გია ჭიაბრიშვილი: ჩვენს ფეხბურთს საფუძველი სჭირდება

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" და "ვიტესის" პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია პარტნიორები არიან. ამის შედეგად ოქტომბერში, ჰოლანდიაში სტაჟირებაზე ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახეები, გორის "დილასა" და "ზესტაფონის" ყოფილი მთავარი მწვრთნელები, თემურ შალამბერიძე და გია ჭიაბრიშვილი გაემგზავრნენ.

ისინი ჰოლანდიაში 10-დღიან სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ, დაესწრნენ "ვიტესისა" და კლუბის საფეხბურთო სკოლის ვარჯიშებს, ნახეს საკლუბო სტრუქტურა, ფეხბურთელთა მომზადებისა და გაზრდის მეთოდიკა. არნემელებს ჰოლანდიის ერთ-ერთი საუკეთესო სამწვრთნელო სკოლა აქვთ.

ვფიქრობთ, გია ჭიაბრიშვილის თვალით დანახული ჰოლანდიური ფეხბურთი საინტერესო იქნება.

- "საბურთალოს" ხელმძღვანელებისთვის კვალიფიციური მწვრთნელების აღზრდა ბევრს ნიშნავს. მე სწორედ ამ სკოლაში
დავიწყე მუშაობა, თემურ შალამბერიძე კი დღესაც სკოლის მთავარი მწვრთნელია.

"ვიტესი" სერიოზული კლუბია და შესაბამისი აკადემიაც აქვს. მერაბ ჟორდანიამ და კლუბის მდივანმა ნუკა რატიანმა ყურადღება არ მოგვაკლეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს დღეები მაქსიმალურად აგვეთვისებინა. გვქონდა საშუალება გავსაუბრებოდით მთავარი, ახალგაზრდული და საფეხბურთო სკოლის მწვრთნელებს.

ძალიან მაღალ დონეზეა მომზადების დაგეგმვა, დამკვიდრებულია ერთი მიმართულება, "ვიტესის" აღზრდილებს ძლიერი ევროპული კლუბები ყიდულობენ. მაგალითად, წლეულს "მანჩესტერმა" ალექსანდრ ბუტნერი გადაიყვანა. ამიტომაც საინტერესოა, ფეხბურთელების მიწვევის დროს რა კრიტერიუმებით სარგებლობდნენ. ისინი ყველა წვრილმანს ითვალისწინებენ, შეცდომა მინიმუმამდე რომ დაიყვანონ და ფეხბურთელიდან მაქსიმუმი მიიღონ.

"ვიტესს" ძალიან მაღალი დონის ინფრასტრუქტურა აქვს, რაც მოთამაშეთა გაზრდის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია მაღალი დონის სპეციალისტების აღზრდა, რასაც ჰოლანდიელები ყოველთვის ახერხებდნენ - მათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა აქვთ.

- საქართველო წამყვან ქვეყნებს ისედაც ყველანაირად ჩამორჩებოდა, მაგრამ ინფორმაციულმა ვაკუუმმა და კავშირების არქონამ ეს ზღვარი უფრო თვალსაჩინო გახადა.
- ჩვენთან მწვრთნელებისთვის სხვადასხვა სახის კურსები ტარდება. ეს აუცილებელია და კარგი საქმეა, მაგრამ კურსების დასრულების შემდეგ მწვრთნელი მუდამ თვითრეალიზაციასა და ზრდაზე უნდა მუშაობდეს. სამწუხაროდ, ამის საშუალება არ გვაქვს.

კავშირების არქონა მართლაც უდიდეს გავლენას ახდენს. ვაკუუმში ძნელია განვითარება. იმდენი სიახლეა, თვალი უნდა მიადევნო. არადა, ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს და სანამ საკუთარ წვენში ვიხარშებით, მანამდე ძნელია იმის გაგება, რა არის თანამედროვე ფეხბურთი და მას რა სჭირდება.

"ზესტაფონის" მაგალითზე ვიტყვი: საქართველოს ჩემპიონატზე კარგად კი ვთამაშობდით, მაგრამ ნაკლოვანებებს უცხოური შეკრებებისა და თამაშების დროს ვხედავდით.

ევროპასთან არასათანადო კავშირი დიდი პრობლემაა. არადა, კომუნიკაცია ინფორმაციის გადამუშავების, შენს გარემოსთან ადაპტირებისა და შენებურად "გადახარშვის" საშუალებას გაძლევს.

ვერ ვიტყვი, რომ ჰოლანდიაში ყველაფერი პირველად ვნახეთ, მაგრამ იმდენი საინტერესო ნიუანსი აღმოვაჩინეთ, რომელიც აუცილებლად გამოგვადგება. ფეხბურთში ნიუანსების წვდომა და შენს სასარგებლოდ გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.

- "ვიტესის" აკადემიის მუშაობაზე რას გვეტყვით?
- უპირველესად, დიდხანს არჩევენ მწვრთნელებს, რადგან დარწმუნებულები უნდა იყვნენ მათ შესაძლებლობებში, ვისაც მომავალი თაობის გაზრდას ანდობენ.

საერთოდ, კლუბს თუ დიდი მიზნები აქვს, ასეთი საფუძველი უნდა ჩაყაროს და მხოლოდ მერე თუ გაზრდის მოთამაშეებს, რომლებიც თავადაც გამოადგებათ და ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებსაც. "ვიტესის" მწვრთნელმა გვითხრა კიდეც, კლუბს ეს ძირი რომ არ ჰქონდეს, ვერაფერს გავაკეთებდიო.

ჩვენ ერთმანეთს ბევრი რამით ვგავართ. კარგად იციან, რომ რესურსით ესპანეთს, იტალიას, გერმანიისა და საფრანგეთს ვერ შეეჯიბრებიან და მიმწოდებელი ქვეყანა უნდა იყოს. ამიტომაც მათი ფილოსოფია არის, გაზარდონ მომავალი თაობები და შემდეგ გაყიდონ. ეს თვითდაფინანსების საშუალებაცაა.

- ეს პრიორიტეტი ჩვენთან ჯერ გააზრებული არ არის, თუმცა ჰოლანდიის ფინანსური რესურსი არ გაგვაჩნია.
- ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ქვეყანას რა რესურსი გაგვაჩნია. ეს აუცილებელიც არის, ილუზიებით ცხოვრება დამღუპველია. სხვაგვარად ვერც საკლუბო სისტემას ავაწყობთ და ვერც ნაკრებებს მოვამარაგებთ.

ამას ყველა ამბობს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ სათანადო კლასის მოთამაშეებს ვერ ვზრდით. ამიტომ აბრკოლებენ კლუბები გუნდის ლიდერებს და არ უშვებენ, რადგან მათი შემცვლელი საკლუბო სტრუქტურაში არ იზრდება.

არადა, ყველა ცდილობს, ფეხბურთელი ფორმის პიკში გაყიდოს და კლუბის ბიუჯეტი შეივსოს. ძირი რომ გექნება, მერე ლიდერს აღარ დააბრკოლებ და უკეთეს ლიგაში გაუშვებ.

მეორე უკიდურესობა ის არის, ჩვენ ნიჭიერ ფეხბურთელებს ვერ ვზრდით და უცხოეთში ისეთ ასაკში ვყიდით, როდესაც მათ ფასი არ აქვთ. ტალანტებს რომ ვერ ვინარჩუნებთ, საქართველოს ჩემპიონატიც უფასურდება.

- ფეხბურთში მრავალი პრობლემა დაგროვდა. ამავე დროს, შეიცვალა პოლიტიკური ვითარება და ისმის მოწოდება, გაიმართოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. თქვენ რას ფიქრობთ?
- არჩეულმა პირმა თანამდებობაზე ვადა სრულად უნდა ჩაამთავროს, რაც უნდა ცუდი არჩევანი გვქონდეს; მაგრამ თუ მიიჩნევენ, რომ წინა არჩევნებში გარეშე ძალა იყო ჩარეული, მაშინ რიგგარეშე ყრილობის მოთხოვნა შესაძლებელია.

- "ზესტაფონიდან" წამოსვლის შემდეგ რაიმე შეთავაზება ხომ არ მიგიღიათ?
- ჯერჯერობით, არანაირი, მაგრამ კლუბში მუშაობიდან და მიღწეული შედეგიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უმაღლესი ლიგის რომელიმე კლუბს ჩავიბარებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გია ჭიაბრიშვილი და თემურ შალამბერიძე "ვიტესში" სტაჟირებას გაივლიან
გია ჭიაბრიშვილი: საქართველოს ნაკრებმა სავსე სტადიონი დაიმსახურა
გია ჭიაბრიშვილი: ალბათ, ეს იყო ჩემი შეცდომა "ზესტაფონში"...
გია ჭიაბრიშვილი: "ნეფთჩისთან" მატჩებმა დაგვანახა, რომ სუსტი ჩემპიონატი გვაქვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული