკეთესი გუნდი გვყავს და რაც გავაფუჭეთ, საპასუხო შეხვედრაში უნდა გამოვასწოროთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ელხან აბდულაევი: ბაქოს "ნეფთჩის" 3:0 "ზესტაფონთან" შეიძლება ბოროტ ხუმრობად იქცეს
იგორ მიტრესკი: აზერბაიჯანის ჩემპიონატის დონე მალე უკრაინისას გაუთანაბრდება
ტარლან ახმედოვი: ვეცდებით, მოვიგოთ და ბუიუქაღა გაჯიევს საჩუქარი გავუკეთოთ
აზერბაიჯანული "სტუმართმოყვარეობა" - როგორ დაგვამცირეს ქართველები ბაქოში
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]
აზერბაიჯანის "ნეფთჩის" მეკარე: მინდა ზესტაფონში კარი მშრალად შევიანრჩუნო
მკითხველის კომენტარები / 10 /
გენახებიათ რა მოხდებოდა ეს ტამაში რომელი განებივრბული ჩვენ ვართ ხოლმე საერთაშორისო მატჩებით
ვასკა
19:36 24-07-2012
0
სირცხვილია აზერებთან რო აგებთ. არც თავმოყვარეობა არც სამშობლოს სიყვარული არ გაგაჩნიათ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული