ვრცელდება ხმები, რომ შესაძლოა, ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი ვიხილოთ, კახა კალაძე კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად.
მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ დაუდასტურებელი ხმებია და საერთოდაც, პირველ პირთა შეცვლაზე მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ცვლილება და ახალი სისტემის აშენება არის.
სახელების შეცვლა და მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი ქართულ სპორტსა და ფეხბურთს ვერ უშველის.
თავდაპირველად, ყოფილი ხელისუფლება სპორტისთვის შეღავათების დაწესებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა,
მაგრამ ფეხბურთი ხალხისთვის ბევრს ნიშნავს, პიარის კუთხით ასეთი მიდგომა წამგებიანი იყო და ამ სფეროსადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა: ყოველწლიურად სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას 7 მილიონ ლარს ურიცხავდა, აშენებდა სტადიონებს, აგებდა მინი თუ სტანდარტულ მოედნებს, იგეგმებოდა "ჯვაროსნების" საფეხბურთო სკოლების დაარსებაც.
ბიზნესი სპორტს ერიდებოდა და ამ სისტემის ერთადერთი გამართლება ეს იყო. მაგალითად, უმაღლესი ლიგის 12 გუნდიდან 5-ს სახელმწიფო აფინანსებს: გორის "დილას", ბოლნისის "სიონს", "ზუგდიდს", ფოთის "კოლხეთს", ბათუმის "დინამოს". მათ კერძო მეპატრონე არ გამოუჩნდა და ამ ტრადიციული კლუბების გადასარჩენად სახელმწიფო დოტაცია აუცილებელიც იყო.
მაგრამ 21-ე საუკუნეში უფრო თანამედროვე მიდგომებია. დამშეულს არა "თევზი", არამედ "ანკესი", ანუ კანონმდებლობა სჭირდება, დამოუკიდებლად, უფრო ჯანსაღად და ლაღად რომ იარსებოს. საამისოდ სახელმწიფო ბევრს არაფერს აკეთებდა, მიდგომა კი შესაცვლელია.
მაგალითად:
1 - საქართველოში მოედნის საფარი (ბუნებრივი და ხელოვნური) თითქმის არ მზადდება, განბაჟებაში კი საფარის საფასურის ლამის მესამედს იხდიან;
ცხადია, საფარის განბაჟების გადასახადი უნდა შემცირდეს.
2 - მოედნის ერთხელ მორწყვა სტადიონის ადმინისტრაციას დაახლოებით 800-900 ლარი უჯდება. ზაფხულში მინდორი რომ არ გაფუჭდეს, დასველება ორჯერ მაინც სჭირდება და ამ უზარმაზარ ხარჯს ვინ აუვიდოდა? შედეგად, საფარის მოვლა ამის გამო გაჭირდა.
ცხადია, სტადიონებს წყლის გადასახადი უნდა შეუმცირდეს.
3 - აუცილებელია, რომ საფეხბურთო სკოლების გადასახადები მინიმუმამდე დავიდეს, რათა ფეხბურთზე სიარულის საფასური მკვეთრად დაეცეს და შესაბამისად, ბავშვების რაოდენობა გაიზარდოს.
დღეს ეს ციფრი კატასტროფულად, 16 ათასამდე შემცირდა. მწირი არჩევანი კი ნაკლები ნიჭიერის გამოვლენის საფუძველია.
4 - მიწის გადასახადი ერთნაირია რესტორნებისა და სტადიონებისთვის, როდესაც მათი შემოსავლები და ფუნქციონალური დატვირთვა რადიკალურად განსხვავებულია.
ცხადია, სტადიონებისა და სპორტული ობიექტების მიწის გადასახადი ადეკვატური უნდა გახდეს.
5 - მისახედია საკურორტო ბიზნესიც, რომელიც შესაძლოა, შემოსავლის მცირე, მაგრამ ერთ-ერთი დამატებითი წყარო გახდეს. მაგალითად, დიდი შესაძლებლობები აქვს ურეკს, რომლის უნიკალურობასაც მაგნიტური ქვიშის პლაჟი განაპირობებს და სამკურნალო თვისებებთან ერთად, პოსტტრავმული მდგომარეობიდან სწრაფი რეაბილიტაციისთვისაც სასარგებლოა, რაც სპორტსმენების დიდ დაინტერესებას იწვევს.
ორი წლის წინ ურეკში ჩამოსული ერევნის "არარატის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი აშოტ კირაკოსიანი იქაურობით აღფრთოვანებას ვერ მალავდა, მაგრამ ისიც აღნიშნა, კარგი მოვლა და მოსამზადებელი ეტაპის სამოთხედ იქცევაო.
არადა, ზღვისპირეთში თანამედროვე სპორტული კომპლექსი თითქმის არ გვაქვს, შემოსავლის წყაროსაც ვიკლებთ და მოსამზადებელ ეტაპზე უცხოურ კლუბებთან სახლში სპარინგის საშუალებასაც.
ფეხბურთის ფედერაციის ბალანსზე ზღვისპირეთში თანამედროვე სპორტული კომპლექსის აშენებით, ქართულ კლუბებს მოსამზადებელი ეტაპის ხარჯიც შეუმცირდებათ, ხოლო ფედერაციას შემოსავლის დამატებითი წყარო გაუჩნდება.
იგივე ბაკურიანში, კოჯორში, წყნეთში, კიკეთში, ბეშუმში, სადაც ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, ზაფხულში ბევრი გუნდი მოემზადებოდა.
მოთხოვნა კი უდავოდ არსებობს, რადგან ამ ბაზრის ათვისება ვერც ერთმა პოსტსაბჭოურმა ქვეყანამ ვერ მოახერხა: ერთ რომელიმე ქალაქში სასურველი კლიმატი, ინფრასტრუქტურა და ბუნება არ არის. ამ ბაზრის ათვისებაში ჩვენ ხელს შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა გვიშლის. საქართველოს ზღვისპირეთშიც არც ანთალიის მსგავსი კლიმატია, მაგრამ პოსტსაბჭოური ბაზრის მეტად ათვისება მაინც შესაძლებელი ჩანს.
ინფრასტრუქტურის მოსაწყობად თურქებმა სასტუმროებს წყლის გადასახადი მოუხსნეს. თავის მხრივ, სასტუმროების მეპატრონეებმა მოედნები დააგეს, საფეხბურთო სამყაროს მომსახურებით სეზონი ექვს თვემდე გაახანგრძლივეს და შემოსავლის, დასაქმებისა და განვითარების დამატებით წყაროს მიაგნეს.
ამ პრობლემების მოგვარება სწორედ ის "ანკესი" უნდა გახდეს, რაც ფეხბურთს საფეხბურთო მომგებიან სფეროდ ჩამოაყალიბებს და მხოლოდ სახელმწიფოს კისერზე მუქთახორასავით არ დააწვება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რას მოუტანს ქართულ ფეხბურთს ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები?
რას ურჩევს შოთა არველაძე საქართველოს ახალ ხელისუფლებას
[Exclusive] კახა კალაძე: ქართულ ფეხბურთს საფუძველი მოშლილი აქვს
მიხეილ ყაველაშვილი: ქართულ ფეხბურთში ცვლილებების დროა
ქართული საფეხბურთო სკოლების უმრავლესობა ფულის საჭრელი საამქროა...
გენაცვალე, რეიგანიც "კომუნისტური მიდგომით ხელმძღვანელობდა"? მან გადასახადების შემცირებით, ანუ "რეიგანომიკით" ისეთი ეკონომიკური ნახტომი გააკეთებინა ამერიკას, სწორედ თქვენი დაწუნებული საბჭოთა კავშირი დაანგრია.
წერილში რაც წერია, სწორედ კომუნისტური მიდგომების საწინააღმდეგოა. თევზი და არა ანკესი სწორედ მაგაზეა - ეს უნდა იცოდეთ.
ჟურნალისტური ეთიკის შესახებ ნეტავ თუ სმენიათ რამე. რას ნიშნავს "შესაძლოა, ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი ვიხილოთ", როცა ფედერაციას უკვე ჰყავს პრეზიდენტი?!!