ტარლან ახმედოვი: ვეცდებით, მოვიგოთ და ბუიუქაღა გაჯიევს საჩუქარი გავუკეთოთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ჩვენებური "ზესტაფონის" 3:0 დამარცხებით ბაქოს "ნეფთჩიმ" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სერიოზული განაცხადი გააკეთა.

აზერბაიჯანელები მოდუნებასა და მოპოვებული უპირატესობის ხელიდან გაშვებას არ აპირებენ. ეგ კი არა, მათი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა თუ არა, ევროპის ლიგის გათამაშებაში "შეძრომა" მაინც ყოფილა.

აზერები საქართველოში ოპტიმალური შემადგენლობით ჩამოვიდნენ. მათ მხოლოდ უზბეკი ლეგიონერი ნასიმოვი აკლიათ, რომელსაც პირველ მატჩშიც არ უასპარეზია.

სტუმრები "დავით აბაშიძეზე" დაგეგმილზე ადრე გამოცხადდნენ. გულშემატკივრები მათ ისე აგრესიულად არ დახვედრიან, როგორც ეს აზერბაიჯანელებმა ბაქოში გაუკეთეს "ზესტაფონს".

დასკვნითი წვრთნის დაწყებამდე "ნეფთჩის" ჯანმრთელობაშერყეული მთავარი მწვრთნელის, ბუიუქაღა გაჯიევის შემცვლელმა ტარლან ახმედოვმა პრესკონფერენცია გამართა. იგი მასმედიის წინაშე ცნობილ მაკედონიელ ლეგიონერ იგორ მიტრესკისთან ერთად გამოცხადდა.

- საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკვე შემდეგ ეტაპზე ვართ გასულები. გამარჯვებულის ბედი ორრაუნდიან ბრძოლაში წყდება და დარწმუნებული ვარ, ხვალ ძალიან რთული მატჩი გველის. ვეცდებით, რომ ზესტაფონშიც მოვიგოთ.

- ტრავმირებულები თუ გყავთ?
- საბედნიეროდ, ყველა ჯანმრთელადაა და ზესტაფონში ყველა სასურველი ფეხბურთელი ჩამოვიყვანეთ. მხოლოდ ნასიმოვი გვყავს დაშავებული, რომელიც პირველ მატჩშიც ვერ დაგვეხმარა.

- გუნდის მთავარი მწვრთნელი ბუიუქაღა გაჯიევი ავადმყოფობის გამო გუნდს საქართველოში ვერ ჩამოჰყვა. მისი არყოფნა გუნდზე ცუდად ხომ არ იმოქმედებს?
- გაჯიევს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მასზე მთელი გუნდი ძალიან დარდობს. იგი პირველ მატჩშიც ვერ გაუძღვა გუნდს. შევეცდებით, შემდეგ ეტაპზე გასვლით მას კარგი საჩუქარი გავუკეთოთ.

- როგორ ფიქრობთ, "ნეფთჩი" რეალურად "ზესტაფონზე" ძლიერი გუნდია?
- ერთი მატჩით დასკვნების გაკეთება არ შეიძლება. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ 24 ივლისს ერთმანეთს კავკასიის ორი საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდება და გულშემატკივარი კარგ ფეხბურთს იხილავს.

ტარლან ახმედოვი: ერთმანეთს კავკასიის ორი საუკეთესო გუნდი ვერკინებით! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზესტაფონი VS ნეფთჩი - თავგანწირვა მოედანზე, ჯოჯოხეთი ტრიბუნებზე
აზერბაიჯანული "სტუმართმოყვარეობა" - როგორ დაგვამცირეს ქართველები ბაქოში
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული