ახალი ნაკადი უკრაინისკენ - ლევან შარიქაძისა და გიორგი გადრანის ტრანსფერზე თათბირობენ

AutoSharing Option
შესაძლოა, ლევან შარიქაძე და გიორგი გადრანი უკრაინაში წავიდნენ. ეს "გაგრას" საპატიო პრეზიდენტმა ბესიკ ჩიხრაძემ უკრაინულ ინტერნეტგამოცემა "ფუტბოლთან" საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, სააგენტო "პროსპორტმენეჯმენტში" სამენეჯერო საქმიანობითაა დაკავებული, რაშიც ოთხი ადამიანი ეხმარება.

"დაახლოებით 30 ფეხბურთელია ჩვენთან დაკავშირებული, მათ შორის, ქართველები, აფრიკელები... კარგი კონტაქტები გვაქვს ნიგერიულ საფეხბურთო სკოლებთან. შესაძლოა, ამ ფეხბურთელებიდან მომავალ სატრანსფერო პერიოდში უკრაინაში სათამაშოდ კიდევ ორი გადავიდეს.

ამჟამად მოლაპარაკება ორი ქართველი ფეხბურთელის, "ზესტაფონის" ნახევარმცველ ლევან შარიქაძისა და "გაგრას" ცენტრალური მცველის, გიორგი გადრანის ტრანსფერზე მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ კლუბების დასახელებისგან თავს შევიკავებ", -
ამბობს ჩიხრაძე.

"გაგრას" საპატიო პრეზიდენტმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველ გიორგი ჯგერენაიას მომავალზეც ილაპარაკა, რომელიც 2012 წელს "ილიჩევეცში" გამოდიოდა. კითხვაზე, თუ რატომ ვერ დარჩა გიორგი უკრაინული პრემიერლიგის ამ გუნდში და სად გააგრძელებს კარიერას, ჩიხრაძე პასუხობს:

"ახლა ჯგერენაია პირველი ლიგის კლუბ "ნიკოლაევშია". მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ პროგრესირებდეს. ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და ტექნიკურია. ამავე დროს, მიზანსწრაფული, მონდომებული და პერსპექტიულია. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.

მაგრამ "ილიჩევეცში" თავის სრულფასოვნად წარმოჩენის საშუალება არ მისცეს, ძირითადში ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია".

შარიქაძე 24 წლისაა, "გაგრას" გაზრდილია და პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა. ასაკობრივ ნაკრებებშიც ხშირად იწვევდნენ, მაგრამ კარგა ხანს ვერ გაიხსნა. თუმცა წლეულს "ზესტაფონში" წამყვანი ფიგურაა. მართალია, ათლეტიზმით თავს ვერ იწონებდა, მაგრამ ბოლო დროს საკმაოდ მოღონიერდა.

"გაგრას" 19 წლის მცველი გადრანი კი ასაკობრივი ნაკრებების წევრი გახლდათ და წლეულს პირველ ლიგაში საკმაოდ კარგი სათამაშო პრაქტიკაც მიიღო - 9 მატჩი ჩაატარა.

ჩიხრაძემ ინტერვიუში კიდევ ერთი საინტერესო აღიარება გააკეთა - თურმე, "გაგრას" თავდამსხმელ აბაიომი სეუნი ოვონიკოკოს "პსვ ეინდჰოვენი" იწვევდა:

"ჩვენი გუნდის ფილოსოფიაა, მოთამაშეები აღვზარდოთ და დიდი ფეხბურთისკენ გავუხსნათ გზა. მაგალითად, ოქრიაშვილი ამ გუნდის აღზრდილია. ასევე, პროგრესირებს ნიგერიელი აბაიომი ოვონიკოკო. მისით ადრე სერიოზულად დაინტერესდნენ ჰოლანდიის ჩემპიონატის გუნდები. მათ შორის შემიძლია "პსვ ეინდჰოვენი" დავასახელო.

მაშინ ძალიან ახლოს ვიყავით კონტრაქტის გაფორმებასთან, მაგრამ ოვონიკოკომ ტრავმა მიიღო და უკრაინაში წავიდა.

ნიგერიელი თავდამსხმელი ახლა დროებით "გაგრაში" თამაშობს. მიმაჩნია, რომ მან ფიზიკური კონდიციები აღიდგინა და ევროპულ ფეხბურთს მენტალურად კარგად შეეწყობა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ცოტა ხნით თითქოს მიივიწყეს უკრაინა და რუსეთი და ეხლა ისევ გაახსენდათ...
ჯერ ჯუღელი იყო, მერე ჩელებაძე, ახლა ეს ჩიხრაძე, კიდევ ათასი ჯურის მსგავსი...
თან დიდ ფეხბურთში გზის გაჭრას რომ უწოდებენ, არადა ჭაობში უშვებენ ბიჭებს, ხომ აქვს თავხედობას საზღვარი...
Walkabout
17:25 11-12-2013
0
ბესო ჩიხრაძეს ვინც აუგად ახსენებს, პირი გამოირეცხეთ! სად არიან ასეთი ქართველები? კაცი მერამდენე წელია საკუთარ ოჯახსაკლებს ფულს და საფეხბურთო კლუბ გაგრას ინახავს!!! ყველამ ფეხებზე დაიკიდა აფხაზეთი - ქვეყანამ, პარლამენტმა, პრეზიდენტებმა ახალმაც და ძველმაც, ფეხბურთის ფედერაციამაც!!! ბესწო კი გაგრას აცოცხლებს!!!! მეტიც, საქართველოს თასიც მოაპოვებინა და მთელ ევროპას გააცნო გაგრა!!! ოქრიაშვილ დანებებული ჰქონდა ფეხბურთზე თავი და ბესოს გუნდში დაიბადა მეორედ და საქართველოს ზღაპარი გოლი აჩუქა ბელარუსთან.განა არ სჯობია შარიქაძე ანაც გადრანი, რომელთაც საქართველოში ფაქტობრივად არავინ იცნობს - უკრაინაში ითამაშონ, უფრო ძლიერ ჩემპიონატში?
mamuka kvaracxelia
13:09 12-12-2013
0

სიახლეები პოპულარული