"შენი ქვეყანა სულ სხვაა!" - რას აპირებს საქართველოში დაბრუნებული ზაზა ჯანაშია

AutoSharing Option
ბოლო 20 წლის ერთ-ერთი საუკეთესო და სკანდალური ფორვარდი ზაზა ჯანაშია საქართველოში დაბრუნდა და, შესაძლოა, უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ გუნდში იმუშაოს.

ჯანაშიას საქართველოსა და ჰოლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებთა შეხვედრის შემდეგ დაველაპარაკეთ...

- რას უნდა მივაწეროთ საქართველოში თქვენი დაბრუნება?
- ათი დღეა, რაც ჩამოვედი და არსადაც აღარ მივდივარ!

- ...და თბილისში დაბინავდებით?
- დიახ, საბოლოო გადაწყვეტილება ასეთია. თავიდან მოსკოვში ცხოვრება და მუშაობა მართლაც მსურდა, საფეხბურთო სკოლაშიც ვმუშაობდი, მაგრამ შენი ქვეყანა მაინც სულ სხვაა; მენატრებოდა საქართველო, სულ აქეთ მომიწევდა გული და ჩამოსვლაც ამიტომ გადავწყვიტე.

აქ
ვაპირებ კიდეც მუშაობას. თუ ვინმე სამუშაოს შემომთავაზებს, რატომაც არა? - სიამოვნებით დავთანხმდები. მაგრამ ეს ნაბიჯი მხოლოდ სამსახურის გამო როდი გადავდგი - ბავშვების გულისთვის გავაკეთე. ჯობია, ისინი საქართველოში, ჩვენს ტრადიციებსა და ღირებულებებზე გაიზარდონ.

- ბოლოს სად საქმიანობდით?
- მოსკოვის "ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლაში, მაგრამ მიზეზთა გამო იქ გაჩერება აღარ მსურდა.

- არადა, მიიჩნევენ, რომ ფეხბურთისთვის რუსეთი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა...
- ჩემთვის მხოლოდ საქართველო იყო და არის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ახლა აქ გაჭირვებაა და გასაკვირი არ არის, რომ ქართულ ფეხბურთსაც უჭირს. რაც უნდა კარგად ცხოვრობდე უცხოეთში, შენი ქვეყნის ტკივილი მაინც ვერ მოგასვენებს.

მეც ძალიან განვიცდიდი, ბოლო წლებში ჩვენი ფეხბურთის დონე ძალიან რომ დაეცა...

სხვათა შორის, ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, თითქოს ფეხბურთელები არ გვყავს. მე კი მგონია, რომ მათ შესაძლებლობებს კარგად ვერ ვიყენებთ, თორემ ბევრი საინტერესო, პერსპექტიული მოთამაშეა და ასეთ კატასტროფულ სიტუაციაში არ უნდა ვიყოთ. მაგალითად, რუსთავის "მეტალურგში" ჩემი ახლობლები მუშაობენ, "ვიტ ჯორჯიასთან" მათი მატჩი ვნახე და ბევრი რუსთაველი ახალგაზრდა მომეწონა...

Sportall.Ge

- ისე ლაპარაკობთ, ეჭვი ჩნდება - საქართველოში კონკრეტული წინადადების გამოც ხომ არ დაბრუნდით?
- შესაძლოა, მართლაც ვიმუშაო უმაღლესი ლიგის რომელიმე გუნდში, მაგრამ ჯერ ვერაფერს გეტყვით. "მეტალურგი" რომ ვახსენე, ამან დაგაეჭვათ? უბრალოდ, ამ გუნდის თამაშს ინტერესის გამო დავესწარი...

მოკლედ, მალე უმაღლეს ლიგაში მუშაობისთვის საჭირო A-ლიცენზიას მივიღებ და კონკრეტულად მერე ვილაპარაკოთ.

- ბევრი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში არ გსურდათ, უცნობი მიზეზების გამო ეროვნულ გუნდზე გული აგიცრუვდათ. რა მოხდა ასეთი?
- მე რომ ნაკრებში თამაში ყველაზე მეტად მიხაროდა, ეს ნაღდია. არადა, ეროვნულ გუნდში ძალიან ცოტა, სულ 9 შეხვედრა ჩავატარე. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი შემეძლო და ამაზე გული მტკივა, მაგრამ...

ახლა წარსულის გახსენების დრო არ არის. იმიტომაც ჩამოვედი, რომ სიტუაციის გამოსწორებას ხელი მეც შევუწყო.

თუმცა, რომ ვუყურებ, ახლაც ბევრი რამ ადრინდელივით ხდება. ასე არ შეიძლება! ეს კიდევ უფრო მიძლიერებს სურვილს, რომ საქართველოში ვიმუშაო და ჩვენი ფეხბურთის აღორძინებაში მეც დავდო ერთი აგური.

სამი ბიჭი მეზრდება და არ მინდა, ისეთ ქვეყანაში ცხოვრობდნენ, სადაც ფეხბურთი ასეთ მძიმე დღეშია.

- საქართველოსა და ჰოლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებთა შეხვედრაზე რას იტყვით?
- იცით, ჩემს დროს უფრო მოტივირებული თაობა იყო. თამაშს ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად ვუყურებდი და ყველა ამბობდა - ჩვენები უსისხლოდ, ჟინის გარეშე თამაშობენო.

არ მინდა ბიჭებს გული ვატკინო, მაგრამ ამ თამაშიდან სხვაგვარი დასკვნის გამოტანა მეც გამიჭირდება.

არადა, პირველ ტაიმში რამდენი რეალური საგოლე მომენტი გვქონდა...

- საერთოდ, სამწუხაროა, რომ მუდმივი წარუმატებლობა მენტალიტეტში გაგვიჯდა...

- მერე? მწვრთნელები იმისთვის არიან, რომ ფეხბურთელებს თავდაჯერება შემატონ. მე ასე მასწავლიდნენ და ამიტომ იყო, ქუთაისის "ტორპედოს" ვეთამაშებოდი, "ლაციოს" თუ "ინტერს", ყველას ერთნაირი შემართებით ვუტევდი, შიში არ მქონდა. ეს ჩემი კი არა, იმ მწვრთნელების დამსახურებაა, ვინც გამზარდა და თავში ბრძოლის ჟინი ჩამინერგა.

გასაგებია, რომ ჰოლანდია ძალიან ძლიერი საფეხბურთო ქვეყანაა, მაგრამ სისხლი ხომ უნდა გიდუღდეს და ცოტა საფეხბურთო თავხედობა მაინც გაგაჩნდეს?! მეტოქის თუ შეგეშინდა, წააგებ, აბა, რა იქნება?!

ჰოლანდიელებმა სათამაშო დისციპლინით, ორგანიზებითა და სიმშვიდითაც გვაჯობეს. არადა, ჩვენებს ნამდვილად მეტი შეეძლოთ. გადახედეთ ფეხბურთელებს - უმრავლესობა საკმაოდ დიდი პოტენციალის მოთამაშეა და რა მოუვიდათ?!

სხვათა შორის, ახლა ვფიქრობდი - სად გაქრნენ ჩვენი "ათი ნომრები", რომლებიც ქართულ გუნდებს განუმეორებლობას სძენდნენ?! გიორგი ქინქლაძის დონის ფეხბურთელს არ ვგულისხმობ, ის მართლა განუმეორებელია და მიმაჩნია, რომ არც ერთ დღევანდელ ვარსკვლავზე ნაკლები არ იყო.

Sportall.Ge

საქართველოს ჩემპიონატშიც ბევრი საინტერესო ფეხბურთელი გვყავდა, რომლებიც თამაშს ამწვავებდნენ და სასწაულ პასებს აკეთებდნენ.

ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა სწორედ მოედნის ცენტრშია, საიდანაც თამაშს ვერ ვამწვავებთ. ამ ბიჭებში კი ასეთი უნარის მქონე ფეხბურთელები ნამდვილად არიან და ვერ ვხვდები, რატომ ვერ იღებენ საკუთარ თავზე თამაშს?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
როცა ფეხბურთელს არ გაქვს ამბიცია-მოიგო მსოფლიო,ევროპა,ჩემპიონთა ლიგა,ითამაშო წამყვან ევროპულ კლუბში და ,,გიხარია,,მოსკოვის ,,ლოკომოტივში,,მოღვაწეობით შემოფარგვლა,იქ არავითარი ტალანტი არ გიშველის!უკვე პრობლემა მენტალიტეტში,ინტელექტში...მოკლედ გაცილებით დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე საერთოდ ქართველ ფეხბურთელებთან მიმართებაში.ასათიანიც ,,ლოკომოტივს,,ვერ ან არ გასცდა.
ცხონებული დათო ყიფიანი ფეხბურთიდან წავიდა,როცა ბესკოვმა მუნდიალზე არ წაიყვანა.სპორტული ინტერესი!!!და არა ფულადი,ბარიგული დამოკიდებულება ფეხბურთთან
akhali
06 ნოემბერი 2013 12:04
0
კაით ახლა ნუ გავარსკვლავებთ ამასაც კარგად თამაშობდა მარა ახლა ეგრეც არ იყო საქმეე ხაან წონას უჩიოდა ხანაც ხასიათს ცხრა ტამაში ვითამაშეო არადა ახლა როგორც მჭედლიზეს სულ მიზეზები როაქ ეგრე იყო მაშინაც ამის ჩამოსვლა არ ჩამოსვლები ხან მწვრთნელი არ უშვებდა ხანაც ტრანვა აქო მერე თამაშობდა ხან ახალი ნაქეიფარია და პახმელიაზეაო და ასე შემდეგ
lasha
06 ნოემბერი 2013 10:37
0
Kონკრეტულზე არავისზე არ უთქვამს ბოსკამს მაგი, საერტოდ ზოგადად თქვა ქართველებზე, მენტალიტეტ დებილ. მართლაც მასეა, საფეხბურთო კუთხით მენტალიტეტ დებილ ..
bl-master
12 ოქტომბერი 2013 00:07
0
ამ ბიჭის დონის თავდამსხმელი გვყავდეს ნეტავ ეხლა რა გვიჭირს
giorgi
11 ოქტომბერი 2013 22:10
0
ამაზე ნაღდად არ უთქვია, ის ვიზეც თქვა იმას ყიფიანი სფფ-ს პრეზიდენტობას უმზადებს :)
hunter
11 ოქტომბერი 2013 21:49
0
ეს ის ბიჭია ხო ბოსხკამპმა რომ თქვა მენტალიტეტო დებილ! :)))
boskam
11 ოქტომბერი 2013 20:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული