როგორ მოხვდა მოსკოვის "სპარტაკის" გაზრდილი მარტვილის "მერანში"?

AutoSharing Option
ფოტოზე: მარტვილის "მერანი" თბილისის "დინამოსთან" მატჩის წინ

თბილისის "დინამოსა" და მარტვილის "მერანის" შეხვედრის მიმოხილვაში ვწერდით, რომ სტუმართა შემტევმა აკაკი შულაიამ ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა.

17 წლის ფეხბურთელი აქტიურობითაც გამოირჩეოდა, ტექნიკითაც და გასაოცარი ბრძოლისუნარიანობითაც.

მისი თამაში არც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელს გამორჩენია. ევროშესარჩევის მოახლოებული მატჩებისთვის ალექსანდრე ჩივაძე იძულებით ცვლილებებს ვერ ასცდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში პოლონური "იაგელონიიდან" გამოგზავნილი წერილის მიხედვით, მძიმე ტრავმის შემდეგ ნიკა ძალამიძემ ხანგრძლივი მკურნალობა დაასრულა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და თამაშიც დაიწყო, მაგრამ ფორმის აღსადგენად დრო კიდევ სჭირდება, ახლაც ექიმებისა და
თერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და გთხოვთ, არ გამოიძახოთო.

აქედან გამომდინარე, ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელს შემადგენლობაში კორექტივების შეტანა მოუხდა და მარტვილის "მერანის" 17 წლის შემტევი გამოიძახა.

ირკვევა, რომ ალექსანდრე ჩივაძე შულაიას ჯერ კიდევ გიორგი დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრებში გამოსვლის პერიოდიდან აკვირდებოდა.

"ჩივაძეს შულაია მუდმივად მხედველობის არეში ჰყავდა. ახლა კი ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა გადაწყვიტა, 17 წლის ფეხბურთელი გამოეძახა, რაც, თავისთავად, დიდ ნდობას ნიშნავს.

მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში აკაკი შულაია მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელია და ამას ყველა თამაშში ამტკიცებს",
- ასეთია ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის შინაარსი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მარტვილის "მერანის" მოთამაშეს ასაკობრივ ნაკრებში იწვევენ: 19-წლამდელებში სტაბილურად ხვდებოდნენ ლევან გეგეჭკორი და პაპუნა ფონიავა.

მარტვილის "მერანის" დირექტორმა ელდარ ბაკურიამ "ლელოს" უთხრა, რომ, მისი ინფორმაციით, ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელობა ბექა ციკოლიათიც დაინტერესდა.

ეს ის ბიჭია, რომელმაც თბილისის "დინამოსთან" შეხვედრაში ანგარიში ეფექტური დარტყმით გახსნა.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

3 შეხვედრაში გატანილი 2 გოლი - ასეთია მარტვილის "მერანის" ახალწვეულ ციკოლიას შედეგი. მას ქართველი გულშემატკივარი არ იცნობს. არადა, ციკოლიას საინტერესო ისტორია აქვს - ის მოსკოვშია დაბადებული და "სპარტაკის" საფეხბურთო სკოლაში იზრდებოდა. ჯერ კიდევ 12 წლისა კალუგაში გამართულ ფინალურ ტურნირში რუსეთის თასის მფლობელი გახდა, ფინალში მოსკოვის "სპარტაკს" გოლით შეეწია და საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. იყო მოსკოვის ჩემპიონიც.

19 წლის ნახევარმცველი საქართველოში წლეულს ჩამოვიდა. ქართული კარგად ესმის და ლაპარაკობს, მაგრამ რუსულად უფრო უადვილდება:

Sportall.Ge"ჩემი ოჯახი წარმოშობით მარტვილიდან არის, მაგრამ პირადად მე მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე. იქ რამდენიმე სკოლაში ვვარჯიშობდი.

ველაზე დიდი დრო, ოთხი წელი, მოსკოვის "სპარტაკის" საფეხბურთო სკოლაში გავატარე. ბოლოს 1994 წელს დაბადებულთა ასაკობრივ გუნდში ვთამაშობდი.

სხვათა შორის, ჩემი თანაგუნდელი იყო თავდამსხმელი თემურ ბუკია, რომელიც ახლახან "სპარტაკმა" კრასნოდარის "ყუბანის" ახალგაზრდულ გუნდში იჯარით გაუშვა. რომ იცოდეთ, ძალიან ნიჭიერი ბიჭია".

რატომ ჩამოვიდა ციკოლია საქართველოში, როცა აქედან რუსეთში გარბიან? ბექას ამის შესახებაც ვკითხეთ:

"ჩემი საკითხი ზაფხულში გაირკვა და "მერანში" თამაში ვამჯობინე. საქართველოში ახალგაზრდებს თამაშისა და თავის გამოვლენის უფრო მეტ შანსს აძლევენ, ვიდრე რუსეთში. ეს ვიცოდი და ამიტომაც გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა.

თანაც, ჩემი ქალაქის გუნდია, უმაღლეს ლიგაში გამოდის და თუ დავეხმარები, ძალიან გამიხარდება. სათამაშო პრაქტიკა ძალიან მჭირდება. უკუსვლისთვის ერთი სეზონის ჩაგდებაც საკმარისი იქნება".


"მერანის" ახალწვეული საქართველოს ჩემპიონატის დონეზეც გველაპარაკა:

"რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული სხვაგვარად ვფიქრობდი - მეგონა, რომ დაბალი დონის ჩემპიონატი იქნებოდა. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ შეფასებაში შევცდი - აქ თამაში ძალიან ძნელი ყოფილა, საკმაოდ ძლიერი გუნდები და ფეხბურთელები არიან.

მართალია, რუსეთიდან ჩამოვედი, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი და უმდიდრესი ლიგაა, მაგრამ მაინც ასაკობრივი გუნდების ჩემპიონატში გამოვდიოდი და უცებ, სრულიად სხვა სტილის ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში ძნელი გამოდგა. თანაც, დიდების ფეხბურთში ეს ჩემთვის პირველი სეზონია.

ამ ნაბიჯს სულაც არ ვნანობ, საკმაოდ კარგი დონის ჩემპიონატია და უდიდეს გამოცდილებას ვიძენ. ყველაფერი წინ მაქვს და იმედია, საქართველოში მიღებული გამოცდილება უფრო ძლიერ ჩემპიონატშიც გამომადგება. აქ სწორედ ამიტომ ჩამოვედი - მინდა, საქართველოს ჩემპიონატი ტრამპლინად გამოვიყენო".


ბექა ციკოლიას მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება 2013 წლის 29 სექტემბერი, როცა "დინამო არენაზე" პირველად ითამაშა და პირველივე შეხვედრაში ულამაზესი გოლი გაიტანა:

"ჩვენი მეტოქე თბილისის "დინამო" იყო, რომელზეც რუსეთში დღემდე ლეგენდები დადის.

ჩემთვის ამ დღეს სამი მნიშვნელოვანი რამ მოხდა: ჯერ ის, რომ საქართველოს მთავარ სტადიონზე პირველად ვითამაშე, მეორე ის, რომ თბილისის "დინამოს" წინააღმდეგაც ასევე პირველად გავედი მოედანზე და მესამე - ლეგენდარული კლუბის კარში ბურთი გავიტანე.

არ დავმალავ, ამაზე ვოცნებობდი და მიხარია, რომ ეს ეფექტური გოლით მოვახერხე".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აკაკი შულაია: ფეხბურთელს შიში არ უხდება
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა წარმატებები აკაკი,გესახელებინოს შენითავიც და სამშობლოც!!!
Dato
15:34 03-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული