ლაშა გვალია: "დილა" ევროპის ლიგის ჯგუფში - წარმოგიდგენიათ, რა იქნება?

AutoSharing Option
2012 წელს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე ფოთის "კოლხეთის" კაპიტანი ლაშა გვალია იყო.

"კოლხეთის" ძირითად შემადგენლობაში ის 17 წლიდან თამაშობდა, 21 წლისა კი გუნდის კაპიტნად აირჩიეს, რაც მის პიროვნულ თვისებებზე მიუთითებდა - ის გახლდათ უმაღლეს ლიგაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც კაპიტნის სამკლავური ეკეთა.

მაშინ მას გულშემატკივარი კარგად არ იცნობდა, ახალგაზრდულ ნაკრებშიც მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ნათამაშები და ისიც - ამხანაგურ მატჩში.

მაგრამ ვისაც ფეხბურთელის შერჩევის უნარი გააჩნია, პლეიმეიქერი გვალიას შესაძლებლობებს კარგად ხედავდა.

შარშან მის ტრანსფერზე დიდი ამბები ატყდა. გადამწყვეტი
სიტყვა გორის "დილას" მენეჯერმა ლევან სილაგაძემ და ცნობილმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა თქვეს. 2012 წლის ზაფხულში "კოლხეთის" კაპიტანი "დილაში" გადავიდა. იმავე პერიოდში მას უკრაინის პრემიერლიგაში დაბრუნების მსურველი ვინიცას "ნივა", თბილისის "დინამო" და რუსთავის "მეტალურგიც" იწვევდნენ.

სხვათა შორის, 2011 წლის გაზაფხულზე რუსთაველები შეუთანხმდნენ კიდეც გვალიას, რომ "მეტალურგს" ევროპალიგაზე უნდა დახმარებოდა, მაგრამ... ფოთელებს 300 ათასი დოლარი ვერ გადაუხადეს.

უცნობი მოთამაშის კვალობაზე, ლაშას "დინამოც" მშვენიერ პირობებს სთავაზობდა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ დაუკავშირდნენ, როცა ფეხბურთელი "დილასთან" უკვე შეთანხმებული იყო.

პლეიმეიქერი გვალია გორში საყრდენად გარდაქმნეს. ერთ წელიწადში სათადარიგო ფეხბურთელი გუნდის წამყვან მოთამაშედ იქცა. ევროპალიგაზე "დილა" აზრიანად რომ თამაშობს და საქართველოში ყველაზე დინამიკური და მოქნილი ნახევარდაცვა რომ ჰყავს, ეს გვალიას დამსახურებაც არის.

მისი პროგრესი არც თემურ ქეცბაიას გამორჩა და ყაზახეთის ნაკრებთან 14 აგვისტოს გამართული ამხანაგური მატჩისთვის გამოძახებულიც ჰყავდა, მაგრამ გვალია ასტანაში ვერ წავიდა - "ჰაიდუკთან" შეხვედრის დროს კუნთი დაეჭიმა.

მაგრამ არა უშავს, ფაქტი ერთია და ამას ბევრი აღიარებს - საქართველოს საინტერესო ცენტრალური ნახევარმცველი ეზრდება...

- მართალია, ნაკრებს ყაზახეთში ვერ გაჰყევით, მაგრამ ეროვნულ გუნდში გამოძახება მაინც მნიშვნელოვანია...
- რა თქმა უნდა, ეს ყველა ფეხბურთელის მიზანია. სამწუხაროდ, ტრავმა მივიღე, მაგრამ იმედია, შანსი მომავალშიც მომეცემა.

- ფოთის "კოლხეთში" გამოჩნდით, მაგრამ განსაკუთრებულ პროგრესს "დილაში" მიაღწიეთ. რა იყო ამ პროგრესის ხელშემწყობი ფაქტორი?
- კვირკველიას, სალუქვაძის, გოგუას, ვაწაძისა და სხვა გამოცდილი მოთამაშეების გვერდით რომ ითამაშებ, შეუძლებელია, პროგრესი არ დაგეტყოს. გასული წელი ჩემთვის სწორედ ამით იყო მნიშვნელოვანი. თანაც, ამბიციურ კლუბში ფეხბურთელს სხვაგვარი მენტალიტეტი უყალიბდება.

თუმცა ჯერ 22 წლის ვარ და ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, რომ ყველაფერი ვიცი. კარგია "დილას" ძირითად შემადგენლობაში თამაში და ნაკრებში გამოძახება, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, სასწავლი და დასახვეწი ბევრი მაქვს. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

- მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში გამოგიძახეს, გულშემატკივარი ჯერ კარგად არ გიცნობთ. ფეხბურთში თქვენს პირველ ნაბიჯებზე მოგვიყევით...
- ფოთის საფეხბურთო სკოლაში ზურაბ თოფურიასთან ვვარჯიშობდი. მერე რამდენიმე წელი თბილისის "ოლიმპში" ზაზა ბაკურაძესთან ვიყავი, თუმცა მიზეზთა გამო ისევ ფოთში დავბრუნდი. არასოდეს დამავიწყდება, რა როლი ითამაშეს ჩემს ზრდაში "კოლხეთმა" და უშუალოდ მისმა ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფილიამ. 17 წლის ბიჭი უმაღლეს ლიგაში რომ ითამაშებ, ეს პატარა საქმე არ არის.

ბევრია გამოცდილი ფეხბურთელი და ფილიას შეეძლო, ისინი დაეყენებინა ძირითადში, მაგრამ მას უყვარს ახალგაზრდების დაწინაურება და ამიტომაც მენდო. ეს გზა რომ გავიარე, სწორედ ამ პრაქტიკის დამსახურებაა და მოვხვდი კიდეც "დილაში". აქვე უნდა ვთქვა, რომ გამიმართლა კიდეც - რომ იცოდეთ, ფოთში ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია და მათ ყურადღება აკლიათ. ბევრი ისეთი თამაშობდა ჩემ გვერდით, დღეს რომ არ ჩანს, ან საერთოდ - უკვე აღარ თამაშობს. ამაზე ძალიან მწყდება გული.

- რაიონში ტალანტები რატომ იკარგებიან?
- ბევრ კლუბში დაფინანსება არასტაბილურია, რაც გუნდზეც ცუდად მოქმედებს და ფეხბურთელებზეც. ჩემს ამბავს გეტყვით - სულ გაურკვევლობაში ვიყავით, სეზონის ან რომელიმე წრის დაწყებამდე ერთი თვით ადრეც არ ვიცოდით, ვინ ვიქნებოდით გუნდში და თუ დავრჩებოდით, გვექნებოდა თუ არა სავარჯიშო პირობები, ხელფასები და ასე შემდეგ...

ბუნებრივია, ამას ბევრი გაურბის. არადა, "კოლხეთი" უძველესი ქართული კლუბია და როგორც მის ყოფილ მოთამაშეს და, უბრალოდ, ფოთელს, დიდი სურვილი მაქვს, ძლიერი და ამბიციური "კოლხეთი" ვიხილო.

კიდევ ერთხელ გეუბნებით - იქ ახლაც ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა, პოტენციალიც აქვთ და დარწმუნებული ვარ, კარგ პირობებში ვარჯიშით ჩემპიონატშიც გამოიჩენენ თავს და ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდებიან.

- გორის "დილაზეც" ვთქვათ. გუნდი აზრიან ფეხბურთს თამაშობს, არადა, სულ ორი თვეა, რაც გიორგი დევდარიანმა ახალი შემადგენლობა შეკრიბა...
- ჩვენთან ისეთი მწვრთნელი და მოთამაშეები შეიკრიბნენ, ლოგიკურიცაა, შინაარსიან ფეხბურთს რომ ვთამაშობთ. გუნდში ერთსულოვნებაა და შედეგზე ეს აუცილებლად აისახება.

- პლეი ოფში "დილას" მეტოქე ვენის "რაპიდზე" რა ინფორმაცია გაქვთ?
- "ჰაიდუკზე" ოდნავ ძლიერი გუნდი მგონია. ავსტრიის ჩემპიონატი ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის და მძიმე თამაშებიც გველის, მაგრამ დიდი სურვილი გვაქვს, გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ. ხომ წარმოგიდგენიათ, რა იქნება ეს ქართული ფეხბურთისთვის?!

- მართალია, თითქოს კარიერას რუსეთში გააგრძელებთ?
- ჯერ ზუსტად ვერაფერს გეტყვით. "დილასთან" კონტრაქტი ზამთარში მიმთავრდება და არ ვიცი, მერე სად ვითამაშებ.

- შარშან "დინამო" გიწვევდათ. ახლაც ხომ არ გეხმიანებიან?
- ახლა არანაირი მოლაპარაკება არ გვქონია. ყველამ ვიცით, რასაც ნიშნავს ეს გუნდი ჩვენი ხალხისთვის და იქ თამაშზე უარს არავინ იტყვის. თუ "დილადან" წასვლა მომიწევს, ყველაზე მეტად სწორედ "დინამოში" თამაში გამახარებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ლაშა,ჯიმა წამრატებებს გისურვებ! მაგარი კაცი ხარ და მაგრად გამიხარდა,რომ თქვი და ახსენებ ფოთს,წარმატებებს გისურვებ სრულიად ფოთის მორაგბე ბიჭებისგან! რამდენჯერ ერთად გვითამაშიაა და რომ იტყვიან კოჭებშიი გეტყობოდა რა ფეხბურთელიც დადგებოდი! გაგახაროს უფალმა !
Qartveli!
23:46 18-08-2013
0
ლაშა, მთელ საქართველოს უნდა გავაგებინო, რომ ჩვენ ქუჩაზე /ან ქუჩაში/ იყავი ერთ-ერთი აღზრდილი და თავმდაბალი ბიჭი.მაგარი ხარ მამაშენს ამაგი რომ დაუფა სე, რომელ
მაც ბურთთან სამი წლიდან დაგაწყებინა ჯერ თამაში და მერე ვარჯიში. მთელი ქუჩისა და ფოთელების სახელით გისურვებ
წარმატებებს დიდ ფეხბურთში.
noni
15:19 16-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული