სოსო ფრუიძე: ბევრად ძლიერ მეტოქეს ველოდით

AutoSharing Option
ევროპის ლიგის 2013/14 წლების გათამაშების დებიუტანტი, საქართველოს თასის ფინალისტი - საჩხერის "ჩიხურა" ტურნირში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

სოსო ფრუიძის გაწვრთნილებს, ერთი შეხედვით, არც ისე ურიგო მეტოქე - ლიხტენშტაინის "ვადუცი" შეხვდა.

საჩხერელები პირველ შეხვედრას 4 ივლისს, შინ გამართავენ, საპასუხოს კი - 11 ივლისს.

საჩხერელთა დამრიგებელს სოსო ფრუიძეს კომენტარი ვთხოვეთ.

- რას იტყოდით მეტოქეზე?
- ბევრად ძლიერ მეტოქეს ველოდით. "ვადუცი" განვლილ სეზონში ჩელენჯლიგაში ბოლოდან მეორე ადგილზე გავიდა. ამის გამო ბევრი ფიქრობს, რომ სუსტი მოწინააღმდეგე შეგვხვდა, მაგრამ მე ასე არ მიმაჩნია.

"ვადუცი" ხელწამოსაკრავი
მოწინააღმდეგე არ უნდა იყოს და არც იოლი თამაშები გველის. მეტოქეზე ინფორმაციას მალე მოვიძიებთ და იმედია, მათ თამაშს კარგად შევისწავლით.

- ევროპის ლიგაზე საშინაო შეხვედრას სად ჩაატარებთ?
- თბილისში, "მიხეილ მესხზე". სამწუხაროდ, ჯერ საჩხერის სტადიონი უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

- მოსამზადებელი ეტაპი როგორ მიმდინარეობს?
- 13 ივნისს დავიწყეთ და საკმაოდ ნორმალურად ვემზადებით. 27 ან 28 ივნისს გორში "დილას" ამხანაგურ მატჩში შევხვდებით.

- გუნდში რა სიახლეებია?
- დღეს გადაწყდა, რომ სომხიშვილი "ჩიხურაში" დარჩება - მან ახალ ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

აქვე ვიტყვი: როდესაც გაახალგაზრდავებაზე ვილაპარაკე, ბევრმა არასწორად გაიგო - თითქოს მხოლოდ ბავშვებს დავეყრდნობოდით.

არადა, საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეები მოვიყვანეთ - მეკარე თევდორაძე, ბეჭვაია, წინამძღვრიშვილი, დათუნაიშვილი, ახლა სომხიშვილი დავაბრუნეთ, ოდიკაძე და რეხვიაშვილი გვყავს და მიმაჩნია, რომ შარშანდელზე უარესი გუნდი ნაღდად არ გვეყოლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროსეზონი გაიხსნა - იღბლიანი თბილისის "დინამო", დანარჩენები?
წილისყრა. საჩხერის "ჩიხურა": "ჯუჯები" შვეიცარიიდან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული