თვალსაზრისი: ივო შუშაკი - ნიუანსების ოსტატი

AutoSharing Option
ეს ფოტო იმ სასტუმროშია გადაღებული, სადაც გორის "დილა" დაბინავდა და 1 აგვისტოს გასამართი მატჩისთვის ემზადება - ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სპლიტის "ჰაიდუკს" სტუმრად ეთამაშება.

"დილა" ხორვატიაში დანიიდან ჩავიდა და ამ დაუგეგმავ მოგზაურიბა-დაბინავებაში გიორგი დევდარიანის გუნდს ივო შუშაკიც დაეხმარა - "დინამო თბილისის" ყოფილი მწვრთნელი, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც უთავკაცა ორ შეხვედრაში.

არაერთხელ თქმულა და ახლაც ვეტყვი, რომ თუ მწვრთნელ-შუშაკზე საქართველოში კამათობდნენ, მის ადამიანურ თვისებებზე კამათი უადგილო იყო.

ხორვატ მწვრთნელს ყველგან დადებითი მუხტი შეჰქონდა, კონფლიქტი არავისთან მოსვლია და აქედან წასვლის
შემდეგაც თბილი ურთიერთობები აქვს ქართულ ფეხბურთში მოსაქმე ხალხთან.

ამ ფოტოზე შუშაკთან მისი ყოფილი ფეხბურთელებიც არიან - რატი ალექსიძე და ოთარ ხიზანეიშვილი.

ალექსიძე "დინამოში" ლონდონის "ჩელსიდან" დაბრუნდა. მაშინ "დინამოს" პრეზიდენტი ბადრი პატარკაციშვილი გახლდათ და იყო იმის საშუალება, რომ "დინამოს" ასეთი მოთამაშე აეყვანა.

"ჩელსიში" რატის კარიერა ვერ აეწყო და ფეხბურთის და გოლის გემო შუშაკის "დინამოში" გაიხსენა.

შუშაკის "დინამო" მართლაც კარგი ფეხბურთელების ნაკრები იყო, ის გუნდი ერთ მუშტად შუშაკმა შექმნა.

მახსოვს, ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელებთან ერთად მივიდოდა დიღმის ბაზის ონკანთან და ბუცებს რეცხავდა, გუნდურ სულს ამითაც აძლიერებდა.

შუშაკი ასეთი ნიუანსების ოსტატი იყო, თორემ უცხოელი მწვრთნელისთვის ქართველზე ბევრად უფრო ძნელია "დინამოში" მყარად ყოფნა.

შუშაკის "დინამო" შინაარსიანი თამაშით დიდად არ გამოირჩეოდა, ისიც ყველამ იცოდა, მეორე ტაიმის რომელ პერიოდში ხორვატი მწვრთნელი რა შეცვლებს გააკეთებდა.

შუშაკის "დინამოს" უჭირდა უშუალო კონკურენტებთან წარმატებით თამაში, ისეც მომხდარა, რომ ტორპედოელ ზურაბ იონანიძეს ლამის მარტოს მოუგია შუშაკის "დინამოსთვის" და თანაც არაერთხელ.

შუშაკს ძალიან უნდოდა, რომ "ტორპედოდან" მალხაზ ასათიანი თავისთან გადასულიყო, მაგრამ ასეთი ტრანსფერი არ გამოვიდა.

შუშაკმა საქართველოს რომ უმწვრთნელა რუსეთის ნაკრებთან, ის თამაში ასათიანის თავური გოლით მოვიგეთ.

მაშინ ასათიანი უკვე მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი იყო და თამაშის შემდეგ რუსმა ჟურნალისტმა შუშაკს ჰკითხა, იური სიომინი ასათიანს დაცვაში ათამაშებს და თქვენ რატომ გაამწესეთ ის გამთამაშებლადო.

შუშაკმა ასე უპასუხა: ასათიანის შესაძლებლობებს მე უკეთ ვიცნობო და საპრესკონფერენციო დარბაზში ტაში დაუკრეს.

ხიზანეიშვილი რუსეთიდან დაბრუნდა "დინამოში" და გუნდის დაცვა გაამაგრა. ივომ იცოდა კარგი ფეხბურთელის ფასი.

ხიზანეიშვილმა "დინამოში" თითქოს ძალა მოიკრიბა და მერე წავიდა გერმანიაში. შუშაკის გუნდში თამაში მისთვის თითქოს აუცილებელი იყო, რუსულ გუნდებში მას დიდი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია.

"დილაში" გვითხრეს, შუშაკს ძალიან გაუხარდა ხიზანეიშვილის და ალექსიძის ნახვა. იმ "დინამოში", სადაც ისინი ერთადნ იყვნენ, კარგიც ბევრი ხდებოდა და ცუდიც, შუშაკი კი წელიწად-ნახევარი მყარად იდგა დიღმის ბაზაზე. მას შეეძლო ადამიანებთან ურთიერთობა და ამ საქმეში თავს ძალას არ ატანდა.

შუშაკი ახლა 65 წლის გახლავთ და ამ ეტაპზე არც ერთ გუნდს არ წვრთნის. ბოლნისის "სიონის" გენერალურ მენეჯერ ლადო ბურდულს უნდოდა, შუშაკი "სიონის" მწვრთნელად ჩამოეყვანა, თუმცა ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. ბურდულიც შუშაკის" "დინამოში" თამაშობდა.

შუშაკმა ერთხელ მითხრა, ფილოსოფიურად მსუბუქ წიგნებს ვკითხულობო. არა მგონია, ეს იმისთვის მითხრა, რომ მერე გაზეთის მკითხველი იმაში დამერწმუნებინა, შუშაკი ნაკითხიც არის და შინაგანი ინტელექტი ბუნებით მოსდგამსო.

თუმცა, ვინ იცის... როგორც უნდა იყოს, შუშაკი, ზოგი უტიფარი მწვრთნელისგან განსახვავებით, კულტურული ადამიანი გახლავთ, იცოდა, სად რა ეთქვა და როგორ ეთქვა.

ამ ფოტოზე "დილას" მენეჯერი გია ისიანი შემთხვევით არ მოხვედრილა. ის შუშაკისდროინდელ "დინამოში" უსაფრთხოების მენეჯერი იყო. შუშაკის მცირე აკადემია "დინამოში" მასაც ექნება გავლილი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული