თორნიკე ოქრიაშვილი: სამწუხაროდ, "ილიჩევეცში" ვრჩები

AutoSharing Option
მართალი გამოდგა მარიუპოლის "ილიჩევეცის" მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი პავლოვი, რომელმაც დეკემბერში უარყო თორნიკე ოქრიაშვილის შესახებ Football News-ის მიერ გავრცელებული ცნობა, თითქოს ქართველი ლეგიონერი ზამთრის შეკრებას დონეცკის "შახტართან" გაივლიდა.

ტელეარხ "ფუტბოლთან" ინტერვიუში "შახტარის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმაც განაცხადა, რომ გუნდის სამწვრთნელო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, ზამთრის შეკრებაზე მარიუპოლის "ილიჩევეცის" ახალგაზრდა ფეხბურთელი დმიტრი გრეჩიშკინი წაიყვანოს, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილზე დონეცკელთა მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ ჯერ კიდევ ფიქრობსო.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევ
არმცველი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო კლუბში მაინც არ დაბრუნდა. რატომ მოხდა ასე, ამაზე პასუხი თორნიკესაც არ აქვს.

თორნიკე ოქრიაშვილი, "მსოფლიოს სპორტის" გულშემატკივართა გამოკითხვით, წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდა, რისთვისაც მისი პირველი მწვრთნელი მამუკა ფანცულაია ინტერნეტგამოცემისგან 2013 წელს ყოველთვიურად 150 ლარს მიიღებს.

20 წლის ოქრიაშვილს უკრაინაში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე დაველაპარაკეთ და მისგან ბევრი საინტერესო ამბავიც შევიტყვეთ.

- თორნიკე, ბოლოს და ბოლოს, გაგვარკვიე, შეკრებაზე "შახტართან" ერთად მიდიხარ თუ "ილიჩევეცთან"?
- სამწუხაროდ, ისევ მარიუპოლელებთან ვივარჯიშებ. აქამდე ვიცოდი, რომ დონეცკელებს ჩემი დაბრუნება სურდათ. ადრეც გითხარით, რომ ეს ამბავი "გაგრას" პრეზიდენტმა ბესო ჩიხრაძემ მომილოცა, მაგრამ გუშინწინ გულდაწყვეტილმა მითხრა, რომ ისევ ძველ კლუბში მომიწევდა თამაში.

ეს ჩემთვის იმდენად მძიმედ მოსასმენი იყო, ვეღარც ვკითხე, ასე რატომ და რისთვის გადაწყდა.

- შენ ან ცენტრალურ, ან მარცხენა ნახევარმცველად გათამაშებენ. "შახტარს" ამ პოზიციაზე ვარსკვლავები: ჰამლეტ მხითარიანი, ვილიანი და ფერნანდინიო ჰყავს, რომლებიც დონეცკელთა ლიდერები არიან - ვითომ მირჩა ლუჩესკუ მათ შემადგენლობიდან ამოაგდებდა?
- მთავარი აქ დონეცკელთა პოზიცია იყო, მათ ჩემი დაბრუნება სურდათ და ამ შანსზე უარს ვერ ვიტყოდი. თანაც, როგორც ვიცი, იტალიური და ინგლისური კლუბები ვილიანისა და ფერნანდინიოს ყიდვას აპირებდნენ. იგივე ლაპარაკი იყო მხითარიანზეც. ეტყობა, საბოლოოდ მაინც ჩემპიონთა ლიგისთვის დაიტოვეს.

- "შახტარში" სკამზე ჯდომას ისევ "ილიჩევეცში" თამაში არ გერჩივნა?
- ნებისმიერ შემთხვევაში მერჩივნა "შახტარში" გადასვლა. როდესაც დიდ დონეზე თამაშის ამბიცია გაქვს, არ შეიძლება, თუნდაც ძალიან მაღალი კლასის კონკურენტები გაშინებდეს.

- შენი აზრით, ახლა მომწიფებული ხარ "შახტარის" დონის კლუბში სათამაშოდ და იმავე მხითარიანის, ფერნანდინიოსა და ვილიანის შესაცვლელად?
- შეიძლება ახლა მზად არ ვარ, მაგრამ ასეთ გუნდში მოხვედრილი საკუთარი თავის მიმართ უფრო მომთხოვნი ხდები და თავისთავად, ძლიერი ფეხბურთელების გარემოცვაში კიდევ უფრო იზრდები. რაც მთავარია, დიდი მიზნებისთვის თამაში სასიამოვნოა. "შახტარს" კი "ილიჩევეცში" თამაშით ვერ შევეჩვევი, დონეცკურ კლუბში ვარჯიში მჭირდებოდა და დროის განმავლობაში, მათ დონემდეც გავიზრდებოდი.

მერე, შესაძლოა, ისინი შემეცვალა კიდეც... აბა, სულ "ილიჩევეცის" დონეზე ხომ არ უნდა ვითამაშო?!

- მოკლედ, ახალი წელი სასიამოვნოდ არ დაწყებულა...
- ასეა, მაგრამ რას ვიზამთ, რაც იყო, იყო.

- რუსული გაზეთი "ტვოი დენ" ამტკიცებდა, რომ შენით რუსეთის პრემიერლიგის "კრასნოდარის" მთავარი მწვრთნელი სლავოლიუბ მუსლინი დაინტერესდა. მანამდე ინფორმაცია "ალანიაზეც" გავრცელდა...
- "კრასნოდართან" და "ალანიასთან" არანაირი მოლაპარაკება არ მქონია და პირადად არავინ დამკავშირებია. მენეჯერი მეუბნება, რომ მიწვევები არის, მაგრამ რა აზრი აქვს? "შახტარს", "ილიჩევეცის" გარდა, ჩემი გაშვება არც ერთ სხვა კლუბში არ სურს და ხომ ვერ გავიპარები?

ახლა მითხრეს, მარიუპოლელებთან ივარჯიშებ, მაგრამ დონეცკელები იქაც დაგაკვირდებიან, გამორიცხული არ არის, სეზონის დაწყებამდე "შახტარის" რომელიმე ფეხბურთელი გაყიდონ და ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მაინც მოხვდეო.

მაგრამ ეს უკვე ვარაუდებია და არა კონკრეტული ვარიანტი.

- უკრაინული გრანდები, "შახტარი" და კიევის "დინამო", ხშირად მოთამაშეებს საკუთარ კლუბებში "ატრიალებენ", სხვაგან კი არ უშვებენ. მეშინია, შენს შემთხვევაშიც ასე არ ხდებოდეს...
- ამაზე მეც მიფიქრია. ჩემი მიზანი "შახტარში" მოხვედრა ან სხვა ძლიერ გუნდში თამაშია. მესმის, რომ ჯერ კიდევ უნდა გავიზარდო, მაგრამ ახლა ისეთ ასაკში ვარ, როდესაც წინ უნდა წავიდე, ადგილის ტკეპნა ნამდვილად არ მაწყობს.

"ილიჩევეცში" კარგი მწვრთნელი და გუნდელები მყავს, ხელფასიც კარგია და სავარჯიშო პირობებიც, მაგრამ მე მხოლოდ ხელფასისთვის არ ვთამაშობ და უფრო ამბიციურ კლუბში გამოსვლაზე ვოცნებობ.

Sportall.Ge
თორნიკე ოქრიაშვილი ესპანეთთან თბილისურ მატჩში

- სასიამოვნოც გავიხსენოთ: 2012 წელს არა მხოლოდ ბელორუსთან ლამაზი გოლით დაგვამახსოვრე თავი: ესპანეთთან შენ და დათო თარგამაძე მოედანზე უცნაური ვარცხნილობით გამოჩნდით. მართალია, რომ ასე "ორიგინალური" ვარცხნილობა ბანქოში წაგების შედეგი იყო?

- (იცინის) ბანქოში არ წაგვიგია, უარესი მოხდა. თამაშის წინა დღეს თარგამაძე ოთახში მომეპარა და თმები ჩუმად ამპარსა. მე ვალში ხომ არ დავრჩებოდი და როცა ისვენებდა, მეც მივეპარე და გადავპარსე. მაგრამ ასე სტადიონზე წასვლა წარმოუდგენელი იყო. ორივე იძულებული გავხდით, გვერდები მაინც გაგვესწორებინა და მოედანზე ასეთი "ლამაზი" ვარცხნილობით გავედით.

ბიჭები გაკვირვებულები გვიყურებდნენ, ვერაფერი გაიგეს, ესპანელებს ხომ არ აშინებენო (იცინის). არა, ეს მომენტიც იყო, თამაშით თუ არა, ვარცხნილობით მაინც შევაშინოთ-მეთქი. მაგრამ არაფერი გამოგვივიდა.

Sportall.Ge
დავით თარგამაძე ესპანეთთან თბილისურ მატჩში

- ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში ეგვიპტესთან თემურ ქეცბაიამ აღარ მიგიწვია და ჭორები აგორდა, თითქოს ბელორუსთან შეხვედრის შემდეგ კონფლიქტი მოგივიდათ...
- არ დაიჯეროთ, მსგავსი არაფერი ყოფილა. უბრალოდ, მოხდა გაუგებრობა, ეგონა, რომ ტრავმა მქონდა და შემცვალა. მაგრამ ეგვიპტემდე ველაპარაკე და მითხრა, როგორც შენ მოგეცი შანსი და გამოიყენე, ასევე მინდა სხვებიც გავსინჯოო და ამაზე დავეთანხმე - ყვითელი ბარათების გამო საფრანგეთთან გასვლაზე ვერ ვითამაშებ და მესმის, რომ ჩემს პოზიციაზე სხვებს აკვირდება.

- 2013 წელს უმძიმესი შეხვედრები გველის: ესპანეთთან გასვლაზე, საფრანგეთთან შინ და გარეთ, ფინეთთან - თბილისში.
- ჩვენი მიზანი მესამე ადგილზე გასვლაა, შემდეგ ციკლში უკეთეს კალათაში რომ მოვხვდეთ და შედარებით იოლ მეტოქეებს ვეთამაშოთ. ასე რომ, მესამე ადგილზე გასვლა აუცილებელია. კი მინდა, რომ პირველები ვიყოთ, მაგრამ ესპანეთი და საფრანგეთი უდავო ფავორიტები არიან. მგონი, ამის აღიარებისთვის ვერავინ გაგვამტყუნებს.

- გასულ წელს ყველაზე გულდასაწყვეტი რომელი შეხვედრა იყო?
- ფინეთთან ფრე, რომელშიც აუცილებლად უნდა მოგვეგო. სამწუხაროდ, მოგების ბოლომდე არ გვჯეროდა და 3 ქულა ქარს გავატანეთ.

ბელორუსი ბევრად ძლიერი გუნდი იყო, განსაკუთრებით, მინსკში, რადგან ალექსანდრ გლები დაიმატეს - ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. თუმცა, სიმართლე თუ გაინტერესებთ, ბელორუსი თბილისშიც გვჯობდა, მაგრამ რამდენიმე მოთამაშე დაუშავდათ და მერე ვაჯობეთ.

- ბელორუსები ინდივიდუალური თამაშით დავამარცხეთ. ეს თვისება გუნდში ბევრ ფეხბურთელს გაქვთ, მაგრამ ნაკლებად იყენებთ.
- გეთანხმებით, რადგან საკუთარ თავზე თამაშს იმდენად ვერ ვიღებთ, როგორც შეგვიძლია. ვიცი, გუნდში რაღაც კომპლექსები არის, მაგრამ, იმედია, ყველაფერი გამოსწორდება.

- 2012 წელს როგორ შეაფასებდი?
- პირადად ჩემთვის წარმატებული გამოდგა, ნაკრებისთვის კი - ნორმალური. ეროვნულში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩავატარე. თავიდან მოგებით დავიწყეთ, მაგრამ ასევე ვეღარ გავაგრძელეთ. "ილიჩევეცში" კი ძალიან კარგად ნახევარი წრე ჩავატარე. თუმცა, კარგი იქნებოდა, ასეთი სეზონის შემდეგ "შახტარში" გადავსულიყავი, მაგრამ ასე მოხდა...

- 2013 წელს რას ისურვებდი?
- ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდეს, მე კი მარიუპოლში სეზონის დარჩენილი ნაწილი კარგად ჩავატარო და მერე "შახტარში" გადავიდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მირჩა ლუჩესკუ თორნიკე ოქრიაშვილის "შახტარში" მიწვევაზე ფიქრობს
თორნიკე ოქრიაშვილი: დიახ, დონეცკის "შახტარში" დაბრუნება მომილოცეს
უცნაური ამბავი: თორნიკე ოქრიაშვილის შეცვლა გაუგებრობის ნიადაგზე
ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის [VIDEO]
ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]
ოქრიაშვილის გატანილი ბურთი TVGOLO-ზე საუკეთესო გოლებში ლიდერობს [VIDEO]
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
თოკო გილოცავ შობა-ახალ წელს შენ, შენს პატარა და დიდ ოჯახს. დიდი გამარჯვებების წელი იყოს შენთვის 2013 წელი და არა მარტო 2013 არამე შემდეგი ათწლეული. გისურვებ, რომ ისე გემეFოს მსოფლიო ფეხბურთში, როგორც მესი მეფობს ამჟამად. საუკეთესო სურვილებით გაიოზი.
gizog
14:29 08-01-2013
0
თორნიკე გასაგებად ამბობს, რომ ნაკრებს კარგი ფსიქოლოგი სჭირდება.

მესამე ადგილის არ მჯერა, მაგრამ ძალიან გამეხარდებოდა!
guja_kakhadze
15:47 08-01-2013
0

სიახლეები პოპულარული