რუსთავში ახალი საფეხბურთო აკადემია დაფუძნდა

AutoSharing Option
ფოტოზე: რუსთავის "ფოლადის" სტადიონს გვერდს საფეხბურთო აკადემია დაუმშვენებს

უკვე წლებია, ჩვენთან უცნაური ტრადიციაა დამკვიდრებული: კლუბების მეპატრონეთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ "დღევანდელი დღით" მოქმედებს. ანუ, მათთვის უმთავრესი პრიორიტეტი საკუთარი გუნდის ჩემპიონობაა (ან კიდევ ევროტურნირების საგზურის მოპოვება) და ამ დროს, ნაკლებად აღელვებთ კლუბის მომავალი ბედი...

საბედნიეროდ, სასიამოვნო გამონაკლისიც გამოერევა-ხოლმე, აი, ისეთ მეპატრონეებსა თუ პრეზიდენტებს ვგულისხმობთ, კლუბის ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად უდიდეს ყურადღებას ბავშვთა ფეხბურთს რომ ანიჭებენ.

რაღა შორს მივდივართ - რამდენიმე თვის წინათ დიღომში, ვიტალი დარასელიას სახელობის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის გახსნაზე
მოწვეული უამრავი სტუმარი იქაურობით აღფრთოვანებას ვერ მალავდა!

ჰო, ძნელია იმის ახსნა, თუ რამხელა საშვილიშვილო საქმე გააკეთა საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" მეპატრონემ რომან ფიფიამ, როცა უმაღლესი დონის საფეხბურთო აკადემია დააარსა, რომლის შეფასების დროსაც ეპითეტებს არ იშურებდნენ ახლო წარსულისა თუ თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავები ანდრეი შევჩენკო, კრიშტიანო რონალდო და კახა კალაძე.

"დინამო თბილისის" საფეხბურთო აკადემიის გახსნის მაგალითი სხვა ქართული კლუბებისათვისაც "გადამდები" აღმოჩნდა - ორიოდე დღის წინ, რუსთავში ახალი საფეხბურთო აკადემია დაფუძნდა!

ახლა კი უფრო დაწვრილებით: საფეხბურთო კლუბ რუსთავის "მეტალურგსა" (დირექტორი - ზაზა დოლიძე) და მურმან გოგოლაძის სახელობის საფეხბურთო სკოლა "რუსთავს" (ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვემო ქართლის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა მინდელი გახლავთ) შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მემორანდუმი გაფორმდა და ამიერიდან იარსებებს საფეხბურთო აკადემია "მეტალურგი-რუსთავი".

ამ აკადემიაში უკვე დღეიდან არის შესაძლებელი 6-დან 12 წლამდე ბავშვების მიღება, რომლებიც კვალიფიციური მწვრთნელების ხელმძღვანელობით ივარჯიშებენ.

ვერაფერს ვიტყვით, მართლაც კარგი იდეაა, რამეთუ უკვე წლებია, რუსთავის საფეხბურთო "ცხოვრება", ცოტა არ იყოს დაქსაქსულია და, ალბათ, ამის გამოძახილიცაა ის ფაქტი, რომ უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე "მეტალურგის" შემადგენლობაში წლიდან წლამდე მცირდებოდა ადგილობრივ ფეხბურთელთა რიცხვი. დღესდღეობით "მეტალურგში" მხოლოდ ორი ადგილობრივი მოთამაშეა - გრიგოლ ბედიაშვილი და გიორგი ქავთარაძე.

...მურმან გოგოლაძის სახელობის საფეხბურთო სკოლა "რუსთავი" უკვე სამი წელიწადია ფუნქციონირებს და ქალაქის უმთავრესი საფეხბურთო არენის, "ფოლადის" სტადიონის სიახლოვეს მდებარეობს. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამ სკოლას და საფეხბურთო კლუბ "მეტალურგს" აქამდე მხოლოდ... მეზობლობა აკავშირებდათ, ახლა კი ამ გაერთიანების წყალობით, დიდი პერსპექტივაც გაუჩნდათ.

აღსანიშნავია, რომ ამ სკოლის ნიჭიერ ბავშვებს შანსი ექნებათ, აკადემიის ასაკობრივ ჯგუფებში გააგრძელონ დაოსტატება, ამას უკვე ჭაბუკთა ლიგის გუნდებსა თუ დუბლშემადგენლობაში დაწინაურება მოჰყვება. "მწვერვალი" კი, რაღა თქმა უნდა, ძირითადი გუნდი იქნება, - სადაც, როგორც აღვნიშნეთ, უკვე მეშვიდე წელიწადია ადგილობრივი ფეხბურთელების დეფიციტია.

როგორც ზაზა დოლიძემ და ლაშა მინდელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, ამ ახალი საფეხბურთო აკადემიის დაარსების უმთავრესი მიზანი რუსთავში ფეხბურთის განვითარებაა, რაც შემდგომში ქვემო ქართლის რეგიონშიც უნდა განხორციელდეს.

აკადემიას კი რუსთავის "მეტალურგის" ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და შემდგომში მწვრთნელი, ვარლამ კილასონია უხელმძღვანელებს; უფრო ზუსტად, კილასონია აკადემიის დირექტორი იქნება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სამწვრთნელო საქმიანობას ჩამოშორდება: მისი ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მეტალურგი" ჭაბუკთა ლიგაში წინა სეზონის გამარჯვებული გახდა და ახალ ჩემპიონატშიც პირველ ადგილზეა; ამას გარდა, კილასონია "მეტალურგის" დუბლების თავკაცია და ეს გუნდიც ამ გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია!

აქვე, იმასაც დავძენთ, რომ რუსთავში კიდევ ერთი საფეხბურთო სკოლაა - "შევარდენი-2000" (ხელმძღვანელები - სოსო არეშიძე, მალხაზ ბოლქვაძე), სადაც არაერთი მოზარდი ოსტატდება რუსთავის "მეტალურგის" ("გორდას") ყოფილი ფეხბურთელების, დღესდღეობით კი ლიცენზირებული მწვრთნელების გიორგი მიშველიძის, მამუკა მურჯიკნელისა და პავლე ბექაურის ხელმძღვანელობით და ამ სკოლის გუნდებიც საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობენ საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატებსა თუ ელიტ-ლიგის გათამაშებაში.

ამას კი იმიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ ახლად დაარსებული საფეხბურთო აკადემია "მეტალურგი-რუსთავის" დამფუძნებლების, ზაზა დოლიძისა და ლაშა მინდელის დიდი სურვილია, "შევარდენი-2000"-თანაც მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა ჰქონდეთ.

და ბოლოს, ანონსის სახით: ახლადდაარსებული საფეხბურთო აკადემია 15-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით რუსთავში "საფეხბურთო ფესტივალს" ჩაატარებს.

ამ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ქალაქის ყველა საშუალო სკოლა (I-IV კლასები). თანაც, ქალაქის სკოლებს შორის ჩემპიონატის მონაწილე ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი იქნება სათამაშო ფორმითა (მაისურა, ტრუსი, ბუცი) და ბურთებით.
ეს მართლაც მასშტაბური ღონისძიება ერთდროულად ოთხ მოედანზე გაიმართება და ფესტივალის დამთავრების შემდეგ ორგანიზატორები უამრავი პრიზებითაც დააჯილდოვებენ ლაურეატებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სახელი კარგია, იცოცხლე! ასე რამდენი აკადემიკოსი გვყავს ნეტა?!
academy
11:48 13-10-2013
0
ჯერ დოლიძემ რა აკადემია უნდა გახსნას, და მერე რა პირობები უნდა ქონდეს გუნდს სადაც ტვიტომ არ იცის ფეხნურთის თამაშში სხვას რა უნდა ასწავლოს. დოლიძე კაცი იყო მასა|ჟისტი და ეხლა არის გუნდსი დირეკტორი. მაგან საერ\ტოდ რა ფეხბურთის აკადემია უნდა გსხსნას. რუსთავის გუნდი რა არის და რა იქნება მაგათი აკადემია.
oeeee
22:10 13-10-2013
0

სიახლეები პოპულარული