9 ნოემბერს გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის (გრფფ) არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, "ლელო" ესაუბრება ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის დირექტორ დურმიშხან ჩხაიძეს, რომელიც 2008 წლამდე გრფფ-ის პრეზიდენტი გახლდათ:
- გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები წლეულს, 24 მაისს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ იმის გამო ჩაიშალა, რომ მხარეები ყრილობაში მონაწილე სუბიექტთა რაოდენობაზე ვერ შეთანხმდნენ.
მოქმედი პრეზიდენტის, კახა ებრალიძის შტაბი ამტკიცებდა, რომ ყრილობაზე ხმა 11 სუბიექტს უნდა ჰქონოდა, რასაც ეთანხმებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია. პრეზიდენტობის მეორე კანდიდატის, "გურიას" ყოფილი ფეხბურთელის გია
სიტუაცია ისე დაიძაბა, ყრილობა სექტემბრისთვის გადაიტანეს. ჩემი აზრით, ეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. იქვე ითქვა, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი გაირკვეოდა. მაგრამ იმავე დღეს, ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ყრილობაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლას, რომლის დირექტორიც მე გახლავართ, და საფეხბურთო კლუბ "გურიას", რადგანაც გრფფ-ის წევრები არ ვყოფილვართ, თუმცა წევრობაზე ოფიციალური მოთხოვნა ყრილობამდე თვე-ნახევრით ადრე შევიტანეთ.
- უარი რატომ გითხრეს?
- რეგიონული ფედერაციის წევრობას ადგილობრივი აღმასკომი წყვეტს, ამას არც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ნებართვა სჭირდება და არც - ყრილობის. არადა, ამ თვე-ნახევრის განმავლობაში, გრფფ-ის აღმასკომის სხდომა ორჯერ ჩატარდა. გასაკვირია - ნუთუ იმდენი საქმე დაუგროვდათ, რომ ჩვენი წევრობის საკითხი ვერ განიხილეს?! პასუხი მაინც ეცნობებინათ, მაგრამ ესეც არ ქნეს.
ჩემი აზრით, ადგილი ჰქონდა პატარა "ვირეშმაკობას" და ეს იმიტომ მოხდა, რომ გია ჩხაიძეს ვემხრობოდი - ის პრეზიდენტობის კანდიდატად ჩვენი სკოლიდან იყო წარდგენილი...
თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც წინ გველოდა - ოქტომბრის შუა რიცხვებში, ჩემი სკოლა და საფეხბურთო კლუბი "გურია" ვიღებთ ოფიციალურ მიმართვას, რომ ყრილობა 9 ნოემბერს ჩატარდება და რომ ხმის უფლებით მხოლოდ 7 სუბიექტი ისარგებლებს, გია ჩხაიძე კი პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაარეგისტრირეს.
- იურიდიულად ვერც შეედავებით. გრფფ-ის სუბიექტი თუ არ ხართ, თქვენს კანდიდატურას როგორ დაარეგისტრირებდნენ?
- სწორედ ეს არის მთავარი. საქმე ეხება მორალურ მხარეს და არა - იურიდიულს. ჩვენი საფეხბურთო სკოლა გრფფ-ის წევრად თავად არ აღიარეს და რადგან წევრები არ ხართ, კანდიდატის წარდგენის უფლებაც არ გაქვთო. და რა გამოდის? - რჩება მხოლოდ ერთი კანდიდატი და ხომ წარმოგიდგენიათ, რა არჩევნები ჩატარდება?!
კიდევ ბევრი კითხვა მაქვს - რატომ 24 მაისს არ უთხრეს გია ჩხაიძეს, რომ კანდიდატი ვერ იქნებოდა? რატომ სთავაზობდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ორივე კანდიდატს მორიგებას, რომ ერთი - პრეზიდენტი ყოფილიყო, ხოლო მეორე - ვიცე-პრეზიდენტი? ამ ყველაფრის მოწმე ხომ უამრავი ადამიანია?! ისე, ძალიან კი მაინტერესებს, ასეთი გეგმა ვის მოუვიდა თავში?
- თქვენი აზრით, ეს ყველაფერი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს ხომ არ უკავშირდება? ამტკიცებენ, რომ საამისოდ, გარკვეულმა ჯგუფებმა მუშაობა უკვე დაიწყეს...
- არაფერი გამიკვირდება, რადგან კარგად მახსოვს 4 წლის წინანდელი ამბავი, როცა გია ჩხაიძის მსგავსი ისტორია მეც გადამხდა თავს. მაშინაც, ჩემ წინააღმდეგ სწორედ ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებმა იმუშავეს. დღეს ვრწმუნდები, რომ ეს ყველაფერი სფფ-ს ხელმძღვანელობასთან იყო შეთანხმებული. გურიაში სამი რაიონის ფეხბურთის ფედერაციაა, სამივე მისი უძველესი წევრია და წარმოგიდგენიათ, ყველას ხმა წაართვეს!
ასევე ნონსენსია, რომ დელეგატი არ ეყოლება წყალწმიდის ბავშვთა კლუბ "მარდს", ხოლო მათ მიერ შერჩეული 7 სუბიექტიდან - 3 დიდი ხანია აღარ არსებობს. ჩემს სკოლას დავანებოთ თავი - როგორ შეიძლება, დელეგატი არ ჰყავდეს უმაღლესი ლიგის კლუბ ლანჩხუთის "გურიას"?!
თან გავიგეთ, რომ ყრილობა თბილისში ტარდება და არა - გურიაში. ამას უკვე სახელიც აღარ აქვს. მინდოდა, არჩევნები ერთხელ მაინც ჩატარებულიყო კანონის დაცვით, ადამიანურად...
მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, უკვე აღარ მაინტერესებს, ვინ გახდება გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი, რადგან ამ ორგანიზაციის წევრობას აღარ ვაპირებთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"