"ჩარჩოში ჩასმული და დაზეპირებული ფეხბურთით ვერაფერს მივაღწევთ"

AutoSharing Option
კიდევ ერთხელ დავესესხებით არქივს, რომელიც თბილისის "დინამოს" გულშემატკივრებმა მოიძიეს - 1964 წელს, იმ დროის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ჟურნალი "ფრანს ფუტბოლი" წერდა:

"დინამო" უდიდესი მოთამაშეების გუნდია, მათი სათამაშო ტექნიკა, უნარი და ინტელექტი გვაძლევს უფლებას, ის აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო გუნდად მივიჩნიოთ, რომელიც სამხრეთამერიკული საფეხბურთო ტრადიციების მიმდევარია.

"დინამოს" ჩემპიონთა თასის გათამაშებაში მონაწილეობა რომ შეეძლოს, ესპანურ-იტალიური გუნდების ჰეგემონიას შეწყვეტდა".


კიდევ ბევრი მაგალითის გახსენება შეიძლება: 1978 წლის მუნდიალის გამარჯვებული არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ლუის სესარ მენოტიმ "დინამო" ევროპის საუკეთესო გუნდად დაასახელა;

მოვიყვანოთ ცნობილი ტელეკომენტატორის ვასილი
უტკინის სიტყვებიც, რომელიც "ბარსელონაზე" თქვა: "ასე, ალბათ, მხოლოდ 1981 წლის თბილისის "დინამო" თამაშობდა".

ან რუსული ტელეკომპანია "ნტვ-ფუტბოლის" სიუჟეტის ფრაზა გავიხსენოთ:

"კოტე მახარაძე არასოდეს ამბობდა - წვიმს. ის ამბობდა, ფეხბურთის ღმერთები ტირიან. მართლაც ტიროდნენ, რადგან მათ არასოდეს არ ეხილათ ისეთი ფეხბურთი, როგორსაც ნოდარ ახალკაცის "დინამო" თამაშობდა".

ფეხბურთის ღმერთები ქართველების თამაშზე ახლაც ტირიან, რადგან ასეთი ქართული ფეხბურთი არასოდეს უნახავთ. სამწუხაროდ, ეს სულ სხვა ტირილია და ჩვენც გვეტირება, რადგან ძალიან შორს ვართ იმ ფეხბურთისგან, რომელზეც ჩვენი გულშემატკივარი ოცნებობს...

* * *
...ნოდარ ჭელიძე ბავშვთა ფეხბურთის ცნობილი სპეციალისტია.

ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" დუბლების მცველი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში ცნობილი ფეხბურთელების - ჩერჩესოვის, ერიომენკოს გევრდით თამაშობდა. მისი შვილებიც ფეხბურთელები არიან - გიორგი, რომელიც მოსკოვის "ლოკომოტივში" თამაშობდა და ლაშა - საჩხერის "ჩიხურას" მცველი.

წარმატებული საქმიანობისთვის, ნოდარ ჭელიძის გუნდი ორჯერ წლის გუნდად დაასახელეს, თავად კი, ასევე ორჯერ, წლის მწვრთნელად. მას ჩვენი ფეხბურთის ყველაზე დიდი ტკივილის გაანალიზება ვთხოვეთ...

რატომ ვეღარ ვთამაშობთ ფეხბურთს?
- ჩვენი ფეხბურთის ყველაზე დიდი თაობები ნამდვილ ფეხბურთს თამაშობდნენ - დიდ წარმატებებს სწორედ შემტევი ფეხბურთით მივაღწიეთ. არავინ თქვას, რომ მაშინ ყველა უკანმოუხედავად თამაშობდა. ასეც არ იყო.

თბილისის "დინამოსა" და ქართულ გუნდებს ყოველთვის ძალიან ძლიერი შემტევები ჰყავდათ. ეს ყველაფერი ბავშვობაში ჩაყრილი საფუძვლის შედეგი იყო. ჩვენს დროს ბავშვებს "მატაობას" კი არ უკრძალავდნენ. ეს ინდივიდუალური იყო - ვისაც შეეძლო, ცრუ მოძრაობებსა და ფინტებს ხვეწდა...

მოკლედ, დოგმა არ იყო ერთი შეხებით თამაში ან "მატაობა" - ვისაც რა შეეძლო, ის უნდა გაეკეთებინა. თუ ტალანტს ცრუ მოძრაობას გადააჩვევ, დამღუპველ ტენდენციას გამოიწვევს და ეს უკვე ჩანს. მე თუ მკითხავთ, ერთფეროვანი ფეხბურთიც სწორედ აქედან მოდის.

დღეს სარბიელზე ის თაობაა, რომელიც ჩარჩოში ჩასვეს და ფანტაზია ჩაუკლეს. ეს არც ქეცბაიას ბრალია და არც ამ ბიჭების - ეტყობა, თავის დროზე, ჩვენი მწვრთნელები ძალიან შეცდნენ და არასწორი მიმართულება აიღეს. ზომიერება მაშინ დავკარგეთ, როცა ჩვენი ნაკრები ბურთს ათრევდა და ვიფიქრეთ, რომ მხოლოდ პასით თამაში იყო გამოსავალი.

რაღაც ცუდი მოხდა და ახლა ვცდილობთ, იმ დაკარგული წლებისა და შეცდომების გამოსწორებას. მაგრამ ყველაზე ძვირფასი - თვითმყოფადობა დავკარგეთ...

ხელს ნუ შეუშლით ტალანტს!
- ტექნიკური არასოდეს ვყოფილვარ და მით უფრო ვგრძნობდი, რა საჭირო თვისება იყო ეს. როცა მწვრთნელობა გადავწყვიტე, მაშინაც მიზნად ეს მქონდა - ბავშვში ნიჭი არ ჩამეკლა და კარგად განმევითარებინა.

წარმოიდგინეთ, ვოვა გუცაევისთვის ბავშვობაში ფინტები რომ აეკრძალათ, მისგან ხომ ერთი რიგითი საბჭოთა თავდამსხმელი გამოვიდოდა, რომელიც არაორდინარულობას ვერასოდეს გამოავლენდა.

მე ბავშვებს ყოველთვის პასს არ ვთხოვ, როცა გადამწყვეტი მომენტია, საკუთარ თავზე თამაშის აღება და ცრუ მოძრაობები უნდა იცოდეს, რასაც ვარჯიშებზე უნდა შეეჩვიოს. ინიციატივას თუ თავიდანვე ჩაუკლავ, უცებ არაფერი გამოუვა.

ახლა დაზეპირეულ ფეხბურთს აჩვევენ და ასე გაზრდილი ბავშვი ვერასოდეს გაიმეორებს ვიტალი დარასელიას იმ მოძრაობას, დაუვიწყარ 13 მაისს რომ გააკეთა - ვიტალიმ ხომ უდიდესი სიხარული სწორედ თამაშის საკუთარ თავზე აღებით მოგვიტანა?!

ბავშვს თუ იმპროვიზაციის უნარი არ აქვს, იქ ფეხბურთზე ლაპარაკი ზედმეტია. ხუთი კაცის მოტყუება თუ შეუძლია, როგორ შეიძლება, ეს აუკრძალო და ნიჭი ჩაუკლა?!

არ ვამბობ, რომ დიდების დონეზეც ასე უნდა ვითამაშოთ. ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ვერც შევძლებთ ამას და არასწორიც იქნება. მაგრამ ტექნიკისა და საფეხბურთო აზროვნების საფუძვლებს ბავშვს 12-13 წლის ასაკამდე უვითარებენ და მეც სწორედ ამ პერიოდს ვგულისხმობ. რაც პლუსი აქვს, ის უნდა განავითაროს.

ჩვენს სკოლაში გაზრდილებს სხვა ხელწერა ჰქონდათ
- ჩვენი უბედურება უაზრო მიმბაძველობაც არის. ცხადია, ჩვენზე მეტად განვითარებული ბევრი სკოლაა და მათგან უნდა ვისწავლოთ. მაგრამ "საბურთალოში" ესპანელი კარასკო რომ ჩამოვიდა, ყველაფერი უაზრო კოპირებით კი არ ჩამოიტანა, ჩვენი ბავშვების ხასიათი და თვისებები გაითვალისწინა - რაც გერმანიასა და ინგლისშია კარგი, შესაძლოა, იმან საქართველოში არ იმუშაოს.

ევროპელებისგან უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ყველაფერში არ უნდა მივბაძოთ, რადგან მათნაირად ვერასოდეს ვითამაშებთ. გენები არსებობს, ეს ჩემი მოგონილი კი არ არის, სისხლში რაც არ გაქვს, იმას სხვასავით ვერასოდეს გააკეთებ.

ჩვენ კი, საბჭოთა კავშირის დროს საკუთარი სტილი გვქონდა - ეს ფაქტია და ვერავინ უარყოფს. ყაზახებს, ბელარუსებს ან მოლდოველებს საკუთარი სტილი ჰქონდათ? იყო სამი ძირითადი სკოლა - რუსული, უკრაინული და ქართული. იმიტომაც იძახებდნენ საბჭოთა კავშირის ყველა ასაკობრივ ნაკრებში 3-4 ქართველს, რომ ჩვენს სკოლაში გაზრდილებს სხვა ხელწერა ჰქონდათ. რუსი მეტს დარბოდა, ქართველი კი უფრო ბურთს აგორებდა, მაგრამ ჯანსაც არ უჩიოდა და, მით უფრო, აზროვნებას.

ახლა ეს რუსებმა უფრო ისწავლეს, ჩვენ კი ვკარგავთ და ფეხბურთელების უმრავლესობა ინკუბატორის წიწილებივით ერთმანეთს ჰგავს.

ამიტომაც ვამბობ - ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთიო, საკუთარი პლუსები განვავითაროთ და ნაკლი გამოვასწოროთ, რადგან დაზეპირებული ფეხბურთით ვერაფერს მივაღწევთ. ერთხელ რამაზ შენგელიამ მითხრა - წინასწარ ვხვდებოდი, საჯარიმოში ბურთი საით გადაგორდებოდაო - ამას მწვრთნელი ხომ არ ასწავლიდა?

მწვრთნელის მთავარი დანიშნულებაა, ბავშვს ხელი არ შეუშალოს. დამიჯერეთ, ყველა დიდი სპეციალისტი წარმატებას მხოლოდ მოთამაშის საუკეთესო თვისებების გამოვლენით აღწევს და არა მისი ჩაკვლით.

მცველების გამო ვერ ვუტევთ
- ფეხბურთის გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება, რომ ქართველებს ყოველთვის გვყავდა მცველები, რომლებიც შეტევებში ეფექტურად ერთვებოდნენ - ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, თავაძე, კოსტავა, სიჭინავა, ხურცილავა... მეშინია, რომელიმე არ გამომრჩეს...

ახლა ასეთი მცველები თითქმის არ გვყავს. ესეც იმ სისტემის პროდუქტია, რომელიც უინიციატოვო მოთამაშეს გვიზრდიდა. მცველების დიდმა ნაწილმა ბურთის ართმევა არ იცის და თუ მკითხავთ, ნაკრების წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის.

ნოდარ ახალკაცი გენიოსი იყო. ძალიან მარტივად ხსნიდა იმას, რაც სხვებს ძნელად ესმოდათ. ისეთ მცველებზე აკეთებდა აქცენტს, რომლებმაც ბურთის ართმევა და შეტევაში ჩართვა იცოდნენ. ამ კრიტერიუმით აკეთებდა არჩევანს. ამ მიზნით, შემტევებიც ბევრჯერ გადაუწევია დაცვაში. მაგალითად, ჩივაძე ხომ თავიდან ნახევარმცველი იყო?

მეტოქეს თუ ბურთი არ წაართვი, როგორ შეუტევ? ეს არის ელემენტარული საფეხბურთო ჭეშმარიტება. მაგრამ დღეს ქართველი მცველების უმრავლესობა მხოლოდ თავს იცავს და არ უტევს. ასეთები კი ევროპაში არავის უნდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
19წლამდე შესარჩევი რომ იყო ხომ ნახეთ საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელები რა ფორმაში იყვნენ და სხვა ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელები. შეეადარეთ საქართველოს ნაკრებს და ვიფიქროთ რამდენიმე წლის მერე თუ გაუწევს კონკურენციას საქართველოს ნაკრები
jorj
10:20 02-10-2013
0
რომელ ფეხბურთზე ვლაპარაკობთ? დღესდღეობით ქართული ფეხბურთი არ არსებობს,შეუძლებელია ფინანსების გარეშე რომელიმე სპორტი განვითარდეს და მითუმეტეს ფეხბურთი,საბჭოთა კავშირის დროს სპორტი დოტაციაზე იყო და უდიდესი ყურადრება ექცეოდა.
დღეს კი რა ხდება? ფინანსები ვერ გამონახეს სპორტის დასაფინანსებლად,
იმიტომაც ვართ დღესდღეობით პოტსაბჭოთა ქვეყნებიდან ერთ-ერთი მაჩანჩალები,
ფინანსური პრობლემები აქვს სიონს,გურიას,ვით-ჯორჯიას,გორს,მერანს,ზუგდიდს რომელი ერთი ჩამოვთვალოთ.
და ჩვენ რა უნდა მოვთხოვოთ ნახევრად მშიერ სპორტსმენებს,რომელთა უმრავლესობას ელემენტარული პირობებიც არა აქვთ
ურა პატრიოტიზმი დამთავრდა,სახელმწიფომ უნდა ჩადოს სერიოზული თანხა სპორტის განვითარებისათვის,სხვანაირად არაფერი არ გამოვა,მაგალითისთვის თურქეთი და აზერბაიჯანიც კმარა
beqa
21:41 01-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული