უცნაური ამბავი - სპონსორები ფეხბურთს კიდევ ეტანებიან

AutoSharing Option
ქართულ ფეხბურთში არსებული მძიმე ვითარების ფონზე, საკმაოდ უცნაური ამბავი მოხდა - პირველი ლიგის B ზონის კლუბმა "საბურთალომ" "ვი-თი-ბი ბანკთან" ხელშეკრულება გააფორმა.

ამრიგად, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფინანსური ორგანიზაცია ქართული კლუბის გენერალური სპონსორი გახდა.

კონტრაქტი 1+3 სისტემით არის შედგენილი. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ტარიელ ხეჩიკაშვილი, "საბურთალოს" პრეზიდენტი:

"ეს კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი გენერალური სპონსორი წარმატებული ბანკი იქნება. ეს პრეცედენტი იმითაა აღსანიშნავი, რომ მსგავსი შეთანხმება არათუ პირველი ლიგის გუნდისთვის, უმაღლესი ლიგის წარმომადგენლისთვისაც საპატიო იქნებოდა.

როგორც ბიზნესმენს, შემიძლია ვთქვა, რომ
"ვი-თი-ბი" ძალიან მაღალი დონის ბანკია და მასთან თანამშრომლობა ჩვენი წარმატების საწინდარი უნდა გახდეს.

"საბურთალო" ხვალინდელ დღეზეა ორიენტირებული და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მომავალში დიდ მიზნებს მივაღწიოთ. მჯერა, ეს ბედნიერი დროც მალე დადგება და ამ წარმატებას ერთად აღვნიშნავთ.

იმედია, ჩვენი კონკურენტებიც მოგვბაძავენ და მსგავს ნაბიჯებს გადადგამენ. ჯანსაღი კონკურენცია მხოლოდ ასე შეიქმნება. ეს ქართული ფეხბურთის წარმატებას ჩაუყრის საფუძველს".

ვალერიან გაბუნია, "ვი-თი-ბი ბანკის" საცალო ბიზნესის დირექტორი:

"ჩვენმა ბანკმა სათანამშრომლოდ ორი ძირითადი მიმართულება აირჩია - სპორტი და კულტურა. შესაბამისად, ვცდილობთ, სხვადასხვა ქართულ გუნდსა თუ თეატრს მაქსიმალურად დავეხმაროთ. გვყავს რაგბის გუნდი, ახლა კი არჩევანი ფეხბურთზე შევაჩერეთ.

ბოლო წლებში დაახლოებით 2-მილიონიანი ინვესტიცია ჩავდეთ და ასეთ ნაბიჯებს მომავალშიც ვგეგმავთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ბანკი "საბურთალოს" გენერალური სპონსორი გახდა. იმედია, მომავალში უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ და შედეგად, მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა გაიზრდება, დიდ ფეხბურთში შეაბიჯებს და ჩვენი მხარდაჭერა კლუბს სასიკეთოდ წაადგება".

"საბურთალო" 1999 წელს დაარსდა, მაგრამ ფრთები 2005 წლის შემდეგ გაშალა, როცა საფეხბურთო სკოლა-ჰოლდინგმა - "იბერია ბიზნეს ჯგუფმა" აიყვანა. 2013 წლის ზაფხულიდან "საბურთალო" საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ასპარეზობს.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: 2011 წლიდან ზაზა ბენდელიანის სახელობის სტადიონ "ბენდელაზე" ყოველწლიური, ტრადიციული საერთაშორისო ოთხთა ტურნირი ტარდება: 2011 წლის დეკემბერში, "ფოლკსვაგენის თასზე" ჰოლანდიური "ვიტესის" ასაკობრივი გუნდი გვესტუმრა, ხოლო 2012 წლის დეკემბერში "სალერის თასი" გაითამაშეს "ვიტესის", "მალაგას", "საბურთალოსა" და "ლოკომოტივის" ჭაბუკებმა. ორივე ტურნირში პირველი ადგილი "საბურთალომ" დაიკავა.

18 დეკემბერს "ბენდელა" საერთაშორისო ტურნირს კიდევ ერთხელ უმასპინძლებს და როგორც კლუბის პრეზიდენტმა გვითხრა, ამჯერადაც სოლიდური გუნდები გვესტუმრებიან. ცხადია, საქართველოს საფეხბურთო ცხოვრებას ეს ტურნირი რამდენიმე დღით მაინც გამოაცოცხლებს.

ეს ფაქტები ადასტურებს, რომ ქართულ ფეხბურთში მხოლოდ ფინანსების, ინფრასტრუქტურისა და ბავშვთა აღზრდის პრობლემები არ არის - კვალიფიციური, უნარიანი მენეჯერებისა და კლუბების მმართველთა დეფიციტიც თვალშისაცემია. გენერალურ სპონსორს პირველი ლიგის კლუბი თუ პოულობს, უმაღლესლიგელს რა სჭირს? ცხადია, მიზეზი მართვაშია საძიებელი.

"საბურთალოს" მაგალითიც სწორედ ამას ამტკიცებს - ასეთ ვითარებაშიც შესაძლებელი ყოფილა სპონსორის მოძებნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული