რისთვის ემზადება მერაბ ჟორდანია?

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ მერაბ ჟორდანიამ კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუს ბიზნესმენ ალექსანდრ ჩიგირინსკის მიჰყიდა.

"როცა "ვიტესში" მოვედი, განვაცხადე, რომ ყოველთვის შემეძლო დავყრდნობოდი ალექსანდრ ჩიგირინსკის. ვგრძნობ, რომ ახლა ის დროა, "ვიტესი" მას გადავცე.

ყოველთვის მზად ვიქნები, დავეხმარო კლუბს რჩევებით, სამომავლო განვითარებისთვის",
- ჟორდანიას ეს სიტყვებიც "ვიტესის" ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ჟორდანია 2010 წლის აგვისტოში მივიდა "ვიტესში", როცა კლუბს ფინანსური კრიზისი ჰქონდა. მისი ხელმძღვანელობით არნემელები წელში გაიმართნენ. ამ დროისთვის "ვიტესი" ჰოლანდიის ერთ-ერთ მოწინავე კლუბად ითვლება.

შევეხმიანეთ ჟორდანიას ერთ
-ერთ მეგობარს, რომელმაც გვითხრა - მიუხედავად ყველაფრისა, მერაბი კლუბის თავმჯდომარედ რჩებაო...

და მაინც, რას უნდა ნიშნავდეს ის, რომ ჟორდანია "ვიტესის მფლობელი აღარ არის?

კულუარებში მასზე ბევრი მითქმა-მოთქმაა, რაც ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა რამდენიმე თვის წინათ ინტერნეტით გააკეთა განცხადება - მზად ვარ, ისევ ქართულ ფეხბურთში დავბრუნდეო.

ეს განცხადება ყველამ ისე გაიგო, თითქოს ჟორდანიას სურდა, ხელმეორედ გამხდარიყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

თუმცა იმ განცხადებას თანმიმდევრული ნაბიჯები აღარ მოჰყოლია, ოღონდ ყველაფერი ამით არ უნდა მთავრდებოდეს - ჟორდანია უკვე აღარ არის "ვიტესის" მფლობელი და არ არის გამორიცხული, მალე საერთოდ შეეშვას ამ კლუბს.

მან კარგად ააწყო საქმე "ვიტესში" და როგორც წესი, წარმატებულები ასე უცნაურად არ თმობენ კლუბის აქციებს. ანუ რაღაც მოხდა ისეთი, რაც ჯერ არ ხმაურდება.

"დღეს ჩემი სახელი, გარკვეულწილად, ორი უცხოური კლუბის წარმატებებთან არის ასოცირებული. მინდა დავარწმუნო ქვეყნის საფეხბურთო საზოგადოება, რომ დაუფიქრებლად გავცვლიდი ამ კლუბების დღევანდელ მიღწევებს ქართული ფეხბურთის სამომავლო წარმატებებში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სხვადასხვა ქვეყნის კლუბებში მუშაობის გამოცდილება, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ახლო წარსულის, ჩემთვის ცნობილი, არარეალიზებული წინადადებები (სფფ-ი
ს მოქმედი მენეჯმენტი აქ არაფერ შუაშია) და მისი დღევანდელი დამოკიდებულება ფეხბურთისადმი, მაიმედებს, რომ ქართული საფეხბურთო საზოგადოება მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც მისცემს საშუალებას ქართულ ფეხბურთს, ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს საფეხბურთო ოჯახში".

ეს არის ამონარიდი საქართველოს საფეხბურთო საზოგადოებისადმი იმ ინტერნეტმიმართვიდან, ჟორდანიამ ივნისში რომ გაავრცელა და, ალბათ, გვაქვს უფლება, ვივარაუდოთ, რომ ის ჯერ კიდევ მაშინ ფიქრობდა "ვიტესის" დათმობაზე.

რატომ გადადგა ეს ნაბიჯი? რა იმალება ამ ყველაფრის მიღმა?

რომ არა რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი, ჟორდანია ვერ გახდებოდა "ვიტესის" მფლობელი და პრეზიდენტი - ეს დამაჯერებელი ვერსიაა, თუნდაც იმიტომ, რომ მან საქართველო ისე დატოვა, უცხო ქვეყანაში საკუთარი რესურსებით საფეხბურთო კლუბის ფეხზე დაყენებას, ალბათ, ვერ მოახერხებდა.

როგორც უნდა იყოს, ჟორდანია უნარიანი და მიზანდასახული ადამიანი გამოდგა, საკუთარ ცხოვრებას სწორი მენეჯმენტი გაუკეთა და "ვიტესი" რომ მოაღონიერა, ამას მხოლოდ აბრამოვიჩის ფული ვერ უშველიდა.

რომ არა ჟორდანია, "ვიტესში" ვერ მოხვდებოდნენ ქართველი ფეხბურთელები. გურამ კაშიას, ვაკო ყაზაიშვილსა და გიორგი ჭანტურიას მან კარგ კალაპოტში მოხვედრის შანსი მისცა. ალბათ, ყველა ქართველისთვის საამაყო უნდა იყოს, რომ ჩვენებურმა ჰოლანდიურ კლუბში კარგად იმუშავა.

ჟორდანია ბევრისთვის ოდიოზური ფიგურაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა დროს მოუწია მას თბილისის "დინამოს" პრეზიდენტობა - სამოქალაქო ომი, არეულობა, გამძაფრებული კრიმინალი...

მისი დროინდელი "დინამო" იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების დონორი, 90-იანი წლებში ერთადერთი, ასე თუ ისე გამართული საფეხბურთო კლუბი...

ჟორდანია არ იყო ხელისუფლების მიერ ქართულ საფეხბურთო მილეთში ხელოვნურად მიყვანილი ადამიანი, ის საფეხბურთო სამყაროდან გამოსული კადრი გახლდათ...

1998 წელს ჟორდანიამ დატოვა თბილისის "დინამო" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. მისი პროექტი იყო ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპის ჩამოყვანა საქართველოში, მის პრეზიდენტობის დროს აშენდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი შენობა ვაკეში და ფედერაციის ტექნიკური ცენტრი "ბასა".

ჟორდანიამ ჩამოიყვანა ალენ ჟირესიც საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის.

იმავდროულად, მას ებრძოდნენ - ორჯერ დააპატიმრეს "დინამოს" საქმეზე, როცა "ნაციონალური მოძრაობა" მართავდა ქვეყანას. ის იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა და საცხოვრებლად შვეიცარიაში წასულიყო, ფაქტობრივად - გადასახლებაში. იშვიათად და ცოტა ხნით თუ ჩამოდიოდა საქართველოში, რამდენიმე წელიწადს არ ჩანდა ფეხბურთში, თუმცა საფეხბურთო სამყაროს არ ჩამოსცილებია...

მას ახლო და კარგი ურთიერთობა ჰქონდა მიშელ პლატინისთან ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ეს უკანასკნელი უეფას პრეზიდენტი გახდებოდა. როგორც ამბობენ, უეფას პრეზიდენტის არჩევნებში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან რამდენიმე ხმის მოპოვებაში, პლატინის ჟორდანიაც დაეხმარა...

საქართველოში ახლა ისეთი ვითარებაა, რომ საფეხბურთო მილეთს არავინ უწესებს ტოტალურ კონტროლს, ეს კი შანსი უნდა იყოს ჟორდანიასთვის, თუ მას მართლა სურს, ისევ დაუბრუნდეს ქართულ ფეხბურთს.

ჟორდანია გამოცდილი მენეჯერია და გავლენიანი ნაცნობობაც ჰყავს. აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა, აპირებს თუ არა ის ქართულ ფეხბურთში საქმიანობას. "ვიტესის" აქციების სხვაზე გადაცემა, შესაძლოა, ამის საწინდარი იყოს...

რაც შეეხება ჩიგირინსკის, სანდო წყაროს ცნობით, ის ერთ-ერთი ქართული კლუბის მფლობელისა და პრეზიდენტის პარტნიორია ბიზნესში. ანუ საერთო საახლობლო აქაც არსებობს.

ჟორდანია არ არის კონფლიქტური, არავის ახსოვს მისი უტაქტო თუ კონფრონტაციული გამოსვლები მასმედიაში. ის საქმეს უხმაუროდ აკეთებს...

მე მაინც მგონია, რომ ჟორდანიას მომდევნო ნაბიჯი ქართულ ფეხბურთში დაბრუნება ან საამისოდ სერიოზული მცდელობა იქნება. მომხრეები მასაც ჰყავს. ჟორდანიას შეუძლია, იყოს საქმის თავი, ეს კი ცოტა არ ნიშნავს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მერაბ ჟორდანიას მიმართვა საქართველოს საფეხბურთო საზოგადოებისადმი
მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით
მერაბ ჟორდანიას ამბიციური გეგმები
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაინტერესება ამ ჟორდანიის PR სტატიებში ფულს გიხდიან, თუ ყურადღებას იპყრობთ, რომ მელე ფული მოგცენ?
ლევანი
15:10 23-10-2013
0
ვიტესი არასდროს იყო ჟორდანიასი."პადსტავნოი" ტიპი იყო,ფაქტიურად დაქირავებული მენეჯერი.აქციები დაუბრუნა იმათ,ვისიც იყო(აბრამოვიჩიც მანდაა,ოღონდ გაყურსულია).საქმის კარგად გაკეთებისთვის რამდენიმე მილიონსაც მიიღებს.ესაა და ეს!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული