უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი წარმატებული ადამიანია ამ თანამდებობაზეც. მან უეფას პრეზიდენტის არჩევნებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხარდაჭერით გაიმარჯვა და წინასაარჩევნო დაპირებებს პირნათლად ასრულებს. პლატინის რეფორმებით აღმოსავლეთ ევროპის კლუბებს მეტი შანსი გაუჩნდათ, გავიდნენ ჩემპიონთა თუ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
გარდა ამისა, უეფა პლატინის პრეზიდენტობით მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის კლუბების ასოციაციასთან, რომლის პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე გახლავთ.
აღმოსავლეთ ევროპის კლუბები ამ თანამშრომლობითაც ხეირობენ. მაგალითად, თანამშრომლობის შედეგია ის, რომ
solidarity payments-ი აგრეთვე მოიცავს დახმარებას უეფას წევრი ასოციაციების იმ კლუბებისთვისაც, რომლებიც ვერ მონაწილეობენ ევროტურნირებზე.
2013/14 წლების სეზონში უეფას ევროტურნირების საპრიზო ფონდი 1.34 მილიარდ ევროს შეადგენს. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ახლა ევროპალიგაა. მივყვეთ თანმიმდევრობით:
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი: 120 000 ევრო
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი: 130 000 ევრო
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი: 140 000 ევრო
პლეი ოფი: 150 000 ევრო
გორის "დილა" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო ტურნირში და გავა თუ არა ჯგუფში, 420 ათასი ევრო უკვე იშოვა და ამ თანხას უეფადან ოქტომბერში მიიღებს, თუ ჯგუფში ვერ მოხვდება.
ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრისთვის უეფა ყველა კლუბს დამატებით 1.3 მილიონი ევროთი დაასაჩუქრებს. გარდა ამისა, ჯგუფში ერთი მატჩის მოგება 200 000 ევროთი ფასობს, ფრე 100 ათასით, პირველ ადგილს 400 000 ევრო მოაქვს, მეორე ადგილს - 200 000.
ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ არ გაუწყეთ, რომ ინფორმაცია მიიღოთ, ამ ციფრებით სხვა რამის დანახვაც შეიძლება.
ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურში ჩასატარებელი "ტორპედო"-"დილა" გადაიდო, რადგან "დილამ" 22 აგვისტოს "რაპიდთან" რომ ითამაშა, შინ მიუნხენის გავლით დაბრუნდება და თბილისში 24 აგვისტოს ჩამოვა.
ცხადია, ასეთ პირობებში ფეხბურთელები ძალების აღდგენას ვერ მოახერხებენ და 25 აგვისტოს მატჩისთვის მხნედ ვერ იქნებოდნენ.
მაგრამ ჩნდება კითხვა - თუ "დილამ" წლევანდელ ევროტურნირზე უკვე გამოიმუშავა 420 ათასი ევრო, კლუბის ხელმძღვანელობა რატომ ვერ ახერხებს იმას, რომ გუნდი ჩარტერული რეისით გადააფრინოს ვენაში და იქიდან - თბილისში?
არ ვიცი, ზუსტად რა დაჯდება ასეთი რეისები. დაახლოებით, ეს თანხა 50 ათას ევროს უტოლდება. ევროპულ გუნდებს მარტო იმიტომ კი არ უადვილდებათ 8 დღეში 3 მატჩის გამართვა, რომ სეზონის წინ კარგად ემზადებიან და კარგი ფარმაკოლოგია აქვთ, არამედ იმიტომაც, რომ თვითმფრინავით კომფორტულად (ჩარტერით) მგზავრობენ.
ალბათ, დროა, რომ ქართული კლუბების მესვეურებიც დაფიქრდნენ ამაზე. ყველაფერზე ფულის დაზოგვა ყაირათიანობა ნამდვილად არ არის. თუ კლუბი ხარ, ფეხბურთელების კომფორტულად მგზავრობაზეც უნდა იზრუნო, მით უმეტეს მაშინ, როცა უეფა ამაში ყველანაირად გიწყობს ხელს.
8 დღეში 3 თამაში - ეს ჩარტერის გარეშე არ გამოდის და თუ გვინდა, რომ ევროპას ფეხი ავუწყოთ, ჩარტერის კომფორტზე უარის თქმა, უბრალოდ, არ გამოდის...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"