ფრიდონ ინჯია: პროფესიული ფეხბურთის ლიგა ნიკა გილაურმა ჩაგვიშალა

AutoSharing Option
მარტვილში ფეხბურთის ისტორია 1955 წლიდან იწყება, როდესაც "სალხინო" ჩამოყალიბდა. სხვებზე არაფერს გეტყვით - კლუბში აღიზარდა თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი მურთაზ ხურცილავა, მარტვილის საფეხბურთო სკოლა კი ხარისხიანად მუშაობდა.

დამოუკიდებლობის წლებში მარტვილელებს ფინანსურად გაუჭირდათ და პოზიციები დათმეს. გუნდის აღორძინება კლუბში ფრიდონ ინჯიასა და მისი შვილის, ილია ინჯიას მისვლით შემდეგ დაიწყო:

მოაწესრიგეს ინფრასტრუქტურა, "სალხინოს" ბაზაზე დაფუძნებული "მერანი"" კი 2011 წელს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადავიდა და ბრძოლისუნარიან გუნდად ჩამოყალიბდა.

მაგრამ კლუბის და საერთოდ, ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ფრიდონ ინჯია რამდენიმე მნიშვნელოვან
საკითხს აყენებს:

- ფეხბურთი საქართველოში ჩვენთან ყველაზე პოპულარული სახეობა არის და სხვაზე მეტ ინტერესს აღძრავს.

მაგრამ ადრე ფეხბურთი ჩვენში სიამაყის გრძნობას იწვევდა, ახლა კი თავდახრილები ვართ და სულ იმაზე ვოცნებობთ, როდის დავიბრუნებთ ძველ პოზიციებს.

ახლა ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა და გულშემატკივრებში იმედი გაჩნდა, რომ ფეხბურთისადმი სახელმწიფოს პოზიცია შეიცვლება.

ჩემი აზრით, აუცილებელია, უცხოეთში მოთამაშეების ნაწილი მაინც დავაბრუნოთ. რუსეთ-უკრაინაში ფეხბურთელები 30 ათას დოლარს მაინც იღებენ და ამხელა ხელფასს საქართველოში არც ერთი კლუბი გასცემს, ეს პროცესი ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ადრე თუ გვიან ამაზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ.

- ბოლო დროს ბევრი ადამიანი ფედერაციის რიგგარეშე ყრლობასა და ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს. თქვენ რას ფიქრობთ?
- ზვიად სიჭინავას მიმართ მე ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უნდა გადადგეს. კლუბების პრეზიდენტთა საბჭოს ბოლო სხდომაზე ვუთხარი კიდეც, თუ რაიმე დანაშაული არ გაქვთ, რიგგარეშე არჩევნები საჭირო არ არის-მეთქი.

- საეჭვოა, ახალ გარემოში სიჭინავამ ძველებურად მართვა მოახერხოს.
- მაინც არ უნდა გადადგეს. 12-თა საბჭოზე ამაზე სერიოზული ლაპარაკი იყო. უნდა დაფიქსირდეს პრეცედენტი და პრეზიდენტმა ვადის ბოლომდე მიაღწიოს. სულ სხვა საკითხია, სიჭინავა ვინ აირჩია და როგორ მოვიდა.

- ვინ აირჩია?
- იმ ხალხმა, ვისაც ფაქტობრივად, ფეხბურთის ფედერაციასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. ეს ვითარება უნდა გაიფილტროს და საფეხბურთო საკითხები და საპრეზიდენტო არჩევნების ბედი პროფესიონალებმა გადაწყვიტონ.

აქვე ვიტყვი, რომ აუცილებლად მიმაჩნია პროფესიული ფეხბურთის ლიგის აღდგენა.

- მისი აღდგენა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო, მაგრამ კლუბებმა უკან დაიხიეთ.
- აგვისტოში ლიგა აღდგა, საქმე დარეგისტრირებამდე იყო მისული, მაგრამ ნიკა გილაურმა უმაღლესი ლიგის კლუბების პრეზიდენტებს დაუძახა და უთხრა, რომ ლიგა არ შეიქმნებოდა.

- სიმართლე გითხრათ, ეს ამბავი ჭორი მეგონა.
- ჭორი კი არ არის, მე ვარ ამის მოწმე. საწინააღმდეგო შემთხვევაში, ქართული ფეხბურთი იმ დაფინანსების ნაწილს ვეღარ მიიღებდა, რაც გათვალისწინებული იყო. კლუბებს ორჯერ დაუძახა, საქართველოში პროფლიგის იდეა ჩაკვდა და ამით ჩვენი ფეხბურთი უკან დახია. მაგრამ ეს საკითხი ხელახლა უნდა წამოიწიოს და ლიგამ უმაღლესი და პირველი ლიგების შეხვედრები ჩაატაროს.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი: საქართველოში ეროვნული ჩემპიონატის გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლა უკეთესი იქნება. რატომ? ჩვენთან სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი ბევრი კლუბია, რომელთა ბიუჯეტები წლის დასაწყისში დგინდება და ამ სისტემაზე გადასვლა სწორედ კლუბების ინტერესებიდან გამომდინარე აჯობებს.

- სხვათა შორის, გავრცელებული ხმების საწინააღმდეგოდ, არსებობს ინფორმაცია, რომ ახალი ხელისუფლება რაიონების კლუბების დაფინანსებას კი არ შეამცირებს, არამედ, გაზრდის.
- მეც ამის იმედი მაქვს. ფეხბურთისა და კლუბების განვითარებისთვის, 4-5 წელი ეს იქნება აუცილებელი. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფოსგან დაახლოებით, 100 მილიონ ლარამდე მიიღო, მაგრამ აქედან ჩვენამდე თეთრიც არ მოსულა.

- "მერანი" კერძო კლუბია და მთავრობა რატომ უნდა დაგეხმაროთ?
- ქუთაისში მშვენიერი სტადიონი ააშენეს და "ვისოლს", ფაქტობრივად, უფასოდ გადასცეს. ახლა ბათუმში სურდათ სტადიონის აშენება და ერთ-ერთი პიროვნებისთვის ასევე სიმბოლურ ფასში დათმობა. ეს არის მისაბაძი მაგალითი. თუ კლუბით დაინტერესებულ პიროვნებას სტადიონს არ გადასცემენ, ფეხბურთში ფულის დაბანდება ბიზნესისთვის კვლავ უინტერესო იქნება.

მაგრამ მარტვილმა, სამტრედიამ, ხობმა, პატარა ქალაქებმა რა დააშავეს, აქ უფრო არის საჭირო მსგავსი ნაბიჯები.

მომეცით სტადიონი და "მერანში" ჩემი საქმიანობა ბევრად ეფექტური და შედეგიანი იქნება.

კიდევ ერთი საკითხია სახელმწიფოს მიერ ეროვნული ჩემპიონატისთვის გამოყოფილი პრემიალური თანხები: ის უნდა განაწილდეს უმაღლესი ლიგის ყველა მონაწილეზე და არა მხოლოდ სამეულზე და თასის მფლობელზე.

ასეთ შემთხვევაში, გუნდისთვის ერთი ადგილით დაწინაურებასაც ფასი დაედება. ახლა კი სულ ერთია, ჩემპიონატს მე-6 ადგილზე დაასრულებ თუ მე-9-ზე, მთავარია, რომ არ გავარდე.

სახელმწიფოს მიერ ფეხბურთისთვის გამოყოფილ თანხებზეც გეტყვით: ეს საკითხი ფედერაციამ კლუბებთან ერთად უნდა გადაწყვიტოს, თანხები მაქსიმალურად რაციონალურად და ეფექტურად რომ გამოვიყენოთ. ამაში სათაკილო არაფერია.

აქამდე ყველაფერი ვიღაცის ხუშტურებით შენდებოდა. უმაღლეს ლიგაში გუნდი გვყავს და მარტვილის სტადიონის კეთილმოწყობით არ დაინტერესდნენ.

ამ დროს, მშენებლობა ისეთ ქალაქში წამოიწყეს, რეგიონული ლიგის გუნდიც რომ არ ჰყავს. ბათუმის "დინამო" უმაღლეს ლიგაში ძლივს დაბრუნდა და სტადიონს ქობულეთში აშენებ?! სამწუხაროა, რომ ფეხბურთი პოლიტიზირებული გახდა.

სულაც არ მინდა იფიქროთ, რომ კლუბების სახელმწიფოს ზურგზე დასმის მომხრე ვარ. არც მინდა, ვიღაცამ ფული მაჩუქოს, მერე ყურებით დამიჭიროს და მითხრას, ხმა ჩემთვის სასურველ კანდიდატს მიეციო. ეს თანხა ჩემი ბრძოლითა და შრომით მოპოვებული უნდა იყოს და თავად უკეთ განვკარგავ - ჩემპიონატისთვის დაწესებულ პრემიებს ვგულისხმობ.

ზოგადად კი, სახელმწიფო დახმარებაზე უფრო მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები არის.

აუცილებელია, რომ შეიკრიბოს ჯგუფი, რომელიც კანონებს შეიმუშავებს და პარლამენტს მიმართავს. ფეხბურთს დღეს სჭირდება არა მხოლოდ თანადგომა, არამედ გონივრული კანონმდებლობა, რომელიც ამ სახეობაში ბიზნესის მოზიდვასა და დამკვიდრებას ხელს შეუწყობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ვეღარ გადაეჩვია სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრებას.

ყველა ჩამოვიდეს და აქ ითამაშონ. ინჯიამ რატო უნდა დახარჯოს ჩვენზე ახეული ფული? სამაგიეროდ ფეხბურთელები უნდა იყვნენ პატრიოტები და ფული არ უნდა იშოვონ.
რა დროს ჩაკეტილობაა 21-ე საუკუნეში.
ramo
13:05 28-10-2012
0
ყველა საქ დან გასულმა ფეხბურტელმა,რომ დაბრუნდება საქარტველოჰი 1ან2სელი უნდა იტამაჰოს ქარტულ გუნდებჰიიიიიიიი მერე გვეჰველებააააააა
zauri
00:45 28-10-2012
0

სიახლეები პოპულარული