რამდენიმე დღის წინათ, საქართველოს ჩემპიონატში მომხდარ სამწვრთნელო ცვლილებებზე ვისაუბრეთ და ისიც აღვნიშნეთ, რომ წინას მსგავსად, ამ სეზონშიც 9 ტურის შემდეგ 5 სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა. თუმცა იმავე სტატიის ბოლოში კიდევ ერთ მოსალოდნელ საკადრო ცვლილებაზე მივანიშნეთ და ასეც მოხდა: "ზესტაფონი" და იმერული კლუბის აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი რატკო დოსტანიჩი ერთმანეთს კეთილი სურვილებით დაშორდნენ!
მოკლედ, წინა სეზონის "მაჩვენებელი გაუმჯობესებულია", სამაგიეროდ, კიდევ ერთი უცხოელი სპეციალისტის ქართული სამწვრთნელო კარიერა
ასეთი სახის მასალის მომზადებისას კი, რა თქმა უნდა, "ქართული ფეხბურთის ყოველწლიური წიგნით" ვიხელმძღვანელეთ, რომლითაც გულშემატკივრებს ქართული ფეხბურთის სტატისტიკის "მეტრი" რევაზ შენგელია "ანებივრებს"...
როცა უცხოელი... საუცხოო არ არის!
ყველგან ასეა და ამ მხრივ ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი: ლეგიონერი ფეხბურთელის არ იყოს, აქ ჩამოსული უცხოელი მწვრთნელი თავისი კვალიფიკაციით ადგილობრივ კოლეგებს, სულ მცირე, არ უნდა ჩამოუვარდებოდეს.
სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში აქ მოღვაწე უცხოელ მწვრთნელთაგან ყველა როდი აკმაყოფილებდა ამ "კრიტერიუმს".
რა თქმა უნდა, რამდენიმე მართლაც სასიამოვნო გამონაკლისიც იყო და ზოგმა უცხოელმა მწვრთნელმა, ტიტულების გარდა, სხვა ბევრი დადებითი თვისებითაც წარმოაჩინა საკუთარი თავი საქართველოს ჩემპიონატში. თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, რომ არცთუ ცოტა ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა ამა თუ იმ ქართულ კლუბში გაურკვეველი სამწვრთნელო კვალიფიკაციის სპეციალისტი ინიშნებოდა და შედეგიც შესაბამისი იყო ხოლმე...
...საქართველოს ჩემპიონატში (უმაღლეს ლიგას ვგულისხმობთ) პირველი უცხოელი სპეციალისტი 1998-99 წლების სეზონის მიწურულს გამოჩნდა და აი, იქიდან მოყოლებული დღევანდელების ჩათვლით, სულ 18 ლეგიონერი მწვრთნელი გვინახავს. ამ პერიოდში იყო შემთხვევები, როცა სეზონში ორ-სამ უცხოელ მწვრთნელს უმუშავია, სარეკორდო კი ახლანდელი და 2002-03 წლების სეზონი იყო, როცა უმაღლეს ლიგაში ერთდროულად 4 უცხოელი მწვრთნელი მოძღვრავდა ქართულ კლუბებს.
გამონაკლისი კი 2010-11 წლები იყო, როცა უმაღლეს ლიგაში არც ერთი უცხოელი მწვრთნელი არ იყო, სამაგიეროდ პირველ ლიგაში წარმატებული სეზონი ჰქონდა უკრაინელ ანატოლი პისკოვეცს, რომლის ხელმძღვანელობითაც "გაგრამ" უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა და ამის პარალელურად, თასის გათამაშებაში ერთიმეორეს მიყოლებით ყველა ფავორიტი ჩამოიცილა და ბოლოს, დრამატულ ფინალში ქუთაისის "ტორპედოსაც" მოუგო!
სხვათა შორის, პისკოვეცი ერთადერთი უცხოელი მწვრთნელი არ არის, საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში რომ არ უთაკილია გუნდის გაწვრთნა: წინა სეზონის მეორე ეტაპიდან თბილისის "ლოკომოტივში" ნაყოფიერი მუშაობა დაუფასდა ჟერარდ სარაგოსას და მოგეხსენებათ, რომ ეს ესპანელი სპეციალისტი ამჟამად არანაკლებ წარმატებულად მოღვაწეობს ქუთაისის "ტორპედოში".
უფრო ადრეც გვყოლია პირველ ლიგაში უცხოელი სპეციალისტი: 2008-09 წლების სეზონში ლეგენდები დადიოდა ზუგდიდის "ბაიას" მთავარი მწვრთნელის ჰერბერტ ცანკერის საარაკო ხელფასზე (უმაღლეს ლიგაში მომუშავე მისი ქართველი კოლეგები დღესაც რომ ვერ იოცნებებენ)...
მაგრამ ყველაფერს ფული რომ არ წყვეტს, იმ სეზონშიც დამტკიცდა, როცა უფულო და ელემენტარულპირობებმოკლებულმა "სამტრედიამ" (კლუბის იმდროინდელ პრეზიდენტის ზაზა ადეიშვილისა და გამოცდილზე-გამოცდილი მთავარი მწვრთნელის ვალერიან ჩხარტიშვილის დიდი მეცადინეობით) შეძლო და კომფორტულ პირობებში მყოფ "ბაიას" უმაღლესი ლიგის საგზურისათვის ბრძოლაში აჯობა!
თუმცა ვატყობთ, რომ თემას გადავუხვიეთ და სჯობს, ისევ უმაღლეს ლიგაში მომუშავე ადრინდელი თუ დღევანდელი უცხოელი მწვრთნელების მონაგარი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ.
პირველად იყო ბოსკამპი...
საქართველოს ჩემპიონატში პირველი უცხოელი სპეციალისტი "აიაქსისა" და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი იოჰან ბოსკამპი გახლდათ, რომელიც თბილისის "დინამოში" 1999 წლის მაისის დასაწყისში დაინიშნა.
დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ "დინამო" ბოსკამპის გარეშეც შეძლებდა ზედიზედ მეათე საჩემპიონო ტიტულის მოპოვებას: მურთაზ ხურცილავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდი სეზონის დამთავრებამდე ხუთი ტურით ადრე 10 ქულით უსწრებდა უახლოეს მდევარს ქუთაისის "ტორპედოს".
თუმცა ბოსკამპის ჩამოყვანა უფრო, ალბათ, სამომავლო პერსპექტივაზე იყო გათვლილი, მაგრამ იგი "დინამოში" დიდხანს არ დარჩენილა: ჩემპიონთა ლიგის საწყის ეტაპზე მოლდოვურ "ზიმბრუსთან" გამოვარდნის (2:1, 0:2) შემდეგ ჰოლანდიელისა და "დინამოს" გზები გაიყო; სამაგიეროდ, სულ მალე ბოსკამპმა საქართველოს ნაკრები ჩაიბარა...
აი, მომდევნო სეზონში კი რიგით მეორე უცხოელი მწვრთნელი გამოჩნდა, რომლის შედეგსაც, ალბათ, დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ გააუმჯობესებს; ყოველ შემთხვევაში, გვეეჭვება, რომ ჩვენთან რომელიმე უცხოელ მწვრთნელს იმდენი ხანი ჰქონდეს ნდობის მანდატი, ასზე მეტი მატჩი რომ ჩაატაროს საქართველოს ჩემპიონატში!
ხვდებით, ალბათ, რომ აწ გარდაცვლილ ჯანი კარნევალიზე ვსაუბრობთ, რომელმაც 1999-2005 წლებში, სხვადასხვა ინტერვალით, ბათუმის "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელის რანგში უცხოელ მწვრთნელთაგან ჯერჯერობით სარეკორდო, 114 მატჩი (!) ჩაატარა. ოღონდ, ისიც ვთქვათ, რომ კარნევალიმ სრულად (ანუ, სეზონის დასაწყისიდან - ბოლომდე) მხოლოდ ორი სეზონი ჩაატარა - 1999-2000 (ბათუმის "დინამოში") და 2002-03 ("ვიტ ჯორჯიაში") წლებში.
იტალიელ სპეციალისტს ამ მხრივაც საუკეთესო შედეგი აქვს, რამეთუ სხვა არცერთ უცხოელ მწვრთნელს "გადაბმულად" ორი სეზონი არ ჩაუტარებია! ეგ კი არა, ერთი სეზონი თავიდან ბოლომდე მხოლოდ სამ უცხოელ მწვრთნელს აქვს გატარებული: ივო შუშაკს (2003-04), დუშან უჰრინს-უფროსს (2007-08) და დუშან უჰრინს-უმცროსს (2012-13).
სხვათა შორის, სწორედ ეს სამი სპეციალისტია საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში მოღვაწე უცხოელ მწვრთნელთა შორის ყველაზე წარმატებული: შუშაკის ხელმძღვანელობით "დინამომ" "დუბლი" შეასრულა და "თანამეგობრობის თასი" მოიგო, უფროსმა უჰრინმა თავისი ისედაც შთამბეჭდავი სამწვრთნელო კარიერა თბილისის "დინამოში" საჩემპიონო ტიტულით დაამთავრა, მისმა ვაჟმა, დუშან უჰრინმა (უმცროსმა) კი წინა სეზონში შუშაკის მიღწევა გაიმეორა და ასევე "დუბლი" გაიფორმა!
სხვა მწვრთნელებიდან უკვე ზემოთ ნახსენები ანატოლი პისკოვეცი უნდა აღვნიშნოთ. "გაგრასთან" ერთად საქართველოს თასი რომ მოიპოვა; და ნურც რაინერ ცობელს "დავუკარგავთ გარჯას": სწორედ ამ გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მოიპოვა თბილისის "დინამომ" 2008 წლის დეკემბერში საქართველოს სუპერთასი.
გეოგრაფია და მატჩები
საქართველოს ჩემპიონატში ყოფილი თუ მოქმედი უცხოელი მწვრთნელებიდან ყველაზე მეტნი უკრაინელები არიან: ალექსანდრ შტელინი ("ტორპედო"), ანატოლი პისკოვეცი (რუსთავის "ოლიმპი", "გაგრა"), ვლადიმერ ზემლიანოი ("ზესტაფონი"), ვიქტორ კაშჩეი ("გაგრა"), რომან პოკორა ("გურია");
შემდეგ მოდიან ესპანელები - ალექს გარსია (თბილისის "დინამო"), ჟერარდ სარაგოსა ("ტორპედო") და ჩეხები - მამა-შვილი დუშან უჰრინები (ორივე - თბილისის "დინამო").
აი, სხვა ქვეყნებიდან კი თითო-თითო წარმომადგენელი იყო: იოჰან ბოსკამპი (ჰოლანდია), ჟოაო დე კამპუში (ბრაზილია), ლუის ცაკარიასი (პერუ), ჯანი კარნევალი (იტალია), რაინერ ცობელი (გერმანია), ივო შუშაკი (ხორვატია), ვალდას ივანაუსკასი (ლიტვა), რატკო დოსტანიჩი (სერბეთი), ანდრეი ჩერნიშოვი (რუსეთი).
ვნახოთ, ვინ იქნება რიგით მე-19 უცხოელი მწვრთნელი საქართველოს ჩემპიონატში...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"