დინამო (თბ)-დინამო (მ) 1:1 - საფეხბურთო მშვიდობა [VIDEO]

AutoSharing Option
24 წლის წინ იყო, თბილისის "დინამომ" და მოსკოვის "დინამომ" უკანასკნელად რომ ითამაშეს ერთმანეთთან და აი, ამხელა პაუზის მერე ძველი მეტოქეების პაექრობა თბილისში შედგა.

იმის მიუხედავად, რომ მატჩი ამხანაგური იყო, გულშემატკივარმა დიდი ინტერესი გამოიჩინა. ყოველ შემთხვევაში, ამხელა აუდიტორიას ჩვენი "დინამოს" მატჩებზე გადაჩვეულები ვართ და ქართველი ქომაგის დაინტერესებაც გასაგებია: ყველას გვაინტერესებდა, საქართველოს ჩემპიონი როგორ წარმოჩინდებოდა ძლიერ მეტოქესთან შეხვედრაში.

მოსკოვის "დინამო" კი ნამდვილად განეკუთვნება ასეთთა კატეგორიას და ევროტურნირების წინ საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბისთვის პირდაპირ მისწრება იყო ძლიერ სპარინგ-პარტნიორთან საკუთარი შესაძლებლობის დამტ
კიცება.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


კი ბატონო, მოსკოვის "დინამოს" ტრავმის გამო კევინ კურანი აკლდა, კიდევ ერთი ლიდერი ბალაშ ჯუჯაკი შეცვლაზე შემოვიდა, თუმცა დან პეტრესკუს გაწვრთნილ გუნდში მაინც მრავლად იყვნენ გამორჩეული შემსრულებლები: ანტონ შუნინი (მეკარე), ლეანდრო ფერნანდესი (მცველი), კრისტიან ნობოა (ნახევარმცველი), ანდრეი ვორონინი (თავდამსხმელი).

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ემოციური პეტრესკუ და აქტიური მერებაშვილი
ჩვენი მეტოქის კლასი მატჩის დასაწყისშივე გამოჩნდა: მოსკოვის "დინამომ" მართლაც შესაშური და სამაგალითო შეტევა განახორციელა, სამი-ოთხი პასით უპრობლემოდ გადმოვიდა ჩვენს ნახევარზე; მერე მარჯვენა ფლანგიც დატვირთეს; ბოლო, გამჭოლ გადაცემას კი ვლადიმირ სობოლევის ზუსტი დარტყმა მოჰყვა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ლორიას კარში ბურთი მცირე რიკოშეტით შევარდა.

აი, ასეთი დასაწყისი ჰქონდა ძველი მეტოქეების ამხანაგურ შეხვედრას, რომლის საბოლოო შედეგსაც გულშემატკივართა უმრავლესობა... ფრეს ვარაუდობდა და ასეც მოხდა! თანაც, ისე, როგორც 70-იან წლებში, თბილისისა და მოსკოვის "დინამოების" საკავშირო ჩემპიონატის ზედიზედ ექვსი მატჩი სწორედ ასეთი ანგარიშით მთავრდებოდა.

Sportall.Geთუმცა 7 ივლისს გამართულ ამხანაგურ შეხვედრას ვნებათაღელვაც ახლდა: ტრიბუნებზეც რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია და მოედანზე ერთი-ორ ეპიზოდში აშკარად "არაამხანაგური" ორთაბრძოლაც ვიხილეთ.

ეგ კი არა, "დინამოს" ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა პეტერ გრაიციარმა მძიმე ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს; ასევე, დაშავდა გივი კვარაცხელია და ისიც შესაცვლელი გახდა; სტუმართა რუმინელი მწვრთნელი დან პეტრესკუ კი მთელი მატჩის განმავლობაში ემოციურად აპროტესტებდა ქართველი არბიტრების გადაწყვეტილებებს (განსაკუთრებით - მეორე ტაიმში).

რას ვიზამთ, მსაჯების სიმპათია ხანდახან ჩვენს გუნდებსაც "სჭირდებათ" და, ამის გამოც 7 ივლისს გამართულ მატჩში ქართველ არბიტრთა ბრიგადა არავინ უნდა დაძრახოს. მიზეზი მარტივია: აბა, წარმოიდგინეთ, ეს მატჩი მოსკოვში რომ ჩატარებულიყო და არბიტრიც იქაური ყოფილიყო, ძნელი მისახვედრი არ იქნებოდა, შეხვედრის სცენარი როგორ წარიმართებოდა.

სჯობს, ისევ შეხვედრას დავუბრუნდეთ და უპირველესად ის უნდა ვთქვათ, რომ ჩვენმა "დინამომ", ფაქტობრივად, ოპტიმალური (გნებავთ, უძლიერესი) შემადგენლობით ითამაშა. თანაც, რაც ყველაზე თვალშისაცემი იყო, სწრაფ გოლს ჩვენების თამაშზე დამთრგუნველად არ უმოქმედია და საპასუხო შეტევაში კინაღამ ანგარიშიც გავათანაბრეთ: გიორგი მერებაშვილმა მარცხენა ფლანგზე ჩინებული რეიდი განახორციელა, რომელიც კუთხურით დასრულდა.

საერთოდაც, პირველ ტაიმში მერებაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ მოედანზე და თავისი მეურვე, ავსტრალიელი ლუკ უილკშირი ხომ პირწმინდად დაჩაგრა, მეტოქის კარსაც არაერთხელ დაემუქრა. ერთხელ მცველი "ჩაუწვა" და მომენტი ასე განიმუხტა; მეორედ კარის ხაზიდან გამოიტანეს ბურთი, მესამე ეპიზოდში კი მერებაშვილის დარტყმის მერე ბურთი სტუმართა კარის ხარიხას მოხვდა.

ამის გარდა, ის ეპიზოდებიც უნდა აღვნიშნოთ, როცა ირაკლი ძარიას და პეტერ გრაიციარს შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ანტონ შუნინი უშეცდომოდ თამაშობდა.

გულხელდაკრეფილი არც სტუმრები ყოფილან: ვლადიმერ სობოლევმა კინაღამ "დუბლი" შეასრულა, - იმ ეპიზოდში გიორგი ლორიამ იყოჩაღა. თუმცა საქართველოს ნაკრების მეკარე მანამდე კინაღამ დაისაჯა: თამაშში ბურთი კარგად ვერ შემოიტანა და მოსკოვის "დინამოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკვადორელმა კრისტიან ნობოამ შორი მანძილიდან ცარიელ კარს ვერ დაუმიზნა, თორემ...

აშკარა უპირატესობა და მოსალოდნელი ლოგიკა
მეორე ტაიმის დასაწყისი სტუმრების აქტიური თამაშით დაგვამახსოვრდა და ისევ ნობოა-ლორიას "დუელი" ვიხილეთ, ჩვენი მეკარის დამაჯერებელი თამაშით რომ დამთავრდა. თუმცა, ეს იყო და ეს: მატჩის დამთავრებამდე მოსკოველებმა მხოლოდ ერთადერთი რეალური მომენტი შექმნეს, დანარჩენი დრო კი თბილისის "დინამოს" აშკარა უპირატესობით წარიმართა.

ჯერ ჩისკოს შეეძლო გოლის გატანა: ჯაბა დვალის ეფექტური პასით ესპანელი გოლეადორი მახვილი კუთხიდან ურტყამდა, მაგრამ ბურთი მიზანს ააცილა. ამასობაში ორივე გუნდის მწვრთნელებმა მოედანზე ახალ-ახალი ფეხბურთელები შემოიყვანეს და ამათგან ელგუჯა გრიგალაშვილი და გიორგი პაპავა გვინდა გამოვყოთ.

გრიგალაშვილი თავდამსხმელის პოზიციაზე გამწესდა და ასისტენტობასაც კარგად ართმევდა თავს და მეტოქის კარსაც ემუქრებოდა. ერთ ეპიზოდში მისი შორეული დარტყმის მერე ანტონ შუნინმა ბურთი გაჭირვებით მოიგერია. მოსკოვის "დინამოს" მეკარემ არც გრაიციარს დაანება გოლის გატანა და გიორგი პაპავას მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმაც მოიგერია.

მოკლედ, ჩინებულად იდგა კარში ანტონ შუნინი, მაგრამ როცა თავისი მცველების უხეში შეცდომის მერე ჩისკო ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, აი, იმ ეპიზოდში თავისი გუნდის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

ისე, პირველი გოლის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც რიკოშეტი მოხდა, თუმცა ეს უკვე "მეორეხარისხოვანი" იყო: თბილისის "დინამომ" ანგარიში გაათანაბრა და მოსაგებადაც "გაიწია", მაგრამ საბოლოო შედეგი, ალბათ, მაინც ლოგიკურად უნდა მივიჩნიოთ.

უბრალოდ, საწყენია, როცა ამხანაგურ მატჩში გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი (პეტერ გრაიციარი) ტრავმას იღებს; თანაც, უნდა ვაღიაროთ, რომ დღესდღეობით თბილისის "დინამოს" გრძელი სათადარიგოთა სკამი ნამდვილად არა აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ადვოკატის ინფორმაციით, "დინამო არენასთან" დაკავებულ პირებს დაზიანებები აქვთ მიყენებული
"დინამო არენასთან" მომხდარი შეხლა-შემოხლის გამო სამი პირი დააკავეს
ქართველ ქომაგთა ნაწილმა რუსი ფანების მიერ რუსეთის იმპერიალური დროშის გამოფენა გააპროტესტა
კრიშტიანო რონალდომ ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია გახსნა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩამოვიდნენ რუსების აგენტები და დაიპყრეს საქართველო,გადაწიეს 200-ი წლით უკან მონობაში როგორც პოლიტიკაში ასევე სპორტში.იმიტომ რომ ქართველები მუკტახორები არიან.
gaga
13:34 08-07-2013
0
მერება სანაკრებო დონის იგროკია ვიძახი, მაგრამ ვინ გისმენს, თემურ აჩნიიის!
შაკო
13:18 09-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული