სად წავიდა 50 მილიონი?! - ზვიად სიჭინავა: ჩვენ ვართ ყველაფერი, ქართველების გარდა

AutoSharing Option
26 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ პრესკონფერენცია გამართა.

იქვე იყო ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძეც. პრესკონფერენციაზე ფედერაციის ხელმძღვანელობამ განვლილი პერიოდი მიმოიხილა და სამომავლო გეგმებიც გაგვანდო...

ზვიად სიჭინავა:
- მოგეხსენებათ, 2015 წელს უეფას სუპერთასის მატჩი თბილისში გაიმართება და ამასთან დაკავშირებით, ჩვენი სამუშაო ჯგუფი პრაღაში ჩავა. მარკეტინგი, ლოჯისტიკა, სტადიონის მდგომარეობა - ეს საკითხები იქნება დასამუშავებელი, გაისად კი ამაზე კარდიფში გაიმართება სამუშაო შეხვედრა.

ფეხბურთის ფედერაციამ მიაღწია იმას, რომ ყველა ვალი გაისტუმრა. სამი წლისა და ოთხი
თვის განმავლობაში 20 მილიონამდე ვალი გავისტუმრეთ. თუ ადრე ფეხბურთის ფედერაციის აქტივი 3 100 000 ლარს შეადგენდა, დღეს 107 მილიონია.

რევაზ არველაძე:

- მხოლოდ ვალების გასტუმრებით არ ვიყავით დაკავებულები. 100-200 პროცენტით გაიზარდა ფეხბურთის ფედერაციის ხარჯები სხვადასხვა მიმართულებით. ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, სხვა მიმართულებითაც ვდებდით ფულს.

სიჭინავა:
- საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ოქტომბერში შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს, 19-წლამდელები კი - ნოემბერში. გეოგრაფიის გაზრდა გვინდა და ჩვენი სურვილია, 17-წლამდელთა ნაკრებმა, თბილისის გარდა, გორშიც ითამაშოს.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მეორე არენასაც ვაშენებთ და გვინდა, 19-წლამდელებმა ამ სტადიონზე ითამაშონ. ეს სტადიონი მოემსახურება ეროვნული ჩემპიონატის მატჩებსაც.

მოგეხსენებათ, უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდს არა აქვს ისეთი სტადიონი, ლიცენზირების მოთხოვნებს რომ აკმაყოფილებს და სანამ საკუთარი სტადიონი ექნებათ, ამ არენაზე შეეძლებათ თამაში. მაგალითად, "სპარტაკსა" და "გაგრას" არ აქვთ თავიანთი არენა, ზოგ გუნდს კი ისეთი სტადიონი არ აქვს, ლიცენზირების მოთხოვნებს რომ დააკმაყოფილებს.

"სიონი", "ჩიხურა", "მერანი", "გურია" - როგორც შევიტყვე, გამოიყო თანხები, რომ ამ გუნდების სტადიონები მოწესრიგდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თემაც. უსაფრთხოება დაცული უნდა იყო მატჩის წინაც და მატჩის შემდეგაც. რუსთავის სტადიონის მოედანს კაუჩუკის დამატება სჭირდება და, ალბათ, ნოემბრისთვის ეს პრობლემაც მოგვარდება.

რაც შეეხება ლაგოდეხში ფედერაციის ბაზას, ჟურნალისტებს იქ სექტემბრის ბოლოს გეპატიჟებით, რათა ნახოთ, თუ რა გაკეთდა...

სექტემბერში ეროვნული ნაკრები პირველ თამაშს საფრანგეთთან "დინამო არენაზე" გამართავს, მერე კი ფინეთთან "მიხეილ მესხზე" ითამაშებს. საფრანგეთთან მატჩისთვის ისეთი მოთხოვნებია, რომ ვაკის სტადიონი დღეს ამას ვერ დააკმაყოფილებს; მერე კი, როცა რეკონსტრუქცია დასრულდება, ეროვნული ნაკრები "მიხეილ მესხზე" ითამაშებს. იჯარის გადახდას ასე გვირჩევნია.

- "დილა"-"დინამოს" ამასწინანდელი მატჩის გამო მსაჯობის თემა ისევ აქტუალური გახდა. ამ შეხვედრის მსაჯები დაისჯებიან?

სიჭინავა:
- ეს ფედერაციის შესაბამისი კომიტეტის გადასაწყვეტია. ამ მატჩის არბიტრი გვანცელაძე, ალბათ, ოთხ ტურს გამოტოვებს.

- საკლუბო ფეხბურთის დახმარებაზე რომ იყო ლაპარაკი, რა კეთდება ამ მხრივ?


სიჭინავა:

- ხუთწლიანი პროგრამა გვქონდა შემუშავებული და სექტემბერში ამ პროექტს სპორტის ახლანდელ მინისტრსაც წარვუდგენთ. კლუბების სამონაწილეო თანხას, 480 000 ლარს, ფედერაცია იხდის. გარდა ამისა, საპრიზო ფონდიც გვაქვს დაწესებული, რომელიც 1 მილიონ ლარს შეადგენს.

შარშან ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფოსგან 13 800 000 ლარი მიიღო, წლეულს - 7 მილიონი და აქედან 6 მილიონს სახელმწიფოს უკან ვუბრუნებთ. ინფორმაცია რომ გავრცელდა - სახელმწიფომ ფეხბურთში 50 000 000 ლარი დახარჯაო, სად წავიდა ამდენი ფული?!

ჩვენ არც "ნაციონალები" ვართ, არც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და არც "ზვიადისტები" - ჩვენ ვართ ყველაფერი, ქართველების გარდა. ცუდი მენეჯმენტის გამო ეს თანხები სწორად არ ნაწილდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უაზრო კიფიანი კველანაირად ეცდება ხელი შეგიშალოთ.
muxrani
20:58 27-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული