ხმაური, წიოკი და დაკა-დაკა - პოლიტიზირებული ფეხბურთი ლანჩხუთში

AutoSharing Option
ფოტოზე: პრეზიდენტობის კანდიდატები გია ჩხაიძე (მარცხნივ) და კახა ებრალიძე

გურიის რეგიონის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც პარასკევს უნდა გამართულიყო, სამი კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა იმის გამო, რომ ჟურნალისტმა მამუკა ქანთარიამ თავიდანვე აღნიშნა, ჩემი კანდიდატურის დაყენება ჟურნალისტური მოკვლევისთვის მჭირდებოდაო, რეალურად მოქმედი პრეზიდენტი კახა ებრალიძე და "გურიისა" და ეროვნული ნაკრების ექსფეხბურთელი გია ჩხაიძე იბრძოდნენ გამარჯვებისთვის.

გრფფ-ის მე-6 ყრილობა დიდი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. არჩევნებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) მაღალჩინოსანი მურთაზ ხურცილავა, იურისტი კესო ჩხიკვაძე და სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ფედერაციის შენობასთან თავი გია ჩხაიძის მხარდამჭერებმა მოიყარეს
მეგაფონებით და საყვირებით. სიტუაცია საკმაოდ დაძაბული იყო და სწორედ ამიტომ იქვე პოლიციაც იყო მობილიზებული. მიუხედავად ამისა, არჩევნებს შეხლა-შემოხლისა და ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მოქმედი სახელისუფლებო გუნდის კანდიდატის, გია ჩხაიძის წარმატებას ბევრი წინასწარმეტყველებდა, თუმცა ფედერაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელ კახა ებრალიძესაც როგორც სახელისუფლებო, ასევე საფეხბურთო წრეებში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მით უფრო, რომ მის პერიოდს უკავშირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი: გურიის ფეხბურთის ფედერაციის ოფისის შეძენა, ევგრაფ შევარდნაძის სახელობის სტადიონზე თანამედროვე მინდვრის ბალახის დაგება და "გურიის" უმაღლეს ლიგაში გადასვლა.

გია ჩხაიძის მომხრეები და მისი ადვოკატი თვლიდნენ, რომ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით 13 სუბიექტს უნდა ესარგებლა, თუმცა ფედერაციის იურისტმა კატეგორიულად დააფიქსირა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ 7 სუბიექტს ჰქონდა, ხოლო 2 სწორედ არჩევნების დღეს, 24 მაისს დაემატებოდა, ანუ ჯამში 9 ორგანიზაცია იყო სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული და არა 13.

ამასთან, გია ჩხაიძის კანდიდატად წარმდგენი ორგანიზაცია ერთ-ერთი იყო იმ ორიდან, რომლის კანონიერება, ხმის მიცემის თვალსაზრისით, სწორედ არჩევნების დღეს დადასტურდა, ანუ ისე გამოვიდა, რომ კანდიდატის დასახელების დროს ეს ორგანიზაცია არალეგიტიმური იყო. ამის გამო არჩევნებში გია ჩხაიძე ვერ მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა კახა ებრალიძის გუნდი თანახმა იყო არჩევნებში მის ჩართვაზე, რადგან უფლებამოსილი 9 დელეგატიდან 6 სწორედ ებრალიძეს უჭერდა მხარს.

ფეხბურთის ფედერაციის იურისტის განცხადებით, ვერც არარეგისტრირებული სუბიექტები და ვერც არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

კესო ჩხიკვაძე, სფფ-ის იურისტი:
"სადღეისოდ, 13-დან მხოლოდ 9 ორგანიზაციაა სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული და მხოლოდ მათ აქვთ მინიჭებული არჩევნებში მონაწილეობისათვის აუცილებელი საიდენტიფიკაციო კოდი. დანარჩენებს კი ეს კოდი არა აქვთ და არც რეგისტრირებულნი არიან. სწორედ ამან წარმოშვა გაუგებრობა.

ორგანიზაცია როცა იქმნება, რეგისტრაციაში რომ უნდა გატარდეს და კოდი რომ უნდა მიენიჭოს, სამწუხაროდ, ზოგიერთმა მხოლოდ დღეს გაიგო. არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის პირი, ვისაც არ ექნება სარეგისტრაციო ნომერი და ზემოხსენებული კოდი. ხმაურიც ამან გამოიწვია. არჩევნებიც იმიტომ გადავდეთ, რომ ასეთი ხმაურის ფონზე მის ჩატარებას აზრი არა აქვს.

ფედერაცია არ ერევა გურიის რეგიონის ფედერაციის საქმიანობაში. ჩვენი მიზანია, ყველაფერი კანონიერად და სამართლიანად ჩატარდეს, შექმნილი სიტუაცია კი ამის საფუძველს არ იძლევა".


დარბაზში ყველაზე მეტად აქტიურობდა გია ჩხაიძის ერთ-ერთი მომხრე, "ქართული ოცნების" წევრი ნუგზარ ცინცაძე-უმცროსი:

"დღეს რომ გვეუბნებით, რეგისტრაცია უნდაო, აქამდე სად იყავით? რატომ გვატყუებთ? ლანჩხუთი თქვენი მოსატყუებელი არაა.

აქამდე ფედერაციამ რატომ არ გაგვაფრთხილა, რომ საიდენტიფიკაციო კოდი იყო საჭირო? ხომ ბრძანდებით იურისტი, აგვიხსენით, რატომ არ ვიცოდით აქამდე ეს? თქვით სიმართლე, ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი? საზოგადოება შეგყავთ სიცრუეში".


ამაზე იურისტმა განმარტა, რომ ვალდებულება არავის აქვს, რომ ორგანიზაციას დარეგისტრირება ურჩიოს - ეს იგივეა ორგანიზაციისთვის, ადამიანს პირადობის მოწმობა რომ სჭირდება.

ცინცაძე უკან არ იხევდა და მისმა აქტიურობამ გამგებელ ზაზა ურუშაძის გაცხარება გამოიწვია:

"რა ხდება, რატომ ხმაურობთ, ბაზარი ხომ არაა? არაკანონიერს არაფერს გავაკეთებთ, ნუ ჩხუბობთ".

თუმცა ცინცაძის გაჩუმება არცთუ ისე იოლი აღმოჩნდა.

კახა ებრალიძე:
"2009 წლის 5 ნოემბრის არჩევნების დროს, რომელიც ჩემმა წინამორბედმა ჩაატარა, მე ისეთივე კანდიდატი ვიყავი, როგორიც დღეს თუნდაც გია ჩხაიძეა. იმ ოქმის შესაბამისად მოქმედებდნენ ეს სუბიექტები. აქედან გამომდინარე, მე მათთან არავითარი ფინანსური ურთიერთობა არ მქონია.

დღეს ნებისმიერ არჩევნებზე ყოველთვის ზემოდან იძლევიან რეკომენდაციას, რომ ყოველი შემდგომი არჩევნები იყოს უკეთესი. ხომ შეიძლებოდა, ჩემს მომხრეებს არ ჰქონოდათ ეს კოდი და რეგისტრაციის ნომერი?"

ნუგზარ ცინცაძე:
"აბა, ჩვენს მომხრეებს ექნებოდათ? შენ არც 13 მაისის სხდომაზე დაისწარი არავინ".

კახა ებრალიძე:
"დაესწრო აბსოლუტურად ყველა ის, ვისაც აქვს ხმის მიცემის უფლება, ერთის გარდა, ისიც მისივე მიზეზით. თან ის არის აღმასკომი. მედია შეგყავთ შეცდომაში - აღმასკომი სხვაა, ყრილობა სხვა".

კესო ჩხიკვაძე:
"იურიდიული პირი, რომელსაც სახელმწიფოსგან არა აქვს მინიჭებული შესაბამისი კოდი და სარეგისტრაციო ნომერი, მონაწილეობას არჩევნებში ვერ მიიღებს. ეს ძალიან მარტივია. ასევე ვერ მიიღებენ ყრილობაში მონაწილეობას დღეს დარეგისტრირებული სუბიექტები, რადგან ეს სუბიექტები ჯერ წევრები უნდა გახდნენ. ამ სუბიექტებს რეგისტრაცია დღეს აქვთ გავლილი და დელეგატი 1 კვირის წინ წარმოადგინეს. ეს არის ნონსენსი".

მიუხედავად ამ განმარტებებისა, სიტუაცია მაინც უმართავი იყო, ხმაური უფრო და უფრო ძლიერდებოდა.

თავისი პოზიცია მურთაზ ხურცილავამაც დააფიქსირა. მისი თქმით, ასეთი ხმაური და დაძაბულობა ლანჩხუთს არ ეკადრება:

"აქ მიმუშავია და "გურია" ჩემთვისაც ისევე ძვირფასია, როგორც თქვენთვის. დამიჯერეთ, თქვენზე ნაკლებად არ გამხარებია, რომ გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავიდა.

არ შეიძლება ასეთი დაპირისპირება. არ შეიძლება ადამიანს გაკეთებული საქმე დაუკარგო. კახა ებრალიძის ხელში გადავიდა ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში, არ შეიძლება მას გული ატკინოთ. დავსხდეთ, დავილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ".


დაძაბული სიტუაციის გამო კანდიდატები მოლაპარაკებაზე დათანხმდნენ. რამდენიმეწუთიანი თათბირის შემდეგ, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, გადაწყდა, რომ გურიის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები პირველი სექტემბრიდან 5 ნოემბრამდე ვადაში ჩატარდება.

ასეთ გადაწყვეტილებას კახა ებრალიძის გუნდი არსებული ვითარების გამო დათანხმდა, თორემ მისი მხარდამჭერი დელეგატები, რომლებიც უმრავლესობაში იყვნენ, ყრილობის ჩატარებას მოითხოვდნენ. თუმცა ამის გაკეთება იმ დღეს შეუძლებელი გახდა.

როგორც ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ასეთ ვითარებაში სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რადგანაც იმის გარდა, რომ ჩატარება შეუძლებელი იყო, მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერ დელეგატებზე ზეწოლის საეჭვო გარემოებები გამოიკვეთა. ამასთან, ეჭვს იწვევს ის ფაქტიც, ხომ არ მოხდა ზეწოლა გრფფ-ის გენმდივან ხარიტონ ჩხატარაშვილზე - მან ყრილობაზე ჩამოსვლა ავადმყოფობის საბაბით ვერ მოახერხა.

კახა ებრალიძე:
"ჩემი კანდიდატურის დაყენებამდე შევხვდი სამივე რაიონის საფეხბურთო სამყაროს გამგეობის წევრებს, ლანჩხუთის "გურიას" ფეხბურთელებს და ვკითხე: მე თუ მქონდა ამ სამი წლის მანძილზე ისეთი საქმეები გაკეთებული, რომელიც მაძლევდა კანდიდატურის დაყენების უფლებას და რომლისთვისაც ისინი მხარს დამიჭერდნენ, დავაყენებდი კანდიდატურას; წინააღმდეგ შემთხვევაში, უარს ვიტყოდი.

ყველამ ერთხმად დამიჭირა მხარი. თუმცა დღეს ბევრმა პოზიცია შეცვალა. ძალიან ცუდია, რომ ასე დაიყო ფეხბურთის სამყაროს წარმომადგენლები: ჩემი და გიას მომხრეები. ჩვენ მეგობრები ვართ და თუ მე გავიმარჯვე, გია ჩხაიძეს ვიცე-პრეზიდენტობას ვთავაზობ.

ის შეცდომაშია შეყვანილი. მომხდარი ნამდვილად არასასიამოვნო იყო. სამწუხაროა, რომ ფეხბურთი ისევ პოლიტიზირებულია. ეს იყო საფეხბურთო არჩევნები, დღეს კი აქ ისეთი ხალხია მოსული, "გურიის" თამაშზეც არ მინახავს.

გარკვეული ზეწოლა იყო ჩემს მხარდამჭერ დელეგატებზე, მათ ემუქრებოდნენ სამსახურიდან დათხოვნით. ამის მიუხედავად, დელეგატების 2/3 მხარს მე მიჭერდა, თუმცა არჩევნების ჩატარება შეუძლებელი გახდა".


გია ჩხაიძე:
"13 ორგანიზაციიდან მხარს უმრავლესობა მე მიჭერდა. ვფიქრობ, აძლევდათ ხელს ის, რომ მხოლოდ 9-ს მიეღო მონაწილეობა არჩევნებში.

არადა, ჩვენ დღეს (24 მაისი), 12-ის ნახევრამდე მივიტანეთ ყველა საბუთი, ანუ ყველაფერი წესრიგში გვქონდა, მაგრამ სწორედ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე გვითხრა სფფ-ი
ს იურისტმა, რომ ამ საბუთებს ძალა არა აქვს (მიზეზზე ზემოთ უკვე ითქვა - ავტ.).

აქამდე არ ვიცოდით, რომ საიდენტიფიკაციო კოდი და სარეგისტრაციო ნომრები იყო საჭირო არჩევნებში მონაწილეობისათვის. კანდიდატი რომ ვიყავი, ისიც რვა დღით ადრე გავიგე (?! - ავტ.).

დურმიშხან ჩხაიძის ორგანიზაციამ დამასახელა. დათქმულ ვადაში მოვაგვარებთ ყველა პრობლემას, გავაკეთებთ ყველა საბუთს და იმედი გვაქვს, 13-ი
ვე სუბიექტი დარჩება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
აბა, ჰე! შეჭამეთ ერთმანეთი- ლანჩხუთს და ლანჩხუთელებს ეს არ გვესწავლება... :):) ორივე ნორმალური ბიჭია, მაგრამ არ შეიძლება კაი ლანჩხუთელი ლანჩხუთში... ბოლო-ბოლო, "აიძულეთ" დატოვოს რაიონი -მაგ.ფეხბურთელ ჩხაიძე(ებ)ს არ გაუკვირდებათ და... :):) მოიწვიეთ სხვა, მაგ. თბილისიდან :):) პ.ს. მაინც, "გეიხარეთ"!!!
gia -ლანჩხუთელი
15:26 27-05-2013
0
უკნიდან მიეპარა და ჩაარტყა. ეს არის კაცობა?
ალექსანდრე
16:08 27-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული