"ბარსელონას" სკოლის ყოფილი მწვრთნელი სამუშაოდ საქართველოში მოდის

AutoSharing Option
საფეხბურთო სკოლა "საბურთალომ" მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა: მალე სკოლაში ესპანური "მალაგას" საფეხბურთო სკოლის მწვრთნელი ანდრეს კარასკო იმუშავებს.

"უახლოეს პერიოდში საქართველოში მცირე ხნით ჩამოვალ. ივნისში ისევ ესპანეთში დავბრუნდები, რათა უეფას პრო-ლიცენზია ავიღო. აგვისტოში კი "საბურთალოში" საქმეს სერიოზულად შევუდგები, რაზეც უკვე შეთანხმებულები ვართ.

რაც შეეხება "მალაგას", მასთან კონტრაქტი დამიმთავრდა, თავისუფალი ვარ და "საბურთალოსთან" ხელშეკრულების გაფორმება შემიძლია",
- გვითხრა კარასკომ.

შეგახსენებთ, რომ 39 წლის ესპანელ სპეციალისტს ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს: "ბარსელონაში" მისი ხელმძღვანელობით ვარჯიშობდნენ ბოიან კრკიჩი, ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა.

2011 წელს ალექს გარსიამ თბილისის "დინამოს" სამწვრთნელო შტაბში მიიწვია და საფეხბურთო აკადემია ჩააბარა, სადაც კატალონიურ მოდელს ნერგავდა.

კარასკომ აკადემიაში კარგად იმუშავა, მაგრამ 2012 წელს ალექს გარსიას "დინამოდან" წასვლის შემდეგ თავადაც სამშობლოში დაბრუნდა და "მალაგას" საფეხბურთო სკოლის კოორდინატორი და 16-წლამდელების გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა.

"საბურთალოს" ხელმძღვანელობა კარასკოს ესპანეთში დაუკავშირდა და თანამშრომლობაზე დაითანხმა. ესპანელი სპეციალისტი თბილისში მარტში გვესტუმრა და "საბურთალოს" მწვრთნელებს სემინარები ჩაუტარა.

"მაშინ კარასკოსთან კონტრაქტი არ გაგვიფორმებია, რადგან ხელშეკრულება "მალაგასთან" აკავშირებდა, თუმცა ხანგრძლივ თანამშრომლობაზე შევთანხმდით.

ანდრესი ივლისში გვესტუმრება, სამწლიან კონტრაქტს გავაფორმებთ და აკადემიის დირექტორად იმუშავებს. ერთი კვირის განმავლობაში გარკვეულ სამუშაოებს ჩაატარებს და გეგმებს ერთად შევადგენთ.

მას სკოლაში გამოცდილი მწვრთნელების ჯგუფი დახვდება: გია ჭიაბრიშვილი, თემურ შალამბერიძე, თემურ ფოცხვერია, დავით კევლიშვილი, მამა-შვილი ნოდარ და გიორგი ჭელიძეები და ა.შ.

იმედი გვაქვს, რომ მალე "საბურთალო" წამყვან პოზიციას კიდევ უფრო განიმტკიცებს",
- გვითხრა სკოლის გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ანდრეს კარასკო: საქართველოში თითოეულ ნიჭიერს გაფრთხილება სჭირდება
ანდრეს კარასკო: "მალაგას" აკადემიაში გიორგი არაბიძეზე მსჯელობენ
ანდრეს კარასკო: საქართველოში სიამოვნებით დავბრუნდები
"საბურთალოს" ორი მოთამაშე ესპანურ "მალაგაში" გაემგზავრება
"საბურთალომ" "სალერის თასის" ფინალში ესპანეთში უძლეველი "მალაგა" დაამარცხა
საინტერესო პროექტი: ბარსელონას საფეხბურთო აკადემია საქართველოში?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული