ისინი რომან ფიფიას მიერ "დინამოს" საწვრთნელი ბაზის შესყიდვის პროცესში წინა ხელისუფლების უხეშ ჩარევაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ფიფიამ ამის წყალობით, ბაზა არარეალურად მცირე თანხად შეიძინა.
ფიფიამ ამ პრეტენზიების შესახებ თავისი პოზიცია "ლელოსთან" ინტერვიუში რამდენიმე დღის წინ დააფიქსირა.
იხილეთ:
ნიკა ივანიშვილი: რომან ფიფიასგან კომპენსაციად 10 მლნ ლარს ვითხოვთ
როგორ დაათმობინა წინა ხელისუფლებამ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს "დინამო"
რომან ფიფია: ნებისმიერ მეტოქეს
დღეს კი "დინამოს" ყოფილი სპორტული დირექტორის, ზურაბ პოლოლიკაშვილის კომენტარს შემოგთავაზებთ. იგი "დინამოს" ხელმძღვანელობაში სწორედ მაშინ მუშაობდა, როცა ბაზის შესყიდვა მოხდა.
პოლოლიკაშვილი ამჟამად ესპანეთშია, სადაც საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მოღვაწეობს და მას იქ დავუკავშირდით.
"დღეს "დინამოსთან" მხოლოდ დიდი სიყვარული და გულშემატკივრის სტატუსი მაკავშირებს და არც იმის საქმის კურსში ვარ, რა ხდება ბოლო დროს მის გარშემო. ივანიშვილის, ღიბრაძისა და მათი თანამოაზრეების პრეტენზიების შესახებ თქვენგან შევიტყვე და სიმართლე გითხრათ, ძალიან გაკვირვებული დავრჩი.
ნიკას დიდი ხანია ვიცნობ და ერთმანეთთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. როცა ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ "დინამოსგან" დიღმის საწვრთნელ ბაზას ვყიდულობდით, იგი ყველაზე მეტად აქტიურობდა, ძალიან ხშირად მირეკავდა და პროცესის დაჩქარებას ითხოვდა. რაც მთავარია, მას არასდროს გამოუთქვამს ფასზე პრეტენზია.
თუ ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას მართლა ჰქონდა ადგილი, ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს, მე კი იმ ფაქტების შესახებ გიამბობთ, რასაც საკუთარი თვალით ვხედავდი. თუ არ ვცდები, ბაზის შესყიდვის დოკუმენტზე მეც მაქვს ხელი მოწერილი და ივანიშვილისა და მისი პარტნიორების მხრიდან უზომო კმაყოფილების გარდა, არაფერი მახსოვს.
ფაქტია ისიც, რომ რომან ფიფიამ "დინამოს" ბაზა, რომელიც გაუბედურებულ მდგომარეობაში იყიდა, თანამედროვე სტანდარტებით მოაწყო და სამაგალითო გახადა. მან კლუბში ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო. ამხელა თანხა ქართულ ფეხბურთში კი არა, საქართველოში სხვა მნიშვნელოვან სფეროებშიც იშვიათად იხარჯება.
მოკლედ, ამ ადამიანის დამსახურებებზე ბევრი საუბარი არც არის საჭირო, ქართველი გულშემატკივარი ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავს.
აქვე შემთხვევით ვისარგებლებ და "დინამოს", რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძვის, მიზნის მიღწევას ვუსურვებ. ფარერული ბარიერი დამაჯერებლად გადავლახეთ, შემდეგ ეტაპებზე კი კარგ თამაშთან ერთად, იღბლიანი წილისყრაც გვჭირდება.
ჩემი აზრით, "დინამოს" არც შემადგენლობის გაძლიერება აწყენდა.
კარგი იქნებოდა, ეს აჟიოტაჟი მაინცდამაინც ახლა არ ამტყდარიყო. კლუბის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ეს ვითარება სახარბიელოდ არ მოქმედებს.
არაფერი დაშავდებოდა იმით, პრეტენზიები თუნდაც სექტემბერში გამოთქმულიყო".
ბოლოს პოლოლიკაშვილმა ისიც გაგვიმხილა, რომ დიპლომატიური კარიერის პარალელურად, არ წყვეტს კავშირს საფეხბურთო და ბიზნესწრეებთან და უახლოესი პერიოდისთვის ერთობლივი მასშტაბური ქართულ-ესპანური საფეხბურთო პროექტი დააანონსა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რომან ფიფია: ვფიქრობ, "დინამოს" ვეტერანები შეცდომაში შეიყვანეს
სკ "დინამო თბილისის" განცხადება: ვიღაცებს ხელის მოთბობა უნდათ!
მერაბ რატიანი: მიპასუხონ, თბილისის "დინამო" კანონიერად ჩამომართვეს?
ვინ შეჭამა თბილისის "დინამო"? [სკანდალური დოკუმენტები]
ლერი სულაბერიძე: რომან ფიფიას ამ პოზიციაზე ყოფნას არ ვურჩევ
მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით
კვირის 1000 წვრილმანი: დაუბრუნდება თბილისის "დინამო" დამფუძნებლებს?