არის იდეა! - სფფ და სპორტის სამინისტრო ახალ პროექტზე მუშაობენ

AutoSharing Option
პროფესიული ფეხბურთის ლიგა 2004 წელს დაარსდა, მაგრამ 2010 წელს "კომაში" ჩავარდა, რაშიც ხელი უფულობამ "შეაშველა".

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ფორმალურად არსებობს, მას შემდეგ მდგომარეობიდან ვერ გამოდის...

იყო და არა იყო რა...
პროფლიგის ეგიდით ბევრი სიახლე და საინტერესო პროექტი განხორციელდა. შეიძლება, ბევრს უმნიშვნელოდ მოეჩვენოს, მაგრამ ქართულ ტელეეკრანებზე ნახევარი წელი ატრიალებდნენ კლიპებს, სადაც "მილანის" მაშინდელი ვარსკვლავები საქართველოს ჩემპიონატს "აპიარებდნენ"...

ლიგის ინიციატივა იყო მოედნების ხარისხის გაუმჯობესებისთვის წამოწყებული კამპანია, მედიაჯგუფ "კოლხიდას" ჩამოყალიბება, რომელიც ეროვნული ჩემპიონატისა და სათასო მატჩების მიმოხილვას ამზადებდა, აწარმოებდა მატჩების ტელერეპორტაჟებს...

აგვისტოს
ომამდე ტელეკომპანია "ნტვ+"-სთან საქართველოს ჩემპიონატის ცენტრალური მატჩების ჩვენებაზეც შეთანხმდნენ, რაც ნამდვილად არ იყო პატარა საქმე.

გვერდს ვერ ავუვლით სეზონის საუკეთესო მოთამაშეთა დაჯილდოების ცერემონიალებს, რომელიც პროფესიული ფეხბურთის ლიგასთან ერთად წარსულს ჩაბარდა. პროფლიგის საქმიანობამ დაამტკიცა, რომ ამ ყველაფრის "ლამაზად შეფუთვა" ჩვენც შეგვძლებია.

მაგრამ რუსეთთან ომმა და ეკონომიკურმა კრიზისმა ლიგას შემოსავლის მთავარი წყარო - სპონსორები მოაკლო და მსაჯებს კუთვნილ ხელფას-პრემიებსაც ვერ უხდიდა.

2010 წელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზების ფუნქცია ისევ ფედერაციას დაუბრუნა და, ფაქტობრივად, პროფლიგა გააუქმა.

გავიდა დრო და კლუბები მიხვდნენ, რომ საკუთარი ორგანიზაციის ჩამოყალიბება მაინც სჭირდებოდათ...

კლუბები: დამოუკიდებლობა ჩვენც გვინდა!
პირველად ინიციატივა "ვიტ ჯორჯიამ" წარმოადგინა - პროფლიგის ვაკუუმი ქართული კლუბების ასოციაციამ უნდა შეავსოს, რომელშიც ყველა ჩვენი კლუბი გაერთიანდებაო.

წინადადება კლუბებს გააცნეს, მაგრამ საქმე წინ არ წასულა. მერე კლუბებმა, "თორმეტთა საბჭოს" ეგიდით, კვლავ დაიწყეს მოძრაობა, მაგრამ ამ ტიპის ორგანიზაციის ქმედითუნარიანობისთვის აუცილებელი სახსრები ვერ მოიზიდეს და დღემდე უცნობია, რა სტადიაშია ეს პროექტი.

ეტყობა ამიტომაც 10 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა არსებულ პროფლიგასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენის საკითხი იყო, რაზეც მოლაპარაკებები მალე დაიწყება და დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი...

"ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ ფედერაციის ეს წინადადება არ მოიწონა - რატომ გინდათ პროფლიგის აღდგენდა, რომელსაც თავის დროზე ხელი თქვენვე შეუშალეთო?!

პროფლიგა გაცოცხლდება?
კომენტარისთვის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ გია ფირცხალავას (რომელიც დღემდე ოფიციალურად პროფლიგის პრეზიდენტია) რომ მივმართეთ, მან პროფლიგის აღდგენის სურვილი დაგვიდასტურა, მაგრამ...

- 10 მაისის აღმასკომზე დაისვა საკითხი, რომ შესაძლოა, პროფლიგა ისევ ამოქმედდეს...
- დიახ, იყო ლაპარაკი, რომ ფედერაციასა და პროფლიგას შორის ურთიერთობა, შესაძლოა, ისევ აღდგეს და ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების უფლება კვლავ ლიგას გადაეცეს.

- დღეს პროფლიგის ამოქმედებას რა საფუძველი აქვს? ორგანიზაციას ხომ ფინანსები არ გააჩნია?
- ესაა სწორედ მთავარი დაბრკოლება. სხვაგვარად, ასეთი ორგანიზაცია ვერ იმუშავებს, მით უმეტეს ახლა, როცა ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე უმაღლესი ლიგის კლუბებს შეღავათი დაუწესეს და საწევრო გადასახადი მოუხსნეს. არადა, პროფლიგის საქმიანობა სწორედ საწევროზე იყო აწყობილი, სპონსორებისგან მხოლოდ დამატებითი შემოსავლის წყარო იყო.

- დათანხმდებიან კი კლუბები პროფლიგის აღდგენას, როცა მსგავსი ორგანიზაციის ჩამოყალიბება თავად გადაწყვიტეს?
- ისინი იყვნენ და რჩებიან პროფლიგის წევრებად. ლიგის მთავარი ფუნქცია იყო ჩემპიონატის ორგანიზება და თანხების მოზიდვა. ამისთვის სხვადასხვა საშუალება არსებობს, მაგრამ ყველაფერი ისევ ჩვენზე იქნება დამოკიდებული. საქმე ისაა, რეალურად რას მოვახერხებთ, თორემ მხოლოდ სიტყვები და თეორიები არაფერს ნიშნავს.

* * *
...ამ საუბრის შემდეგ გარკვეული დრო გავიდა და ახალი ეროვნული ჩემპიონატიც დაიწყო. მაგრამ დღემდე არც პროფესიული ლიგა ამოქმედებულა და არც - კლუბების მიერ დაარსებული პრემიერლიგა. არადა, ამ უკანასკნელის დამფუძნებლები ჯერ კიდევ ზამთარში ითხოვდნენ ჩემპიონატის საორგანიზაციო უფლებების გადაცემას.

მაშინ გადაწყდა, რომ პრემიერლიგა ახალ სეზონამდე ყველაფერს კარგად აწონ-დაწონიდა და ჩემპიონატს დაიწყებდა, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა...

მუშაობა ისევ მიდის
...და ამ დროს საინტერესო ამბავი შევიტყვეთ: მიუხედავად იმისა, რომ კლუბების დაფინანსების იდეამ ჩაილურის წყალი დალია, ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტრო მუშაობენ პროექტზე, როგორ დააბანდოს სახელმწიფომ ფეხბურთში ფული.

ამ პროექტის მიხედვით, 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ფეხბურთში 20-დან 25 მილიონამდე ლარს დახარჯავს, მაგრამ ეს თანხა პირდაპირ კლუბებს არ დაერიცხებათ - ის ჩემპიონატის თითოეულ ტურზე განაწილდება. ჩანაფიქრის მიხედვით, ჩამოყალიბდება საპრიზო ფონდი, რომელიც ყოველ ტურში მოგებაზე გადანაწილდება. ცხადია, ისინი გამდიდრდებიან, ვინც მეტს მოიგებს.

ამავე დროს, სატელევიზიო მხარდაჭერის პროექტიც განიხილება და ფიქრობენ, რამდენად შესაძლებელია, "II არხის" საფეხბურთო მიზნებით გამოყენება.

ვნახოთ, ამ მცდელობიდან რა გამოვა: 20 წელია, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებისა და დახმარების პროექტი "მშობიარობს" და იქნებ ჩვენი მომავლის დოკუმენტი ახლა მაინც დაიბადოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
კოკაია ყველაფერში მურმანის ეკალივით რავა უნდა გამოეჩხიროს
joni
15:18 21-08-2013
0
დაწერეთ დილაზე რა ქნა აღმასკომმა გადადო ტორპედო-დილას თამაში?????
bibo
17:54 21-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული