კახა ებრალიძე: თქვენს ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!

AutoSharing Option
გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის (გრფფ) მე-6 ყრილობა უკვე მეორედ მოექცა ყურადღების ქვეშ.

"ლელო" ცდილობს, ყველა მხარეს მისცეს აზრის გამოთქმის საშუალება. პარასკევის ნომერში ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის დირექტორ დურმიშხან ჩხაიძის (გრფფ-ის პრეზიდენტი 2008 წლამდე) ინტერვიუ დავბეჭდეთ (იხილეთ სტატია).

დღეს კახა ებრალიძის პოზიციას გაეცნობით:

- ბატონო კახა, რა აძლევს თქვენს ოპონენტებს იმის თქმის საფუძველს, თითქოს ყრილობა ჩაიშალა და დეკემბერში გაიმართება?
- ვერაფერს გეტყვით. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, თუ ვინ მიპირისპირდება. ჩატარებულ ყრილობაზე აცხადებენ, ჩაიშალაო და რა უნდა დაუჯეროს მათ კაცმა?! რომ ეთქვათ - გავასაჩივრებთ, გაუქმებას მოვითხოვთო ან რაღაც მსგავსი, კიდევ გაიგებდა ვინმე. ყრილობა სფფ-ის გენმდივანმა რევაზ არველაძემ გახსნა; ასევე, სიტყვით გამოვიდა ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ ხურცილავა. ყრილობას ბოლომდე ესწრებოდნენ გენერალური სამდივნოსა და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელები - რევაზ შენგელია და კესო ჩხიკვაძე. ვის რაში სჭირდება ეს ხმები და ვინ და რა დგას ამის უკან, ალბათ, ამასაც გავიგებთ.

- დიდი რეზონანსი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გრფფ-ის სუბიექტი არ არის ლანჩხუთის "გურია"...
- ეს არის ჩემი ოპონენტების "საპიარო" ტყუილი, რომელსაც ძალიან მოკლე ფეხები აქვს. ლანჩხუთის "გურია" წარმოდგენილია შპს-ს და ა(ა)იპ-ის (არასამეწარმეო/არაკომერციული/ იურიდიული პირი) სახით. როცა შპს-ს ჰქონდა დიდი ვალი, ბიუჯეტიდან კლუბის დაფინანსება რომ მომხდარიყო, "გურია" ა(ა)იპ-ზე გადავიყვანეთ. მაშინ ვთქვით, რომ თუკი ვალებს ჩამოგვაწერდნენ, კლუბი შპს-ზე დაბრუნდებოდა. საუბარია შპს "გურია 2000"-ზე, რომელიც არის გრფფ-ის წევრი.

ჩემამდე ამ შპს-ს დირექტორი დურმიშხან ჩხაიძე იყო და გაკვირვებული დავრჩი მისი განცხადებით, რომ, თურმე, "გურია" არ არის გრფფ-ის წევრი. შეიძლება, ეს კლუბის დღევანდელმა მმართველებმა არ იციან, მაგრამ ბატონი ჩხაიძე გრფფ-სა და "გურიას" ერთდროულად თავკაცობდა და ეს არ იცის? ა(ა)იპ-იც რომ შემოვიყვანოთ, გამოვა, საფეხბურთო კლუბი "გურია" ორი ორგანიზაციით იქნება წარმოდგენილი.

ამ ა(ა)იპ-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდით და როგორ ფიქრობთ, არ შემოვიყვანდი სუბიექტად? ეს ხომ ჩემთვის გარანტირებული ხმა იქნებოდა? მაგრამ ეს არ გავაკეთე, რადგანაც ერთია, რა მაწყობს მე და მეორეა - სიმართლე. ახლა ეს ფაქტი აქეთ შემომიბრუნეს.

- ხომ არ სჯობდა, რომ შპს ა(ა)იპ-ით ჩაგენაცვლებინათ?
- ორივე სუბიექტთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვეტთ, რომელი უნდა ყოფილიყო გრფფ-ის წევრი, მაგრამ ეს რას ცვლის? ეს ნიშნავს, რომ "გურია" არაა გრფფ-ის წევრი და ხმის უფლება არ აქვს? რა თქმა უნდა, არ ნიშნავს! შპს იქნება თუ ა(ა)იპ, რა მნიშვნელობა აქვს - "გურიას" ერთი ხმა ჰქონდა, აქვს და ექნება! მეტსაც გეტყვით, ა(ა)იპ ლანჩხუთის "გურია" შეიქმნა ტექნიკური საკითხის მოსაგვარებლად, რადგან შპს-ს ყადაღა ედო, თორემ ქონების (სტადიონი და სხვა) მფლობელია შპს "გურია 2000", ა(ა)იპ კი არანაირ აქტივს არ ფლობს.

- ბატონო კახა, დურმიშხან ჩხაიძე ასევე ბრალდებას გიყენებთ, რომ გია ჩხაიძე საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაარეგისტრირეთ!
- ჩემთვის იყო ხელსაყრელი, რომ გია კანდიდატი ყოფილიყო, მაგრამ სფფ-ის იურიდიულმა სამსახურმა ამაზე კატეგორიული უარი გვითხრა. იგი წარადგინა დურმიშხან ჩხაიძის სკოლამ, რომელიც გრფფ-ის წევრი არ არის. თავადაც ამბობს ბატონი დურმიშხანი - სამართლებრივად ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მორალური საკითხიაო. არავის ვურჩევ, მორალზე დამიწყოს ლაპარაკი.

- თქვენი წინამორბედი იმასაც ამბობს, თითქოს წინა არჩევნების დროსაც ფედერაციამ მის წინააღმდეგ იმუშავა, როგორც ახლა გია ჩხაიძის წინააღმდეგ...
- როგორ იმუშავა ფედერაციამ მის წინააღმდეგ? დაასახელოს ერთი მაგალითი, რომელიმე სუბიექტზე ზეწოლა თუ განხორციელდა. 13-დან 13-ივე სუბიექტი რომ შენ წინააღმდეგ მისცემს ხმას, ამას ხომ "მოხერხება" უნდა? ფედერაციამ 13-ივე სუბიექტი შეაშინა თუ როგორ ჩაერია? არ დაგავიწყდეთ, რომ ეს 13 სუბიექტი მისი შერჩეული იყო. მოქმედ პრეზიდენტს ერთ ხმასაც რომ არ მოგცემენ, აქეთ რაზე უნდა მელაპარაკოს?!

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ყველაფერი სფფ-ის მომავალ არჩევნებთან არის დაკავშირებული?
- ვერაფერს გეტყვით, ვინ რას ფიქრობს. ზვიად სიჭინავამ და რევაზ არველაძემ იმდენი გააკეთეს გურიის ფეხბურთისთვის, რომ უნამუსო უნდა იყო, არ დააფასო. შესაძლოა, ვიღაცები ფიქრობენ, რომ ჩამომიშორონ, რადგან ღალატი არ შემიძლია. ზეწოლა რომ არის, ეს ფაქტია!

ყრილობის წინა დღეს ერთ-ერთ სუბიექტს დირექტორი შეუცვალეს. ხომ არ გგონიათ, რომ ეს შემთხვევით მოხდა? აქ ორი გათვლა იყო - პირველი ის, რომ უკვე წარდგენილი დელეგატის ხმა გაეუქმებინათ და მეორე - ამ ადამიანმა ლანჩხუთში ყრილობის ჩაშლაში დიდი წვლილი შეიტანა და ახლა იგივე მიზანი ჰქონდა თბილისშიც. თუმცა გარეშე პირები დარბაზში არ შემოუშვეს.

- რას აპირებთ, მოწინააღმდეგე მხარე აცხადებს, რომ ყრილობა ჩაიშალა, სფფ-ის აღმასკომისგან ახალი ყრილობის დანიშვნას აანონსებს და 5 სუბიექტის წერილზე ამახვილებს ყურადღებას...
- ჩაშლით არაფერი ჩაშლილა! სფფ-ის იურისტმა, კესო ჩხიკვაძემ სწორედ ამ ჭორების თავიდან ასაცილებლად გვთხოვა ყრილობის ვიდეო და ფოტოგადაღება, რაც მოხდა კიდეც. არანაირი სამართლებრივი დარღვევა არ გვაქვს, შესაბამისად, შედეგების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

გვაქვს 7-ივე რეგისტრირებული სუბიექტის მიერ გამოგზავნილი წერილი, სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილება და ვიმოქმედეთ წესდების შესაბამისად. მთავარია, რა დოკუმენტები დარეგისტრირდა გრფფ-ის სამდივნოში. ჩვენთვის რაიმე სხვა წერილი, არც ფოსტით, არც ელფოსტით და არც პირადად, არ გადმოუციათ!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გეყოფათ, რაც დაგვაქციეთ! - გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის გარშემო ვნებები არ ცხრება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული