მიხაილ გორელიშვილი
დაიბადა: 1993 წლის 29 მაისს
მოქალაქეობა: რუსეთი
სიმაღლე: 175 სმ
წონა: 66 კგ
პოზიცია: ფლანგის შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო კარიერა
2011-2012 - ყაზანის "რუბინი 2" 25 მატჩი, 3 გოლი
2013 - გორის "დილა" 21 მატჩი, 4 გოლი
დანიურ "ოლბორგთან" 20 წლის შემტევის, მიხაილ გორელიშვილის ფერიან თამაშსა და დუბლს გულგრილი არავინ დაუტოვებია. მას ჩვენი გულშემატკივარი კარგად არ იცნობს და ამიტომ წარმოგიდგენთ მის მცირე დოსიესა და ინტერვიუს.
"ყაზანელთა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და პერსპექტიული მოთამაშე", - ასე დაახასიათა 2012 წლის მარტში
მამამისი თბილისელი გახლდათ, მაგრამ ნიჟნი ნოვგოროდში დასახლდა. მიშამაც პირველი ნაბიჯები ამ ქალაქის საფეხბურთო აკადემიაში გადადგა. მერე ტოლიატში იური კანაპლიოვის ცნობილ საფეხბურთო აკადემიაში იზრდებოდა, ბოლოს კი ორი წელიწადი "ჩერტანოვოში" ვარჯიშობდა - სწორედ იქიდან მიიწვიეს ყაზანის "რუბინში".
2012 წლის დასაწყისიდან, გორელიშვილს გუნდის მთავარი მწვრთნელი ყურბან ბერდიევი "რუბინის" ძირითად შემადგენლობაში ავარჯიშებდა. გუნდის კაპიტანი რომან შარონოვი ანდრეი არშავინის ზედმეტსახელს, "შავას" ეძახდა, რადგან ახალგაზრდა ქართველს რუსული ფეხბურთის ვარსკვლავს ამსგავსებდნენ - სხვათა შორის, ორივე 29 მაისს არის დაბადებული.
რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა დმიტრი ალენიჩევმა 2011 წლის დასაწყისში შენიშნა და მას შემდეგ საერთაშორისო ტურნირებსა და შესარჩევი ციკლის შეხვედრებშიც ათამაშებდა.
2012 წლის ივნისში, "რუბინის" იმედი საქართველოში ჩამოვიდა და გორის "დილაში" ჩაირიცხა - ცხადია, მოულოდნელი იყო. თუმცა, შარშან გორის "დილა" დიდ მადაზე იყო და გუნდის საევროპო განაცხადში კი მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია. ჩემპიონატშიც ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 8-ჯერ ითამაშა.
ფეხბურთის "შიმშილი" დანიელებთან მოიკლა - მოედანზე 63-ე წუთზე შესულმა დუბლი მიითვალა და გორელების წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
იხილეთ ვიდეო
- გილოცავ - ევროთასებზე მშვენიერი დებიუტი გამოგივიდა.
- მადლობთ, ძალიან ბედნიერი ვარ, კარგია მოგება, მაგრამ ცაში ფრენა არას გვარგებს. დანიაში განმეორებითი შეხვედრისთვის აქედანვე უნდა მოვემზადოთ. ჩავთვალოთ, რომ "ოლბორგმა" ყველაზე ცუდი შეხვედრა სწორედ თბილისში ჩაატარა. ალბათ, საკუთარ სტადიონზე უფრო აგრესიულად ითამაშებს.
- თბილისში ისეთი სიცხე არ ყოფილა, რომ გაგუდულიყვნენ.
- მესმის, მაგრამ მათთვის მაინც უჩვეულო კლიმატი იყო. ჩრდილოელებისთვის ზაფხულში თბილისში თამაში ძალიან ძნელია. სხვათა შორის, უფრო გვიან თამაში მეც მესიამოვნებოდა.
- სიცხემ შენზეც იმოქმედა?
- არა, უბრალოდ, ხალხი სამუშაოს 6-7 საათზე ამთავრებს და ასე მგონია, უფრო მეტი მაყურებელი გვეყოლებოდა. თუმცა ესეც გარკვეული ტაქტიკა იყო და კარგად მესმის - რადგან მოვიგეთ, ეტყობა, მართლა ასე სჯობდა.
მაგრამ ეს სიტყვები მეტოქის მეტისმეტ დაფასებაში არ ჩამითვალოთ. საკმაოდ კარგი გუნდია, სათამაშო დისციპლინას იცავდა, თითქოს, კვალიფიციური ფეხბურთელებიც ჰყავთ. მაგრამ ადრე ქართული ფეხბურთი დანიელებისაზე ნაკლები დონის არ იყო და ჩვენი მიზანია, ვალდებულებიც ვართ, "ოლბორგის" ბარიერი გადავლახოთ.
- დანიელ მცველებს სისწრაფეში სჯობდი - ალბათ, განმეორებით შეხვედრაში კონტრშეტევებზე თამაში გაგიადვილდება.
- მეც მგონია, რომ დანიაში "ოლბორგი" თავიდანვე წინ წავა, მათ დასაკარგავი არაფერი აქვთ და თუ სწრაფი კონტრშეტევების ორგანიზებას მოვახერხებთ, შემდეგ წრეში გასვლის კარგი შანსი გვექნება. ცხადია, საამისოდ, მწვრთნელი მოგვამზადებს.
- გორის "დილას" ახალ შემადგენლობაზე რას იტყვი?
- "დილა" ისეთ ფეხბურთს თამაშობს, მე რომ მიყვარს. ამბიციური მწვრთნელი და ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს. მაგალითად, ილურიძე, აბურჯანია, გამოცდილი ფეხბურთელები კი ძმებივით გვექცევიან. დანიელებთან მოგება ამ ატმოსფერომაც განაპირობა.
დიახ, ჯერ დანიური ბარიერი უნდა გავიაროთ, გასვლაზე ლაპარაკი ნაადრევია. გასვლის შემთხვევაში კი, ბევრი რამ იქნება კენჭისყრაზე დამოკიდებული. მაგრამ დროა, ქართული გუნდი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს - პირადად მე, ეს შესაძლებელი მგონია.
- ალბათ, ამ თამაშის შემდეგ, ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელები ყურადღებას მოგაცევენ - თავად თუ დათმობ რუსეთის მოქალქეობას?
- რატომაც არა? ვიცი, ბევრისთვის გაუგებარი იყო ჩემი შარშანდელი გადაწყვეტილებაც, ყაზანის "რუბინიდან" საქართველოში რომ წამოვედი. მაგრამ ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რუსი დედა მყავს და ქართულ ენას ლექსიკონით ვსწავლობდი. მაგრამ სისხლი თავისას შვრება - საქართველო ყოველთვის მიზიდავდა და საქართველოს ნაკრებში თამაშის პერსპექტივაც ძალიან მხიბლავს.
დროა, ევროპის ლიგაზე მოვხვდეთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
წილისყრა: "დილას" გაუმართლა, "დინამოს" ჩემპიონთა თასის მფლობელი ერგო
დილა-ოლბორგი 3:0 - ძლევაი საკვირველი? [VIDEO]
მიხაილ გორელიშვილი: მთავარია, "დილასთან" ერთად ამ სეზონში ტიტული მოვიგო
მიხეილ გორელიშვილი: ქართული არ ვიცი, მაგრამ სისხლი მაინც თავისას შვრება
სიტყვებს თუ დააკვირდები - ჩანს რომ რაგაც "ყარს" ქართულ საზოგადოებაში. ეროვნებით ვინ კარგია და ვინ ცუდი - ამაზე თანამედროვე მსოფლიოში მარტო საქართველოში თუ ლაპარაკობენ.