გოჩა ჯამარაული: ვის ეფეხბურთება ამ ქვეყანაში?!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, გოჩა ჯამარაულის საფეხბურთო აქტივობა მოძრაობა "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებლის სტატუსით შემოიფარგლება.

მასთან ინტერვიუც სწორედ იმ კითხვით დავიწყეთ, თუ რით ახსნის ფეხბურთიდან ამგვარ დისტანცირებას...

- ფეხბურთში არსად საქმიანობთ და შეუძლებელია, როგორც ყოფილ მოთამაშეს, მოედანი და აქტიური საფეხბურთო ცხოვრება არ გენატრებოდეთ...
- ფეხბურთში საქმიანობა ნამდვილად მინდოდა, მაგრამ მწვრთნელობა გამოვრიცხე, ამას თავისებური ხასიათი სჭირდება და არც მიფიქრია. საერთოდ, ჩემი აზრი ასეთია - სანამ ქართულ ფეხბურთში ყველაფერს თავიდან არ დავიწყებთ და ნორმალური არჩევნები არ ჩატარდება, ვერაფერს გავაკეთებთ.

- ხელს რა
გიშლით?

- ის, რომ ქართული ფეხბურთი სიბინძურეშია ჩაფლული. ყველამ იცის - მერაბ ჟორდანია დაიჭირეს და უმცროსი ნოდარ ახალკაცი მოიყვანეს. შემდეგ ისიც გაუშვეს და ზვიად სიჭინავა მოიყვანეს. ქართული ფეხბურთი ამ სიბინძურეში რომ არის მოქცეული, ამაზე ხომ ვიღაც არის პასუხისმგებელი? ანუ ის, ვინც იქ მუშაობს.

- რიგგარეშე ყრილობას უეფა ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ კოაბიტაცია ქართულ ფეხბურთსაც სჭირდება...
- ასე სურთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ძველი დინებით წავიდეს. უეფა ხომ არ გვეუბნება, წესდება დაარღვიეთ და პასუხი არავის მოსთხოვოთო? თუ რამდენიმე საარჩევნო სუბიექტი მოინდომებს, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩატარდება.

- მაგრამ ისინი არაფერს ითხოვენ...
- ამ სუბიექტების ნახევარი რეგიონული ფედერაციაა. მათ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის მორალური უფლება აქვთ მარტო იმიტომ, რომ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ამ ორგანიზაციებს წელიწადში სულ 10 ათასი ლარით აფინანსებს. ესეც ჟორდანიას პერიოდიდან მოდის. მას შემდეგ ლარის მსყიდველუნარიანობა საგრძნობლად დაეცა და დღეს ეს თანხა არაფერია. ამის მიუხედავად, მაინც ჩუმად არიან, რაც არ მესმის. ამიხსენით - ამ 10 ათასით რეგიონის ფეხბურთი განვითარდება და ორგანიზაცია სრულყოფილად იმუშავებს?

- ფედერაციას რაც აქვს, იმას ანაწილებს...
- რეგიონული ფედერაციების ხელმძღვანელებს შეუძლიათ თქვან, რომ ეს თანხა არ ჰყოფნით და მეტი მოითხოვონ.

- ამით ფეხბურთში მეტი ფული ვერ გაჩნდება...
- ბოლო წლებში სახელმწიფო ფეხბურთს იმდენით ეხმარებოდა, რეგიონული ფედერაციების თანხის გაზრდა შესაძლებელი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ადამიანები ძველებური აზროვნებისგან ვერ გათავისუფლდნენ. ისინი ჯერ უსმენენ, რას ფიქრობს მთავრობა, ფედერაციის ხელმძღვანელები და ამის მიხედვით ლაპარაკობენ და არა ისე, როგორც თავად ფიქრობენ.

ამ აზროვნებისგან უნდა გათავისუფლდნენ. ფეხბურთისა და რეგიონის ფედერაციებში ისეთი ადამიანები უნდა მოვიდნენ, უპირველესად, ფეხბურთის ინტერესებით რომ იმოქმედებენ და მთავრობასთან ქვეშევრდომის როლში კი არ ითანამშრომლებენ, არამედ მას პარტნიორობას გაუწევენ.

- თუ ფულს სახელმწიფო იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს...
- მესმის, სახელმწიფო ფეხბურთს ფულს უნდა აძლევდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას თვალებში უციცინო. ამას მხოლოდ დამოუკიდებელი ფიგურა გააკეთებს, რომელიც საკუთარი პროგრამით იმოქმედებს. მაგრამ ზოგიერთ ადამიანს, ვისაც ფედერაციაში ყოფნის პრეტენზია აქვს, ამის გაკეთება გაუჭირდება. ეს მენეჯმენტის საკითხია.

საერთოდ კი, ქართულ ფეხბურთს მომავალი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ სერიოზული პროგრამა დაიდება და დიდი ფული დაიხარჯება. ამის შემდეგაც კი, 10-15 წელი მაინც, ლოდინი დაგვჭირდება, რაღაც შედეგი რომ მივიღოთ.

- სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ხომ ამბობს, რომ ყოველ წელს შესაძლოა ფეხბურთს სახელმწიფო 25 მილიონი ლარით დაეხმაროს...
- ეს საკითხი ლევან ყიფიანის კი არა, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის დონეზე უნდა გადაწყდეს, დაიდოს პროგრამა და ფულიც ჩაიდოს. არის უამრავი მაგალითი, რომელიც ჩვენთვის საყურადღებოა, მაგრამ დღემდე ვერ ვითვალისწინებთ, მაგალითად - თურქეთის, რომელიც ამ 20-25 წლის წინათ ფეხბურთში ჩამოგვრჩებოდა. მაგრამ სახელმწიფოს მმართველებს ფეხბურთი უნდოდათ და ახლა ნახეთ, რა დონის ჩემპიონატი აქვთ.

აიღეთ იგივე აზერბაიჯანი, სადაც ბევრად უკეთესი დონეა, ვიდრე 10 წლის წინათ იყო. უკრაინასა და რუსეთზე აღარაფერს ვამბობ. ამ ქვეყნებში შედეგები პროგრამის განხორციელებიდან 10-15 წლის შემდეგ მიიღეს. უცებ შედეგებზე ფიქრი, მით უფრო - ჩვენს შემთხვევაში, წარმოუდგენელია. არც პროგრამა გვაქვს და არც სამოქმედო გეგმა. სახელმწიფო ფეხბურთს ფინანსურად რომ ეხმარებოდა, ეს პროგრამა არ იყო.

ბიზნესმენებსაც თანადგომა სჭირდებათ, მაგრამ მოთმინებაც მოეთხოვებათ, როგორც ეს უკრაინაში რინატ ახმეტოვმა გააკეთა. მან დონეცკის "შახტარში" 100 მილიონი დოლარი ჩადო და შედეგი ვერ მიიღო. უთხრეს, ფულს კარგავო, მაგრამ გული კი არ აუცრუებია, პირიქით, მიხვდა, რომ ძლიერ გუნდს მეტი ფული სჭირდებოდა, არ დანანებია და მართლაც ჩამოაყალიბა ისეთი გუნდი, რომელიც ყოველწლიურად ჩემპიონთა ლიგაში ხვდება.

მერე მას სხვა ბიზნესმენებიც აჰყვნენ, მათ სახელმწიფომაც შეუწყო ხელი, რეგიონებისა და დაბალი ლიგის გუნდებს აფინანსებდა, სტადიონებს აშენებდა და საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ საფეხბურთო ინდუსტრიის მექანიზმი ერთი ბიზნესმენის ინიციატივამ აამუშავა.

- ჩვენთან ჯერ ასეთი ვითარება არ არის. საქართველოში ფეხბურთი ჯერ არც ხელისუფლებას იზიდავს და არც ბიზნესს...
- მეც ეს მადარდებს ზუსტად. ორიოდე დაინტერესებულ ადამიანს თუ არ ჩავთვლით, საერთო სურათი მძიმეა. ბიზნესმენებს ფეხბურთის სიყვარული უნდა ჰქონდეთ, როგორც - თურგუთ ოზალსა (თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი - ავტ) და რინატ ახმეტოვს. თეთრებს რომ დააბანდებ და მერე ცრემლებს ღვრი - არაფერი გამოდისო, ეს არ არის გუნდის და ფეხბურთის შენება.

ვიმეორებ, ფეხბურთის განვითარება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და მოთმინებასა და სერიოზულ სახსრებს საჭიროებს, მაგრამ რომელ ფეხბურთზეა ლაპარაკი? სახელმწიფო დანაწევრებულია, ხალხი გაუბედურებულია... ვისაც არ ეზარება, ყველა პრეტენზიას გვიყენებს და ვის ეფეხბურთება ამ ქვეყანაში?!.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
dave! გეთანხმებით და დავამატებდი: პატარა ქვეყნებმა ფეხბურტელების გაყიდვით უნდა მიიღონ მოგება და ფეხბურთი ბიზნესად უნდა აქციონ!!!!
guja_kakhadze
14:12 11-12-2013
0
ბატონ გოჩას და არა მარტო მას საფეხბურთო ინფრასტრუქტურის და ფეხბურთის ჩემპიონატის განვითარების მაგალითებად ისეთი ქვეყნები მოყავს, როგორიცაა თურქეთი, უკრაინა, სადაც თითოეულში 50 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ეს ერტერტი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბიზნესმენი ფულს რომ დებს გუნდში, იცის რომ იქიდან რარაც უკუგება ექნება, ბილეთებიდან შემოსავალი, მაისურების გაყიდვა, სარეკლამო შემოსავალი და ა.შ. ჩვენ კი სულ სხვა სტრატეგია გვჭირდება და ეს გაითვალისწინეთ. უნდა მოიძებნოს და აიღოს ისეთი ევროპული ქვეყნის მაგალითი, რომელიც მოსახლეობით დაახლოებით ჩვენ გვიტოლდება ან ცოტათი აჭარბებს და საფეხბურთო ინფრასტრუქტურაც და ჩემპიონატიც ნორმალური აქვს.მაგალითად : ავსტრია ; ხორვატია ; შვეიცარია და ა.შ.
dave
10:26 11-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული