ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ერთობლივი ქართულ-აზერბაიჯანული პროექტის იდეა გაჟღერდა - საუბარია გაერთიანებულ ჩემპიონატზე, რომელსაც აზერბაიჯანული ნავთობკომპანია "სოკარი" დააფინანსებს. მხარეები ამ ტურნირის თაობაზე, ფაქტობრივად, შეთანხმებულები არიან.

"ლელოს" უახლოეს ნომრებში ამ პროექტის შესახებ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების მწვრთნელთა მოსაზრებებს შემოგთავაზებთ. დღეს კი ჩვენი რესპონდენტი "ზუგდიდის" თავკაცი ელგუჯა ქომეთიანია.

- ვერ ვიტყვი, რომ ამ იდეით მოხიბლული ვარ, მაგრამ მეორე მხრივ, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩვენი პრიორიტეტი საქართველოს ჩემპიონატის დონის ამაღლება უნდა იყოს და ჩვენს უმაღლეს ლიგაში დღევანდელზე გაცილებით დიდი ფინანსები უნდა ტრიალებდეს, მაგრამ
რაკი დღეისთვის ეს შეუძლებელია, სჯობს, ძალები გაერთიანებულ ქართულ-აზერბაიჯანულ ლიგაში მოვსინჯოთ და უკეთეს მომავალს დაველოდოთ.

ვიმეორებ, ეს პროექტი მაინცდამაინც სახარბიელოდ არ მეჩვენება, მაგრამ რადგან სუსტი ჩემპიონატი გვაქვს, მისი განხორციელება მაინც ღირს.

- რას მოუტანს ქართულ კლუბებს გაერთიანებული ლიგა?
- როგორც ვიცი, მონაწილეებს აზერბაიჯანული კომპანია სოლიდურ თანხებს გადაუხდის და მათ მგზავრობასაც უზრუნველყოფს. ქართული კლუბების უმრავლესობას ფინანსურად არ ულხინს და თუ მათი ლიგაში მონაწილეობა მართლაც დაფინანსდა, საშუალება მიეცემათ, შემადგენლობა გააძლიერონ და უფრო კონკურენტუნარიანნი იყვნენ.

ბიუჯეტის გაზრდა ქართულ კლუბებს ფეხბურთელთათვის ხელფასის მომატების საშუალებასაც მისცემს. მინდა, უცხოეთში წასული ქართველი ლეგიონერები სამშობლოში დაბრუნდნენ და ეს ინიციატივა ამასაც შეუწყობს ხელს.

დარწმუნებული ვარ, ტრიბუნებზე გულშემატკივარი დაბრუნდება. უფრო ძლიერი კლუბებისა და ძლიერი ჩემპიონატის ხილვა ხალხს ნამდვილად მოუნდება. გარდა ამისა, მეზობელ ქვეყნებს შორის გაჩაღებული საფეხბურთო კონკურენცია საკმაო მოტივაციაა როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე ქომაგებისთვის.

- რა ბედი ელით იმ კლუბებს, რომლებიც გაერთიანებულ ლიგაში ვერ მოხვდებიან?
- მათი ფინანსური მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება, მაგრამ არც გაუარესდება. გაერთიანებულ ჩემპიონატში რვა ქართული კლუბი ითამაშებს და ისინი, რომლებიც მათ რიცხვში ვერ მოხვდებიან, შემდეგ სეზონში იბრძოლებენ იქ შესასვლელად.

გაერთიანებულ ლიგაში ხომ ადგილი არავის ექნება დაჯავშნილი და იქ საინტერესო იქნება ბრძოლა როგორც ჩემპიონობისთვის, ასევე ლიგაში დარჩენისთვის.

ვფიქრობ, იქ ვერმოხვედრილ კლუბებს შორის ელიტაში შესასვლელად მეტად საინტერესო ბრძოლები გაჩაღდება.

რაც მთავარია, საქართველოს ევროტურნირებზე კვლავ ოთხი წარმომადგენელი ეყოლება და საქართველოს თასის მნიშვნელობაც, სავსებით შესაძლებელია, კიდევ უფრო გაიზრდება.

რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი ჩემპიონატის მომხრე ვარ. დიდი იმედი მაქვს, აზერბაიჯანთან შეამხანაგება დიდხანს არ გასტანს და უახლოეს მომავალში ჩვენც გვექნება მაღალი დონის უმაღლესი ლიგა. მანამდე კი ახალი პროექტი ქართული კლუბებისთვის წინსვლის წინაპირობად უნდა იქცეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?
ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ
კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს
გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ
ვახტანგ ბზიკაძე: მგონია, აზერბაიჯან-ყაზახეთთან საქართველო დაიჩაგრება
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა გამყიდველობაზე საუბრობთ, დარწმუნებული ვარს ფეხბურთზე ნამყოფიც არა ხართ... თავი დაანებეთ ამ ვაიპატრიოტიზმს რააა.. კარგი იდეაა, დროებით ასე ჯობს, ამით არაფერს ვკარგავთ, მოგებით კი ძალიან ბევრს მოვიგებთ ვეთანხმები ელგუჯა ქომეთიანს...
aleqsi
10:18 17-04-2013
0
ვაი საწყალო საქართველო საით მიდიხარ!?... ის რომ ჩვენი ფეხბურთი მძიმე დღეშია არ უნდა ნიშნავდეს იმას,რომ ე.წ.მომხიბლავ წინადადებებს დავთანხმდეთ და გავიყიდოთ ვერცხლზე...როგორც სჩანს სიტყვა დამოუკიდებლობა თქვენთვის არაფერს არ ნიშნავს...
nika
22:59 16-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული