თვალსაზრისი: "გურიას" და "ბავარიას" სუპერფინალი

AutoSharing Option
გურულებმა გადარიეს მთელი დუნია - ასე იწყება სიმღერა, რომელიც 80-იან წლებში დაიწერა და მალევე გაჰიტდა საქართველოში. ეს ის დრო იყო, როცა ლანჩხუთის "გურიამ" 1986 წელს უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

სოფლის გუნდი უმაღლეს ლიგაში - ეს კი უკვე საბჭოთა კავშირის ტელევიიზიდან ნათქვამი ფრაზა იყო, რაც საწყენად არ მიუღია საქართველოს, რადგან მხოლოდ გურულებმა მოახერხეს ასეთი რამის მიღწევა საბჭოთა კავშირში.

"გურიაში" მაშინ თბილისის "დინამოდან" მიწვეული ფეხბურთელები თამაშობდნენ, კიდევ, სხვა საბჭოთა რესპუბლიკებიდან აყვანილი მოთამაშეები. "ლეგიონერებიდან" ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი ვიქტორ ხლუსი გახლდათ, ვინც "გურიამდე" ოდესის
"ჩერნომორეცის" და თვით კიევის "დინამოს" თავდამსხმელი იყო.

ჩაის ფაბრიკებს ფული ჰქონდათ, ციტრუსიც იძლეოდა მოგებას, საქართველო და გურია მაშინ ღარიბულად არ ცხოვრობდნენ, პატარა საქართველო ახერხებდა და ორი გუნდი გაჰყავდა საბჭოთა კავშირის თვრამეტგუნდა უმაღლეს ლიგაში.

ახლა "გურია" საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაშია, თასის მერვედფინალში კი სენსაცია მოახდინა და ქვეყნის ჩემპიონი "ზესტაფონი" ბეჭზე გააკრა.

ფეხბურთი, მოგეხსენებათ, ტრადიციული თამაშია და "გურიასაც" აქვს ის ძალა, რაც სხვა გუნდებს არ გააჩნიათ - ისტორია, რომელიც არ არის დიადი, მაგრამ პატარაც არ ითქმის.

მაშინ სხვა წესები იყო საფეხბურთო მეურნეობაში, ფული სხვანაირად მოდიოდა საფეხბურთო კლუბში და თამაშებიც სხვანაირად "კეთდებოდა". რაც არ უნდა გაქნილი ორგანიზატორი ჰყოლოდა გუნდს, ფეხბურთელი მაინც მთავარი იყო, კარგი მოთამაშეების გარეშე შეუძლებელი იყო მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა.

"გურიას" საშინაო თამაშებზე სტადიონი ივსებოდა, ოცი ათასზე მეტი გულშემატკივარი მიდიოდა გუნდის საქომაგოდ, მერე კი ბევრი სუფრა იშლებოდა დასავლეთ საქართველოში - ხალხს ექეიფებოდა, მათ ჰყავდათ "გურია".

ცნობარებს თუ დავუჯერებთ, ლანჩხუთში საფეხბურთო კლუბი 1952 წელს შეიქმნა და მას "კოლმეურნე" დაარქვეს, 1960 წლიდან კი "კოლმეურნე" "გურიად" გადაკეთდა.

საბჭოთა კავშირის მეორე ლიგაში "გურია" 1972 წლიდან თამაშობდა, პირველ ლიგაში კი 1980 წელს აღზევდა. 1986 წელს გურულებმა პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავეს, მოსკოვის ცსკას დარად 61 ქულა დააგროვეს, რიგის "დაუგავას" ერთი ქულით გაუსწრეს. უმაღლეს ლიგაში ორი საუკეთესო პირველლიგელი გადადიოდა.

ერთი დეტალიც - შინ ჩატარებული 23 მატჩიდან გურულებმა 21 მოიგეს და ორი წააგეს.

მომდევნო წელს "გურია" უმაღლესი ლიგიდან გავარდა, თუმცა ასეთ ძლიერ ლიგაში თამაში ლანჩხუთელებისთვის უკვე დიდი წარმატება იყო. იმ სეზონში გამოსარჩევია "გურიას" საშინაო გამარჯვება მოსკოვის "დინამოსთან" 2:1. კარში პრუდნიკოვი, დაცვაში ნოვიკოვი, ნახევარდაცვაში დობროვოლსკი, შეტევაში კარატაევი და ბოროდიუკი - მოსკოვურ "დინამოში" სახელიანი ფეხბურთელები თამაშობდნენ. "გურიადან" გოლები ჩხაიძემ და ხლუსმა გაიტანეს.

1989 წელს "გურიამ" ხელმეორედ მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური, ისევ მეორე ადგილი დაიკავა პირველ ლიგაში, ოღონდაც შინ გამართული 21-ივე შეხვედრიდან ყველა მოიგო. საბჭოთა უმაღლეს ლიგაში მეორედ თამაში კი ლანჩხუთელებს არ დასცალდათ - ქართულმა ფეხბურთმა 1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

უმცროსი მიხეილ მესხი, გრიგოლ ცაავა, გია გურული, ოთარ კორღალიძე, ლევან ბარათაშვილი... 60-იან წლებში დაბადებული ნიჭიერი თაობიდან "გურიაში" ამათმაც ითამაშეს და გაამდიდრეს "გურიას" ისტორია.

გურია განსაკუთრებული რეგიონია, იქაურებსაც განსაკუთრებული, საოცარი იუმორი აქვთ: ბნელი 90-იანი წლებია. ოზურგეთიდან თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსით ვმგზავრობ. გურიის რომელიღაც სოფელში "მარშრუტკა" ერთმა იქაურმა გააჩერა და მძღოლს უთხრა, მეორე სოფელში უფულოდ უნდა გამიყვანო, კაი ბიჭი ვარ, მომავალიო. მძღოლმა კი უპასუხა, მე რა შემატყვე წარმავალის, სახეზე ცუდი ფერი მადევსო?!.

ბოლო წლებში გურიაში ხალხს ძალიან გაუჭირდა და ისეთი ციხესიმაგრე გახდა, რომელსაც ვერანაირი პიარით ვერ აიღებდით.

გურულებმა თავიანთი არჩევანი გააკეთეს. მათ, სხვათა გარდა, იმასაც შეჰპირდნენ, ლანჩხუთის "გურია" ძველ სიძლიერეს დაიბრუნებსო.

"გურიას" გამარჯვებაც "ზესტაფონთან" არ იყო მხოლოდ სენსაცია, ამან მოლოდინიც გააჩინა და ის იმედიც გააღვივა, დაპირების შესრულებაში რომ დაგაჯერებს.

ლანჩხუთში ფეხბურთის აღორძინება არ არის მხოლოდ პური და სანახაობა, ეს უფრო მეტია, რადგან გურიაში იმაზე ბევრად მეტი ფეხბურთი ახსოვთ, რაც ახლა აქვთ.

"გურია" მალე კერძო კლუბი გახდებაო, უკვე ამასაც ამბობენ. ისიც ითქვა, კლუბს უკრაინელი სპონსორი ეყოლებაო.

ის ძველი სიმღერა კი, მგონი, ასე მთავრდება: "გურიას" და "ბავარიას" სუპერფინალი!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პირველი ლიგა. XVIII ტურის წინ: ფინანსებიც გაჩნდა და ინტერესიც...
თემურ ლორია: დაპირება ძალაშია - ლანჩხუთის "გურიამ" ძველი დიდება უნდა დაიბრუნოს!
ზესტაფონი-გურია 2:3 - ლანჩხუთმა ზესტაფონში თქვა: პირველად იყო "გურია"! [VIDEO]
გურია-ზესტაფონი 0:1 - სტუმარმასპინძლობა ქართულ ფეხბურთში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
იმ ბედნიერ დღეს ველოდები როცა გუნდს ძლერი სპონსორი და ფეხბურთის მოყვარული ადამიანი ჩაიბარებს. გურია დიდი ტრადიცების მატარებელია და იმედია აღდგება ის საზეიმო განწყბა გურიაში რომელიც ას გვენატრება გურულებს
shota
13:50 06-03-2013
0
პირველი ლიგის გუნდის თამაშებზე გურიას რო დასწრება ჰქონდა ალბათ ბევრ უმაღლეს ლიგის გუნდებსაც შეშურდება...
იმედია დაპირება არ დარჩება მხოლოდ დაპირებად....
rezo
18:33 06-03-2013
0

სიახლეები პოპულარული