გიორგი ხურციძე: ასე ჩამომართვეს ქუთაისის "ტორპედო"

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" შემდეგ, კლუბის დაბრუნების სურვილი ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა მეპატრონემ, გიორგი ხურციძემაც გამოთქვა.

ხურციძე "ლელოს" დაუკავშირდა და მოუყვა, თუ რა გადახდა:

- მე ვიყავი ქუთაისის " ტრორპედოს" მეპატრონე და გუნდი ზეწოლის შედეგად დამათმობინეს. 2005 წელს ყოფილმა მეპატრონე ზურაბ ხინიკაძემ "ტორპედოს" ლიკვიდაცია გამოაცხადა; იმ გუნდის, რომელიც ოთარ გაბელიამ გაჭირვებაში საქართველოს ვიცე-ჩემპიონობამდე მიიყვანა.

გუნდში ფეხბურთელი არ დარჩა, მერიას სახსრები არ ჰქონდა, უმაღლესი ლიგის საწევრო 30 ათასი ლარი რომ შეეტანა და "ტორპედო" გადასარჩენი იყო. ქუთაისის უფეხბურთოდ დატოვება საცოდაობა იქნებოდა და
რადგან მაშინ ბიზნესი მქონდა, კლუბის მიხედვა გადავწყვიტე.

ქუთაისის სპორტის სამსახურის უფროსს დაველაპარაკე. ქალაქის მერიამ ახალი კლუბის დაფუძნებაზე უარი თქვა და როდესაც ხინიკაძესთან ყველაფერი გავარკვიე და პრეტენზია არ ჰქონდა, "ტორპედო" კანონიერად გადმოვიფორმე.

დავიწყე ნულიდან, რასაც ხალხი დაადასტურებს. ქალაქში ფეხბურთი რომ არ ჩამკვდარიყო, შეძლებისდაგვარად, ბავშვთა სკოლასაც ვეხმარებოდი. კლუბის 60 პროცენტი ჩემი იყო, მაგრამ 40 პროცენტი თურქ ბიზნესმენს გადავეცი, რომელსაც "ტორპედო" აინტერესებდა.

მაგრამ თურქი შემდეგ აღარ დაგვეხმარა, მხოლოდ ჩემი სახსრები კლუბს არ ჰყოფნიდა და პარტნიორობა "სამი ტუზის" მეპატრონეს შევთავაზე, რომელიც მაშინ საკმაოდ ძლიერი ბიზნესმენი იყო.

ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მთავარ მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილი მოვიყვანე, მაგრამ ფეხბურთელები არ გვყავდა და ხალხი ლამის ქუჩაში შევკრიბეთ.

ახალგაზრდული გუნდი გამოგვივიდა, რომელმაც უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. საკმაოდ ბევრი ვიწვალეთ, "ტორპედო" რომ შეგვენარჩუნებინა. 2005/2006 წლებში, სანამ გუნდი ჩემი იყო, დაახლოებით 700 ათას დოლარამდე დავხარჯე.

მაგრამ 2006 წლის ზაფხულში პროკურატურაში დაკითხვაზე დამიბარეს, ნახევარ საათში დამაკავეს და მედავებოდნენ, თითქოს, რუსეთიდან "შავი სამყარო" ფულს მიგზავნიდა, მე კი - "ვათეთრებდი". ბრალდება კატეგორიულად უარვყავი. ან რატომ ვაღიარებდი, როდესაც მოსკოვში სპირტის ბიზნესი მქონდა და რუსები საქონლის შესაძენად ფულს მირიცხავდნენ, ლამაზი თვალებისთვის ხომ არ ვუგზავნიდი?

მერე უთქვამთ, არ გვეგონა, შავი სამყაროს დაუხმარებლად პატარა ბიჭი ამხელა ბიზნესს თუ აწარმოებდიო.

სამწუხაროდ, რუსეთ-საქართველოს არეულმა ურთიერთობებმაც გავლენა მოახდინა და დამაკავეს. მაგრამ ბრალდება ვერ დამიმტკიცეს და ქუთაისის "ტორპედოში" შევიდნენ.

- ანუ დაკავებამდე "ტორპედოს" დათმობაზე არაფერს გეუბნებოდნენ?
- მანამდეც იყო დაბარებები, რომ გუნდის 20 პროცენტს თუ არ გადმოგვიფორმებ, პრობლემები შეგექმნებაო.

მაგრამ არ ვთანხმდებოდი და მერიას წილში შემოსვლას ვთავაზობდი, თქვენი თუნდაც 70 პროცენტი იყოს, მაგრამ ერთიანი ძალებით "ტორპედოს" უკეთ ვარჩენთ-მეთქი. მაგრამ გუნდი მთლიანად რატომ უნდა დამეთმო?

ამის შემდეგ "ტორპედოს" მთლიანად ჩუქება მოინდომეს და კაცი მომიგზავნეს, თუ უარს იტყვი, დაგიჭერენო.

მართლაც ასე მოხდა და ნახევარი წელიწადი ვიყავი დაკავებული. "ტორპედოში" საეჭვო ვერაფერი ნახეს, მაგრამ მაინც "მომიძებნეს": გუნდის ძველ მეპატრონეს ანგარიშზე ჰქონდა დარჩენილი უეფადან ბავშვთა ფეხბურთის განვითარებსითვის დარიცხული 29 300 ლარი.

ხინიკაძემ კეთილი ნება გამოიჩინა და ეს ფული ჩვენ დაგვითმო. გადავწყვიტე, ამ თანხით ავტობუსი შემეძინა, საფეხბურთო სკოლის გუნდებს რომ მოეხმარათ. ხელშეკრულება გავუფორმე პიროვნებას, რომელსაც ავტობუსი საბერძნეთიდან უნდა ჩამოეყვანა.

ამას საბერძნეთის ელჩიც ადასტურებდა, რომელსაც პირადი გარანტიებით ვთხოვე ჩამომყვანისთვის ვიზის გაცემა. მერე მედავებოდნენ, ეს თანხა შემოსავლებში უნდა გაგეტარებინათ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაგერიცხათ ავტობუსის შესაძენადო.

- მოკლედ, ბუღალტერიაში შეცდომა დაუშვით?
- შეცდომა იყო, მაგრამ ამის გამო ხალხს აჯარიმებენ, რა შუაში იყო კლუბის გადაფორმება? ხომ გესმით, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს "ტორპედოს" ყველა გზით დაბრუნება სურდათ. მეც სხვა გზა არ მქონდა, კლუბი დავთმე და ის შემდეგ მთლიანად "სამი ტუზის" მეპატრონეს გადასცეს.

ყველაზე საინტერესო მერე მოხდა: მას არაფერი ჰკითხეს, ახალი შპს ჩამოაყალიბეს, დანიშნეს ახალი პრეზიდენტი, გუნდი გადაიფორმეს და ასე იხილა მზის სხივი ახალმა ქუთაისის "ტორპედომ"! ასეთი რამ სადმე, ვინმესგან გსმენიათ?!

ყველაზე ცუდი ის იყო, რომ 2008 წელს გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა და მხოლოდ 2010-ში დაბრუნდა.

2010 წლის აპრილში საქართველოში მეც დავბრუნდი და ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა შემომითვალა, გუნდს ახალი მეპატრონე, "ვისოლი" მოვუძებნეთ და ხმა არ ამოიღო და ხელი არ შეგვიშლო, თორემ, დაგიჭერთო. რა მექნა, კედლისთვის თავი მერტყა? არადა, იმ პერიოდში გუნდის დაბრუნება მსურდა.

- "ვისოლმა" ქუთაისის "ტორპედო" მხოლოდ წლების შემდეგ აიყვანა და ფაქტია, რომ გუნდისთვის ბევრი გააკეთა.
- ამას არავინ უარყოფს. მე შურისძიება არც მამოძრავებს, მიხარია, რომ "ვისოლმა" გუნდი ფეხზე დააყენა და აქვე გარკვევით ვამბობ: "ვისოლმა" ქუთაისში ფეხბურთის განვითარებისთვის ბევრი რამ გააკეთა და სულაც არ მინდა, რომ შრომა წყალში ჩავუყარო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კლუბი მე არ მეკუთვნოდა.

- ვთქვათ, სასამართლომ თქვენი სარჩელი რომ დააკმაყოფილოს, "ტორპედოს" მინიმუმ "ვისოლივით" შეინახავთ?
- თავის დროზე თურქებს კლუბში მოსვლა შემდეგი პირობით სურდათ: თუ კლუბს სტადიონსა და ბაზას გადასცემდნენ, ინფრასტრუქტურის რეკოსტრუქციაში 10 მილიონ დოლარს ჩადებდნენ. ეკონომიკის სამინსიტროს მივწერე, რომ ამა და ამ შემთხვევაში 10 მილიონ დოლარს ჩავდებდით და მალე დამიჭირეს. ეტყობა, იფიქრეს, რომ ეს ფული მე მქონდა?!

თუ გახსოვთ, "ტორპედო" "ვისოლს" სტადიონთან და ბაზასთან ერთად დაუთმეს. ეს აპრობირებული ფორმაა - ბიზნესს კლუბის ინფრასტრუქტურასთან ერთად გადაცემით დაინტერესებ და პარტნიორებს მოძებნი.

ასეთ ვითარებაში პარტნიორის მოძებნა არ გამიჭირდება, რადგან ეს სტადიონი და ბაზა საკმაოდ ძვირადღირებულია.

სხვათა შორის, ჩემი კლუბში ყოფნის პერიოდში, საღორიას ბაზა გავარემონტე და ავეჯი და საჭირო ტექნიკა შევიტანე. ეს ყველაფერი, პლუს საკუთარი მანქანა და ბიზნესიც კი ჩამომართვეს და საერთოდ, გამანადგურეს! რადგან "ვისოლმა" ბევრი გააკეთა, წართმეულის დაბრუნებასა და სამართლიანობის აღდგენაზე აღარ ვიფიქრო?

- ახლა რას აპირებთ?
- ჩემს ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის საადვოკატო კომპანიასთან კონსულტაციები გავიარე და სასამართლოში სარჩელის შეტანაზე ვფიქრობ. ახალ მეპატრონესთან შეხვედრას ვაპირებ და იმედია, გამიგებენ, რაც მტკივა და მაწუხებს.

ეს ადამიანურად გამართლებული იქნება. ბიძინა ივანიშვილმა თქვა კიდეც, ახლა იმდენი სარჩელი დაგროვდა, აჯობებს, ჯერ თავად სცადოთ მორიგებაო და ასეც ვაპირებ. ერთხელ გუნდის ახლანდელ მეპატრონეს შემთხვევით შევხვდით და ეს ამბები ვუთხარი. ჩვენ რა შუაში ვართ, "ტორპედო" ეკონომიკის სამინისტრომ გადმოგვცაო. მესმის, რომ ისიც უხერხულ მდგომარეობაშია, მაგრამ გამოსავალი უნდა გამოვნახოთ.

- ბოლო დროს მსგავსი პრეტენზია სხვა ადამიანებსაც გაუჩნდათ და სულ ვფიქრობ, ეს პროცესი სადამდე მიგვიყვანს? იმედია, ამ დავებს კლუბები არ გადაყვება.
- ცხადია, ეს მეც არ მინდა. მაგრამ საკუთრების დაბრუნების სურვილი ჩემი კანონიერი უფლება არის. როდესაც კომუნისტური ხელისუფლება გაისტუმრეს, ლატვიაში 50 წლის შემდეგ დააბრუნეს საკუთრება. ასე უნდა მოხდეს საქართველოშიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გორის "დილას" ექს-მეპატრონის სკანდალური განცხადება: გუნდი ძალით წამართვეს!
მკითხველის კომენტარები / 12 /
მაგარი კარგი კაცია მანატა კველაპერს აკეტებდა გუნდისტვის
Nina
03:44 04-05-2014
0
"კაროჩე რა"
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული