"საქართველოში ყველაფერი რთულად კეთდება, რადგან აქ ფსიქიკა აქვთ დანგრეული"

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში "ფონდი არველაძის" ღონისძიება გაიმართა. შეჯამდა ამ ფონდის ხუთწლიანი საქმიანობა. ჩამოვიდა შოთა არველაძეც, თურქული "ქასიმფაშას" მთავარი მწვრთნელი, საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი მთავარმეგოლე, ვისაც 26-ჯერ გამოუჩენია თავი ნაკრებში და ეს შედეგი ჯერჯერობით საუკეთესოა...

შოთა რედაქციაში ვისტუმრეთ.

თურქეთში მომუშავე ტყუპისცალს ტელეფონით თუ შევეხმიანებით ხოლმე, ახლა კი ვისარგებლეთ შემთხვევით და პირისპირ ვესაუბრეთ რამდენიმე საკითხზე...

- რა ეტაპზეა "ფონდი არველაძის" საქმიანობა?
- ეს ფონდი იმისთვის შევქმენით, რომ კარიერის დასრულების შემდეგაც რაიმე სასარგებლო გაგვეკეთებინა ქართული ფეხბურთისთვის. გვსურს, დავანახვოთ მოზარდებს, ახალგაზრდა ფეხბურთელებს,
რომ უცხოეთშიც იგივე ხდება, რაც აქ, უბრალოდ, განსხვავება სოციალურ ფონშია.

წავიყვანეთ ბავშვები ისეთ ტურნირზე, სადაც ევროპის გრანდი კლუბების ასაკობრივი გუნდები მონაწილეობდნენ. ჩვენებს ვაჩვენეთ, რომ საფეხბურთო მონაცემებსა და შესაძლებლობებში განსხვავება არ არის. გადავწყვიტეთ, ინდივიდუალურადაც დავხმარებოდით ნიჭიერ მოზარდებს და დავუნიშნეთ სტიპენდია. მშობლები გვეუბნებოდნენ - ალბათ, ხელშეკრულების გაფორმებაც იქნება საჭიროო, მაგრამ ავუხსენით, რომ ამ საქმეში არანაირი სხვა ინტერესი არ გვქონდა.

თუ ნიჭიერი ბავშვი პერიფერიიდან იყო, ვთავაზობდით თბილისში ცხოვრების ხარჯის ანაზღაურებას. სამედიცინო დაზღვევა, უცხო ენის შესწავლა - სტიპენდიას ეს დანიშნულებაც მივეცით.

ამ დროისთვის 8 სტიპენდიანტი გვყავს. ფონდმა ამ საქმეში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა - ეს, რაც აღრიცხულია, თორემ იყო სხვა დახმარებებიც. ჩვენ არ ვცდილობთ ამ ყველაფრის აფიშირებას, უბრალოდ, ფონდის ხუთწლიანი საქმიანობა შევაჯამეთ. ვფიქრობთ ახალგაზრდა მწვრთნელების ხელშეწყობაზეც. მასტერკლასი ან რამდენიმედღიანი შეკრების მოწყობა - რაღაცას აუცილებლად გავაკეთებთ ამ მიმართულებითაც.

- "ქასიმფაშაზე" გადავერთოთ. თურქეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე ხართ, თუმცა ამ პოზიციის შენარჩუნება, ალბათ, ძალიან გაგიჭირდებათ, რადგან თურქეთში ისეთი კლუბებიც არიან, მნიშვნელოვნად მეტი ფინანსები რომ აქვთ. "გალათასარაი", "ფენერბაჰჩე", "ბეშიქთაში" - დანარჩენი კლუბებიდან ბევრს აქვს თქვენზე მეტი ბიუჯეტი?
- თურქეთში ბევრია ფინანსურად შეძლებული კლუბი. მაგალითად, "ტრაბზონსფორის" ბიუჯეტი 80-100 მილიონია, როცა ჩვენი წლიური ბიუჯეტი 40 მილიონს შეადგენს. სამაგიეროდ, "ქასიმფაშა" ევროპული სტანდარტების კლუბია, ჩვენთან ყველაფერი სათანადოდ არის ორგანიზებული და მოწყობილი, გადახდის კორექტული ფორმაც გვაქვს - არაფერი გვიანდება.

- "ქასიმფაშას" ბაზის გახსნას თურქეთის პრემიერ-მინისტრიც კი დაესწრო, რაც, ალბათ, შემთხვევით არ მომხდარა...
- ბაზა კლუბის ხარჯებით აშენდა, პრემიერი კი იმ უბანში გაიზარდა და ამანაც განაპირობა ასეთი ყურადღება.

- ვინ არის "ქასიმფაშას" მფლობელი? კლუბის ბიუჯეტის ზრდა რამდენად არის მოსალოდნელი?
- "ქასიმფაშას" მფლობელია ბიზნესმენი თურგაი ჯინერი. 70-მდე კომპანიაში აქვს აქციები - მედია, სასარგებლო წიაღისეული, გემები... ერთი წელია, რაც "ქასიმფაშას" ჩაუდგა სათავეში და ამ საქმიდან დივიდენდები ჯერ არ აქვს.

- "ქასიმფაშასთან" როგორი კონტრაქტი გაქვთ?
- წელიწად-ნახევარს პლუს 3 წელიწადი. წელიწად-ნახევარი ამ სეზონის ბოლოს მიმთავრდება და მერე გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ის 3 წლით.

- "ქასიმფაშას" ახალწვეულთაგან უდავოდ გამორჩეულია არგენტინელი ნახევარმცველი ოსკარ სკარიონე...
- შვეიცარიაში მოთამაშე გიორგი ივანიშვილმა მითხრა ამ არგენტინელზე. სკარიონეც შვეიცარიაში, "სენტ გალენში" თამაშობდა. აქედან დაიწყო ამ ტრანსფერზე მუშაობა.

- ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა გენმდივანმა დავით კვინიკაძემ "ლელოსთან" ინტერვიუში თქვა - დავით ყიფიანი საქართველოს ნაკრების მწვრთნელობისას სიტუაციას ვერ ფლობდა და გუნდის წამყვანი ფეხბურთელები მას გვერდში არ დაუდგნენო...
- კვინიკაძეს პასუხს არ გავცემ.

- და მაინც, რა მოხდა პოლონეთთან 1:4-ზე წაგებული მატჩის შემდეგ თვითმფრინავის სალონში?
- არაფერიც არ მომხდარა! როგორ შეიძლებოდა, რამე მომხდარიყო, როცა თვითმფრინავში იყვნენ ნოდარ ახალკაცი, დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი? ფეხბურთელებსა და მათ შორის, პროფესიულის გარდა, მამაშვილური ურთიერთობაც იყო.

Sportall.Ge

- ძნელია იმავეს თქმა საქართველოს დღევანდელ ნაკრებზე. ცოტა არ იყოს, დაძაბული ურთიერთობები იყო ამ ბოლო დროს. საინტერესოა, ერთ დროს საქართველოს ნაკრებში მოთამაშე თემურ ქეცბაია როგორი იყო მოედანზე და მოედნის მიღმა ურთიერთობებში?
- ძალიან გულიანი და ძმაკაცურად გვერდში მდგომი, ყველაფერს ძალიან განიცდიდა. ის მწვრთნელობის დროსაც ასე განიცდის ყველაფერს და სხვებისგანაც საქმისადმი გულიან დამოკიდებულებას ითხოვს, ზერელე მიდგომას ვერ იტანს. მწვრთნელობისას ეს მას დიდ ენერგიასა და ნერვებს ართმევს.

- წარმატებულ და დალაგებულ ქვეყნებში ასეა - ეროვნულიდან დაწყებული, ყველა ასაკობრივი ნაკრები ერთ სათამაშო მოდელს ირჩევს. როგორ ფიქრობთ, ეს დოგმაა თუ არ არის აუცილებელი, რომ საქართველოშიც ყველაფერი ასეთ სისტემაში ჩაჯდეს?
- წარმატებულ ქვეყნებში ყველგან ასეა, ჩვენთან კი იმიტომ ვერ ხერხდება ამის გაკეთება, რომ ჯერ არ ვართ წარმატებული ქვეყანა. ნების გამოხატვა და დაფიქსირება ადვილია, ამ ყველაფრის გაკეთება კი - ძალიან ძნელი.

საქართველოში ყველაფერი ძალიან რთულად კეთდება, რადგან აქ ფსიქიკა აქვთ დანგრეული. ადრე სად იყო მწვრთნელთა განათლება? ნიჭისა და გამოცდილების მიხედვით კეთდებოდა ეს საქმე. სისტემის შექმნას კი ბევრი განათლებული და კარგი მწვრთნელი სჭირდება, ერთ კაცზე ეს სისტემა ვერ აეწყობა.

საქმე ბავშვთა ფეხბურთიდან არის დასაწყები, ქვემოდან ზევით და არა - პირიქით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
არველაძეებო! დაეხსენით ქართულ ფეხბურთს! სანამ თქვენ ქართულ ფეხბურთს აკონტროლებთ, საქართველოში ფეხბურთი მუდამ ასეთ სავალალო მდგომარეობაში იქნება! მიეცით ერს ფეხბურთის განვითარების საშუალება!
kaxa
11:14 14-11-2013
0
არველაძეებო! დაეხსენით ქართულ ფეხბურთს! სანამ თქვენ ქართულ ფეხბურთს აკონტროლებთ, საქართველოში ფეხბურთი მუდამ ასეთ სავალალო მდგომარეობაში იქნება! მიეცით ერს ფეხბურთის განვითარების საშუალება!
kaxa
11:02 14-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული