"ვიტ ჯორჯია" - გუნდი, რომელიც სტუმრად უკეთესია

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯია" მიმდინარე სეზონში ზუსტად იმ შედეგს აჩვენებს, როგორსაც ამ გუნდისგან ველოდით.

თავიდანვე ნათელი იყო, რომ კლუბი, რომელიც ახლო წარსულში საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოდა და ამ მიზნისთვის ორჯერ მიუღწევია, ამჯერად მოკრძალებულ ამოცანებს შეეჭიდებოდა.

ბოლო რამდენიმე სეზონია, ვეტერინართა მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. წინა სეზონში "ვიტ ჯორჯიამ" ამას საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში მიაღწია და საამისოდ ახლაც სერიოზული ბატალიები ელის, თუმცა ვიტელებმა ჩემპიონატის პირველ ეტაპზე იმდენი შეძლეს, რომ თამამად შეგვიძლია, გადარჩენისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ ფავორიტად მოვიხსენიოთ.

ნაკლებად მოსალოდნელი იყო, "ვიტ ჯორჯიას" საუკეთესო ექვსეულის საგზური მოეპოვებინა,
თუმცა მერაბ კოჭლაშვილის გუნდმა ჩემპიონატი რიხიანად დაიწყო - გორის "დილას" სძლია. ამას ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია მოჰყვა, რამაც ნათელი გახადა, რომ სეზონის მეორე ნახევარს "მცხეთა პარკის" ბინადრები ქვედა ექვსეულში გაატარებდნენ.

"ვიტ ჯორჯია" ამ სეზონში რამდენიმე ხმაურიანი სენსაციის შემოქმედი გახდა. ამ მხრივ გასახსენებელი მართლაც ბევრია - გასვლითი გამარჯვება "დილასთან", ასევე, სტუმრად ძლეული რუსთავის "მეტალურგი" და "ზესტაფონი"... არც თბილისის "დინამოსთან" მიღწეული ფრე არის ხელწამოსაკრავი შედეგი.

სამაგიეროდ, ვეტერინარები მეტად არასტაბილურად გამოიყურებოდნენ უშუალო კონკურენტებთან ბრძოლაში და რომ არა ქვედა ექვსეულის ბინადრებთან დაკარგული ძალიან ბევრი ქულა, "ვიტ ჯორჯიას" უმაღლეს ლიგაში დარჩენა უკვე დაბევებული ექნებოდა. თუმცა ახალგაზრდული გუნდისთვის არასტაბილური ასპარეზობა დამახასიათებელია და სწორედ ამას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, ხმაურიან გამარჯვებას გუნდი არცთუ ძლიერ მეტოქესთან წაფორხილებას რომ მოაყოლებდა ხოლმე.

მიმდინარე ჩემპიონატში "ვიტ ჯორჯიას" თამაშის კიდევ ერთი თავისებურება ის არის, რომ გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენა სტუმრად, ვიდრე შინ. პირველ ეტაპზე მოპოვებული ხუთი გამარჯვებიდან ვიტელებმა ოთხს გასვლით შეხვედრებში მიაღწიეს.

"ვიტ ჯორჯიას" კურსი უცვლელია და გუნდი კვლავ ძალიან ახალგაზრდულია. როგორც ყოველთვის, ვეტერინართა შემადგენლობაში ამჯერადაც მოიძებნებიან პერსპექტიული ბიჭები, რომლებსაც კარიერის მაღალ დონეზე გაგრძელების პოტენციალი აქვთ. იმის თქმა კი ძნელია, როდის ეყოლება "ვიტ ჯორჯიას" ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი. ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს.

თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ "ვიტ ჯორჯია" ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ქართულ კლუბად რჩება და უმაღლეს ლიგას გარკვეულ ხიბლსაც მატებს.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ "ვიტ ჯორჯიამ" საქართველოს თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალური ეტაპი წარმატებით დასძლია და მერვედფინალში მისი მეტოქე ცხინვალის "სპარტაკი" იქნება.

მეკარე
"ვიტ ჯორჯიას" გამოკვეთილი პირველი ნომერი ნიკა დაუშვილია, რომელსაც ბოლო დროს შესამჩნევი პროგრესი აქვს და ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარეა. ვეტერინარებს ამ პოზიციაზე პრობლემები არ აქვთ, 23 წლის დაუშვილი მათ კარს საიმედოდ იცავს.

დაცვა
პირველი ეტაპის მატჩების უმრავლესობა "ვიტ ჯორჯიამ" ხუთკაციანი დაცვით ჩაატარა და თუ სტატისტიკას გადავხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სიახლემ გაამართლა. 22 მატჩში კოჭლაშვილის გუნდმა 29 ბურთი მიიღო. ქვედა ექვსეულის ბინადართაგან ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "მეტალურგს" აქვს.

ნახევარდაცვა
სხვა რგოლების მსგავსად, ძირითადი ბირთვი შუა ხაზშიც მკვეთრად იყო გამოკვეთილი. გურამ გურეშიძე, გიორგი ვასაძე და გიორგი კორიფაძე ძირითად შემადგენლობაში სისტემატურად ხვდებოდნენ, თუმცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა სხვა ახალგაზრდებსაც ეძლეოდათ.

თავდასხმა
5 გოლით "ვიტ ჯორჯიას" საუკეთესო ბომბარდირი ბესიკ ჩიმაკაძეა, რომელიც დიდი ალბათობით, კლუბს შეიცვლის. რამდენიმე მატჩი მას ტრავმის გამო გაუცდა და 2-2 გოლით ვიტელთა მონაგარში საკუთარი წვლილი ელგუჯა ლობჯანიძემ და ლაშა გაბრიჭიძემაც შეიტანეს.

საუკეთესო მატჩი
"ვიტ ჯორჯია" იმდენი სენსაციის ავტორად მოგვევლინა, რომ რომელიმე კონკრეტული შეხვედრის გამოყოფა გაგვიჭირდება. ვეტერინართა ოთხი გამორჩეული მატჩი კი უკვე ვახსენეთ.

ლიდერი
"ვიტ ჯორჯია", უპირველესად, გუნდური თამაშით გამოირჩევა და როცა ტრავმის ან დისკვალიფიკაციის გამო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები აკლია, ამით გუნდის თამაშს გამოუსწორებელი ზიანი არ ადგება.

თუმცა ვიტელთა ლიდერად მაინც გურამ გურეშიძე უნდა დავასახელოთ. 23 წლის საყრდენს უკვე საკმარისი უმაღლესლიგური გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ "ვიტ ჯორჯიას" წამყვანი ფიგურა იყოს. ამ ფუნქციას გურეშიძე, უმეტეს შემთხვევაში, დამაჯერებლად ასრულებს.

მიზანი
"ვიტ ჯორჯიას" პროგრამა-მინიმუმიცა და პროგრამა-მაქსიმუმიც უმაღლეს ლიგაში დარჩენაა. მეორე ეტაპი, როგორც იცით, ათი ტურისგან შედგება, კოჭლაშვილის გუნდი კი ბოლოსწინა, ანუ გასავარდნ ადგილზე მყოფ ბათუმის "დინამოს" ცხრა ქულით უსწრებს.

ეს საკმაო უპირატესობაა, მაგრამ არც ბათუმელებთან და არც სხვა კონკურენტებთან ბრძოლა იოლი არ იქნება.

ფაქტია, რომ "ვიტ ჯორჯიას" მიზნის მიღწევის კარგი შანსი აქვს, მაგრამ ყველაზე უკეთ თვით ამ გუნდის წევრებმა იციან, რომ მოდუნება არაფერს არგებთ.

ვიტ ჯორჯია 2012/2013
მეკარე: ნიკა დაუშვილი - 22;

მცველები:
ჯემალ გოგიაშვილი - 21 (1), დავით ხურცილავა - 21, გიორგი გეთიაშვილი - 21, ლაშა კასრაძე - 18, ოთარ ჯავაშვილი - 16, გურამ ადამაძე - 11 (1), რევაზ ღანიაშვილი - 9, ბადრი ტეტუნაშვილი - 3, დავით უბილავა - 1;

ნახევარმცველები:
გურამ გურეშიძე - 22 (1), გიორგი ვასაძე - 20 (1), გიორგი კორიფაძე - 20 (1), ირაკლი ღიბრაძე - 16 (1), შოთა დავლაშელიძე - 16, გიგა ჯუღელი - 9;

თავდამსხმელები:
ბესიკ ჩიმაკაძე - 16 (5), ელგუჯა ლობჯანიძე - 15 (2), ლაშა გაბრიჭიძე - 14 (2), ბექა ზაქრაძე - 7, ლევან კუხალეიშვილი - 4.

მწვრთნელი:
მერაბ კოჭლაშვილი

ვიტ ჯორჯიას ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
I ტური
დილა-ვიტ ჯორჯია 0:1
II ტური
მერანი-ვიტ ჯორჯია 1:0
III ტური
ვიტ ჯორჯია-ჩიხურა 0:1
IV ტური
სიონი-ვიტ ჯორჯია 1:1
V ტური
ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი 0:0
VI ტური
დინამო (თბ)-ვიტ ჯორჯია 5:0
VII ტური
ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი 2:3
VIII ტური
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია 0:2
IX ტური
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 1:3
X ტური
დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია 0:1
XI ტური
ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 2:0
XII ტური
ვიტ ჯორჯია-დილა 0:2
XIII ტური
ვიტ ჯორჯია-მერანი 0:0
XIV ტური
ჩიხურა-ვიტ ჯორჯია 4:0
XV ტური
ვიტ ჯორჯია-სიონი 0:0
XVI ტური
ზუგდიდი-ვიტ ჯორჯია 2:0
XVII ტური
ვიტ ჯორჯია-დინამო (თბ) 1:1
XVIII ტური
ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 1:2
XIX ტური
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 0:1
XX ტური
ტორპედო-ვიტ ჯორჯია 2:0
XXI ტური
ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ) 1:1
XXII ტური
კოლხეთი-ვიტ ჯორჯია 1:1

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გორის "დილა" - დიდი ამბიციები და გაურკვევლობა
ფოთის "კოლხეთი" - საუკუნოვანი იუბილე არასაზეიმო განწყობით
ქუთაისის "ტორპედო" - კარგად ნაცნობი კურსი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული