"ზესტაფონმა" შეკრებაზე თურქმენული გუნდი 3:0 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
2013 წლის 30 ივლისს დაბა კარტეპეში მყოფმა საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა.

ამჯერად ქართველთა მეტოქე თურქმენეთის უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელი, ქალაქ აშგაბადის საფეხბურთო კლუბი "ალთინ ასირი" გახლდათ.

შეხვედრა სასტუმრო "გრინ პარკის" საფეხბურთო კომპლექსის ნომერ მეოთხე მოედანზე გაიმართა და ადგილობრივი დროით 11:00 (თბილისის დროით - 12:00) საათზე დაიწყო.

თურქმენულ კლუბს, რომელიც ადგილობრივ "იოკარი ლიგაში" ასპარეზობს და რომელსაც ქვეყნის კავშირგაბმულობის სამინისტროსთან არსებული მობილური კავშირის კომპანია "ალთინ ასირი" (ოქროს საუკუნე) აფინანსებს, ადგილობრივი სპეციალისტი ბაირამ დურდიევი წვრთნის, თავის ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის პირველი ორი
წრის (გასამართი ოთხიდან) დასრულების შემდეგ "ალთინ ასირი" მესამე პოზიციაზეა დამკვიდრებული.

მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ იმაზე, რომ დღევანდელი სპარინგი არასტანდარტულ ფორმატში გაიმართებოდა და ორი 30-წუთიანი ტაიმისაგან შედგებოდა.

მატჩი "ზესტაფონის" დიდი უპირატესობით წარიმართა და უკვე პირველივე წუთზე საბა ლომია გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



შემდეგ თავის გუნდის დაწინაურების კარგი შანსი თორნიკე გრიგალაშვილს ჰქონდა, თუმცა მას კარში დარტყმა დაუგვიანდა...

19-ე წუთზე ანგარიში მაინც გაიხსნა - შეტევის მარცხენა ფლანგიდან საბა ლომიას დროული გადაცემით კარგად ისარგებლა ირაკლი ქობალიამ და ბურთი მეკარისაგან მარცხენა კუთხეში უპრობლემოდ გადაგზავნა.

"ალთინ ასირის" ფეხბურთელებს მალევე გათანაბრების შანსი მიეცათ, თუმცა ქართველები კახა მეშველიანის საიმედო თამაშმა გადაარჩინა. პირველი ოცდაათწუთეულის მიწურულს კარის აღების ზედიზედ ორი შესაძლებლობა ირაკლი ქობალიას მიეცა, თუმცა აშგაბადელთა მეკარე პაველ მატუსმა ორივე ეპიზოდში შესაშური რეაქცია გამოავლინა და თავის გუნდი აშკარა გოლებს გადაარჩინა.

დღევანდელი დაპირისპირების მეორე ნახევარში სახიფათო მომენტებს უკვე მხოლოდ მარგველები ჰქმნიდნენ. მეორე ტაიმის 9-ე წუთზე გიორგი ჭანკოტაძის მშვენიერი გადაცემის შემდეგ თურქმენთა მეკარესთან პირისპირ დავით რაჟამაშვილი აღმოჩნდა და საქმე ცივსისხლიანად მოაგვარა.

მალევე ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა საბა ლომიაც, თუმცა მისი დარტყმული მატუსმა მოიგერია. კიდევ ერთი გოლის გატანის შანსი ირაკლი ქობალიას მიეცა, თუმცა მისი თავური აშგაბადელთა კარის ძელმა მოიგერია.

საბოლოო ანგარიში შეხვედრის უკანასკნელ, 60-ე წუთზე დაფიქსირდა, მას შემდეგ, რაც შეტევის მარჯვენა ფლანგზე მოჰამედ რეკრუკი ინდივიდუალური ოსტატობით ხარჯზე გასცდა მცველებს და "ალთინ ასირის" გოლკიპერს აუღებელი დაურტყა. ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 3-0.

თურქმენულ კლუბთან შეხვედრაში ზესტაფონელებმა შემდეგი შემდგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, თორნიკე გრიგალაშვილი, კაჭკაჭიშვილი, გაგოშიძე, კიკნაველიძე, რეკრუკი, ჭანკოტაძე, შარიქაძე, რაჟამაშვილი, ლომია, ქობალია.

წყარო: fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული