ზესტაფონი-ნეფთჩის გამოძახილი: ერთი კაცის მონდომებით თამაშს ვერ მოიგებ

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონმა "ზესტაფონმა" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ბაქოს "ნეფთჩისთან" შინ 2:2 დაასრულა.

დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი სრულად გაივსო, თუმცა ცალკე საქმეა, იმსახურებდა თუ არა ასეთ ქომაგობას გუნდი.

მას შემდეგ, რაც სამ წუთში ორი გოლი გაიტანეს იმერლებმა აზერბაიჯანელების კარში, ყველას მიეცა იმედი, რომ სასწაულის მოხდენა რეალური იყო, თუმცა სწორედ ამ მეორე გოლის შემდეგ უპირატესობა დათმეს მასპინძლებმა და ბურთზე კონტროლი ბაქოელებს გადასცეს. რამდენიმე წუთში საჯარიმოში კობახიძის შეცდომას გოლი მოჰყვა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები შემცირდა.

მატჩის წინა დღეს, პრესკონფერენციაზე,
"ზესტაფონის" თავკაცმა გიორგი ჭიაბრიშვილმა განაცხადა, 0:3-ის შემდეგ ჟურნალისტების ადგილზე უფრო კრიტიკული ვიქნებოდიო. მართალიც იყო - ზესტაფონელებს მედიამ თითქოს მიუტევა მარცხი.

არადა, მუდამ იმის ლაპარაკში ვართ, როგორ ვჯობივართ მეზობლებს. ფაქტი და რეალობა კი სულ სხვაა. ადრე თუ სირცხვილი იყო აზერბაიჯანულ კლუბებთან წაგება, ახლა ეს აღარაა სირცხვილი?

ვლაპარაკობთ, აზერბაიჯანელებს ვჯობივართო და იმერლებმა ყურები მაშინვე ჩამოყარეს, როცა წილისყრამ "ნეფთჩი" არგუნა.

პირველ შეხვედრაში დაცვა არადამაჯერებლად გაისარჯა და გუნდი ამის გამო დაისაჯა. განმეორებით შეხვედრაში დაცვის ხაზში ყველაზე გამოცდილი მხოლოდ თეიმურაზ ღონღაძე იყო, დანარჩენი სამი ფეხბურთელის ასაკი კი 19 წელს არ სცილდებოდა.

ბატონო გიორგი, თქვენ მართალი იყავით - ჟურნალისტებმა უნდა გაგაკრიტიკოთ, თქვენ ეს თამაში ტაქტიკურად წააგეთ. სატრანსფერო ბაზარზე პასიურობა უჩვეულო რამაა.

მხოლოდ საქართველოში ხდება, რომ ჩემპიონი ხდები და სუსტდები...

ორი შეხვედრის ჯამში, "ზესტაფონმა" ღირსეული ფეხბურთი მხოლოდ განმეორებითი შეხვედრის პირველ ოც წუთში ითამაშა; დანარჩენი დრო მხოლოდ იმას ვუყურებდით, როგორ წვალობდა "ზესტაფონი". მეტად რომ მოენდომებინათ აზერბაიჯანელებს, ალბათ, შეხვედრის მოგებასაც შეძლებდნენ.

კარგია, რომ 18-19 წლის ბიჭებს თავის გამოჩენის საშუალება ეძლევათ, მაგრამ მათ გამოცდილება ეროვნულ ჩემპიონატში უნდა მიიღონ. პირველი შეხვედრის შემდეგ ლაპარაკობდნენ, ნახევარი გუნდი მოედანზე შეშინებული იყოო. თუკი გამოცდილი ფეხბურთელი ნერვიულობს ასეთი საპასუხისმგებლო თამაშის წინ, რა მოუვა გამოუცდელ და ახალგაზრდა ფეხბურთელს?

ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამ ორი შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ ერთეულ ფეხბურთელებს ეტყობოდათ მონდომება. განმეორებით შეხვედრაში, პირველი გაშვებული გოლის შემდეგ, აუტანელი იყო იმის ყურება, რაც მოედანზე ხდებოდა. ფეხბურთელების უმეტესობას უკვე გათავისებული ჰქონდა, რომ შანსები აღარ არსებობდა.

ასეთი სამარცხვინო შეხვედრის შემდეგ ყველაზე მარტივი გამოსავალი ქართველი გულშემატკივრისთვის ამ თამაშის დავიწყება იქნება. რამდენად ადვილი იქნება, ეს თავად განსაჯეთ. ჩემპიონი "ნეფთჩისთან" შეგვირცხვა, თანაც ისე, რომ ბრძოლისა და ჟინის არაფერი ეტყობოდა.

"ნეფთჩიდან" გუნდის კაპიტანზე, რაილ მალიქოვზე რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვათ. ის ერთადერთი იყო, რომელიც მატჩამდე ყველაზე მოკრძალებულ შეფასებებს აკეთებდა; ერთადერთი იყო, რომელმაც ბაქოში ქართველ ქომაგს ტაში დაუკრა; ერთადერთი იყო, რომელმაც თამაშების წინ "ზესტაფონელთა" კაპიტანს უთხრა, რომ ღირსეულს გაემარჯვა ამ შეხვედრებში და მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს.

როგორც ვთქვით, ქართველ ფეხბურთელთაგან განმეორებით შეხვედრაში მხოლოდ რამდენიმეს ეტყობოდა მონდომება. უპირველესად, ეს დავით მუჯირსა და ჯაბა დვალზე ითქმის.

გავუსწოროთ სიმართლეს თვალი - აზერბაიჯანულმა ფეხბურთმა დიდი ხანია, გადაუსწრო ქართულს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ჭიაბრიშვილი: თუ ჩემი წასვლით "ზესტაფონი" გაძლიერდება, გადავდგები
ზესტაფონი-ნეფთჩი 2:2 - საქართველოს ჩემპიონი უნდა გერქვას შენ?! [+VIDEO]
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
კოკაია რაც არის ის გუნდი ყავს.საპონი უნდა ცაესვა პირველი ტამასჰის მერე ერტ ადგილას.ყველა გაუსჰვა ვინც ცესიერი იყო.სირცხვილია ესეტი გუნდი რო არსებობს საერტოდ
zurazura
12:23 26-07-2012
0
ეს თამაშები ორივე გაყიდული იყო. ზესტაფონმა და კოკაიამ დიდი ფული გააკეთეს ტოტალიზატორებში და ალბათ სხვაგანაც, ამაში დარწმუნებული ვარ!
azazello
12:51 26-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული