რომან ფიფია: ნებისმიერ მეტოქეს ღირსეულად უნდა ვებრძოლოთ

AutoSharing Option
რომან ფიფიას "ლელო" ბოლოს გასული სეზონის მსვლელობისას ესაუბრა. მას შემდეგ თბილისის "დინამო" საქართველოს ჩემპიონი გახდა, გაიხსნა საკლუბო აკადემია, თბილისში ჩამოვიდა კრიშტიანო რონალდო, "დინამოს" კი ჩემპიონთა ლიგა კარს მოადგა.

ასე რომ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის პრეზიდენტთან სასაუბრო მრავლად დაგვიგროვდა და ზემოთ ნახსენებ ამბებთან ერთად, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან თემებსაც შევეხეთ.

- "ლელოსთან" ბოლო ინტერვიუში აპრილში თქვით, რომ "დინამოს" აკადემიის გახსნის დღეს თბილისს გაანათებდით. როგორც ჩანს, რონალდოს ჩამოყვანაზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდით.
- ჩვენი პრიორიტეტული ვარიანტი რონალდო იყო, თუმცა გვქონდა მეორე და მესამე
ვარიანტებიც. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა თბილისი მართლაც გაანათა, მან ჩვენი აკადემიის გახსნის ცერემონიალი დაამშვენა. მხოლოდ თბილისისა და მოსკოვის "დინამოების" მატჩის სანახავად იგი ნამდვილად არ ჩამოვიდოდა.

ჩემი მიზანი არ ყოფილა ვინმეს გაოცება. ეს რომ მდომოდა, რონალდოს ვიზიტს დიდი ხნით ადრე დავაანონსებდით და სერიოზულ აჟიოტაჟს შევქმნიდით. ჩემი უმთავრესი მიზანი "დინამოს" აკადემიის ბავშვების გახარება და მათთვის სტიმულის მიცემა იყო.

- თუ გაგვიმხელთ, რა თანხებთან იყო დაკავშირებული რონალდოს ჩამოყვანა?
- კატეგორიულად უარვყოფ გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, თითქოს მას ასეულ ათასობით ევრო გადავუხადეთ. დავაფინანსეთ მხოლოდ რონალდოს, მისი შვილისა და მეგობარი გოგონას მგზავრობა, რა თქმა უნდა, ამისთვის თვითმფრინავი დავიქირავეთ.

იგი ჩვენი აკადემიითა და საწვრთნელი ბაზით ისე მოიხიბლა, რომ ევროპულ ტელეარხებს ინტერვიუებში უამბო კიდეც ნანახის შესახებ. ისე კი, რონალდო მსგავს ვიზიტებში ალბათ მილიონზე ნაკლებს არ იღებს. იგი შეგვპირდა, რომ კიდევ გვეწვევა.

- ბევრჯერ გითქვამთ, რომ "დინამოს" ბაზა თქვენი სახლია. ახლა კი აკადემია - მეორე სახლიც გაქვთ.
- ეს სახლი არის ჩვენი იმედი, ხვალინდელი დღე. აკადემია დავაფუძნეთ იმისთვის, რომ ნიჭიერი ქართველი ბავშვები ვარსკვლავებად გავზარდოთ. ეს ხომ მხოლოდ "დინამოს" საქმე არ არის, ჩვენს აკადემიაში ქართული ფეხბურთის მომავალზე ვზრუნავთ. მომავალზე ფიქრი და მოქმედება უმთავრესია. ვინც ამას არ აკეთებს, იგი მნიშვნელოვან პრობლემებს ვერ ასცდება. გვინდა, რომ "დინამოს" სახლში მომავალში უფრო მეტი ქართველი იყოს.

- ამჟამად აკადემიაში რამდენი მწვრთნელია დასაქმებული და რამდენი ბავშვი ვარჯიშობს?
- გვყავს 12 მწვრთნელი, რომლებთან ერთადაც მუშაობენ სტაფის სხვა წევრებიც. ცხრა ასაკობრივ გუნდში 200-მდე ნიჭიერი ბავშვი ვარჯიშობს. დღეისთვის კი საუკეთესოთა შორის საუკეთესო 20-მდე ბავშვი ცხოვრობს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. რაც შეეხება "დინამოს" საფეხბურთო სკოლას, იქ 400-მდე ბავშვს შეუძლია ვარჯიში.

მალე აკადემიაში გავხსნით სასადილოს, სადაც მწვრთნელებს და იქ დასაქმებულ პერსონალს საუკეთესო სამუშაო პირობებთან ერთად კვების საშუალებაც ექნებათ. ვაპირებთ, სასადილოში ის ბავშვებიც ვატაროთ, რომლებსაც ოჯახური მიზეზების გამო სრულფასოვანი კვების შესაძლებლობა არ აგააჩნიათ.

- თბილისისა და მოსკოვის "დინამოების" ამხანაგურმა მატჩმა პოლიტიკური განცხადებების გარეშე ვერ ჩაიარა...
- ჩვენ რუსეთს, როგორც მეზობელს, ვერავინ შეგვიცვლის. ამ ქვეყანასთან დიდი ისტორია გვაკავშირებს და ამ დროის განმავლობაში მომხდარა როგორც ბევრი ცუდი, ასევე კარგი. საკმაო მიზეზი გვაქვს საიმისოდ, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები აღვადგინოთ.

რუსეთში მოღვაწე ბევრ ბიზნესმენთან მაქვს ურთიერთობა, მათ შორის, იმ ხალხთანაც, ვინც საფეხბურთო წრეებში ტრიალებს. შეგვეძლო, "დინამოს" ნაცვლად მოსკოვის "სპარტაკი" ჩამოგვეყვანა, მაგრამ რაკი "დინამო" ისტორიულად იყო ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე და ბევრი სხვა თანხვედრაც არსებობდა, არჩევანი მასზე შევაჩერეთ.

ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ თუ არ ვცდები, ბევრი არ დაინტერესებულა იმით, თუ როგორი ძალისხმევა დაგვჭირდა ამ მატჩის ორგანიზებისთვის. ეს ძალისხმევა კი ტყუილად არ ჩაივლის და თავის შედეგებს აუცილებლად გამოიღებს. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგა ამ საქმის ორგანიზებაში.

- რა სტადიაშია მოლაპარაკებები ვითიბი ბანკთან?
- ეს ბანკი არის მოსკოვის "დინამოს" სპონსორი და მეპატრონე. მისგან მივიღეთ შეთავაზება სპონსორობაზე. ვითიბი ბანკი არ ითხოვს თბილისის "დინამოს" წილს, მას მხოლოდ ჩვენი კლუბის სპონსორობა უნდა და უარის თქმის მიზეზს ვერ ვხედავ.

თბილისის "დინამო" ყოველთვის იყო ბრენდი და ეს ინტერესი ამიტომაც არ არის გასაკვირი. ბოლო პერიოდში კი ჩვენმა კლუბმა წამყვანი პოზიციები დაიბრუნა. ამავდროულად, მათ საქართველოშიც აქვთ ფილიალები და პროგრესი სურთ.

ვითიბი ბანკის სპონსორობის საკითხი აგვისტოში გაირკვევა. ბანკი სპონსორი გახდება, მაგრამ არა აქციონერი ან მესაკუთრე.

- "დინამოს" მიერ განხორციელებული ტრანსფერები საკმარისია საქართველოს ჩემპიონობისთვის?
- საკმარისზე მეტიცაა. ძლიერი მეტოქეების გარეშე წინ ვერ წახვალ, 5-6 ძლიერი კონკურენტი ჰაერივით გვჭირდება. გული მწყდება, რომ საქართველოს ჩემპიონატში ძლიერი მეტოქეების ნაკლებობას განვიცდით, რაც ჩვენს განვითარებას ხელს უშლის.

ძლიერ კონკურენტს კი წლიური ბიუჯეტი მინიმუმ 3 მილიონი ლარი უნდა ჰქონდეს, სხვაგვარად, კლუბის ნორმალურად ფუნქციონირება შეუძლებელია. კერძო მეპატრონეებს სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაუდგეს მხარში. რა თქმა უნდა, ეს თანხები მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს. პრივილეგირებული კლუბების დრო ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.

სახელმწიფომ კლუბები საშემოსავლო გადასახადისგან უნდა გაათავისუფლოს, 5-10 წლით მაინც. ეს სახელმწიფო ბიუჯეტს არ დააზარალებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომში, რომლის წევრადაც რამდენიმე დღის წინ ამირჩიეს, გვქონდა ამაზე საუბარი. დამევალა კანონპროექტის მომზადება, რომელსაც ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტში წარვადგენთ. ამ საკითხებში უმაღლესი ლიგის თორმეტივე კლუბს ერთი პირი გვაქვს, ერთმანეთის აზრს ყველა ვიზიარებთ და პატივს ვცემთ.

- რატომ ვერ მოხერხდა მიკელ ალვაროს შენარჩუნება?
- იმიტომ, რომ მას ჰქონდა დიდი მადა. მივიჩნიე, რომ ამ მადის დაკმაყოფილება სამართლიანი არ იქნებოდა. მან მოითხოვა ხელფასის გაზრდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბიდან წასვლის მზადყოფნა გამოთქვა. ეს, მისი მხრიდან, ფაქტობრივად, ულტიმატუმი იყო, რის შემდეგაც ჩვენ გადავწყვიტეთ მასთან დამშვიდობება.

არ უარვყოფ, რომ მან "დინამოს" ჩემპიონობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მაგრამ იგივეს თქმა ჩვენი გუნდის კიდევ არაერთ ფეხბურთელზე შემიძლია.

ბაქოს "ინტერში" ალვაროს წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ აქ უკეთ ითამაშებდა.

- "დინამო" ფორმის პიკში ჩემპიონატის მიწურულს შევიდა. ალბათ, შედეგთან ერთად, გუნდის თამაშის ხარისხიც გაკმაყოფილებთ.
- რა თქმა უნდა, მაკმაყოფილებს. ძალიან მსიამოვნებს, რომ "დინამო" დამაჯერებლად ათამაშდა. ეს გასულმა სეზონმაც დაამტკიცა და შეკრებაზე გამართულმა მატჩებმაც. უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ, როგორც იქნა, გუნდი გუნდს დაემსგავსა. ბიჭებს ერთმანეთთან, მწვრთნელებთან და კლუბის თანამშრომლებთან საოცარი ურთიერთობა აქვთ. რა თქმა უნდა, მათთან მეც შესანიშნავ დამოკიდებულებაში ვარ. ყველაზე ძნელი გუნდური ერთიანობის მიღწევაა და ჩვენ ეს შევძელით.

- "დინამოს" ძირითად შემადგენლობასა და 18-კაციან განაცხადს ნელ-ნელა უშინაურდებიან ახალგაზრდები...
- დუშანს არ უყვარს სიჩქარე, ალბათ, ეს თვისება მამამისისგან გამოჰყვა. მისი გადასაწყვეტია, ვის როდის მისცემს შანსს. "დინამოს" ახალგაზრდების შესაძლებლობებში კი ეჭვი ოდნავადაც არ გვეპარება. ეს ბიჭები ჩვენი ხვალინდელი დღეა.

- ალბათ, კონკურენციის ხარისხითაც კმაყოფილი ხართ.
- გუნდში კონკურენცია მართლაც საოცრად გაიზარდა, რაც ძალიან მახარებს. გრაიციარის ტრავმა ჩვენთვის დიდი დანაკლისია, მაგრამ მისი შემცვლელის დამატებასაც შევეცდებით. თუ ფეხბურთელი კონკურენტის სუნთქვას ვერ გრძნობს, იგი ვერ განვითარდება და გუნდიც დაზარალდება.

- აკადემიის გახსნის შემდეგ, "დინამოს" მთავარი სამიზნე უკვე ჩემპიონთა ლიგაა.
- იმედი მაქვს, რომ გუნდი ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდება. კარგია, რომ განთესილთა შორის აღმოვჩნდით, შემდეგ კი იღბლიანი წილისყრაც გვერგო. ამ ყველაფერს კი გამოყენება უნდა. ჯერი ბიჭებსა და მათ მწვრთნელზეა.

ფარერული ბარიერი დამაჯერებლად, დანაკარგების გარეშე უნდა გადავლახოთ, შემდეგ კი ნებისმიერ მეტოქეს ღირსეულად უნდა ვებრძოლოთ.

- რა კომენტარს გააკეთებთ ბოლო დღეებში სპორტსაზოგადოება "დინამოს" მიერ წამოწყებულ კამპანიაზე?
- რბილად რომ ვთქვათ, ამ ხალხის პრეტენზია არაადექვატურია. თავის დროზე "დინამოს" საწვრთნელ ბაზაში ფულის გადახდა არავის უნდოდა, პრეტენზიები კი მაშინ გაჩნდა, როცა იგი მე შევიძინე. ახლა ვიღაცებს ხელის მოთბობა უნდათ, რაც არ გამოუვათ. ამ ხალხის მიზანია, "დინამოს" რიგებში ქაოსი შეიტანონ, რასაც ნამდვილად ვერ მიაღწევენ.

დაველოდებით, რა სარჩელს შეიტანენ სასამართლოში და შემდეგ ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. სიმართლე ჩვენს მხარესაა და ამიტომაც მშვიდად ვართ.

- როდისთვის იგეგმება დიდი ხნის წინათ დაანონსებული "დინამოს" ფანშოპის გახსნა?
- სექტემბერ-ოქტომბერში "დინამო" არენაზე გაიხსნება როგორც კლუბის ფანშოპი, ასევე მუზეუმი. ორივე მათგანი უმაღლეს დონეზე მოეწყობა და ვიმედოვნებ მნახველთა დიდ მოწონებას დაიმსახურებს.

გარდა ამისა, სტადიონზე დავდგამთ ბორის პაიჭაძის ახალ და უფრო მასშტაბურ ძეგლს, რათა ყველას შევახსენოთ, ვისი სახელობისაა "დინამო არენა". ესეც ჩვენი ბავშვებისთვის უნდა იქცეს სტიმულად. მათ უნდა დაინახონ, როგორ ფასდებიან საქართველოში გამოჩენილი ფეხბურთელები და უნდა იცოდნენ, რომ მათაც აქვთ შანსი, მომავალში ასეთი პატივის ღირსნი გახდნენ.

ლევან ჯანეზაშვილი, გია ტუხაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რომან ფიფია: ვფიქრობ, "დინამოს" ვეტერანები შეცდომაში შეიყვანეს
რომან ფიფია: არ ვითამაშებთ იმ ქალაქში, სადაც ნორმალური მოედანი არ იქნება
რომან ფიფია: თბილისის "დინამო" აუცილებლად გაძლიერდება
რომან ფიფია: პირდაპირ ვიტყვი - აქ დიდი სიბინძურე ტრიალებს!
რომან ფიფია: ჩემპიონატში აფხაზეთისა და ცხინვალის გუნდები - შესანიშნავი იქნებოდა
მკითხველის კომენტარები / 5 /
თუ შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნას, როგორ რებულობენ დაფინანსებას საფეხბურთო კლუბები საქართველოში და ერევა თუ არა მასში საქართველოს ხელისუფლების რომელიმე სამსახური.
zigmund78
16:12 13-07-2013
0
ვააა
zigmund78
16:12 13-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული